როგორ იბრძვის ეთო გუგავას და უკრაინის დასაცავად მეუღლესთან ერთად და რით ამშვიდებენ ისინი ბრძოლის ველიდან ახლობლებს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 14.03, 2022 წელი
მსახიობ ეთო გუგავას და, მეუღლესთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომში უშუალოდ არის ჩართული. ბუნებრივია, რომ მიმდინარე პროცესებს შიში ახლავს, თუმცა, როგორც ეთო ამბობს, იმ სიამაყეს, რომელსაც ახლა განიცდის, ვერანაირი შიში ვერ გადაწონის.
ეთო გუგავა: ყველაზე ბედნიერი ვარ დღეს იმის გამო, რომ ნახევრად უკრაინელი ვარ. ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ქართული და უკრაინული სისხლი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინია და ძალიან ვნერვიულობ. დღეს ჩემი ოჯახი იქ არის და ვამაყობ, რომ ჩემი და და სიძე იბრძვიან და იცავენ საკუთარ მიწა-წყალს და მთელ მსოფლიოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა, ეს ომი მთელ მსოფლიოს ეხება. ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, რა თქმა უნდა, აუცილებლად რუსეთის დამარცხებით. მინდა, ყველა რუსმა, ვისაც არასწორი ინფორმაციით ტვინი აქვს გამორეცხილი და სწამთ იმის, რომ მათი პრეზიდენტი სწორად იქცევა, მალე გაიგონ სიმართლე, გაიაზრონ და თუ ამის შნო აქვთ, თვითონვე შეაჩერონ ეს ყველაფერი.
– და და სიძე უშუალოდ არიან ჩართული საბრძოლო მოქმედებებში?
– კი, ორივე იბრძვის. საკუთარ ქალაქს იცავენ. დედა და ბავშვი კი სარდაფში იმალებიან. მათთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. არის მომენტები, როცა ეს ვერ ხერხდება, რაც მორალურად მანგრევს. ისინი უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ჩემი და და სიძე დედისა და შვილის გამო ძალიან ღელავენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მატარებლით წამოსვლას შეძლებენ. როგორმე საქართველოში უნდა შემოაღწიონ, რაც არც ისე მარტივია. ქალაქიდან პოლონეთის საზღვრამდე ოც საათამდე დასჭირდებათ, თან ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული – არავინ იცის, იმ მატარებელს რა ელის და ამის გამო, ძალიან ვღელავთ.
– ყველა აპირებს წამოსვლას თუ მარტო ბებია და შვილიშვილი?
– ბებია და შვილიშვილი, ჩემი და და სიძე ბრძოლას აგრძელებენ.
– მოხალისეები არიან?
- არა, პროფესიით პოლიციელები არიან და როგორც ჯარისკაცები, ბრძოლაში არიან ჩართულები. ყოველ წუთს სიკვდილს უყურებენ თვალებში, მაგრამ უფრო და უფრო ძლიერდებიან. მათთან საუბარი სიამაყით მავსებს, აქეთ მამშვიდებენ და მაიმედებენ. იგივე ემოციები მქონდა, ჩემი უფროსი დის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ისრაელში ცხოვრობს. ჩემი დისშვილი ჯარშია და როდესაც ისრაელს ბომბავდნენ, წარმოუდგენელი დღეები გავიარე. წარმოიდგინეთ, მე ჩემს თბილ სახლში ვიყავი, იქ ჩემი ოჯახი იბომბებოდა და ჩემი 19 წლის დისშვილს რა მოუვიდოდა, არ ვიცოდი. ახლა იმავეს განვიცდი ჩემი უმცროსი დის ოჯახის მიმართ და მინდა, გითხრათ, რომ ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობ. კი, ამას უდიდესი შიშიც ახლავს, მაგრამ სასწორზე რომ დავდოთ, სიამაყე გაცილებით დიდია და შიშს ჯაბნის. ამ განცდის საფუძველს თვითონ ისინი მაძლევენ.
– უკრაინაში მყოფი დისშვილი რამხელაა?
– რვა წლის. 12 მარტს აქვს დაბადების დღე და ძალიან მინდა, რომ ჩემთან შეხვდეს. ბავშვი ძალიან შეშინებულია. როგორც კი განგაშის სიგნალები ჩაირთვება და სამალავში შედიან, ჩემთან იწყებს რეკვას. ჩემში ხედავს ხსნას და იმედს, იცის, რომ მე ვარ მისი უსაფრთხოების გარანტორი, რომ მალე უნდა ჩამოვიდეს და ჩემთან ყველაფერი კარგად იქნება. პირველი დაბომბვის შემდეგ ჩემთან კომუნიკაცია ძალიან დაეხმარა. მე მას ჩემს გენერალს, ვაჟკაცს, ჩემს უძლიერეს ბიჭს ვეძახი და ამ დროს ის აღარ ტირის. კანკალებს, მაგრამ აღარ ტირის. იმედით ივსება. გამხნევებასა და მოტივაციის მიცემას, ადამიანისთვის უდიდესი ძალა აქვს. მხოლოდ ხელში ავტომატის აღება ან ტანკით ბრძოლა არ არის შედეგიანი. თითოეულ სიტყვას, მზერას, გამხნევებას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ბომბების ქვეშ მჯდომ პატარა ბავშვსაც კი შეიძლება, ცრემლები შეუჩერო და დაარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ქართველები ამაში მაინც შევიკარით ერთ მუშტად და ყველა იმით ვეხმარებით უკრაინელებს, რითაც შეგვიძლია. ისინი უზომოდ მადლიერები არიან. ეს მე მათთან უშუალო კომუნიკაციით ვიცი და არა ოფიციალური განცხადებებიდან. მჯერა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან