როგორ გადაუცვალეს მარიკა თავბერიძეს ერთადერთი შვილი მკვდარ ჩვილში
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 18.05, 2021 წელი
უამრავი ტრაგიკული, ცხოვრებისეული ისტორია მომისმენია და წამიკითხავს. თუმცა, ის, რასაც ქალბატონი მარიკა თავბერიძე ჰყვება, იმდენად სულის შემძვრელი და ტრაგიკულია, გულს რომ სწვდება და მასავით განიცდი.
მარიკა თავბერიძე: პატარა ასაკში გავთხოვდი – 20 წლის, ჩემი მეუღლე კი, 24 წლის იყო. ძალიან ვუყვარდი. თუმცა, ჩვენი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ორსულად რომ დავრჩი, მთელი სანათესაო ბავშვის დაბადებას ელოდა. ბიჭს ველოდებოდი და ყველა თავზე დამფოფინებდა. მეც და ჩემი მეუღლეც, ორივე, დედისერთა ვიყავით და გვინდოდა ბევრი შვილი გვყოლოდა, თუმცა, ის ერთიც კი ვერ მოვისიყვარულეთ, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. საუბედუროდ, ისე მოხდა, რომ ახალდაბადებული ბავშვი სულ ერთხელ ვნახე და მას მერე მის ძებნაში ვარ, სხვა შვილი არ მყავს და 42 წელია, ჩემს შვილს ვეძებ. ის ერთი გავაჩინე და ისიც მომპარეს.
– იქნებ, დეტალურად გვიამბოთ, რას ნიშნავს, სულ ერთხელ ნახეთ, მოგპარეს და სულ ძიებაში ხართ?
– ორსულობის დროს არანაირი გართულება არ მქონია. 1979 წლის 29 აგვისტოს თბილისში, კობის ქუჩაზე, მესამე სამშობიაროში, ბუნებრივი მშობიარობით, ულამაზესი ბიჭუნა გავაჩინე.
ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. მეორე დღეს, შემომიყვანეს საღამოს, ვნახე ბავშვი და კარგად იყო. საოცრად ჰგავდა ჩემს მეუღლეს. დედამაც ნახა, დეიდამაც და მათაც აღნიშნეს: ნუგზარს როგორ ჰგავსო. დედა რომ ჩემთან ამოვიდა, ექთანს ბავშვის მოყვანა ვთხოვე. მოგვიყვანა, თუმცა, რომ გაიყვანა, ხმა გავიგე, ეჩხუბებოდნენ, რატომ შეუყვანეო. ეს მერე გამახსენდა და დავაკავშირე ფაქტებს, თორემ მაშინ ჩვეულებრივად მივიღე. ვიფიქრე, ბავშვის უსაფრთხოებისთვის მოიქცნენ ასე-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ მოხდებოდა უბედურება და ჩემს ჯანმრთელ შვილს, სხვის მკვდარ ჩვილში გადამიცვლიდნენ.
ჩემ გვერდით 40 წლის ქალი იწვა. ქართველი არ იყო, უფრო რუსს გჰავდა, თუმცა ქართულად ლაპარაკობდა. სამხედროს ცოლი იყო და ორი გოგონა ჰყავდა და მესამე შვილი გააჩინა. ექიმი მოვიდა და უთხრა: შენი შვილი ცუდადაა და შეიძლება, ვერ გადარჩესო. ამ დროს ჩემს საწოლზე ბებიაქალი იყო ჩამომჯდარი და მეუბნებოდა: შენი შვილი ისეთი მაიმუნია, ისეთი ლამაზია, ისეთი აქტიური, ყველა ბავშვისგან გამოირჩევა, სულ იცინის, ნეტავ რა აცინებსო. ექიმს კი ის ქალი ელაპარაკებოდა და მესმოდა: 40 წლის ასაკში იმიტომ გავრისკე ბავშვის გაჩენა, ორი გოგო მყავს და ჩემს ქმარს ბიჭი უნდოდა, აუცილებლად უნდა წავიყვანო. რაც უნდა მოხდეს, ბავშვის გარეშე აქედან არ გავალო. ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩაუდო კონვერტი ჯიბეში ექიმს, რომელშიც სავარაუდოდ, თანხა იდო. მესამე დღეს სწორედ ის ექიმი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: შენი ბავშვი ცუდად იყო და გარდაიცვალაო.
– იმ ბებიაქალს, რომელიც თქვენს შვილზე გესაუბრებოდათ, არ ჰკითხეთ რა მოხდა?
– ის ქალი აღარ მინახავს. ჩემებმა სამედიცინო ექსპერტი მოიყვანეს. ერთი ამბავი ატყდა. უთხრეს, ბავშვი უკვე გავკვეთეთ და თქვენი ექსპერტის ჩარევა რაღა საჭიროაო. დედაჩემს შეეცოდა ჩვილი და აღარ გააკვეთინა. მერე მითხრა ჩემმა ახლობელმა: მე მოვიყვანე ის ექსპერტი და რომ გამოვიდა, ასე მითხრა, „მანანაჩკა, ზდეს ჩტოტა ნე ტაკ“, ეს ბავშვი უფრო პატარაა, უფრო ადრე გაჩენილი, ვიდრე მარიკასიო. მაშინ, ძალიან ცუდად ვიყავი, ალბათ, მომერიდა და დამიმალა. მეოთხე დღეს სხვა სართულზე, ცალკე პალატაში გადამიყვანეს, მომაშორეს იქაურობას. ჩემმა ქმარმა და ახლობლებმა დიდი ჩხუბის შემდეგ, გარდაცვლილი ბავშვი წამოიყვანეს და საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალეთ.
– იმ ქალთან, ვისზეც ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი შვილი გადასცეს, კომუნიკაცია აღარ გქონიათ?
– არა, ძალიან ცუდად ვიყავი და თან, ისიც გაქრა, ვერ ვნახე. თავიდან, ისეთი დაბნეულები ვიყავით, ვერ გავიაზრეთ, რა მოხდა. მერე, როცა აღვიდგინე ყველაფერი, დავრწმუნდი, რომ ბავშვები გაცვალეს.
– რამდენი წელი ტიროდით სხვის ბავშვს? და, ამდენი წლის მერე, რატომ დაიწყეთ ბავშვის ძებნა? წლების წინაც ხომ იცოდით და თან, ფაქტებიც გქონდათ, რომ თქვენი შვილი გაყიდული და გაშვილებული იყო?
– 42 წელია, ვტირი. ყოველ ახალ წელს ამქონდა ნაძვისხე სასაფლაოზე და ვრთავდი. სულ იქ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არ არის ჩემი შვილი, მაინც დავდივარ საფლავზე. სულ ვტიროდი, ლოგინიდან ვერ მაყენებდნენ. დეპრესიაში ჩავვარდი, ცხოვრების აზრი დავკარგე. არავის დანახვა აღარ მინდოდა. ნელ-ნელა აღვიდგინე მომენტები, ფაქტები დავაკავშირე და უფრო მეტად ჩავვარდი დეპრესიაში.
მახსოვს, წყნეთში ახლობელი გარდაიცვალა და მთელი, მესამე სამშობიაროს პერსონალი იქ იყო. რომ დამინახეს, ყველამ მიცნო. თან, გადაკრულად მელაპარაკებოდნენ, ჩემკირკიტდნენ: ნეტა რა მოხდა, ბავშვი ჯანმრთელი იყო და ასე უცებ რა დაემართაო. აინტერესებდათ, მე რამდენად მქონდა ეჭვი და რას ვუპასუხებდი. ვეუბნებოდი, არ ვიცი-მეთქი. შემდეგ ქმართანაც დამეძაბა ურთიერთობა და გავშორდი.
ვაკის რაიონის აღმასკომში დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს იქ სამშობიაროს ექთანი მოვიდა. დამინახა თუ არა, მიცნო. აქ მუშაობ? ნებართვა მინდა სახურავის გადახურვაზე და არ მაძლევენო. მე ყველასთან კარგად ვიყავი და უცბად, მომივიდა აზრი: მე დაგეხმარებით, ოღონდ, სამაგიეროდ, იმ მშობიარეების მისამართები მინდა, ვინც ბიჭები გააჩინა-მეთქი. მკითხა: რად გინდაო? ვუთხარი: ჩემ გვერდით ერთი ქალი იწვა, ჭიქა და თეფში დარჩა და მინდა, დავუბრუნო-მეთქი. შემპირდა, მოგიტანო. მოკლედ, შევედი არქიტექტორთან, ავუხსენი სიტუაცია და ნებართვა თხუთმეტ წუთში მზად მქონდა.
მეორე დღეს მოვიდა იქ ქალი, მივეცი ნებართვა და მან მისამართები მომიტანა. ვიყავი სამტრედიის ქუჩაზე, ვისზეც ეჭვი მქონდა, მაგრამ ის ოჯახი იქ აღარ ცხოვრობდა. არც არავინ იცოდა, სად წავიდნენ. სხვათა შორის, მესამე დღეს, ისევ მოვიდა ის ქალი და მითხრა: რად გინდოდა მისამართები, მითხარიო. ვუპასუხე: ხომ აგიხსენით-მეთქი. მითხრა: ვიცი, რისთვისაც გინდოდა და თუ რამეს გაიგებ, ჩემი სახელი არ ახსენოო. ახლაც მაქვს იმ მისამართების ფურცელი შენახული.
– ბავშვის ძებნაში გაშორებული მეუღლე არ გეხმარებოდათ?
– სამწუხაროდ, გარდაიცვალა. არქივშიც ვიყავი, სამშობიროშიც, ჟურნალისტებიც ჩავრთე საქმეში, მაგრამ ჩვენთვის ყველა კარი დაკეტილი იყო. ის ექიმი, რომელმაც ჩემი შვილი გააშვილა, ცოცხალია. 8-9 წლის შემდეგ ჩემი ახლობელი მივიდა და ამბავი ჰკითხა. იცით, რა უპასუხა: ახლა გაახსენდა შვილიო? არადა, მანამდეც ვიყავი და ასე მითხრა, არქივი დაიწვა და ყველა საბუთი განადგურდაო. ჯერ არ დავწერ მის სახელსა და გვარს, იქნებ თვითონ წაიკითხოს და აღიაროს. თუ არა და, აუცილებლად გავასაჯაროვებ და ვიპოვი სამართალს. ახლახან სახელმწიფო რეესტრშიც ვიყავი და ბავშვის არც დაბადების და არც გარდაცვალების მოწმობა არ არის. თითქოს არც გამიჩენია. არადა, გარდაცვალების მოწმობა მაქვს სახლში, რომელშიც მთელი რიგი შეცდომებია – ორსულობის პერიოდი უნდა ეწეროს 42 კვირა... ბავშვი დაიბადა 2 კილო და 500 გრამი, 51 სანტიმეტრი. გარდაცვალების მოწმობაში კი, წერია: 3 კილო და 100, 48 სანტიმეტრი... ორსულობის პერიოდი კი – 40 კვირა. იმ არეულობაში უცბად მიჩხაპნეს, ექიმმა ხელი მოაწერა და ეს შეაჩეჩეს ჩემებს. მე მერე ვნახე. ახლა ჩემი შვილი 42 წლისაა. მე მას არც კი ვიცნობ და ალბათ, არც კი იცის, რომ გაყიდული და გაშვილებულია. ამ ამბავმა ცხოვრება დამინგრია, აღარ გავთხოვდი და აღარც შვილი გავაჩინე. სოციალურ ქსელში ხშირად ვდებ ჩემი ქმრისა და ჩემს სურათებს. იქნებ ვინმემ საკუთარი თავი მიამსგავსოს ან ახლობლებმა შეამჩნიონ მსგავსება.
– ახლა რას აპირებთ?
– დარწმუნებული ვარ, ვიპოვი ჩემს შვილს და არც იმ ბავშვის საფლავს მივატოვებ, ვისაც ამდენი წელია, დავტირი, ქვაც გავუკეთე და ზედ, ჩემი ცოცხალი შვილის სახელი აწერია. მინდა, ვაკეში სახლი გავყიდო, კერძო დეტექტივი ავიყვანო, და გარდაცვლილი ბავშვის გენეტიკური ანალიზი გავაკეთო. მერე, როცა ხელში საბუთები მეჭირება, პირდაპირ დავადებ ექიმს ხელს და სასამართლომდე მივალ.
ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ციხეში უნდა ჩაჯდეს! დედაც გარდამეცვალა და დეიდაც, სულ მარტო დავრჩი. იმაზეც ვფიქრობ, 42 წლის მერე ჩემი შვილი როგორ მიმიღებს, თორემ მე სიხარულით ჩავიკრავ გულში. მარიამ ციმინტიასთანაც მქონდა კომუნიკაცია და მითხრა: თქვენი შვილი აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ცოლიც ჰყავს, ორი შვილიც და შვილიშვილიც, დედა გარდაეცვალა და მამა პენსიაზეაო. ანუ, გამოდის, მყავს შვილი, ორი შვილიშვილი, შვილთაშვილი და რეალურად მარტო ვარ. ასე დამინგრია სამშობიაროს ექიმმა ცხოვრება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან