საზოგადოება

როგორ გამდიდრდნენ ძმები ზუბალაშვილები

№49

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 13.12

ზუბალაშვილები
დაკოპირებულია

„საქართველოში ბევრია მდიდარი, მაგრამ ზუბალაშვილთა მსგავსი ქველმოქმედი საქართველოში არავინაა“, – წერდა ნიკო ნიკოლაძე. რა შექმნეს და დატოვეს თაობებისთვის ჩვენმა წინაპრებმა, ამ დიდმა ადამიანებმა, ჩვენი ამ სტატიიდან გაიგებთ. დღეს ზუბალაშვილების დიდ ოჯახზე მოგითხრობთ. მაშ ასე: კათოლიკე ზუბალაშვილები – მრეწველთა, სოვდაგართა, ქველმოქმედთა და მეცენატთა ცნობილი საგვარეულო შტო, რომელთა შესახებაც ცნობები საისტორიო საბუთებში მე-17 საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება, გარდა იმისა, რომ დროული და რისკიანი სამრეწველო გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდნენ, ამასთანავე, უანგაროდ ემსახურებოდნენ ქვეყანას და ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ ეროვნული ღირებულებების დაცვის კუთხითაც. მაგალითად, როგორც ვალერიან უთურგაული ამბობს: „ქველმოქმედება არ იყო ზუბალაშვილების ოჯახის უბრალოდ, ძლიერი მხარე, ტრადიცია. ქველმოქმედება მათ სისხლში ჰქონდათ გამჯდარი, როგორც მეცენატობა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობა“. ზუბალაშვილები, გარდა ბიზნესის კეთების გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭისა, დაწინაურებული იყვნენ ოქრომჭედლობაში, ხუროთმოძღვრულ ოსტატობაში; აგებდნენ მშვენიერ სასახლეებს, ხიდებს, ეკლესიებს. ამიტომაც, ამბობდნენ, რომ: „დღეს, ქალაქი თბილისი გამშვენებულია ზუბალაშვილების აგებული ძეგლებით. სადაც კი გაიხედავთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზევით თუ ქვევით, ამათ ნაშენ ძეგლებს დაინახავთ“, – წერს ზაქარია ჭიჭინაძე, ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი.

ბიბი ებიათის კუნძული და წურბელების ქარვასლა

ძმები ზუბალაშვილების: სტეფანეს, ლევანის, პეტრესა და იაკობის მოღვაწეობაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მათი ბაბუის, იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილისა და მამის, კონსტანტინე, იაკობის ძე ზუბალაშვილის დამსახურებებს, რომელთაც საკუთარი ინტელექტუალური თუ მატერიალური რესურსები ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს მოახმარეს, რომელიც საქართველოსთვის დღემდე ფასდაუდებელ მონაპოვარს წარმოადგენს. მაგალითად, იაკობ ზუბალაშვილი იყო, ვინც 1838 წელს, მთელს ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა ააშენა ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე (დღეს ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე). მისი ინიციატივით, იმერეთში დაფუძნდა პირველი არყის სახდელი ქარხანა. ასევე, პირველი იყო, ვინც საქართველოში, ადგილობრივი გლეხებისაგან შესყიდული ხორბლითა და ფქვილით დამზადებული პურით ვაჭრობა დაიწყო მამასა და ძმებთან ერთად. როგორც გონიერი და ჭკვიანი კომერსანტი, ზრუნავდა, ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი სამრეწველო საწარმოები, სადაც ადგილობრივ ნედლეულს გამოიყენებდა. იაკობ ზუბალაშვილი წურბელებითაც კი ვაჭრობდა. 1840-იანი წლებიდან მას თბილისში, ავლაბარში ჰქონდა ცალკე ქარვასლა, რომელშიც იყო „10 სავაჭრო მაღაზია, საწყობები, ღვინის სარდაფები და 71 სასტუმრო ოთახი“.იაკობის მიერ, ქალაქის ცენტრში აშენდა სასტუმრო „პალასი“, რომელმაც იმპერატორი ნიკოლოზ პირველიც კი აღაფრთოვანა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეგზარხოსსაც ძალიან მოეწონა სასახლე და ზუბალაშვილებს სთხოვა, იგი თბილისის სასულიერო სემინარიისთვის დაეთმოთ და სემინარიამ ის თითქმის უსასყიდლოდ მიიღო. დღესდღეობით ეს შენობა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სტატუსს ატარებს. სასტუმრო „პალასის“ გვერდით, ყოფილი „ცეკავშირის“ შენობის ადგილზე (მაშინდელი ერევნის, შემდგომში თეატრის, მერე ლენინის, ხოლო დღეს თავისუფლების მოედანზე), იაკობმა ააგო მეორე სასახლეც, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ევროპულ ყაიდაზე მოაწყო. ამ სახლში, 1858 წელს, საქართველოში ჩამოსული ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და ორ ოთახსა და ერთ დარბაზს იკავებდა.

იაკობ ზუბალაშვილზე არანაკლებ გამჭრიახი და ქველმოქმედი იყო, უფრო მეტადაც კი, მისი შვილი კონსტანტინე ზუბალაშვილი (1828-1901), რომლის მეუღლეც, ასევე, კათოლიკე და ღრმად მორწმუნე ელისაბედ მიხეილის ასული თუმანიშვილი გახლდათ. კონსტანტინესა და ელისაბედს ჰყავდათ 8 შვილი, 5 ვაჟი და 3 გოგონა. მათგან პირველი, ანდრია, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა, სწორედ მას შემდეგ შეეძინათ ოთხი ვაჟიშვილი: სტეფანე, ლევანი, პეტრე და იაკობი, რომლებმაც საგვარეულო ტრადიცია არ დაარღვიეს და ცნობილი მეცენატები და ქველმოქმედები გახდნენ. კონტანტინე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა ნავთობის სარეწები ბაქოში, კუნძულ ბიბი ებიათზე, რომელიც მან 1860 წელს შეიძინა ინგლისელი მრეწველის, როტშილდისგან ხელსაყრელ ფასად იმ მიზეზით, რომ კუნძულიდან ნავთობის მოპოვება თითქმის შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში კონსტანტინეს ამ საქმემ დიდი ზარალი მოუტანა, მაინც განაგრძობდა ნავთობის ძიებას. ბიბი ებიათი ხშირად გამხდარა ძმებს შორის დავის საბაბიც, თუმცა ერთ დღესაც კუნძულზე ნავთობმა ამოხეთქა. გადმოცემის თანახმად, კონსტანტინე და ელისაბედი რევმატიზმით დაავადნენ და როგორც ყველა შეძლებული ოჯახი, სამკურნალოდ, ისინიც საფრანგეთის ბასკეთში, პირენეის მთებში, ლურდის ბალნეოლოგიურ კურორტზე წავიდნენ. იმ დროს გავრცელებული იყო აზრი ლურდის ღვთისმშობლისა და იქაური წმიდა წყლის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. იმის გამო, რომ თერმულმა წყლებმა კარგად იმოქმედა ცოლ-ქმარზე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ვერ შეძლებდნენ ლურდში წასვლას, საქართველოში ბიდონებით წამოიღეს სამკურნალო წყალი. რაღაც ნაწილი კი, ელისაბედის დაჟინებული თხოვნით, წაიღეს ბაქოში, კუნძულზე. მოხუცებულმა ელისაბედმა მთელი კუნძული მოიარა და ყველა ჭაბურღილში თითო ჭიქა წმინდა წყალი ჩაასხა. იმავე ღამეს, ნავთობმა ამოხეთქა და სწორედ აქედან დაიწყო ზუბალაშვილების გამდიდრებაც. ნავთობის ამოქმედების მიზეზი გეოლოგებმა ქიმიურ პროცესს მიაწერეს: ჭაბურღილებში დაგროვილი გაზი აფერხებდა ნავთობის ამოსვლას და ზემოდან სითხის ჩასხმით წარმოქმნილმა ქიმიურმა რეაქციამ ნავთობს გზა გაუხსნაო. თუმცა, ელისაბედის აზრით, ეს ლურდის ღვთისმშობლის დამსახურება იყო. ბიბი ებიათის კუნძულს, გარდა იმისა, რომ საოცარი ისტორია აქვს, განსაკუთრებული იმითაც არის, რომ კარგ არგუმენტად გამოდგება ზუბალაშვილების დამოკიდებულების შესაფასებლად დაქირავებულ მუშებთან მიმართებაში. ასე მაგალითად, ბოლშევიკების მიერ მოწყობილ 1905 წლის ბაქოს მუშათა საყოველთაო გაფიცვაში ბიბი ებიათის მუშებმა მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან როგორც თავადვე თქვეს, მათი მხრიდან უსინდისობა იქნებოდა, ასეთი მზრუნველი პატრონების წინააღმდეგ გამოსვლა. კონსტანტინე ზუბალაშვილმა შვილებს, ძმებ ზუბალაშვილებს თანაბრად გაუნაწილა კუნძული ბიბი ებიათი და ისინიც ნავთობმრეწველებად იქცნენ.

„როცა სხვა გთხოვს და მერე დაეხმარები, ამას მადლი აღარ აქვს“

როგორც დავით გურამიშვილი იხსენებს, ის შესწრებია სტეფანეს საუბარს ძმა პეტრესთან, რომელსაც ეუბნებოდა: „იცი, ძმაო, რა გითხრა! ჩვენ რომ ღმერთი გვაძლევს, ჩვენც ხელ გაშლით უნდა ვიცხოვროთ, რომ ხალხს სარგებლობა მოვუტანოთ, თორემ ზედ რომ კრუხებივით დავსხდეთ, ბევრს ვერაფერს გამოვჩეკავთ, ჩვენთვისაც დაკარგული იქნება და ხალხისთვისაც“. ასე და ამგვარად, როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „იყო ის კაცად-კაცი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და ქართველებს ყველა ის დანაპირები შეუსრულა, რასაც კი დაჰპირდა“. სტეფანე ზუბალაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის უბიწოდ ჩასახვის ეკლესიის – ქართველ კათოლიკეთა ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება, რომლის მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და ტაძარიც ამოქმედდა. რეალურად, სტეფანემ დედის, ელისაბედის თხოვნა აასრულა – ბათუმში კათოლიკური ეკლესია აეშენებინა, რადგან მისი უდიდესი სურვილი გამაჰმადიანებული ქართველების გაქრისტიანება იყო. თავად ელისაბედი ვერ მოესწრო ტაძრის კურთხევას, რადგან 1894 წელს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ტაძარი ესე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა მარიამისა, თვისის ზღუდითურთ, აღვაგე მე სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა, საცხოვნებლად სულისა ჩემისა, მშობელთა, ძმათა და დათა ჩემთასა“.

სტეფანე ზუბალაშვილი, ძმებთან ერთად, აქტიურად უწევდა ფინანსურ მხარდაჭერას „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ამის დასტური კი 1904 წლის 5 აპრილით დათარიღებული წერილია, რომელიც სტეფანე ზუბალაშვილმა ბაქოდან „ფულის ბილეთთან“ ერთად გამოაგზავნა: „ჩვენის საზოგადოების 25 წლის ფრიად თვალსაჩინო და განუწყვეტლის შრომის აღსაბეჭდად მე განვიზრახე, შეძლებისდაგვარად დავეხმარო საზოგადოებას. ამასთანვე გიგზავნით 10.000 მან. და გთხოვთ მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივრის ქართველისაგან. ღრმა პატივისცემით დავშთები. სტეფანე ზუბალაშვილი. ბაქო“ (შენიშვნა: 1904 წლისათვის 1 მანეთი, დაახლოებით, 30-40 ლარს უდრიდა).

ძმებმა ზუბალაშვილებმა 1901 წელს მამის, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის, სახსოვრად, თავიანთი ხარჯით, თბილისის მოსახლეობისთვის თეატრის, „სახალხო სახლის“, დღევანდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აშენება გადაწყვიტეს: „ავაშენებთ ისეთ სახლს, რომელიც იქნება საკუთრება მუშებისა, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა“, – განაცხადა სტეფანე ზუბალაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო, თეატრში სიარული გაჭირვებულ ხალხსაც შეძლებოდა. ამ შენობაში, გარდა თეატრისა, იქნებოდა ბიბლიოთეკა და საჩაიე, სადაც სტუმრებს „პიროჟკებითაც“ გაუმასპინძლდებოდნენ. 1907 წელს მშენებლობა დასრულდა, თუმცა „სახალხო სახლი“ ოფიციალურად 1909 წლის 4 აპრილს გაიხსნა და საჩუქრად ქალაქს გადაეცა. „სახალხო სახლის“ საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა რუსული წარწერით: „კ.ი. ზუბალოვის სახალხო სახლს საფუძველი ჩაეყარა 1902 წლის 24 სექტემბერს, ზუბალოვის შთამომავლების: ლევანის, სტეფანეს, პეტრე და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავალთა სახსრებით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექტორი როგოისკი, საქალაქო ინჟინერის, არქიტექტორ ს.კრიჩინსკის პროექტის მიხედვით“. სტეფანე ზუბალაშვილი იყო თბილისში „უპოვართა სახლის“ დაფუძნების ძირითადი თაოსანი. ძმები ზუბალაშვილების (ყოფილი „არსენალის“, შემდეგ „სასამართლოს“, ხოლო საბჭოთა პერიოდში „ათარბეგოვის“) ქუჩა N48-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. შენობა ყურადღებას არა მარტო კარგი არქიტექტურით, არამედ თავისი ისტორიითაც იქცევს. ის უკავშირდება ზუბალაშვილთა გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი ქველმოქმედის – ნიკოლოზ იაგორის ძე ზუბალაშვილის სახელს, რომლის ანდერძის თანახმადაც, თავისი ქონების ნაწილი (ფული და სახლი სასამართლოს ქუჩაზე), ღარიბ ქრისტიანთა თავშესაფრის გასამართავად დაუტოვა თბილისის გამგეობას. თავშესაფარში თანაბარი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები – კათოლიკეები, მართლმადიდებლები და სომეხ-გრიგორიანები. ანდერძი ითვალისწინებდა თავშესაფრისათვის ახალი შენობის აგებას. შენობის პროექტი თბილისელმა არქიტექტორმა მიხეილ ოჰანჯანოვმა შეადგინა. მშენებლობა 1902-1906 წლებში მიმდინარეობდა, ხოლო, როგორც თავშესაფარმა, 1920 წლამდე იფუნქციონირა.

რუსის ჯარი და შვილის სახელზე აშენებული საავადმყოფო

ტასო ზუბალაშვილი, ზუბალაშვილების უკანასკნელი შთამომავალი იხსენებს: „1921 წლის 25 თებერვალს, ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენს სახლში აქოშინებული შემოვარდა უპოვართა სახლის დარაჯი და მამაჩემს უთხრა: რუსის ჯარი შემოვიდა, ყველაფერს აფუჭებენ; წამობრძანდით, იქნებ რაიმე გადავარჩინოთო. მამა სასწრაფოდ გაემართა ეტლით შენობისკენ, მაგრამ მალე დაბრუნდა საშინლად შეწუხებული: ახალგაზრდებს ყველაფერი გაუნადგურებიათ, ნიკოლოზის ბიუსტიც ნამსხვრევებად უქცევიათო. მამას ხელში ეჭირა ამ ბიუსტის სამი ნატეხი (მწვანე ფერისა იყო), მაგიდის უჯრაში ჩადო. ისიც მახსოვს: მამა უჯრიდან ხშირად ამოიღებდა ამ ნატეხებს, გულდაწყვეტით დახედავდა და მერე ისევ შეინახავდა მოწიწებით…“ სტეფანე ზუბალაშვილმა, ელისაბედ თუმანიშვილის სურვილთან ერთად, მამის თხოვნაც აასრულა. კონსტანტინეს უნდოდა, გარდაცვლილი შვილისთვის ძვირფასი საფლავი გაეკეთებინა, თუმცა, მეგობრის რჩევით, შვილის ხსოვნისა და სულისთვის ყველაზე ძვირფასი შესაწირი ბავშვთა საავადმყოფოს აშენება იქნებოდა. შედეგად, ავლაბარში, ახლანდელ პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ბავშვთა საავადმყოფო აშენდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

ზუბალაშვილების სტიპენდიანტები

ძმებ ზუბალაშვილებს დიდი წვლილი მიუძღვით ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში. ამასთან დაკავშირებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილების, თავიანთი მამის, კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი და პირობები შეიმუშავა და 1908–1914 წლებში, ჯამში, 47 სტუდენტის სრული, 4-წლიანი კურსი დააფინანსა, მათ შორის, შალვა ელიავას, სარგის კაკაბაძისა და გერონტი ქიქოძის. ძმები ზუბალაშვილების ხელშეწყობით სწავლობდა მიხეილ ჯავახიშვილი ბელგიასა და პარიზში. ის სორბონის უნივერსიტეტში 1907 წელს ლიტერატურას, ხელოვნების ისტორიასა და პოლიტეკონომიას ეუფლებოდა. ცნობილია სარატოვის სასულიერო სემინარიაში ქართველ სტუდენტთათვის დაწესებული ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, რომლის პირველი მფლობელი იყო ზაქარია დიდიმამიშვილი.

ძმებმა ზუბალაშვილებმა გახსნეს პირველი უფასო სასადილო, „სამადლო“, რომელიც კოჯრის გზაზე ფუნქციონირებბდა.

დღეს ისიც აღარ არსებობს. სტეფანეს თაოსნობით, ძმები ზუბალაშვილების სახელთანაა დაკავშირებული თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიის, უნივერსიტეტის პირველი კორპუსისსა და თბილისის მუსიკალური სკოლის, დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ძმებმა ზუბალაშვილებმა, მამასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარეს 5 კათოლიკურ ეკლესიას თბილისში, ბათუმსა და გორში. როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ძმები ზუბალაშვილების დახმარებით შეიძინა ზაქარია ფალიაშვილმა როიალი და ასე შემდეგ.

„არსენალიდან“ „ძმები ზუბალაშვილების“ ქუჩამდე

ცნობილია, რომ მთაწმინდის იმ უბანში, სადაც ახლა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაა, ადრე ტყვია-წამლის საწყობი იყო, ეგრეთ წოდებული, „არსენალი“ და ამიტომაც, ქუჩა „არსენალის“ სახელს ატარებდა. შემდეგ აქ დადგეს მცირე მოცულობის სასამართლოს შენობა და მას პატარა სასმართლოს ქუჩა დაერქვა. 1911 წლის 21 იანვარს თბილისის გამგეობამ სტეფანესა და მისი გვარის დამსახურებისათვის მიიღო დადგენილება – „პატარა სასამართლოს ქუჩა იწოდებოდეს სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩად“, რაც 1934 წლამდე შეუნარჩუნდა. ამის შემდეგ ქუჩას ერქვა ვინმე ათარბეგოვის სახელი. 1990-იანი წლებიდან კი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დროს, ქართველი ინტელიგენციის მოთხოვნით, პროფესორ ი.ახუაშვილის დიდი ძალისხმევით, ბავშვთა საავადმყოფოს კოლექტივის მხარდაჭერით, ქუჩას „ძმები ზუბალაშვილების“ სახელი დაუბრუნდა...

...ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს წარმომადგენლებმა ფასდაუდებელი საგანძური დაუტოვეს ქვეყანას როგორც ეკონომიკური, ისე ისტორიული, კულტურული თუ არქიტექტურული თვალსაზრისით. ზუბალაშვილების საქმიანობა იქცა ნიმუშად, თუ რაოდენ დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ მეცენატებს ქვეყნის ისტორიაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა