საზოგადოება

როგორ იქცა მეოცე საუკუნის ცნობილი მსახიობი ქალი - ელისაბედ ჩერქეზიშვილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლად

№19

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 14.05, 2024 წელი

ელისაბედ ჩერქეზიშვილი
დაკოპირებულია

„სიყვარული ამშვენიერებთ ადამიანებს... ახალგაზრდა მამაკაცს გათხოვილი ქალი შეუყვარდება. არ დაგავიწყდეთ, ჯერაც მეცხრამეტე საუკუნეა, მაგრამ ამ ახალგაზრდა ქალმა, ელისაბედ ჩერქეზიშვილმა გაბედა და გადადგა თამამი ნაბიჯი – უვარგისი მეუღლე მიატოვა, უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი დაანგრია და კარი გაუღო დიდ სიყვარულს. ეს ახალგაზრდა მამაკაცი – ნიკო ხიზანიშვილია, ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი, სახელგანთქმული პუბლიცისტი („ნიკო ურბნელი“), ეთნოგრაფი, ისტორიკოსი და რაც მთავარია, იურისტი. იმდენად კვალიფიციური იურისტი და იმდენად ერთგული ერის მამის, რომ მას ილიაზე ადრე გამოასალმებენ წუთისოფელს, რომ მერე მან არ გამოიძიოს ილიას მკვლელობა…

ელისაბედ ჩერქეზიშვილი – ლეგენდარული ქართველი მსახიობი, ლეგენდარული „ხანუმა“, ქალი, რომელსაც აღიარებენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის დონის მსახიობად და ქალი, რომელიც პროტექციას გაუწევს ახალგაზრდა, ახალ ნასალდათარ მიხეილ თუმანიშვილს, რომელიც შემდეგ ქართული თეატრის მხედართმთავარი გახდება… ელისაბედ ჩერქეზიშვილი – ქალი, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მეოცე საუკუნის შუამდე დაიარებოდა ქართულ, ეროვნულ სამოსში… ელისაბედ ჩერქეზიშვილი – არტისტი, რომელიც 85 წლის ასაკში გარდაიცვალა გასტროლზე მიმავალი… აი, რამდენად მდიდარია ამ შესანიშნავი მსახიობის ცხოვრების დღიურები. წაიკითხეთ მისი სიყვარულის ისტორია. წყვილი დაქორწინდა. მათ სიყვარულის ისტორიას ამშვენებენ მეჯვარეებიც – მათ ქორწილში მეჯვარეებად საკუთარი ვაჟები ჰყავდათ. ამ სიყვარულის ისტორიას ამშვენებენ მათი ვაჟების ნათლიებიც – პირველი ვაჟის ნათლიები იყვნენ დიდი ილია და ლეგენდარული მაკო საფაროვა-აბაშიძისა, მეორე ვაჟის – ოლღა გურამიშვილი…

ელისაბედ ჩერქეზიშვილი გაღარიბებული აზნაურის – ალექსანდრე ჩერქეზიშვილის ოჯახში დაიბადა. ორმოცს მიტანებულმა ღარიბმა აზნაურმა ცოლად თავადის ქალი, მარიამ ფავლენიშვილი-მხარგრძელი შეირთო. გაღარიბებული აზნაური მეურნეობას მისდევდა, შვებას პატარ-პატარა მოთხრობების წერასა და „ბუზიკის“ დაკვრაში ჰპოვებდა, ვაჟს ელოდა და იმედი გაუცრუვდა – ქალი შეეძინა, რომლის აღმზრდელიც მალე მხოლოდ თვითონ გახდა, რადგან ცოლი, ხელგაშლილ ცხოვრებას ნაჩვევი თავადის ქალი, სიღარიბეს ვერ ჰგუობდა და თვეობით გარბოდა თავის დიდგვაროვან ნათესავებში. სწორედ ამ ნათესავების დახმარებით, დედამ პატარა ლიზა წმიდა ნინოს სასწავლებელში ჩაარიცხინა სახელმწიფო ხარჯზე, მაგრამ მამა წინააღმდეგი წავიდა. ცოტა მოგვიანებით, ქმრისგან ჩუმად, დედა მაინც მიაბარებს ლიზას გორში, ხრუშჩოვების კერძო სასწავლებელში, მაგრამ სწავლა დიდხანს ვერ გასტანს – სულ 6 თვე და დედა იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს ქმარს. მამა თვითონ ასწავლის ლიზას „ბუზიკის“ დაკვრას და „ვეფხისტყაოსანს“, რომელიც თავად მთლიანად ზეპირად იცოდა. 10 წლის ლიზა უკვე სახელგანთქმული მომლხენი, მოცეკვავე და „ბუზიკის“ დამკვრელი იყო ახლომახლო სოფლებში. ოსტატურად ბაძავდა მოხუც ქალებს. ორღობე სცენად გადააქცია – უსაქმოდ შეკრებილ ქალებს რომ დაინახავდა, რომელიმეს დედამთილის როლში შეიჭრებოდა და „რძალს“ თავზარს სცემდა. თუ სოფრომ მგალობლიშვილს ვერწმუნებით, სწორედ პატარა ელისაბედ ჩერქეზიშვილი იყო ცელქი კატოს პროტოტიპი – ნიკო ლომოურის „ქაჯანაში“ (რ. შატაკიშვილი). დედა გაუთავებლად თავის დიდგვაროვან ნათესაობაში დაიარებოდა და პატარა ლიზასაც დაატარებდა. სწორედ იქ გადაეყარა თავის ბედისწერას 16 წლის ლიზა. ტირძნისში, ქორწილში ლეკური დაუარა და დეიდის მაზლმა – გიგა მაჩაბელმა დაადგა თვალი. შფოთისთავს, უსწავლელსა და უხეშ გიგა მაჩაბელს უკვე განიავებული ჰქონდა ქონება, მაგრამ თავადი იყო და ეს საკმარისი იყო ლიზას დედისთვის, რომელიც თავად სიძეზე ოცნებობდა. ლიზა უარზე იდგა, ავადაც გახდა დარდისგან, მაგრამ დედამ თავისი გაიტანა და ჯვარი დასწერა. მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინეს მუდრეგი სიძე ლიზას მამას. გულნატკენ მამას დედა გესლიანად უპასუხებს – „მაშ აზნაურსა და მეფუტკრეს მივათხოვო“? გულმოკლული, თვალცრემლიანი მამა ქალიშვილს გადაკოცნის, უსურვებს ბედნიერებას, ეტყვის, რომ ვერ დაესწრება მათ ქორწილს და წავა… წავა სამუდამოდ, რადგან დარდისგან მალე გარდაიცვლება და ლიზა სამარემდეც ვერ მიაცილებს, რადგან იმ დროს უკვე ფეხმძიმე იქნება. სიძე შფოთისთავი და ავადმყოფურად ეჭვიანი გამოდგა, გაუთავებლად რევოლვერს ატრიალებდა, ჰქონდა „ექსკლუზიური“ ნომერიც – გაცეცხლებული ფაფახს იხდიდა, ჰაერში ისროდა და ცხრილავდა, მერე იხურავდა და ცხენს აღმა-დაღმა დააჭენებდა. 18 წლის ლიზამ უპრეცედენტო რამ ჩაიდინა, წერტილი დაუსვა ჯოჯოხეთში ცხოვრებას – ხელი მოჰკიდა პატარა ნუცას, ქმარი მიატოვა და დედასთან დაბრუნდა. მაჩაბელი არ ისვენებდა, ხშირად აწიოკებდა, არც განქორწინების ნებას აძლევდა. ლიზამ ამასაც დაუსვა წერტილი – მეორედ გათხოვდა, თუმცა წინა ქმარი მაინც არ ეყრებოდა და მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როცა მაჩაბელი მოკვდა, მერეღა დაიწერეს ჯვარი ნიკო ხიზანიშვილმა და უკვე სახელგანთქმულმა მსახიობმა ელისაბედ ჩერქეზიშვილმა და… და მეჯვარეებად საკუთარი ვაჟები ჰყავდათ… მათი სიყვარული კი მაშინ დაიწყო, როცა ლიზა 18 წლის იყო, უკვე განათხოვარი და სასამართლოს მწერალმა ვანო სვიმონიშვილმა მათთან სტუმრად მიიყვანა ნიკო ხიზანიშვილი, რომელიც იმხანად ცხინვალში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ. ნიკო ხიზანიშვილს დამთავრებული ჰქონდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სემინარია, სწავლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. 20 წლისა სასწავლად ოდესის უნივერსიტეტში წავიდა, დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და სამშობლოში 25 წლისა დაბრუნდა. მსახურობდა თბილისში, სასამართლო პალატაში, შემდეგ შორეულ ზანგეზურის მაზრაში გადაიყვანეს, შემდეგ – ცხინვალში… 30 წლის ნიკო 18 წლის ლიზას ჰკითხავს – „პატარა კნეინავ, როგორ სძლებთ ამ მიყრუებულ სოფელში, ან გაზეთები მოგდით, ან წიგნებს კითხულობთ რასმე?“ პატარა კნეინა დაბალი ხმით უპასუხებს, რომ არც გაზეთები იშოვება და არც წიგნები აქვს რამე ისეთი, რომ განვითარდეს. ნიკო დაჰპირდება წიგნების, გაზეთების გაგზავნას, მონახულებასაც. „ნიკომ ერთი დღის სტუმრობით მომაჯადოვა, მძლავრმა სიყვარულმა იფეთქა და თან ჩაიტანა ჩემი გონებაც და თავმოყვარეობაც. მინდოდა, ნიკოსთვის მეთქვა, თან წამიყვანე ქმრით უბედური, დაჩაგრული ვარ, მე თქვენთან ცხოვრება მინდა სიკვდილამდე-მეთქი. წავიდა ნიკო, თან გაჰყვა ჩემი ოცნება. ნიკო არ მივიწყებდა, ცხინვალიდან მალი-მალ მიგზავნიდა გაზეთებს, ჟურნალებს, წასაკითხ წიგნებს, მეტად მომხიბლავ წერილებს მწერდა, დამამშვიდებელს“. – იტყვის შემდეგ ელისაბედ ჩერქეზიშვილი. სწორედ იმ პერიოდიდან აქვეყნებს ნიკო ხიზანიშვილი წერილებს „დროებაში“, მას მერე, რაც „დროების“ რედაქტორი მისი მეგობარი ივანე მაჩაბელი ხდება, ის კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობს „დროებასთან“, მისით ინტერესდება ილია ჭავჭავაძეც და „ივერიაში“ თანამშრომლობასაც სთხოვს. მეტიც, მუდმივ თანაშრომლად გადასვლასაც სთავაზობს, ნიკოს უნდა თბილისში გადასვლა, მაგრამ იურისტობას ვერ ელევა. „ივერიაში“ არ გადადის, მაგრამ თანამშრომლობს, აქვეყნებს წერილებს. ილია და ნიკო ხიზანიშვილი დამეგობრდებიან და სწორედ ილია გადმოაყვანინებს გამომძიებლად თბილისში და მეტიც, ბინასაც თავის მეზობლად მიუჩენს. ეს მოხდება 1886 წელს. სწორედ იმ წელს შედგება 23 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილის დებიუტი პროფესიულ სცენაზე. პირველად კი 21 წლის იყო, სცენის მოყვარეებთან რომ გამოვიდა სცენაზე. ლიზა წარდგა პუბლიკის წინაშე და იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უნიჭიერესმა აქტრისამ, იგი მალე ნატო გაბუნიას ღირსეულ მემკვიდრედაც აღიარეს და ახალბედა მსახიობი, ნატო გაბუნიას როლებში ჯერ კიდევ მაშინ გამოდიოდა, როცა სცენაზე თავად ნატო გაბუნია იდგა და ქუხდა. სოფლიდან ჩამოსული პატარა კნეინა კი მალე შეიქნა იმდროინდელი ნაღები საზოგადოების სული და გული. ნიკო ხიზანიშვილისა და ლიზას ოჯახს ხშირად სტუმრობდა ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, არტურ ლაისტი, ნიკო ნიკოლაძე, ანტონ ფურცელაძე, ბაჩანა, ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა, ნატო გაბუნია… ელისაბედ ჩერქეზიშვილის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1905 წელს, 9 ნოემბერს პირველად ესროლეს ნიკო ხიზანიშვილს. ესროლეს სამჯერ, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. მაგრამ ერთი წლის შემდეგ თავდასხმა განმეორდა და ილიას მკვლელობამდე 8 თვით ადრე, ნიკო ხიზანიშვილი მოკლეს… ილიას მკვლელობამდე ლიზა ჩერქეზიშვილის 23 წლის ქალიშვილი ნუცა გააციმბირეს სამხედრო ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის. ნუცას დაპატიმრება ვერ გადაიტანა ლიზას დედამ და გულის დამბლით გარდაიცვალა. სამიოდე თვეში კი ლიზა ჩერქეზიშვილს ბოლო საყრდენიც გამოაცალეს – ილია მოკლეს… ყველა ტრაგედია ისევ სცენამ გადაატანინა, ისევ სცენამ გააძლებინა. ქართულ კინოში 60-ს მიტანებული გამოჩნდა და პირველმა შექმნა ქართველი დედის სახე „არსენა ჯორჯიაშვილში“, შემდეგ არაერთი როლი განასახიერა, ჩვენ ის გვახსოვს ფილმ „ქეთო და კოტედან“, სადაც მაკარის დედას განასახიერებს… მუნჯ კინოში კი სწორედ ელისაბედ ჩერქეზიშვილმა განასახიერა ხანუმა. სწორედ ელისაბედის სცენაზე წარმატებულმა ხანუმამ აფიქრებინა ალექსანდრე წუწუნავას „ხანუმას“ გადაღება. სწორედ ელისაბედისთვის აღადგინეს „ხანუმა“ მარჯანიშვილის თეატრში და 70-ს გვარიანად გადაცილებულმა ელისაბედმა, სამ სეზონში 99-ჯერ ითამაშა ხანუმა. მისი დაღლა არ არსებობდა. 83 წლის იყო გასტროლიდან გასტროლზე რომ დაიარებოდა. ბათუმში გასტროლის დროს, წვეულებაზე ყველა კაცთან იცეკვა ლეკური, ყველა დაღალა და ნუცა ჩხეიძეს გადაუჩურჩულა „ეს შეჩვენებული მამაკაცები აღარაფრად აღარ ვარგანან. ხედავ დაიღალნენ, მე კი ეხლა გამეხსნა ცეკვის მადა“…

დადიოდა გასტროლებზე და როგორც ამბობენ, ერთი ჩვევა ჰქონია, არსად ლოგინში არ წვებოდა, სკამზე ან მაგიდაზე იძინებდა. სწორედ ასე დაწოლილა სამტრედიაში გასტროლებისას 84 წლის ლიზა, მაგიდიდან გადმოსვლისას მაგიდა აყირავებულა, ლიზა წაქცეულა და წარბი გაუხეთქავს, ბევრი სისხლი დაუღვირა, მაგრამ მაინც უთამაშია – უთამაშია ცალთვალა ხანუმა. სამტრედიიდან ხონში წასულა, ხონიდან – კოჯორში, კოჯრიდან – ახალქალაქში, ახალქალაქში გაციებულა, ფილტვების ანთება დამართნია, მაგრამ მაინც არ შეშვებია სცენას, ცოტა მომჯობინებულა თუ არა, ისევ სცენაზე ასულა. გასტროლებზე სიარული არც შემდეგ შეუწყვეტია. იმ დღესაც გასტროლზე მიიჩქაროდა 85 წლის არტისტი, ბოლნისში ხანუმა უნდა ეთამაშა, ავტოსადგურში წაბარბაცდა, წაბარბაცდა და სული განუტევა…“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა