როგორი იყო დავით ღამბაშიძის დიპლომატიური გზა და რა რეპუტაციით სარგებლობდა ის დიდ ბრიტანეთში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:14
დავით (დათიკო) ღამბაშიძე დაიბადა ცნობილი სასულიერო პირისა და საზოგადო მოღვაწის, დეკანოზ დავით ღამბაშიძის ოჯახში.
დათიკოს ახალგაზრდობის წლებში ახლო ურთიერთობა ჰქონია სტალინთან. ცხრაასიან წლებში ორივე სოციალ-დემოკრატებს უთანაგრძნობდნენ. ერთხელ, ბათუმში ყოფნისას, პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ისინი დააპატიმრეს. დიდი სასჯელი მოელოდათ, მაგრამ დეკანოზმა ღამბაშიძემ ორივე გამოიხსნა. ამბობენ, თურმე, სტალინს ეს ფაქტი სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა. ამის შემდეგ მამამ დათიკო ინგლისში გაგზავნა სასწავლებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკაკი ჩხენკელმა, 1918 წლის 28 ნოემბერს დავით ღამბაშიძეს რწმუნების სიგელი გაუგზავნა და პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკება დაავალა, რის საფუძველზეც შემდეგში ის დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ელჩი გახდა.
დათიკო ღამბაშიძე, ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ლონდონში რუსეთის იმპერიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი და ანტანტის სახელმწიფოთა პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი პიროვნება იყო. აკაკი ჩხენკელის მიერ ბერნიდან საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილი 1918 წლის 15 დეკემბრის წერილიდან ირკვევა, რომ დავით ღამბაშიძეს უკვე შეუმზადებია საფუძველი ბრიტანელებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად.
1918 წელს დათიკო ღამბაშიძემ ლონდონში გამოაქვეყნა 40-გვერდიანი ნაშრომი: „კავკასიის ნავთობინდუსტრია და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიისთვის“); იმავე წლის გაზაფხულზე გამოვიდა მისი 24-გვერდიანი ბროშურა, სათაურით: „კავკასია: მისი ხალხი, ეკონომიკა და თანამედროვე მდგომარეობა“).
1919 წელს ლონდონშივე გამოსცა 200-გვერდიანი წიგნი: „საქართველოსა და კავკასიის მინერალური რესურსები – მარგანეცის ინდუსტრია საქართველოში“, რითაც მკითხველი არა მხოლოდ მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ საქართველოს მოკლე ისტორიას, ბუნებასა და პოლიტიკურ ვითარებას გაეცნო.
ეს ნაშრომები დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გახლდათ სამაგიდო წიგნები საქართველოთი დაინტერესებული ინგლისელი მრეწველებისათვის. მათ არც შემდეგში დაუკარგავთ აქტუალობა და კიდევ რამდენჯერმე გამოიცა ბრიტანეთში.
1919 წლის ზაფხულში დათიკო ცოტა ხნით ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდა. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „საქართველოს საკითხი ევროპაში და კერძოთ საზავო კონფერენციაზე“, ჯერ მთავრობის სხდომაზე 8 ივლისს, ხოლო 9 ივლისს დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სხდომაზე. მოხსენების დასაწყისში მან აღნიშნა, რომ არცერთი ევროპის სახელმწიფო ჩვენ საფრთხეს არ გვიმზადებს, ჩვენთვის საშიში არიან მხოლოდ კოლჩაკ-დენიკინელები. ყველაზე ყურადღებითა და სიმპათიით საქართველოს ინგლისი ეპყრობა. ის თავიდანვე შეგვპირდა, რომ დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობასო და ამგვარი დეპეშა გამოიგზავნა კიდეც საქართველოში, ინგლისის მთავრობის სახელით.
დავით ღამბაშიძის საქართველოში ამ ვიზიტის შესახებ თავის აზრს გამოთქვამს მწერალი ნიკოლო მიწიშვილი. მისი მოგონების მიხედვით, ემიგრაციაში დათიკომ იცვალა მრწამსი და უკიდურესი სოციალისტიდან უკიდურეს რეაქციონერ კომერსანტად იქცა: 1919 წელს, როცა ლონდონიდან ჩამოვიდა დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი დავით ღამბაშიძე, იგი ფცქვნიდა და ადურაკებდა მენშევიკებსო. – იხსენებს მწერალი.
1919 წლის ბოლოს დათიკო ინგლისში იქნა გაგზავნილი საქართველოსთვის სხვადასხვა საქონლის შესაძენად და ინგლისის ბანკირებსა და საკრედიტო დაწესებულებებთან ამის თაობაზე მოსალაპარაკებლად.
დავით ღამბაშიძემ მისი უდიდებულესობის, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ რწმუნების სიგელი ჯერ კიდევ 1919 წლის 14 მარტს გაგზავნა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის – ლორდ კერზონის სახელით, მას აცნობეს, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მას ოფიციალურად ვერ მიიღებდა, რადგან პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო.
იმავე მოთხოვნით 1920 წლის 14 იანვარს, საქართველოს დე ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მან კიდევ ერთხელ მიმართა ინგლისის ხელისუფლებას, მაგრამ უარი მიიღო იმ მოტივით, რომ „დე ფაქტო“ აღიარება ოფიციალურად აკრედიტებული დიპლომატის ქვეყანაში ყოფნას არ ითვალისწინებდა. თუმცა, ქართველ დიპლომატს პირობა მისცეს, რომ მას არაოფიციალურად ყოველთვის მიიღებდნენ, როგორც დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს.
მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების საქართველოში ვიზიტის დროს, მთავრობა ყოველთვის დავით ღამბაშიძეს გამოიხმობდა ხოლმე, როგორც სანდო და ამასთანავე, დასავლურ წრეებში გასულ პიროვნებას.
სწორედ დავით ღამბაშიძე დაიბარა ლორდმა კერზონმა 1920 წლის 11 ივნისს, რათა მისთვის ეცნობებინა მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ბათუმიდან დიდი ბრიტანეთის ჯარების ევაკუაციის თაობაზე და ამასთანავე სთხოვა, გაჰყოლოდა პოლკოვნიკ სტოუქსს საქართველოში, მთავრობასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. 1920 წლის 5 ივლისს იგი ჩამოჰყვა თბილისში ბრიტანეთის მთავრობის რწმუნებულ პოლკოვნიკს და 28 ივლისს მონაწილეობდა სტოუქსსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს შორის დადებულ შეთანხმებაში, რომლის შედეგად ბათუმი, თავისი ოლქით, საქართველოს ხელში გადმოვიდა.
დავით ღამბაშიძეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის არასოდეს უღალატია და ყოველთის რჩებოდა სამშობლოს ერთგულ მსახურად.
წყარო: .nplg.gov.ge/; კობახიძე ბექა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიის უცნობი მხარეები - დავით ღამბაშიძე // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები; civil.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





