საზოგადოება

რით მოიპოვა აღიარება ელენე წერეთელმა ევროპაში და როგორ ცდილობდა ის საქართველოს სახელის პოპულარიზებას

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 03.10

ელენე წერეთელი
დაკოპირებულია

„...ჩვენ, ქართველები, ვეკუთვნით განათლებულ ერს. ჩვენი წარსული ბრწყინვალეა, თუ ეს მსოფლიოში საყოფად (საკმაოდ) ცნობილი არ იყო – ეს ისტორიული მოვლენების გამო... მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და გავაცნოთ ჩვენი კულტურა ისეთი გზით ყველას, როგორც საქართველოს ეკუთვნის, უმოქმედობა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსა და მისი წარსულის წინაშე“, – ეს სიტყვები ელენე წერეთელს ეკუთვნის, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული მუსიკის შესწავლას, ევროპაში მის პროპაგანდასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.

ელენე წერეთლის ოჯახი ზემო იმერეთის სოფელ სვერიდან იყო. ბაბუა – ვლადიმერ წერეთელი ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი და გადამმუშავებელი კონცესიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს გამგეობისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ცნობილი მეცენატი და საზოგადო მოღვაწე იყო.

მამა – ვასილ წერეთელი სამთო ინჟინერი იყო და ბევრს მოგზაურობდა. 1911 წელს მეუღლესთან, ლიზასთან, ერთად ავსტრიაში იმყოფებოდა და იქ ქალაქ ლობენში შეეძინათ ქალიშვილი ელენე, რომლის დაბადების შემდეგაც მალევე დაბრუნდნენ თბილისში. ელენე და მისი და – მერი მცირეწლოვნები იყვნენ, როდესაც მამა სახადით გარდაეცვალათ.

1923 წელს დედა, ლიზა წერეთელი ცოლად გაჰყვა ჭიათურის მანგანუმის შეძლებულ ბელგიელ მრეწველსა და ინჟინერს ოგიუსტ მუსლს, რომელთანაც რობერტი და როზ-მარი მუსლები შეეძინა.

თბილისში ელენე წერეთელმა დაამთავრა კერძო ფრანგული ლიცეუმი, მეექვსე კლასამდე სწავლობდა მე-8 შრომის სკოლაში. 1925 წელს ოჯახი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, რადგანაც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერს, ოგიუსტ მუსლს ბოლშევიკების მხრიდან საფრთხე დაემუქრა. მან გამგზავრებამდე მოახერხა ჭიათურაში მანგანუმის აქციების განაღდება და აღებული თანხით ბელგიის ქალაქ სურბროდში დიდი მამული შეიძინა.

ბელგიაში ელენე წერეთელი მიაბარეს ერთ–ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში – ლიეჟის მონაზონთა სკოლაში, რომელიც 1929 წელს დაამთავრა. შემდეგ შეისწავლა სამედიცინო ტანვარჯიში – კინეზოთერაპია და 1964 წლამდე მოღვაწეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ბრიუსელის ლაზარეთში, სადაც კინეზოთერაპიის კაბინეტს ხელმძღვანელობდა. იგი ამ დარგის აღიარებული სპეციალისტი და კინეზოთერაპიის ბელგიური საზოგადოების წევრი იყო.

1943 წელს ელენე წერეთელი ცოლად გაჰყვა ოთარ ჯაყელს, თუმცა 1956 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ელენე წერეთელი დაინტერესებული იყო ქართული მწერლობითა და მუსიკით. სწავლობდა ძველი ქართული ხელოვნებისა და მუსიკალური კულტურის ისტორიას, ცალკეულ ჰიმნოგრაფიულ თხზულებებს. ამ სფეროთი დაინტერესებამ განაპირობა, რომ ელენე წერეთელი 1964 წელს 53 წლის ასაკში ჩაირიცხა ბრიუსელის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მუსიკათმცოდნეობის განხრით. ბრიუსელის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ის აირჩიეს ბელგიის მუსიკისმცოდნეობის სამეფო საზოგადოების ნამდვილ წევრად, მოგვიანებით კი – პარიზის ეთნომუსიკის შემსწავლელი საზოგადოების წევრად. 1950-1975 წლებში ელენე წერეთელი ქართულ ემიგრანტულ გამოცემებსა და უცხოურ პრესაში აქვეყნებდა როგორც მუსიკათმცოდნეობის ხასიათის ნაშრომებს, ასევე მხატვრულ თარგმანებსა და მიმოხილვითი ხასიათის წერილებს. მისი ნაშრომები, ძირითადად, ეძღვნება ძველი ქართული მუსიკალური სისტემების თავისებურებებს.

ელენე წერეთელმა თარგმნა და ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ გამოაქვეყნა ცნობილი მუსიკათმცოდნისა და ორიენტალისტის, ვაჟა გვახარიას გამოკვლევა „რადამისტრო, ოპერა ჰენდელისა, ქართული ისტორიული თემით“. 1974 წელს ფრანგულ ენაზე თარგმნა და საკუთარი კომენტარებით გამოსაცემად მოამზადა ვაჟა გვახარიას მეორე ნაშრომი თამარ მეფის დროინდელ მუსიკაზე, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გამოქვეყნება ვეღარ მოასწრო.

ნაყოფიერი იყო ელენე წერეთლის თანამშრომლობა იუნესკოსთან, რომელმაც 1969-1974 წლებში გამოსცა ელენეს მიერ მომზადებული საგალობლების სამი ფირფიტა.

ელენე წერეთელს მუდმივად იწვევდნენ პრესტიჟულ სამეცნიერო ფორუმებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ის გახლდათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა ძველი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის, პარიზის ეთნომუსიკის შემსწავლელი საზოგადოების ყრილობის, წმიდა ნიკოლოზ-ვააზის საზოგადოების ყრილობის და სხვა ფორუმების მომხსენებელი. საჯარო ლექციებს კითხულობდა ბრიუსელისა და ლუვენის უნივერსიტეტებში. ივეტ გრიმოს მიწვევთ კი, სორბონის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია შუა საუკუნეების ქართულ მუსიკალურ კულტურაზე. ანალოგიური ლექციები ჰქონდა ბრიუსელის კონსერვატორიაში მუსიკის ისტორიკოს პროფესორ ვანდერლინდენის მიწვევით. ფალიაშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლექციები წაიკითხა პარიზისა და ლიეჟის უნივერსიტეტებში.

ელენე წერეთელი იყო საერთო ევროპული მასშტაბით აღიარებული და წამყვანი ექსპერტი ქართული და ზოგადად მართლმადიდებლური საგალობლების დარგში. 1974 წელს ელენე წერეთლისა და მისი ბელგიელი კოლეგების ძალისხმევით, ბრიუსელის წმიდა მიხეილის საკათედრო ტაძარში შესრულდა მიქაელ მოდრეკილის „ჟამთა და წელთა“, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოყენებული მასალების წყარო: გვახარია ვაჟა. ელენე წერეთლის მოსაგონარი // სამშობლო; ოთხმეზური ირ. ელენე წერეთელი // კავკასიონი; burusi.wordpress.com; www.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა