საზოგადოება

როგორ დაიკლო მანანა კოზაკოვამ წონაში და რატომ ექცეოდა ლევან წულაძე მას დაუმსახურებლად მკაცრად

№53

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 06.01, 2021 წელი

მანანა კოზაკოვა
დაკოპირებულია

მანანა კოზაკოვამ პანდემიის პირობებში ახალი საქმე წამოიწყო, რომელიც გარკვეული შემოსავლის წყაროცაა და რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში ის გულის გადაყოლებაშიც ეხმარება. 

მანანა კოზაკოვა: მე, თამუნა ბუხნიკაშვილი და დამხმარე ქალბატონი ნია დიდხანს ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. კერვა მე არ მეხერხება და ამ საქმეს ქალბატონი ნია აკეთებს. მე ვდიზაინერობ (იცინის). გეტყვით, როგორია ჩემი დამოკიდებულება სამოსისადმი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, საერთოდ არ მაინტერესებდა, რა მეცვა. შემეძლო, ერთი და იმავე ტანსაცმლით მევლო და მაღალ მატერიებზე ვსაუბრობდი, ვამტკიცებდი, რომ განვითარებისთვის სამოსს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ასაკთან ერთად გაიღვიძა იმან, რაც ჩემში ბავშვობაში დაილექა. ამ მხრივ, ძალიან შევიცვალე და ახლა სტილსა და შესაბამისი სამოსის შერჩევას დიდ ყურადღებას ვუთმობ. პანდემიის დროს რომ უსაქმოდ დავრჩი, ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობდი, რით შეიძლებოდა, დავკავებულიყავი და მოვიფიქრე. ამ სიტუაციაში კაბას ვერ იყიდი, საჭირო არაა, სად უნდა ჩაიცვა?! მაგრამ სუპერმარკეტში პურზეც რომ ჩადიხარ, ხომ გინდა, კარგად გამოიყურებოდე და ამიტომ, გადავწყვიტეთ, ისეთი დეტალები შეგვექმნა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ სამოსს ხალისს შემატებს და ქალურობასაც ხაზს გაუსვამს. ქალბატონმა ნუნუ ბენდუქიძემ ძალიან ძვირფასი ჰალსტუხები მაჩუქა და მათგან ჟილეტის, საყელოსა და სხვა დეტალების შექმნა დავიწყე. ახლა უკვე ბევრი იდეა დამიგროვდა, საახალწლოც და ყოველდღიურიც. სამკაული იქნებოდა თუ სამოსი, სახლში რაც კი რამე მებადა, ყველაფერი დავშალე (იცინის). ლევანი მეხუმრება, თუ ყველაფერი დაშალე, რაღა გამოვაო. ეს საქმე საკუთარი სიამოვნებისთვის წამოვიწყე, მაგრამ იმდენი რამ დაგვიგროვდა, რომ გაყიდვაზეც დავიწყე ფიქრი.
– ბატონი ლევანი როგორ უყურებს ამ ამბავს?
– ბატონი ლევანი ძალიან ჩართულია პროცესში. ამბობს, რომ ის კრიტიკოსია და მითითებებს გვაძლევს, ბოლო სიტყვა მისია. მე დირექტორს მეძახის (იცინის).
– შემოსავლის წყაროსთან ერთად, ამ რთულ ვითარებაში ეს რეაბილიტაციის პროცესიცაა, არა?
– უფრო ეგ არის. ძალიან განვიცდი, რაც ჩვენს თავს ხდება, ძალიან ცუდად ვარ. ეს საქმე რაღაც დოზით დამეხმარა, მაგრამ ზოგჯერ თავს ვერ ვერევი. თვითმკურნალობა ჯერ ვალერიანის წვეთებით დავიწყე, მერე სხვა წამალი დავლიე, მერე კიდევ სხვა. არადა, წამლების თვითნებურად მიღება ძალიან ცუდია, შეიძლება, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდე. ამიტომ ნევროპათოლოგს მივმართე, მივხვდი, რომ საჭირო იყო. მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან მშველის-მეთქი, მთლად მართალი არ იქნება.
– კარგ ამბებზეც ვისაუბროთ. ქალბატონები ძალიან განიცდიან ასაკის მატებას, რადგან ეს გარეგნობაზე უარყოფითად აისახება. თქვენს შემთხვევაში პირიქითაა, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით და თან წონაშიც საგრძნობლად დაიკელით.
– წონა რომ დავიკელი, ალბათ, ამან იქონია გავლენა. კილოგრამები ასაკსაც გმატებს. გარეგნობაზე ზრუნვა და თავის მოვლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და რაც შეგიძლია, უნდა გააკეთო, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. წონას რაც შეეხება, საგრძნობლად დავიკელი და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. მახსოვს, ბოლოს, საშინელი კომენტარი დამიწერეს ფოტოს ქვეშ. მაშინ ტირილით გავსკდი, მაგრამ ახლა, ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრა მის ავტორს. პირშიც ხშირად უთქვამთ დანანებით, ასე რატომ გასუქდიო, რასაც ძალიან განვიცდიდი. ერთ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე, ყველაფერი შემეცვალა. ჯანმრთელობის ამბავიც იყო, ჩიყვის ოპერაცია გავიკეთე, ავთვისებიანი სიმსივნეც აღმომაჩნდა, ბევრი რაღაც იყო და არც თუ ისე სასიამოვნო, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამ წელიწადში ნელ-ნელა დავიკელი.
– თქვენ და ბატონი ლევანი 26 წელია, ერთად ხართ. რა შეგმატათ წლებმა?
– ჩვენი თანაცხოვრება ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე პირველ პერიოდში იყო. არ ვიცი, პირიქით რატომ ამბობენ ხოლმე. ორი ადამიანი, აბსოლუტურად სხვადასხვა ოჯახიდან, განსხვავებული გენეტიკით იწყებს ერთად ცხოვრებას და მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულები არიან, განსხვავებულობის გამო ხშირად ეჯახებიან ერთმანეთს. ამ დროს ვერ ხვდები, რა უნდა დათმო, რა არის ტრაგედია, რით არ გელახება თავმოყვარეობა და ასე შემდეგ. სულ ემოციებში ხარ, დუღილის ტემპერატურა ყოველთვის მაღალია და ზედმეტი ყველაფრი ცუდია. დრო რომ გადის, ერთად ყალიბდებით და მერე ერთმანეთისთვის ნამდვილი მეგზურები ხდებით. ერთ სულ და ერთ ხორც მდგომარეობა ბუნებრივად შემოდის წყვილში. მე, მაგალითად, არ შემიძლია ჩხუბები და შემდეგ შერიგებები, ყოველი კონფლიქტი მანგრევს. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ რაც მეტი დრო გადის, ჩვენი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული ხდება
– თინათინის დაქორწინებამ რა შეცვალა თქვენს ურთიერთობაში?
– როცა პატარა ვიყავი, დედაჩემმა მითხრა, შვილის ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი დედასთან დაშორებას ნიშნავს. ამაზე თავიდანვე უნდა იფიქრო, რომ მერე ძალიან არ გეტკინოსო. ეს არასდროს დამვიწყებია და ლევანსაც სულ იმავეს ვაგონებდი. მით უმეტეს, რომ ჩვენ ერთი შვილი გვყავს და განსაკუთრებულად რთულია. მისი ბედნიერებით ჩვენც ბედნიერები ვიყავით, მაგრამ სახლში რომ მოვედით და ცარიელი დაგვხვდა, მაინც განვიცადეთ.
– ბატონ ლევანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს თეატრში. ამ ყველაფრის ფონზე როგორია თქვენი ურთიერთობა?
– ძალიან დიდი დრო დასჭირდა სტერეოტიპების დასამსხვრევად და გარშემო მყოფი მსახიობებისთვის იმის დასანახვებლად, რომ ჩვენ არ ვართ ის წყვილი, რომ ლევანმა მე განსაკუთრებული პრივილეგიები მომანიჭოს. არა მარტო ქართულ, მსოფლიო თეატრის ისტორიიდან შეიძლება, არაერთი მაგალითის მოყვანა, როდესაც რეჟისორის შეყვარებული თუ ცოლი თეატრში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა და სხვა იჩაგრებოდა. ლევანს ამის კომპლექსი ჰქონდა და ირგვლივ მყოფებს – ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ჩვენ შემთხვევაშიც ასე მომხდარიყო. ამიტომ ამ სტერეოტიპის დასანგრევად დასაწყისში, ზოგჯერ დაუმსახურებელი სიმკაცრეც გამოუვლენია ჩემ მიმართ. ახლა ყველამ იცის, რომ მე არაფრით ვისარგებლებ. ლევანმა და მე ეს წლების განმავლობაში საქმით დავამტკიცეთ. ლევანი თუ როლზე მაკავებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ როლზე მხედავს და ამის მიზეზი ნამდვილად არაა, რომ მე მისი ცოლი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი