საზოგადოება

როგორ ლანძღავდნენ და სდებდნენ შარს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ სულხან ნასიძეს

№52

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 03.01, 2023 წელი

სულხან ნასიძე
დაკოპირებულია

70-იანი წლების ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, სულხან ნასიძემ, შემოქმედებითად დატვირთული, ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო და მომავალ თაობებს ჟანრულად მრავალფეროვანი საკომპოზიტორო მემკვიდრეობა დაუტოვა. მისი შემოქმედება პროფესიული მუსიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს... კომპოზიტორის შესახებ ვრცელი მონოგრაფიის ავტორი, მუსიკისმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე გვიამბობს:

რადიოთი მოსმენილი ბეთჰოვენი და ნასიძის გზა კომპოზიტორობამდე

„ერთხელ ბატონ სულხანს ვკითხე, რა იყო მისთვის შთაგონების მთავარი წყარო, პასუხი მყისვე, უყოყმანოდ გამცა: „მძლავრი სტიმული? მხოლოდ მშობლიური ბუნებაა! მაგრამ ბუნებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მთებსა და ველებს, ტყეებსა და მდინარეებს... უმთავრესი მაინც ხალხია, ჩემი ხალხის ადათ-წესები, ხასიათის თავისებურება, ზნე-ჩვეულებები. ქართველებს ხომ ძალზე თავისებური ბუნება გვაქვს?! ჩემთვის აუცილებელია, მუდმივად მესმოდეს მშობლიური ენა, მისი უმდიდრესი ინტონაციები. გამიჭირდება, წელიწადში ერთი-ორჯერ რომ არ დავტოვო თბილისი და არ ვეწვიო კახეთს, თელავს, გრემს, ალავერდს, გულიანად არ გავიცინო კახელი გლეხის მსუყე იუმორზე. და კიდევ ერთი მძლავრი შემოქმედებითი სტიმული ჩემთვის ქართული ეროვნული ბუნების, ადამიანური ხასიათის ისეთი ქმედითი გამოხატულებაა, რასაც ჰქვია ხალხური სიმღერა”. ნასიძეების ოჯახში, საერთოდ, ქართული სულისკვეთება სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი არაჩვეულებრივად ფლობდა რუსულ ენას, სახლში ნიადაგ სუფთა ქართულით საუბრობდნენ. ხშირად გაისმოდა ქართული სიმღერა. კომპოზიტორმა თავად აღნიშნა: „ყველაზე ადრეული, შორეული 30-იანი წლების მხატვრული შთაბეჭდილება, ისეთი, რომელმაც შემძრა, იყო რადიოთი მოსმენილი ბეთჰოვენის „მთვარის სონატა”... შესაძლოა, სწორედ ამ მომენტიდან შეიძინა ჩემთვის მუსიკამ მიზიდულობის იშვიათი ძალა, სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა. მაგრამ მანამდე, გაცილებით უფრო ადრე იყო სხვა მუსიკალური შთაბეჭდილებები. ეს იყო კახური სიმღერა, რომელიც გულში სამუდამოდ ჩამებეჭდა...” ხატვა ჰყვარებია. პირველად სწორედ ბეთჰოვენის სურათი დაუხატავს. 1955 წელს უკვე დიპლომირებული კომპოზიტორი გახდა.

არისტოკრატი და დაკარგული სტიპენდიები

ქედმაღლობის ნატამალსაც ვერ იპოვიდით მის ქცევაში, თუმცა მორიდებულსაც ვერ უწოდებდა კაცი. პოზა და თავმომწონეობა უცხო იყო მისთვის. წმინდა წყლის კახელად, ქიზიყელად მესახება თავისი სიდარბაისლითა და სიდინჯით, ხასიათის სიმტკიცითა და უდრეკობით, რაც მის მუსიკაშიც ცხადადაა არეკლილი. მსმენელთა სამსჯავროზე მხოლოდ დიდი ხნის ნაფიქრი, ღრმად გააზრებული, მკაცრი ლოგიკით ნაკარნახევი გამოჰქონდა. ნაუცბათევად არაფერი დაუწერია. არასოდეს მინახავს ბატონი სულხანი ფეხაჩქარებით მოსიარულე. არც მისი სხაპასხუპით საუბარი მსმენია. ნაბიჯიც მუდამ დინჯი, გამოზომილი ჰქონდა და საუბარიც დარბაისლური, სიტყვა აწონილ-დაწონილი მაშინაც კი, როცა საკითხი ამაღელვებელ თემებს ეხებოდა. მოსაუბრეს სიტყვას არასოდეს გააწყვეტინებდა. მოცინარსაც კი თვალში კაეშანი ჰქონდა. 1963 წელს პედაგოგიური მოღვაწეობა სახელმწიფო კონსერვატორიაში დაიწყო. მალე ჯერ საკომპოზიციო კათედრის პროფესორი, მოგვიანებით კი, კათედრის გამგე გახდა. მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე კურსზე სულ სამი მოსწავლე ვირიცხებოდით. სამივე სანიმუშო სტუდენტი გახლდით. გამოცდაზე ბატონმა სულხანმა ოთხიანები ჩამოგვიმწკრივა, რითაც სტიპენდია დაგვაკარგვინა. ცხვირჩამოშვებულები რომ დაგვინახა, გაიკვირვა: „პოლიფონია ხუთიანზე მეც არ ვიცი. პოლიფონიის სწავლება, პედაგოგობაც და ნამდვილი სწავლაც ეს-ეს არის, დავიწყე. ხუთიანზე, აბა, თქვენ როგორ გასწავლიდით?! პოლიფონია ხუთიანზე მარტო ბახმა იცის”. ასპირანტურა რომ დავასრულე, კონსერვატორიაში პედაგოგი გავხდი. ერთხელ, ლექციაზე მისულს ბატონი სულხანი მხვდება: „ოხ, რუსუდან, მოხვედი სატრაბახოდ?” - მომმართა სიცილით. გაბერილი გავეცალე. ორიოდე დღეში იგივე განმეორდა. ვუპასუხე, ტრაბახი რას მიქვია, ლექციის წასაკითხად მოვედი-მეთქი. ჰოდა, მეც მაგას გეუბნები, ესპანურად „ტრაბახო” მუშაობას ნიშნავს. მე უკვე ვიტრაბახე და მივდივარ, ახლა აბა, შენ იცი, მიდი, იტრაბახეო. გულიანად ვიცინეთ.

მისი მეტყველება მდიდარი იყო ქარაგმებითა და გადაკრული სიტყვით, ორაზროვნებითა და მინიშნებებით. ზოგჯერ ენამწარე და ირონიულიც იყო. ეს მაშინ, როცა საქმე შემოქმედებაში უნიჭობას, თვითკმაყოფილებასა და პრეტენზიულობას ეხებოდა. ოცდაათის არც იყო, როცა უკვე თმა თოვლივით თეთრი ჰქონდა. სადად ჩაცმა-დახურვა მოსწონდა. იყო მის გარეგნობაში რაღაც არისტოკრატული. გია ყანჩელი ასე იგონებს განუყრელ მეგობარს: „სულხანი ჩემს წარმოდგენაში სამუდამოდ დარჩა სულის ჭეშმარიტ არისტოკრატად. იგი წერდა შესანიშნავ მუსიკას და იყო არაჩვეულებრივად წესიერი, პატიოსანი, სუფთა ყველაფერში - შემოქმედებით დაწყებული ყოველდღიური წვრილმანებით დამთავრებული”. კომპოზიტორი იოსებ კეჭაყმაძე: „თავდადებული მეგობარი იყო, მის სიტყვას ყოველთვის ჰქონდა დიდი ძალა. ორიოდე სიტყვით იტყოდა ხოლმე სათქმელს და ამით ნათელს მოჰფენდა ყველაფერს. მისი მეგობრებისთვის გადამწყვეტ და მნიშვნელოვან სიტუაციებში ყოველთვის ზუსტ რეაქციას გამოხატავდა. ყოველთვის იცოდა ნიჭიერი კაცის ქება. რაც არ მოსწონდა, იმაზე ჩუმად იყო, სახალხოდ არ აგინებდა არავის ზოგიერთებივით”.

ოჯახი

სულხანის მომავალი მეუღლე, ლალი სურგულაძე საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლობდა. ყურადღებას იქცევდა ჩინებული აღნაგობითა და სიდარბაისლით. ლალიმ სულხანს მშვიდი და მყუდრო ოჯახური გარემო შეუქმნა. ქალ-ვაჟი, ვანიკო და თამარი აღუზარდა. დაქვრივებულმა მზრუნველობა არ დააკლო ქმრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობას, თუმცა, ბევრი რამ ვერ მოასწრო. მეუღლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 59 წლის ასაკში დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაიდო სამარადისო ბინა. ვანიკო ანთროპოლოგი-გენეტიკოსი გახდა, მსოფლიო მასშტაბით მაღალი რეიტინგის მეცნიერი გახლდათ. მოღვაწეობდა ლაიფციგის ანთროპოლოგიის ინსტიტუტში. თამრიკომ წარმატებით დაასრულა მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.

ნასიძის პირადი ტკივილი

მისი სიცოცხლის მიმწუხრი ტრაგიკულ მოვლენათა სიუხვით გამოირჩა. 1991-1992 წლების მოვლენებმა გაანადგურა არა მხოლოდ ადამიანთა სიცოცხლე, არამედ მოსპო ოცნებები, იმედი. ქარტეხილებს გადარჩენილები კი ერთმანეთს გადაჰკიდა. კომპოზიტორს პირად ცხოვრებაშიც დრამატული წლები დაუდგა. უარყოფითმა მოვლენებმა, ტკივილიანმა ემოციებმა ღონივრად დარია ხელი. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს, საპატიო თანამდებობა მიანდეს. თავად ამ თანამდებობის მოსურნე არ ყოფილა. სულ მოკლე ხანში ერთსულოვნად არჩეულ პიროვნებას ჭიაღუა დაესია. რა არ ჰკადრეს, რა არ დასდეს ბრალად, რაღაზე არ მოსდეს შარი! 1994 წელს გულმა შეაწუხა. (შ. ლაბაძე) სასწრაფო ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს. გამგზავრების ორგანიზება მეგობრების დიდი დახმარებით მოხერხდა. განსაკუთრებული აქტიურობა ანზორ ერქომაიშვილმა და გია ყანჩელმა გამოიჩინეს. ოპერაციამ დადებითი შედეგი გამოიღო. საოცარი რუდუნებით აგრძელებდა მუშაობას. სიცოცხლის უკანასკნელი წლები გასაკვირი ნაყოფიერებით ხასიათდება. თითქოს ცდილობს, მოასწროს და გულს, სულსა და გონებაში დაგროვილი უამრავი გრძნობა, ფიქრი, განცდა სანოტო ნიშნებით დაშიფროს. 1996 წელს, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის დაბადების დღეს გარდაიცვალა. ოჯახისა და მეგობართა გადაწყვეტილებით, კომპოზიტორთა კავშირიდან გამოსვენებაზე, სადაც სახელოვან კომპოზიტორთა პანაშვიდები იმართება ხოლმე, უარი ითქვა. მეტად უსიამოვნო იყო ამ დაწესებულებასთან დაკავშირებული უკანასკნელი მოგონებები. მისი უმცროსი კოლეგა, იოსებ კეჭაყმაძე, უკვე ბატონი სულხანის გარდაცვალების შემდეგ სინანულით იხსენებდა: „როდესაც სულხანზე ვლაპარაკობ, დიდი გულისტკივილი მაქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამქვეყნად აღარ არის, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ, მის ახლობლებს, მეგობრებს არ უნდა დაგვეშვა მისი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეობა. კომპოზიტორთა კავშირმა იმსხვერპლა იგი. ამაში ბრალს საკუთარ თავსაც ვუყენებ და ამით უფრო გაუსაძლისი ხდება ჩემი გულისტკივილი... უნდა აღინიშნოს, რომ ისე განვლო ცხოვრებისა და შემოქმედების გზა, ხელისუფლებასთან გარიგებაზე არ წასულა, კომუნისტური პარტიის რიგებში არ გაწევრებულა. მის შემოქმედებით დანატოვარში პარტიის, ლენინ-სტალინისადმი მიძღვნილი ერთი ნაწარმოებიც არ მოიძებნება. თუმცა, როგორც თავადვე ნანობდა, ვერც დისიდენტობა შეძლო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი