საზოგადოება

როგორ გაეხსნა გზა მარიამ ხაჭვანის ფილმს „ოსკარის“ ნომინაციისკენ და როგორ გადაიღო რეჟისორმა ის ფინანსების გარეშე

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:00

მარიამ ხაჭვანი
დაკოპირებულია

ქართული ფილმის მორიგი წარმატება – ტამპერეს კინოფესტივალზე რეჟისორ მარიამ ხაჭვანის კინოსურათმა – „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ – მთავარი პრიზი, გრანპრი მოიპოვა. ტამპერეს კინოფორუმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია, რომელიც ფინეთში იმართება და კვალიფიკაციით „ოსკარის“ ტოლფასია.

– მარიამ, რას განიცდით ამ გამარჯვების შემდეგ?

მარიამ ხაჭვანი: ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. A კლასის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მიღება რეჟისორისთვის უდიდესი აღიარებაა და იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც.

როგორი იყო თქვენი წინასწარი განწყობა – ელოდით ასეთ გამარჯვებას?

– სიმართლე გითხრათ, გამარჯვებაზე საერთოდ არ მიფიქრია და არც გამხსენებია, როდის იყო დაჯილდოების ცერემონია. ძალიან მინდოდა ტამპერეში წასვლა და ბოლო წუთამდე განვიხილავდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. გულდაწყვეტილმა, დაჯილდოების წინა დღეს მივწერე ორგანიზატორს, ვინც ჩემთან კონტაქტზე იყო და ვთხოვე, ფილმის ჩვენებიდან ფოტოები გამოეგზავნა. სწორედ მაშინ მომწერა, რომ ტამპერეს ფესტივალზე პრიზს ვიღებდი, თუმცა არ ჰქონდა უფლება ეთქვა, რომელს. მთხოვა, მათი დროით 7 საათზე Zoom-ში ჩავრთულიყავი და ცერემონიისთვის ონლაინ მეყურებინა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, მე ფოტოებს ველოდებოდი და წინ, თურმე, გრანპრი მელოდა.

– მთავარი პრიზი ნამდვილად სიურპრიზი იყო? ბოლო წამამდე არ იცოდით?

– დიახ, სიურპრიზი იყო. ბოლო წამამდე არ ვიცოდი. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სიტყვებით რთულია გადმოცემა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პრიზი გამიხარდებოდა, მაგრამ გრან-პრი განსაკუთრებულია.

დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გულისფანცქალით ვუყურებდი ონლაინ ცერემონიას. ყოველი ნომინაციის გამოცხადებაზე ვღელავდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეც დარბაზში ვიჯექი. ბოლოს მხოლოდ ორი პრიზი დარჩა – ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და გრანპრი. რაც უფრო უახლოვდებოდა ფინალს, მით უფრო ვნერვიულობდი. როდესაც გამოცხადება დაიწყო, გავიფიქრე – ნეტა ახლა მე არ გამომაცხადონ-მეთქი, რადგან გრანპრის ბოლოს აცხადებენ. მეგონა, სპეციალურ აღნიშვნას გამოაცხადებდნენ, მაგრამ ჟიურის წევრმა თქვა, რომ გრანპრი იყო. შემდეგ სანამ გამარჯვებულს გამოავლენდა, სიტყვა თქვა, თუ რატომ მიიღო ფილმმა გრანპრი, მისი სიტყვებიდან მივხვდი, რომ ჩემს ფილმზე საუბრობდა. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი. მადლობა გადავუხადე ჟიურის და დიდი ხანი ხმას ვერ ვიღებდი. მახსოვს, ცერემონიას ქალაქის მერიც ესწრებოდა, რომელმაც მითხრა, რომ საქართველოში საელჩოში ამ წარმატებას ქართული ღვინით აღნიშნავდნენ. იმდენად ემოციებში ვიყავი, ბოლოს არც კი მახსოვს, გამოცხადდა თუ არა ჟიურის სპეციალური ხსენება. მგონი, არ გამოცხადდა და საერთოდ ამოიღეს ეს პრიზი, ანუ ბოლო ნაწილში ტყუილად ვინერვეიულე (იცინის).

– როგორი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა თქვენმა ფილმმა? რამდენად პრესტიჟულია ტამპერე?

– ტამპერეს კინოფესტივალი მსოფლიოს ტოპ 3 მოკლემეტრაჟიან ფესტივალს შორის სახელდება და ერთ-ერთი უძველესია – 1969 წელს დაარსდა და უკვე 56 წელია, ტარდება.

ფესტივალი არის Oscar®, BAFTA და European Film Awards qualifying, რაც ნიშნავს, რომ აქ გამარჯვება პირდაპირ გზას ხსნის „ოსკარის“ ნომინაციისკენ.

ყოველწლიურად ფესტივალს 20 000-30 000 მაყურებელი და ასობით პროფესიონალი ესწრება.

2026 წელს ფესტივალზე შევიდა 8 000-ზე მეტი ფილმი, 60 ქვეყნიდან, საიდანაც მხოლოდ 120-მდე შეირჩა. საერთაშორისო კონკურსში კი, დაახლოებით, 60 ფილმი მოხვდა, მათ შორის ჩემი ფილმიც და ფესტივალის მთავარი პრიზი, გრან-პრიც მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ფილმი „ოსკარის“ საკვალიფიკაციო კატეგორიაში გადავიდა.

– რას შეცვლის ფილმის ეს გამარჯვება მომავალში?

– ტამპერეში გამარჯვების შემდეგ მივიღეთ მოწვევები სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალიდან. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ასეთი წარმატება კიდევ ერთხელ ხსნის გზას ქართული კინოსთვის. იზრდება ინტერესი ქართველი რეჟისორების მიმართ და სელექციის პროცესში საქართველოზე უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას.

ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საერთო გამარჯვებაა.

– როგორი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პრესაში?

– ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასზე წერდა გავლენიანი საერთაშორისო მედია, მათ შორის Cineuropa.

– რა არის ფილმის მთავარი სათქმელი?

– სამწუხაროდ, დღემდე ბევრ ოჯახში ნორმად ითვლება ქალის მიმართ ძალადობა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს არა მხოლოდ ქალის ცხოვრებას ანადგურებს, არამედ ბავშვებზეც მძიმე კვალს ტოვებს.

თუ ქალი არ არის ძლიერი, ბავშვიც ვერ იქნება ძლიერი. ამიტომ კაცებს მინდა, მივმართო: თუ გინდათ, ძლიერი, თავისუფალი, წარმატებული, სტაბილური და ბედნიერი შვილები გყავდეთ, ეს ვერც ფულით მიიღწევა და ვერც სხვა საშუალებებით. ეს იწყება იმით, თუ როგორ გრძნობს თავს მათი დედა ოჯახში. რადგან ძლიერი ქალი ძლიერ შვილებს ზრდის, დაჩაგრული ქალი კი – ყველასგან დაჩაგრულ შვილებს. ამიტომ კაცებმა გადაწვიტონ, როგორი შვილები უნდათ – ყველაზე ძლიერი თუ ყველასგან დაჩაგრული.

ბევრმა უცხოელმა აღნიშნა, რომ ეს თემა მათთვისაც ძალიან ნაცნობია. ალბათ, სწორედ ამიტომ მივიდა ფილმი ასე ახლოს მაყურებელთან და რა თქმა უნდა, მოსწონთ ჩემი ხედვა. თუ ფილმი კარგად არ არის გაკეთებული, მარტო თემატიკით პოპულარობას ვერ მოიპოვებს. A კლასის ფესტივალის ერთ-ერთმა პროგრამერმა ჩემი ფილმი იტალიურ ნეორეალიზმს და ახალ ირანულ კინოს შეადარა და აღნიშნა, რომ ფილმი გამოირჩევა ძლიერი რეალიზმით, ბუნებრივი მსახიობობითა და კამერის შთამბეჭდავი მუშაობით. მის სიტყვებს ვციტირებ: „მომეწონა შენი ფილმი და ვიგრძენი ის ტკივილი. მომეწონა, რადგან შენი კინემატოგრაფიული მიდგომა ძალიან ძლიერი და შთამბეჭდავია.

ძალიან ახლოს დგას იტალიურ ნეორეალიზმთან ან ახალ ირანულ კინოსთან. ძალიან კარგია არაპროფესიონალი მსახიობების გამოყენება ორ-სამ პროფესიონალთან ერთად. თამაშიც ისეთია, რომ ეს უკვე „თამაში“ აღარ არის, არამედ ცხოვრების ბუნებრივი გამოხატვაა. კამერის მუშაობაც... ყველაფერი მართლაც შესანიშნავია!“

– ფილმი მართლა ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გადაიღეთ?

– დიახ. ფილმი ვოვა კაჭარავამ გადამაღებინა უსასყიდლოდ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის თითოეულ წევრს. ექვსი დღე უწყვეტად მუშაობა, ფინანსების გარეშე, ნამდვილად არ არის ადვილი. ასევე, მადლობა თემოს, მსახიობებს, პროდიუსერებსა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას მოსახლეობას – ისინი გულით იყვნენ ჩართული პროცესში.

არაპროფესიონალებთან მუშაობას თავისი სირთულეებიც ახლავს და ხანდახან – კომიკური სიტუაციებიც. რადგან ფილმში მჭირდებოდა მთვრალი ხალხი, მახსოვს ჩემს ძმას – ნუკრის, ჩემს ბიძაშვილს – ლევანს და მამიდაშვილს – გოგის, უფლება მივეცი, ერთ დღეში 20 ლიტრი ღვინო დაელიათ. ვიფიქრე, სცენა ბუნებრივი იქნებოდა. სცენა კი ნამდვილად ბუნებრივი გამოვიდა, მაგრამ ისეთი მთვრალები იყვნენ, არ ესმოდათ ჩემი ლაპარაკი და თავისი სურვილისამებრ აგრძელებდნენ ქეიფს და თითქმის ექვსი საათი ვიღებდით ერთ სცენას. ოპერატორი მინდია ესაძე კინაღამ გაგიჟდა და ლამის გაიქცა გადაღებიდან. ასეთ დროს ძალიან ძნელია მობილიზება გააკეთო ჯერ არაპროფესიონალებთან და მერე ჯგუფის წევრებთან, რომლებისთვისაც ეს ყველაფერი უკვე აცდენილი იყო სამუშაო მდგომარეობას – როგორია, ისედაც დაღლილი უსმენ და უყურებ მთვრალებს, რომლებიც თვითონ საერთოდ არ გისმენენ და არ იმეორებენ იმ ფრაზებს, რაც სცენარის მიხედვით უნდა ეთქვათ. მაგრამ მე მოთმინებით ვიღებდი, რადგან ვიცოდი, რა მჭირდებოდა. ორ ზღვას შუა ვიბრძვი ხოლმე: ერთი – არაპროფესიონალებს შევუქმნა კომფორტული გარემო, რომ მივიღო ის, რაც მინდა და არ გამექცნენ გადაღებიდან და მეორე – ჯგუფის წევრები არ გამექცნენ გადაღებიდან (იცინის).

– რა არის თქვენი წარმატების მთავარი მიზეზი?

– უპირველესად, ჩემი მეუღლისა და ოჯახის მხარდაჭერა და ასევე, დიდი შრომა და კინოს მიმართ შინაგანი შეგრძნება.

ვცდილობ, მუდმივად ვაკვირდებოდე ადამიანებს, მათ ისტორიებს, ყოველდღიურობას, მათ პრობლემებებს, მათი ცხოვრების წესს, რაც სცენარებში გადმომაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი