საზოგადოება

რით ეხმარებოდა ტყვეობაში მყოფი გივი კობახიძე სხვა ტყვეებს და როგორ ასახა მან მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები

№38

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 25.09

გივი კობახიძე
დაკოპირებულია

გივი კობახიძე 1919 წელს თბილისში, ბუღალტერ ალექსანდრე კობახიძისა და ანა ენუქიძის ოჯახში დაიბადა. მამამისი წარმოშობით რაჭიდან იყო. მიუხედავად თბილისში ცხოვრებისა, მის ოჯახს მშობლიურ კუთხესთან კავშირი გაწყვეტილი არ ჰქონია და ზაფხულობით ხშირად ჩადიოდნენ ხოლმე. გივი კობახიძემ 1936 წელს თბილისის 26-ე საცდელ-საჩვენებელი სკოლა დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1941 წლის ივნისში დაასრულა.

20 ივნისს ბოლო სახელმწიფო გამოცდა ჩააბარა, 7 ივლისს კი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. იმავე წლის სექტემბერში დაჭრილი გივი კობახიძე პერეისლავთან გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. ორი წელი უმძიმეს პირობებში მყოფი თვითონ ტყვე ტყვეებს მკურნალობდა.

1943 წლის სექტემბერში, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, გერმანიაში უცხოელთათვის განკუთვნილ კლინიკაში მუშაობდა. კალისტრატე სალიას დახმარებით, ჩააბარა ბერლინის უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში.

ომის დამთავრების შემდეგ, გივი კობახიძე მიუნხენში დასახლდა. დაქორწინდა უკრაინელ მარია ტოკარევაზე. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მიხაკო წერეთელთან და მის ოჯახთან.

ემიგრაციაში გივი კობახიძე აქტიურ საზოგადოებრივ და ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. 1943 წელს ბერლინში დაარსდა ეროვნული კომიტეტის ჟურნალი „ქართველი ერი“, რომლის მესამე და მეოთხე ნომრებში გ.ხერგაისძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გივი კობახიძის სტატია „ხმა დასახვრეტთა საკნიდან“. სტატიაში ასახულია მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. ავტორი ეყრდნობა ქუთაისელი სტუდენტის მოგონებებს, რომელმაც თავი დააღწია საპატიმროს ჯურღმულებს და მწერლის მკვლელობის ამბავი 1937 წელს გივი კობახიძეს უამბო თბილისში.

გრიგოლ რობაქიძემ, კალისტრატე სალიამ, მიხაკო წერეთელმა და გივი კობახიძემ 1948 წელს დააარსეს ჟურნალი „ბედი ქართლისა“. მათი მიზანი იყო ჟურნალის საშუალებით საზღვარგარეთ გაფანტული ქართველების გაერთიანება.

1949 წელს გივი კობახიძე, მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ამერიკაში სხვადასხვა დარგში მოღვაწეობდა, ასწავლიდა ქართულ ენას. მის მოსწავლეებს შორის იყო კავკასიოლოგი და ისტორიკოსი დეივიდ ლენგი, რომელიც გივი კობახიძეს „მოძღვარს“ ეძახდა.

1952 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ივანე ნანუაშვილის, ალექსანდრე სულხანიშვილის, გივი კობახიძისა და სხვათა ძალისხმევით დაარსდა „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო“. ორგანიზაციის მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და ამ საკითხით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესება. საბჭოს მიერ გამოცემულ საინფორმაციო გაზეთს „ცნობის ფურცელსა“ და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ჟურნალ „ჩვენს გზას“ გივი კობახიძე რედაქტორობდა.

1955 წლის დეკემბერში ნიუ–იორკში გივი კობახიძემ გამოსცა გაზეთ „ქართველი ერის“ პირველი ნომერი. ეს იყო შტატებში სტამბური წესით გამოქვეყნებული პირველი ქართული გაზეთი. გამოიცა მხოლოდ ერთი ნომერი, რომელშიც დაიბეჭდა გივი კობახიძის მეცნიერულ–ლიტერატურული და პოლიტიკური ხასიათის წერილები, გამოკვლევები, ლექსები და მოთხრობაც კი.

ორი წლის შემდეგ 1957 წელს ნიუ–იორკშივე ქართულ ენაზე დაიბეჭდა მაღალი პოლიგრაფიული დონის, შავ–თეთრ ყდაში ჩასმული ალმანახი „კრებული” – რედაქტორ-გამომცემელი იყო გივი კობახიძე. „კრებულის” თემატიკა მრავალფეროვანი იყო – პოეზია, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, ხელოვნება, მემუარები, კრიტიკა და ბიბლიოგრაფია. საინტერესოა „კრებულში“ გამოქვეყნებული გივი კობახიძის წერილები: „50 წელი ილიას მკვლელობიდან“, „ხრესილის ომი”, „ახალი დოკუმენტები დიასამიძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის”. 1957 წელსვე მან უცხოელებისთვის გამოსცა ქართული ენის სასწავლო წიგნი.

60-იანი წლებიდან გივი კობახიძე თანამშრომლობს ევროპაში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ პრესასთან, როგორებიცაა: „კავკასიონი”, „თავისუფლების ტრიბუნა”, „გუშაგი”. იყო ამერიკის ისტორიული საზოგადოების, ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის, ამერიკის გეოგრაფიული ეროვნული საზოგადოების „სმითსონიანის” (სამუზეუმო და კვლევითი ცენტრი), ჯონს ჰოპკინსის სახელობის მედიცინის ისტორიის ინსტიტუტისა და სხვა საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრი. იყო ნიუ–იორკის ფორდამის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი აღმდგენი.

1958 წელს გახდა ფორდამის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი და სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. წლების განმავლობაში მუშაობდა „ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის რედაქტორად.

გივი კობახიძე 1991 წელს ვაშინგტონში გარდაიცვალა. ის ქართული ემიგრაციის მემატიანე გახლდათ და შემოგვინახა დიდძალი დოკუმენტური მასალა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ.

გამოყენებული მასალების წყარო: ნიკოლეიშვილი ოთარ. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს” ისტორიიდან; ოძელი მ. რაზე წერს „კრებული” // ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობანი; ნიკოლოზიშვილი, ნ. საინფორმაციო გაზეთი „ცნობის ფურცელი” // ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობანი; ბეჟიტაძე მ. ემიგრანტული ჟურნალი „ქართველი ერი”; ნიკოლეიშვილი ავთანდილ. ამერიკაში მოღვაწე ემიგრანტი ქართველი მწერლები: გივი კობახიძე // ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები; დაუშვილი რუსუდან. ამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან; ცნობილი ქართველები ამერიკაში; WWW.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა