საზოგადოება

ივანე მაჩაბელი - საქართველოს არშემდგარი პატრიარქი და დიდი ქართველის დღემდე ბურუსით მოცული გაუჩინარების ამბავი

№33

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:57

ივანე მაჩაბელი
დაკოპირებულია

ივანე მაჩაბელს დიდი დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე. მან გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“, სხვადასხვა ენიდან გადმოაკეთა პიესები ,,ადვოკატი მელაძე“, ,„ფრუ-ფრუ, ანუ ცქრიალა საძაგელი“, ,,ორ ცეცხლ შუა“ და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა ივანე მაჩაბელს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში, თუმცა ეს ყველაფერი იმაზე მეტ ინტერესს არ იწვევს საზოგადოებაში, რამდენადაც მისი პირადი ცხოვრება და გაუჩინარება.

ის, რაც 1898 წლის 26 ივნისს თბილისში მოხდა, დეტექტიური რომანის სიუჟეტს უფრო ჰგავს, მაგრამ ნამდვილი ამბავია: ერთ დილას ქალაქმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ცნობილი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბელი აღარსად იყო. 26 ივნისს მაჩაბელთან მისი ცოლისძმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი ჩავიდა. ბანკის საქმეებზე ჰყავდა დაბარებული. სიძე ოთახში რომ არ დახვდა, სასადილოს მიაშურა. მისი და, ანასტასია ამდგარიყო და ყავას ადუღებდა. ივანე სად არისო, – ჰკითხა. საძინებლის ერთი კარი ბაღში გადიოდა და ჯერ იქ ეძებეს. მერე მათი ყურადღება იქვე დაწყობილმა ოქროს საათმა და პერანგის ოქროს ღილებმა მიიქცია, მაჩაბელი მათ ყოველდღიურად ატარებდა. პუბლიცისტი თედო სახოკია წერს, რომ სწორედ ამ წუთიდან დაიწყო „განგაში და წუხილი“. მაშინ ივანე მაჩაბელი 44 წლის იყო. უკვე მოესწრო „დროებისა“ და „ივერიის“ რედაქტორობაც, შექსპირის თარგმნაც, სათავადაზნაურო ბანკში მუშაობა და იქიდან წამოსვლაც.

„ივანე მაჩაბელი იყო ერთ-ერთი იმ რენესანსული ფიგურებიდან, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდნენ და ქართული ცნობიერება „გადააწყვეს“. ერთნაირად კარგად იცოდა სრულიად განსხვავებული სფეროები. ჯერ, იურისპრუდენციასა და ბუნებისმეტყველებას სწავლობდა, მერე აგრონომიას და ლიტერატურას. თარგმნა „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“...“ – ამბობს ლიტერატირი გიორგი კეკელიძე. ივანე პლევრიტით იყო ავად. 15 ივნისს ოპერაცია გაუკეთეს, ნეკნი ამოუღეს. ივლისში აბასთუმანში დასვენებას აპირებდა. 24 ივნისს რედაქციაში მივიდა და ბოლო თარგმანი დატოვა – შექსპირის ტრაგედია „კორიოლანო“. „პლევრიტის გამო ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ძირითადად მიუთითებენ, რომ სუიციდიც ამან გამოიწვია, ტკივილებს ვეღარ იტანდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც არაფერი არ არის დადგენილი“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

უკანასკნელი ვახშამი მაჩაბელთან

აკაკი წერეთელი მაჩაბლების ხშირი სტუმარი იყო. ვანოსთან მეგობრობდა, მისი ცოლი ანასტასია კი – უყვარდა. ანასტასია მასზე 29 წლით უმცროსი გახლდათ, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ პლატონური სიყვარული იყო. აკაკიმ მაჩაბლებს 25 ივნისსაც გაუარა და ღამე მათთან დარჩა. ის საღამო მან, ტასომ და ივანემ ერთად გაატარეს... მაჩაბლის საქმეში ბევრი ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა. არც ამ საღამოზეა საერთო აზრი. თბილისის ჟანდარმერიისადმი წარდგენილ მოხსენებაში (ინახება საქართველოს არქივში) საქმის მწარმოებელი პოლკოვნიკი დ. [გვარი არ იკითხება – რ.თ.] წერს, რომ ანასტასია მაჩაბლის თქმით, წერეთელი ათის ნახევარზე უვახშმელად წავიდა დასაძინებლად, თუმცა, იქვე წერია, რომ ცუდი სიზმრების გამო ის ღამე ტასომაც ფხიზლად გაატარა და აკაკიმაც. მსახური და გოროდოვოი, რომელიც მაშინ მაჩაბლების სახლთან იდგა, ირწმუნებოდნენ, რომ სუფრას სამივე უსხდა. მეტიც, აკაკი და ივანე 12 საათის მერეც ნარდს თამაშობდნენ, შემდეგ კი, აივანზე გამოვიდნენ. გოროდოვოიმ გაიხსენა, მაჩაბელმა მკითხა, აქ რომელ საათამდე იდგებიო, უპასუხა, რომ დილის ექვსამდე.

მაჩაბლის ქალები

ლამაზი სახე, კარგი ტანი, დიდი მოელვარე თვალები – ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილს მისი თანამედროვეები ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღწერენ. აკაკი მას მაჩაბელზე ადრე იცნობდა და ვანოსთან ხშირად აქებდა ხოლმე. შემდეგ ერთმანეთიც გაიცნეს მეჯლისზე. ივანემ ხელი სთხოვა. ტასო დათანხმდა. ამ ამბავში უადგილო არაფერი იქნებოდა, რომ არა ის, რომ მაჩაბელს ამ დროს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ლიზა ქართველიშვილთან. ქალი მისგან ბავშვს ელოდებოდა. როდესაც ივანემ სხვა ითხოვა, ლიზამ მისგან ყველანაირი დახმარება უარყო, ბავშვს თავისი გვარი მისცა და თითქმის მარტო ზრდიდა. ივანესა და ლიზას ვაჟი, შალვა ქართველიშვილი ცნობილი იურისტი გახდა, თავადაც წერდა და თარგმნიდა.

მაჩაბლის გაუჩინარების შემდეგ ქალაქში უამრავი ვერსია გავრცელდა. მათ შორის ითქვა ისიც, რომ მაჩაბელმა აკაკიზე იეჭვიანა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ზოგი უფრო შორს წავიდა, ივანე თავად აკაკიმ და ანასტასიამ მოკლესო. დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ მტკვარში. ჯიმშერ რეხვიაშვილი თავის წიგნში – „მტკვარი და მისი ორი ნაპირი“ – წერს, რომ მაჩაბლის ძებნაში 16 გვამი იპოვეს, ივანეს ცხედარი არცერთი არ აღმოჩნდა...

შემონახულია აკაკი წერეთლის მიერ ტასო მაჩაბლისადმი მიწერილი სატრფიალო ბარათები. 19 წერილი, პასუხებითურთ, პირველად მხოლოდ 1996 წელს დაიბეჭდა. მანამდე ის ლიტერატურის მუზეუმში, ეგრეთ წოდებულ, აკრძალულ ფონდში ინახებოდა. ამ ბარათებიდან ჩანს, რომ აკაკის ტასო გაგიჟებით უყვარს, ტასო კი არ თანაუგრძნობს. წერილები, სავარაუდოდ, მაჩაბლის დაკარგვის შემდეგაა დაწერილი. „მე შენ მიყვარდი... ისეთის აღტაცებით და აღფრთოვანებით, როგორიც შესაძლებელია მხოლოდ რჩეულთათვის! გეტრფოდი სრულის ჩემის არსებით... დიდხანს ვიმარხავდი საიდუმლოს, როგორც წმინდა ლოცვას, იმ გრძნობებს ჩემს გულში, მაგრამ რაი არს საიდუმლო, რომელიც არა გამოცხადდესო, ბოლოს მაინც ძალაუნებურად იჩინა თავი, ან კი რად უნდა დაფარულიყო იმისთანა წმიდათაწმიდა“, – წერს აკაკი ტასოს. ტასო არ იმჩნევს, თბილისის ამბებს უყვება, სოფიო ამირეჯიბი დავმარხეთ, გიგო დიასამიძის მეუღლე კი, „მძიმე ავანტყოფიაო“... ხშირად ვანოზე ლაპარაკობენ, ერთგან ტასო წერს: „ღმერთო, როგორ ავიტანე ამისთანა კაცის დაკარგვა“.

„აკაკი შეყვარებული იყო ტასო მაჩაბელზე, თუმცა, მათ შორის არც მანამდე და არც მერე არანაირი ინტიმური კავშირი არ ყოფილა. აკაკის ლექსი აქვს დაწერილი: „საფლავშიაც, სიკვდილშიაც, წამომცდება: ტასო, ტასო“... მაგრამ წერილებიდანაც ჩანს, რომ ქალი არანაირად არ თანაუგრძნობდა“, – ამბობს ფილოლოგი, პროფესორი სოსო სიგუა. ის, ასევე საუბრობს აკაკი წერეთლის პოემაზე „გამზრდელი“, რომელიც ივანე მაჩაბლის გაუჩინარებიდან ერთ თვეში გამოქვეყნდა. „გამზრდელის“ სიუჟეტი საყოველთაოდ არის ცნობილი: მეგობრის სახლში ღამე დარჩენილი საფარ-ბეგი მის ცოლზე იძალადებს, თუმცა პოემაში თავს ქმარი კი არა, საფარ-ბეგის გამზრდელი იკლავს. „ძალიან მძაფრი, კომპაქტური, დრამატული პოემაა, ერთბაშად დაწერილი, შესაძლოა, ერთ ან რამდენიმე დღეშიც კი. ეს აკაკის ყველაზე კარგი ნაწარმოები მგონია, ეს პოემა ამ ტრაგედიის ანარეკლია და მეგობრის ხსოვნის წინაშე უნებლიე შეცოდებამ დააწერინა“, – ამბობს სოსო სიგუა.

ბრძოლა ილია ჭავჭავაძესთან

ივანე მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკში ერთად მუშაობდნენ, მაგრამ საბანკო საქმეებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქოდნათ. „მაჩაბლისტებისა და ილია ჭავჭავაძის მომხრეების დისკუსია საბანკო მოწყობას ეხებოდა, მაგრამ ეს იყო ძალიან კვალიფიციური და ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული კამათი“, – ამბობს გიორგი კეკელიძე. მათი დაპირისპირება საკმაოდ მტკივნეული იყო და საბოლოოდ მაჩაბლის ბანკიდან წამოსვლით დასრულდა, თუმცა, თედო სახოკია მიიჩნევდა, რომ ამის გამო თავს არც ივანე მოიკლავდა და არც სხვა მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. პუბლიცისტი იაკობ მანსვეტაშვილი წერს, („მოგონებანი, ნახული და გაგონილი“): „...აქეთ ეცნენ, იქით მიეხალნენ, მაგრამ კვალსაც ვერ მიაგნეს. უკვირდათ, რა მოუვიდა კაცსაო: მიწამ ჩაყლაპა, თუ ცამ შთანთქაო. მისმა უფროსმა ძმამ, ვასო მაჩაბელმა, რომელსაც ვანო შვილივით ჰყავდა გაზრდილი და შვილივითვე უყვარდა, მთელი ქალაქი შესძრა, მაგრამ ვერას გახდა. იფიქრეს, მტკვარში თუ გადავარდა და თავი დაიხრჩოვო. დაიქირავეს მენავეები და თითქმის მთელი მტკვარი აჩხრიკ-დაჩხრიკეს: არსად არა სჩანდა რა. აქაც აკაკიმ ვერ მოითმინა და თავისებური ოხუნჯობით კლანჭი გაჰკრა დაღუპულ მაჩაბელს: მენავეები რა საჭიროა. თუ ვანო მართლა მტკვარშია გადავარდნილი, ჭავჭავაძე მოიწვიეთ და კუკიის ხიდზე დააყენეთ: სადაც უნდა იყოს ვანო, იმის დანახვაზე მაშინათვე წყლიდან ამოვარდებაო“.

ტოლსტოის უფროსი ვაჟი

თბილისის ჟანდარმერიისადმი წარდგენილ მოხსენებაში პოლკოვნიკი დ. ახსენებს უცხო პირს, რომელიც ლევ ტოლსტოის უფროს ვაჟს წააგავდა. ის მაშინ დუხობორებთან დაკავშირებული საქმეების გამო თბილისში იმყოფებოდა. მწერალი ლევ ტოლსტოი დუხობორების დევნის წინააღმდეგ გამოდიოდა. თედო სახოკიაც წერს, რომ დუხობორები „თურმე, დიდი ხანია ეპიტიჟებოდნენ ივანე მაჩაბელს თავისთან, თავიანთ მეთაურად, როგორც მცოდნეს რუსულისა და ინგლისურისას“. მაჩაბლის გაუჩინარებამდე ორიოდე დღით ადრე უცნობი მის სახლთან მივიდა. ვანო აივნიდან ელაპარაკებოდა, ჩანდა, უთანხმოება ჰქონდათ. საქმის გარჩევის შემდეგ მაჩაბელმა მოულოდნელად სახლი დატოვა. 26 ივნისის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ივანე მაჩაბელი ლევ ტოლსტოის ვაჟთან ერთად დუხობორებს გაჰყვა კანადაში. პოლკოვნიკი დ. ფიქრობდა, რომ მაჩაბელს მართლაც არ მოუკლავს თავი. თავის მოხსენებაში ის წერს, რომ რადგანაც მაჩაბელი იძულებული გახდა, ბანკი და სხვა საზოგადოებრივი კავშირები დაეტოვებინა, თან ვალებშიც ჩაეფლო, მიმალვა გადაწყვიტაო. მოწმეების დაკითხვისას, მას ასევე შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ანასტასიამ და აკაკიმ მაჩაბლის ადგილსამყოფელი იცოდნენ ან სულ მცირე იცოდნენ, რომ წასვლას აპირებდა. „როდესაც გაუჩინარების დღეს კნიგინიას აწყნარებდნენ, დაბრუნდებაო, მან თქვა: არ დაბრუნდება, მარტო ძალით თუ მოათრევენ“, – წერს ის და იქვე წერეთლის ნათქვამიც მოჰყავს: „ადამიანმა საიდუმლო თუ მოგანდო, გააცხადებთ?“

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკარგვამდე ცოტა ხნით ადრე ივანე მაჩაბელმა ცოლს განქორწინება შესთავაზა, და ეს მაშინ, როცა ცოლიც და ორივე შვილიც ძალიან უყვარდა. ივანე მაჩაბლის გაუჩინარებაზე მსჯელობისას თედო სახოკია საბოლოოდ ასკვნიდა, რომ მას არც თავი მოუკლავს, არც მტკვარში დამხრჩვალა და არც ბანკის გამო გაუმეტებიათ. თუმცა, რა მოხდა, ამ კითხვაზე პასუხი არც მას ჰქონდა.

დღეს მთაწმინდაზე ივანე მაჩაბლის პირობითი საფლავია მოწყობილი. იქ ის ძვალი ინახება, რომელიც გაუჩინარებამდე ორიოდე კვირით ადრე, ოპერაციისას ამოუღეს.

ღალატობდა თუ არა მაჩაბელს ცოლი

არსებობს უიშვიათესი და საოცარი ფოტო. 1915 წელს გამოქვეყნდა „სახალხო ფურცლის“ 43-ე ნომერში. გადაღებული უნდა იყოს 1895-1898 წლების შუალედში. ტასო თვალებჩახრილია, ივანე სადღაც იყურება, ხოლო აკაკი ფოტოაპარატისკენ იმზირება. ღმერთმა ყველა ადამიანი დაიფაროს ილიას მტრობისგან და აკაკის მეგობრობისგან, წერდა მერე გაზეთი „ივერია“.

ტასო ბაგრატიონ-დავითიშვილი (1869-1917) 22 წლისა შეირთო ცოლად 37 წლის მაჩაბელმა, მათ 7 წელი იცხოვრეს ერთად...

ბავშვობა და წინაპრები

ვანო მაჩაბლის წარუმატებელ პირად ცხოვრებას, ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილს, რომელიც მან, ფაქტობრივად, არ მიიღო და თავად მის ასე გაუჩინარებას, წინ უძღვის არანაკლებ საინტერესო ამბები მისი ადრინდელი ცხოვრებიდან, უფრო სწორად ბავშობიდან. არსებობს ძალზედ საინტერესო ცნობები: გიორგი მაჩაბელი, სამაჩაბლოს უკანასკნელი მთავრის სვიმონ მაჩაბლის შვილი გახლდათ და მომავალი დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის მამა. მოხუცი მამა სვიმონი, თურმე ძალზე უკამყოფილიყო ყოფილა შვილის. ფუქსავატი გამოდგა, ახალგაზრდობიდანვე დაეჩვია ქალაქში წანწალს. შემოსავალს ფლანგავს, ისე გაკადნიერდა, რომ მამულების დაგირავებაც გაბედა. მერე ადგა და ვიღაც მდაბიოს, ვიღაც ქალაქელი დაბაღის ქალი შეირთო ცოლად. ამაზე დიდი შერცხვენა და თავლაფისდასხმა იქნება?! საქვეყნოდ თავი მოსჭრა ოჯახს! მთელი ქვეყანა დასცინოდა მაშინ გიორგი მაჩაბელს, ლექსებიც კი შეთხზეს მასზე!..

გიორგი მაჩაბელი გაჭირვებიდან ყველაზე იოლსა და იმხანად თავადაზნაურობისათვის არცთუ ძალიან უცხო გზას დაადგა: ცოლად შეირთო მდიდარი თბილისელი სომეხი მოქალაქის – ერევანცოვის ქალი, ნატალია. ახალგაზრდა თავადიშვილი იმდენად ქალის სილამაზეს არ მოუხიბლავს, რამდენადაც მამამისის ოქროების ელვარებამ მოსჭრა თვალი, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ თავის ნამდვილ გულისწადილსა და ზრახვას პირდაპირ არ განუცხადებდა მდიდარ სასიმამროს. როგორც გადმოგვცემენ, არც სასიმამრო დარჩენილა დიდად აღფრთოვანებულ ღარიბი თავადიშვილის დამოყვრებით, რომელსაც, რამდენადაც შემოსავალი უმცირდებოდა და ღარიბდებოდა, იმდენად ქეიფებისა და უზრუნველი დროსტარების მადა და ხალისი ემატებოდა. ეტყობა, ახალგაზრდა ქალის თვითნებობამ იმძლავრა და ძუნწი, მაგრამ მდიდარი მამაც, რომელიც, ალბათ, მიკირტუმ გასპარიჩის პროტოტიპად გამოდგებოდა, ბოლოს და ბოლოს დათანხმდა ბედოვლათი თავადიშვილის მოყვრობაზე, მაგრამ იმავე გადმოცემის მიხედვით, მდიდარ სიმამრს ისეთი ხელგაშლილობა არ გამოუჩენია, როგორსაც წარჩინებული სიძე მოელოდა. მზითევი საკმაოდ ძუნწი და ღარიბული აღმოჩნდა, ხოლო თუ ერთ-ერთ მოგონებას ვერწმუნეთ, სიმამრის სახლიდან გამოტანილ ზოგიერთ დაბეჭდილ სკივრში, პატიოსანი თვლებისა და ოქრო-ვერცხლის ნაცვლად, კენჭები და აგურის ნატეხები აღმოჩენილა. სწორედ ამას დასცინოდნენ მაშინ ხალხში. ადვილად მოატყუეს რბილი ხასიათისა და ფულის ყაირათს შეუჩვეველი სასიძო. არც სიძეს გამოუდვია დიდად თავი. იმავე სკივრებში იმდენი ფული მაინც აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ხანს ყოფნოდა ახალგაზრდა თავადს.

ეს ფული იფლანგებოდა ორთაჭალის ბაღებში, მასკარადებზე, ბალებზე, მდიდრულ კარეტებში, ახალგაზრდა ბანოვანებში…

რაც დრო გადიოდა, მით უფრო ჭირდა ცხოვრება, რადგან მამულების დაგირავება და გაყიდვა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. უდარდელ ცხოვრებას მიჩვეულმა თავადმა წვრილ-წვრილი ვალების აღებას მიჰყო ხელი, მაგრამ ვალებს ხომ გადახდა უნდოდა, სარგებელთან ერთად! გამოსავალი ისევ ადგილების გაყიდვაში ან, როგორც თვითონ იტყოდა, „გაპრადალებაში“ იყო, და შერჩა კიდეც ეს სახელი _ „პრადალა“ შეარქვეს… ერთ დროს დიამბეგობაც იკისრა... დედა, ნატალია, ერევანცოვის ქალი, შრომისმოყვარე და მშრომელი ადამიანი იყო, ამასთან მეტად ანგარიშიანი და ყაირათიანი, შეიძლება ითქვას, ძუნწი, ვანო შემდეგ უცხოეთიდან სწერს თავის დას: „დედა რასა იქს? თავის ტკივილი ხომ აღარ მოსდის? ან სიძუნწეს თავი დაანება თუ არა?..“ ნატალია ქართულად იყო აღზრდილი, იცოდა ქართული წერა-კითხვა, მაგრამ ქართულ ლიტერატურას ზერელედ იცნობდა და შვილების აღზრდის საქმეში არც ერეოდა. ეს მთლიანად პაპიდას ჰქონდა მინდობილი. გრიგორიანული სარწმუნოება გათხოვების შემდეგაც არ დაუთმია. ნატალია მაინცდამაინც მორწმუნე არა ბრძანდებოდა, თუმცა კვირა ძალზე სანთლებს ანთებდა, სომხის სჯული მაგრა ეჭირა და არასოდეს ზიარებულა.

მე რომ მოვკვდე, ქელეხი არ გადამიხადოთ, რა საჭიროა, ჩემი შვილი ხარჯში ჩავარდებაო... შვიდი წლის ვანო პაპიდას ეკლესიაში მიჰყავს, რათა მღვდელს უშველოს. გადაშლილი სამოციქულო ხელში უჭირავს დიაკვანს, რომელმაც დამარცვლით ძლივს იცის კითხვა. ვანო საამური ხმით დაიწყებს. დიდხანს ვერა სძლებს ფეხზე, იღლება, სუსტია. სკამს მიაშველებენ და ზედ შესვამენ. თანდათანობით გაფართოვდა პატარა ვანოს მრევლი. ახლა შორეულ სოფლებშიაც გაჰყავთ სახელგანთქმული ბავშვი.

„ცხრა თუ ათი წლისა ვიქნებოდი, როდესაც პირველად ვნახე ვანო მაჩაბელი, – ასე იწყებს თავის მოგონებას ეკატერინე გაბაშვილი, – იმ დროს ციებამ დამიგდო და ბებიაჩემმა მკითხავის რჩევით გერისთავში წამიყვანა. ეკლესიის ეზო სავსე იყო ხალხით და დაჩარდახული ურმებით. უცებ ხმა გავარდა, სამოციქულოს სულ პაწაწინა ბავშვი კითხულობსო და ხალხი უფრო აჩოჩქოლდა და ეკლესიის შესავალს მიაწყდა. მამაჩემმა ფეხს აუჩქარა, ხელი უფრო მაგრად ჩამჭიდა და რამდენიმე წამის შემდეგ ეკლესიაში შემიყვანა.

ბინდში მკაფიოდ მოჩანდა მხოლოდ ხელში აყვანილი რვა წლის ბავშვი, რომელსაც მარჯვენა ხელში დიდი კელაპტარი ეჭირა და წინ გადაშლილ უშველებელ წიგნს კითხულობდა. სიზმარივით ჩამრჩა ეს სანთლის შუქით განათებული მშვენიერი ბავშვის გაფითრებული სახე. დიდრონის, მომწვანო თვალებით შემკული და ქერა, ხუჭუჭი თმით გადაფენილი სპეტაკი შუბლი. ის არაბავშვური სახის გამომეტყველებით დაშტერებოდა წიგნს და მაღალი ხმით, გარკვევით კითხულობდა სწორედ იმ კილოთი და ტონით, რომლითაც ჩვეულებრივ სამოციქულოს კითხულობენ.

– ვინ არის? ვისი შვილია? – გაისმა კითხვა. ყველას უნდოდა, უფრო ახლო დაენახა ეს არაჩვეულებრივი, იშვიათი ბავშვი, მაშინდელ დროს თითქმის უმაგალითო მოვლენა.

მამაჩემმა კითხვით მიმართა ჩვენს ახლო მდგომ მანდილოსანს და იმან სიცილით მიუგო:

– კნიაზო რევაზ, ნუთუ ვერ მიცან ელენე, დიასამიძის ქვრივი, ჩემი ძმისწულია ვანო და თან ჩემი საამაყო და საყვარელი მოწაფე.

– აი, ჩემი იადონი და მომავალი საქართველოს პატრიარქი! – სიცილით დაუმატა მოხუცმა ელენემ, მაგრამ პატარა ვანო მაჩაბელი არაფრით ჰგავს მომავალ პატრიარქს...“

რვა წლის ვანოს წაკითხული ჰქონდა ყველა ის ქართული წიგნი, რაც პაპის საკმაოდ მდიდარ ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა. ამ წიგნებიდან ბევრის წაკითხვა სასტიკად აკრძალული ჰქონდა პაპიდისაგან, მაგრამ ვანო მაინც ახერხებდა მათ მოპარვას. გადაიკითხა „ცისკრის“ ნომრებიც...

1863 წელს ზაფხულის მიწურულში, სისხამ დილით, როცა მდინარე ლიახვს ჯერ კიდევ ღამის ნისლი ებურა, მაჩაბლიანთ ჭიშკრიდან მძიმედ გამოგორდა ურემი, რომელზედაც რამდენიმე ხურჯინი იდო და მეურმის ტყაპუჭგადაფარეული ჩალა ეყარა. ამ ურემს პატარა ივანე მაჩაბელი ქალაქს უნდა ჩაეყვანა.

ასპარეზი ფართოვდება, ბავშვის ოცნება ფრთას ისხამს, გამოცოცხლებულ საზოგადოებას ახალი წევრი ემატება…“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი