ვინ იყო ბერი ნიკოლოზი რეალურად და რატომ შეუჩერა პატრიარქმა მას მღვდელმსახურება
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00
მდუმარე ბერი, მამა ნიკოლოზი, ერის-კაცობაში ნარიმან მაქარაშვილი. ზემო ფონიჭალაში, ნაქირავებ ბინაში, რამდენიმე დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. დღეს, როცა მამა ნიკოლოზი უკვე აღარ არის, პირველად მიწევს მისი ცხოვრების ეპიზოდების ჟურნალის ფურცლებზე გადმოტანა, თუმცა, ვინაიდან საქართველოში ძალიან დიდია მისდამი ინტერესი, მცდელობა თუ სურვილი იმისა, რომ მასზედ დამეწერა, სულ მქონდა, მაგრამ არ გამომდიოდა. და მაინც, ვინ იყო ბერი მამა ნიკოლოზი სინამდვილეში – სულიერად შეშლილი ადამიანი, შარლატანი თუ ნამდვილი ბერი, რომელიც როგორც წესი, რელიგიური ასკეტიზმით ცხოვრობდა და უარს ამბობდა არა მარტო ამქვეყნიურ სიამოვნებაზე, არამედ ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაზეც. ადამიანებს მისდამი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ, აგრეთვე დანარჩენ სასულიერო პირებს, მოკლედ რომ ვთქვათ, მართლმადიდებლური ეკლესია მას მრავალი წელია, არ აღიარებდა.
ისტორიულ-ეკლესიურ დოკუმენტებში არ არსებობს ბერი ნიკოლოზისა და მამა გაბრიელს შორის პირდაპირი „რჩეული ბერის“ ტიპის ოფიციალური ან დადასტურებული სტატუსი, რომ თურმე, მისი წასვლის შემდეგ საქართველოში ერთადერთი მხსნელი, წმიდანი მამა ნიკოლოზი რჩებოდა. მამა გაბრიელი ცხოვრობდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში. ბერი ნიკოლოზი კი მისი ეპოქის დასასრულის, შემდეგი თაობის სასულიერო პირი იყო. ამდენად, ეს არის ზეპირი გადმოცემა ისევ მრევლისგან. და მოდი, ვნახოთ რას ამბობდნენ მისი და მამა გაბრიელის ურთიერთობაზე:
„ნიკოლოზ, შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინე. „ტრუბაში“ გაგაძვრენენ, ნიკოლოზ” – ასე არიგებდა, თურმე, ღირსი მამა გაბრიელი ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს, რომელმაც მის მორჩილებაში სამი წელი გაატარა. მოგვიანებით, ღირსი მამის კურთხევით, მისი სულიერი შვილები მამა ნიკოლოზს აბარებდნენ აღსარებას, რომელიც სვეტიცხოველში ატარებდა წირვა-ლოცვას. ამ დროს, თავის სულიერ შვილებთან მამა გაბრიელი ახალგაზრდა ბერზე სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი კონტექსტით საუბრობდა. „ბერებს შორის დირექტორი მე ვარ და ჩემს შემდეგ ნიკოლოზი იქნება. მას მხარზე ეშმაკი აზის. ბერი ნიკოლოზი ბოლო ჟამის უძლიერესი ბერია საქართველოსი. ის გაგიჟდა...”
ვინმე მალხაზ ჯინორია, ღირსი მამისა და ბერი ნიკოლოზის ურთიერთობაზე ჰყვება: „მამა გაბრიელი გვეუბნებოდა (მასთან სულ 30 კაცი დავდიოდით), თქვენზე ახლო ვინ მყავს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო. ოთხი წელი თითქმის 24 საათს მასთან ვატარებდი. სულ რაღაცებს ვეკითხებოდი, ვაწუხებდი, ამიტომ ერთხელ რომ დამინახა, თქვა: ხალხო, ეშმაკები მოვიშორე, ჯინორია ვერაო. სასწაული იუმორი ჰქონდა“. მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზზე ორგვარად საუბრობდა. ცუდსაც ამბობდა და კარგსაც. ბერი ნიკოლოზი მონასტრიდან რომ წავიდა, მამა გაბრიელმა, თურმე, თქვა: ბერს რომ აგდებენ მონასტრიდან, მან უნდა ითხოვოს არ გააგდონ, უნდა ევედრებოდეს და თუ არ აბრუნებენ, უნდა ილოცოს, ეს კიდევ, კარ-დაკარ დადის, ეს როგორ შეიძლებაო?.. „ჩვენ მამა ნიკოლოზს ვეხმარებოდით და მამა გაბრიელმა გვითხრა, თქვენ ღუპავთ მას, თქვენ რომ არ ეხმარებოდეთ, მონასტერში მოვიდოდაო. მაგაზე დიდი დემონი მხარზე არავის აზის, დამიჯერეთ, გაგიჟდა, მაგრამ ბოლოს მართალ კაცად აღესრულებაო. მის სულიერ შვილს, მანანა ხორბალაძეს კი უთხრა, მამა ნიკოლოზის მსგავსი ბერი საქართველოს არ ეყოლება. მოვა დრო და როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში სწორედ ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო“.
მდუმარე ბერს, მამა ნიკოლოზს, რომელიც 14 წელი იყო მდუმარებაში, საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავდა. დღეს ამბობენ, რომ მრევლს, ნამდვილ მორწმუნეთა შორის იყო გაურკვეველი დაჯგუფება, სექტა, რომელიც მდუმარე ბერმა კარგად იცოდა და ვერ იცილებდა საცხოვრებელი სახლის კარიდან. მდუმარე ბერი, მამა ნიკოლოზი ცნობილი იყო მრევლისთვის დაწერილი ვრცელი წერილებით, რომლებიც სულიერ დარიგებებსა და ხშირად, საგანგებო გაფრთხილებებს შეიცავდა, ასევე შესაძლოა ის კარგ ფსიქოთერაპევტადაც გვევლინებოდა, თუმცა ბევრი ვერ იგებდა ამ მინიშნებებს, სალოსურია მისი წიგნებიც – „წერილები ბიძას ჭადრაკზე“, „სიმართლეს როდესაც დაიცავ“... საავტორო უფლებების გამო მე ამ წიგნიდან – „სიმართლეს როდესაც დაიცავ“ – არ შემიძლია, გადმოგცეთ ის ეპიზოდები, მაგრამ მოგიყვებით თუ რაზე აკეთებდა მინიშნებებს ამ წიგნში და რა იყო მისთვის ასეთი ცხოვრება. მანამდე – მის განვლილ საეკლესიო ეპიზოდებზე...
ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მას თითქმის ოცი წელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეჩერებული ჰქონდა მღვდელთმსახურება. თავისი მრევლისთვის ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი წმიდანი იყო, რომელიც სასწაულებსაც ახდენდა და ეს მართლაც ასე იყო. მიმდევრები მას სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მისამართზე საცხოვრებელს უთმობდნენ ხოლმე, რაც ხშირად გამხდარა პოლიციასთან და მეზობლებთან დაპირისპირების მიზეზი. ის ორჯერ გამოასახლეს – ჯერ ბარნოვის, შემდეგ კი ზესტაფონის ქუჩიდან. 2016 წლის გამოსახლების შემდეგ კი, ის დღემდე ფონიჭალაში ცხოვრობდა. მრევლმა იქ განაგრძო შეკრება და ლოცვა. მოდი, ჯერ გავიგოთ ეკლესიის აზრი მდუმარე ბერზე. შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმსახურება. „მამა ნიკოლოზი ხშირად მიმართავდა უკიდურეს ფორმას ასკეტიზმისა, რომელიც უმეტესად ახასიათებს აღმოსავლურ რელიგიებს: შიმშილი, წყლის არმიღება და სხვა. მე, როგორც იმ დროისთვის, არქიმანდრიტი, წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, ვეკითხებოდი მას, თუ რატომ შიმშილობდა. მისი პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ ფეხით წყალზე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვშიმშილობო (რათა სასწაულმოქმედი გავხდეო), ანუ ეძიებდა და ითხოვდა ღმერთისგან სასწაულის კეთების უნარს... ერთ დღეს სვეტიცხოველში ჩამობრძანდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, შეწუხებული მამა ნიკოლოზის გამო. პატრიარქმა მამაოს სთხოვა, შეეჭამა მცირეოდენი საჭმელი, რომელიც მისმა უწმიდესობამ თავისი ხელით გაუმზადა. მამა ნიკოლოზმა კი მტკიცე უარი უთხრა პატრიარქს მის მიწოდებულ გახეხილ სტაფილოზე: არა, თქვენო უწმიდესობავ, მე შიმშილით ჭეშმარიტება უნდა გავარღვიოო. ბევრი საუბრის, ბევრი თხოვნის, ბევრი შეგონების მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა მაინც არ შეასრულა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა და მუდარა. მახსოვს მისი უწმიდესობის დამწუხრებული, სევდიანი სახე. იგი ვერაფერს გახდა და წავიდა მწუხარე. მეორე დღეს, ალბათ, დიდი ფიქრის შემდეგ, მისმა უწმიდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ჩამოეხსნა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე, სანამ მე შემოქმედელი ეპისკოპოსი გავხდებოდი, ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობდით. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ალბათ, მე უფრო ვემორჩილებოდი მას, ვიდრე იგი – მე... შემდგომ, როდესაც ეპისკოპოსი გავხდი, ხშირად ვნახულობდი მას, ხშირად ვჩუქნიდი თაფლს და სხვა... ასევე, ვთხოვდი, წამოსულიყო ჩემთან ეპარქიაში და მისი სურვილისამებრ გავუშვებდი მონასტერში, მივხედავდი და ყოველმხრივ შევუწყობდი ხელს, თუმცა მან თბილისში დარჩენა არჩია. ერთ დღეს კი, ჩვეულებისამებრ, მას მე და ოთარ ნიკოლაიშვილი ვესტუმრეთ. მან დაიწყო საუბარი წმიდა სამების დოგმატზე და თქვა, რომ თუ იესო ქრისტე განკაცდა, რატომ არ შეიძლება, მამა ღმერთი განკაცდესო, ჰოდა მე ვარ ის მამა ღმერთიო... ასეთი მკრეხელობა ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზედ. რამდენიმე წლის წინ ისევ ოთარ ნიკოლაიშვილი და მე მივედით, მასთან, მცხეთაში, ნათხოვარ ბინაში. მივართვით თაფლი. თაფლზე მადლობა გადაგვიხადა, მაგრამ სახლში არ შეგვიშვა. ამის შემდეგ მე გადავწყვიტე, არასოდეს აღარ მომენახულებია იგი, რადგანაც უფრო და უფრო მძიმე ცოდვაში არ ჩამეგდო“...
წიგნში – „სიმართლეს როდესაც დაიცავ“ – არის ერთი ფრაგენტი, სადაც მამა ნიკოლოზი ჩარლი ჩაპლინსაც კი ეხება: „დიდი პიროვნება იყო, გენიოსი, უდიდესი ტანჯვა და გაჭირვება ჰქონდა გამოვლილი, საქართველოდან ჩასული რაჭველები ეხმარებოდნენ „ჰოლივუდში“ პირველი სტუდიის აშენებასა და ფეხის ადგმაში და ჩემი ბაბუაც, ალექსანდრე, იქ იყო მაშინ”.
ბერი ნიკოლოზი თავის ტექსტებში ხშირად საკუთარ თავზე არ საუბრობს, როგორც „გამარჯვებულზე“, არამედ როგროც ადამიანზე, რომელმაც ბევრი შიდა ბრძოლა გადაიტანა. ის ყვება, რომ მისი გზა არ ყოფილა მარტივი და სწორი თავიდანვე. ხშირად იხსენებს, რომ ჰქონდა შეცდომები, სუსტი მომენტები, შიში და სწორედ ამ მდგომარეობაში და ამდროს დაიწყო ღმერთის ძიება. მის მონათხრობებში ერთ-ერთი მთავარი ხაზია შინაგანი გატეხილობა, როცა ადამიანი ხვდება, რომ მარტო თავისი ძალით ვერ უმკლავდება ცხოვრებას. ის აღწერს მდგომარეობებს, როცა არ ჰქონდა სიმშვიდე, ებრძოდა საკუთარ ფიქრებს, ეჭვი ეპარებოდა თავის გადაწყეტილებებში და ამბობს, რომ სწორედ ასეთ დროს იწყება ნამდვილი ცვლილება. ის აღიარებდა, რომ იყო მომენტი, როცა სიმართლე იცოდა, მაგრამ დუმილს არჩევდა არა იმიტომ, რომ არ სურდა სიმართლე ეთქვა, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდა მოსალოდნელი შედეგების. მისი ტექსტებიდან ჩანს, რომ მისთვის გარდამტეხი იყო ის მომენტი, როცა მიხვდა: სიმართლე გარე სამყარსთან ბრძოლა არ არის, ეს არის საკუთარ თავთან შეთანხმება. ასევე ხშირად ყვებოდა საკუთარ თავზე მარტოობის კონტექსტში. წიგნში ის ამბობს, რომ იყო პერიოდი, როცა ადამიანებისგან დაშორება იგრძნო, არ ესმოდათ მისი, ზოგჯერ თავადაც ვერ ხსნიდა, რას გრძნობდა ამ დროს და ამ ყველაფერს აღწერს დრამატულად და არა როგორც აუცილებელ ეტაპს. მისთვის მარტოობა იყო ადგილი, სადაც ადამიანი პირველად „უსმენს საკუთარ თავს“. ერთ-ერთი მკაფიო ხაზი მისი ცხოვრების ისტორიაში არის თავისი „მე“-ს დაკარგვა და ხელახლა პოვნა, ის ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება, ცხოვრობდეს ისე, რომ სხვისი აზრით მოქმედებდეს, საზოგადოებას ერგებოდეს, ადაპტირდებოდეს ყველა გარემოში, ყველგან და ყველასთან, შიგნით კი ცარიელი იყოს და, შემდეგ მოდის მომენტი, როცა ეს „ხელოვნური ცხოვრება“ ინგრევა. იგი თავის თავზე ყვებოდა არა ფაქტებს, არამედ მდგომარეობას, როგორ ეშინოდა, როგორ ცდებოდა, როგორ და რატომ დუმდა, როცა უნდა ელაპარაკა, როგორ ეძებდა მთელი ცხოვრება სიმართლეს და ღმერთს შიგნიდან. ერთ ეპიზოდში ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ ეჩვევა ადამიანი ნელ-ნელა კომპრომისებს. თავიდან ეს პატარა დათმობებია – „არაფერია... ახლა გავჩუმდები...“ „ახლა არ ღირს თქმა...“, მაგრამ შემდეგ ეს ჩუმი დათმობები გროვდება და ბოლოს ადამიანი ვერ არჩევს, სად არის სიმათლე და სად არის საკუთარი თავის ღალატი. ერთ საინტერესო ადგილას ის კვლავ ახსენებს ჩარლი ჩაპლინს, სადაც ჩაპლინს არ განიხილავს უბრალოდ მსახიობად, არამედ როგორც ადამიანს, რომელმაც სიცილით თქვა ყველაზე მწარე სიმართლე. სხვადასხვა ეპიზოდებში ის ეხება ადამიანურ ურთიერთობებს. ამბობს, რომ ყველაზე რთულია სიმართლის დაცვა იქ, სადაც გრძნობებია ჩართული. როცა საქმე ახლობლებს ეხება, ადამიანი უფრო ხშირად ირჩევს დუმილს, რათა არ დააზიანოს ურთირთობებიო... თუმცა მისი აზრით, ასეთი დუმილიც არ ღირს, რადგან ის დროებით ამშვიდებს სიტუაციას, მაგრამ საბოლოოდ ღრმა ბზარს აჩენს. საუბრობს იმაზე; თუ როგორ ეჩვევა ადამიანი ორმაგ ცხოვრებას: ერთს – გარედან, მეორეს – შიგნით. საკუთარ თავზე საუბრისას ხშირად ამბობს, რომ მისი ცხოვრება თავიდან არაფრით იყო გამორჩეული ან „წმიდა გზაზე“ მდგომი. ახალგაზრდობაში ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა. სულიერი გზა ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული. ერთ-ერთი მთავარი, რაც იმ დროს ახასიათებდა, იყო შინაგანი მოუსვენრობა. ვერაფერით პოულობდა სიმშვიდეს. ჰქონდა განცდა, რომ „რაღაც აკლდა“, თუმცა ვერ ხსნიდა – რა. საკუთარ თავზე ამბობდა, რომ მისთვის ღმერთთან მისვლა არ ყოფილა მარტივი და სწრაფი, ამას არ აღწერს, როგორც „მომენტალურ გამოცხადებას“, არამედ როგორც პროცესს, სადაც ეძებდა პასუხებს, ეჭვიანობდა, ცდილობდა, გაეგო საკუთარი მდგომარეობა და სწორედ ამ ძიებაში დაიწყო ნელ-ნელა მისი ცვლილება. ამბობდა, რომ ადრე ხშირად აფასებდა ადამიანებს ქცევით, სიტყვებით, გარეგნული შთაბეჭდილებებით, მაგრამ შემდეგ გამოცდილებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანებს აქვთ ორმაგი სახე – შიგნიდან სხვა, გარედან კი სხვანარები არიანო. როცა უკვე სულიერ გზაზე დადგა, შეიცვალა მათდამი დამოკიდებულება. წუხდა, რომ მის ნათქვას ბევრი არასწორად იგებდა ან საერთოდ ვერ იგებდა. ერთ ეტაპზე შეწყვიტა კიდეც ყველასთან რაღაც-რაღაცების დამტკიცება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





