საზოგადოება

როგორ აქცია დევნილობამ ბაგრატიონთა შთამომავალი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდების აღიარებულ ლიდერად

№38

ავტორი: ქეთი მოდებაძე 56 წუთის წინ

თეიმურაზ ბაგრატიონი
დაკოპირებულია

ორი სახელოვანი დინასტიის შთამომავალი, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი, 1912 წლის 21 აგვისტოს პავლოვსკში მოევლინა ამქვეყნად. მისი მამა, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი, 1915 წელს პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა. დედამ, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილმა, ტატიანა რომანოვამ, 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მოახერხა ქვეყნიდან გაქცევა და შვილებთან ერთად თავდაპირველად რუმინეთს შეაფარა თავი, საიდანაც მოგვიანებით შვეიცარიაში გადავიდა.

თეიმურაზმა ჟენევის სასწავლებელში დაიწყო განათლების მიღება, შემდგომ კი ფრაიბურგში, წმინდა ჟანის სახელობის კოლეჯში სწავლობდა. 1927 წელს, ოჯახის იუგოსლავიაში გადასახლების შემდეგ, თეიმურაზი ქალაქ ბელოცერკოვის ყირიმის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა, ხოლო მისი უმცროსი და, ნატალია, მარინის დონის ინსტიტუტის მოსწავლე გახდა. როდესაც კადეტთა კორპუსს რეფორმა ჩაუტარდა და ტატიანას მამის – დიდი თავადის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელი ეწოდა, ხელმძღვანელობამ თეიმურაზისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების დაწესება განიზრახა. თუმცა, უფლისწულმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და თანატოლებთან ერთად ჩვეულებრივ პირობებში განაგრძო ცხოვრება.

სამხედრო იერარქია და საზოგადოებრივი ასპარეზი

1832 წელს კადეტთა კორპუსის დასრულების შემდეგ, თეიმურაზმა იუგოსლავიის სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიური კურსის გავლის შემდგომ, ათი წელი ირიცხებოდა იუგოსლავიის სამეფო ლეგიონის გვარდიულ-საარტილერიო პოლკში და პარალელურად, საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა: ხელმძღვანელობდა რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის სინოდის მზრუნველთა საზოგადოებას და იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი. 1933 წლიდან თეიმურაზი შეუერთდა პარიზში, ილამაზ დადეშქელიანის თავმჯდომარეობით დაარსებულ „წმინდა ქეთევანის მართლმადიდებელ ძმობასა“ და „წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოს“.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი ბელგრადის ცენტრალურ ბანკში მუშაობდა, ჩართული იყო დიპლომატიურ საქმიანობაში და ლეგიონის რიგებში გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგაც იბრძოდა. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ის საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა და სხვადასხვა პოზიციას იკავებდა იუგოსლავიის საელჩოებში – ჟენევაში, პარიზსა და ლონდონში.

ამერიკული პერიოდი და ჰუმანიტარული მისია

1949 წელს თეიმურაზ ბაგრატიონმა მიიღო ლევ ტოლსტოის ასულის, ალექსანდრას მიწვევა, ჩაირიცხა „ტოლსტოის ფონდის“ მენეჯმენტში და აშშ-ში გადასახლდა. თავდაპირველად ამ ორგანიზაციას ის ბეირუთში წარმოადგენდა, 1979 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ჩაიბარა, 1884 წელს კი მისი თავმჯდომარე გახდა. იმავდროულად თანამშრომლობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „კერისა“ (CARE) და ლტოლვილთა დამხმარე ამერიკულ საბჭოსთან, როგორც მოხალისე აგენტი. გარდა ამისა, მან დააფუძნა გაერთიანება Interaction, რომელიც აერთიანებდა 100 სხვადასხვა საქველმოქმედო სააგენტოს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს გამოქცეულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

აშშ-ში დამკვიდრებისთანავე თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი აქტიურად ჩაება 1931 წელს შექმნილი ქართული სათვისტომოს მუშაობაში, სადაც მალე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ასევე, ის სათავეში ედგა 1950 წლის 5 სექტემბერს ნიუ-იორკში დაარსებულ „ქართულ-ამერიკულ ლიგას“, რომლის უმთავრესი ამოცანა საქართველოს გათავისუფლება და სუვერენიტეტის აღდგენა იყო.

ომის შემდგომ პერიოდში ათასობით ლტოლვილი საჭიროებდა დაბინავებას, მათ შორის ძველი ქართველი ემიგრანტები და ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები. მათ ინგლისურენოვან სახელმწიფოებში გადანაწილებასა და დასაქმებას „ტოლსტოის ფონდი“ უზრუნველყოფდა. თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი, როგორც ფონდის წარმომადგენელი, სათვისტომოს ლიდერი და იურისტი, პირადად აგვარებდა თავსებად სამართლებრივ საკითხებს, რის გამოც თანამემამულეების უდიდესი სიყვარული მოიპოვა.

თეიმურაზ ბაგრატიონი ორჯერ დაქორწინდა. მისი პირველი მეუღლე, ეკატერინე რაჩიჩი, ცნობილი იუგოსლავიელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, ნიკოლა პაშიჩის შვილიშვილი იყო. მათ ჯვარი 1933 წელს ბელგრადის წმინდა სამების რუსულ ტაძარში დაიწერეს. პირველი მეუღლის გარდაცვალებისა და აშშ-ში გადასახლების შემდეგ, 1949 წელს, მან ცოლად შეირთო გრაფინია ირინა ჩერნიშოვა-ბეზობრაზოვა.

თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი 1992 წლის 10 აპრილს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-იორკის მახლობლად, ნოვოდევეევოს რუსულ მონასტერში. მას შთამომავლობა არ დარჩენია.

მისი და, ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელი, 1944 წელს დაქორწინდა ბრიტანელ დიპლომატზე, პოეტსა და მთარგმნელზე, სერ ჩარლზ ჰეპბერნ-ჯონსტონზე. შვილები არც მას ჰყოლია.

2007 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების პირადი არქივი, რომელიც უნიკალურ მასალებს შეიცავს. კოლექციაში დაცული ფოტოები, პერიოდული გამოცემები და წიგნები მეცხრამეტე საუკუნის დასასრულითა და მეოცე საუკუნის შუა წლებით თარიღდება. ფოტომასალაზე ასახულია თეიმურაზის ოჯახის წევრები. ჟურნალებს შორის გვხვდება უცხოენოვანი სამეცნიერო გამოცემები. ეს ძვირფასი მასალები ბიბლიოთეკას თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის ქვრივმა, ირინა ბაგრატიონ-მუხრანელმა გადასცა.

გამოყენებული მასალების წყარო: ბაგრატიონ-მუხრანელი თეიმურაზ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; დაუშვილი რუსუდან. თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში /; თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი