საზოგადოება

რისთვის იბრძოდა სკენდერ ცივაძე და რით იყო გამორჩეული მისი ცხოვრება

№11

ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:00

სკენდერ ცივაძე
დაკოპირებულია

სკენდერ ცივაძე 1884 წელს დაიბადა სოფელ დაგვაში ესედ ცივაძისა და ხაჯერ ჯაფარიძის ოჯახში. ქობულეთში ქართული სკოლის არარსებობის გამო, პირველდაწყებითი განათლება კერძო მასწავლებლის დახმარებით სახლში მიიღი. მამა ადრევე გარდაეცვალა. შვილის აღზრდა დედამ ითავა. შემდეგ კი წამოზრდილი სკანდერი, ნათესავების თანადგომით, სტამბოლში ფათიხის სახელობის სასულიერო უნივერსიტეტში გაგზავნა სასწავლებლად. სტუდენტობისას სკენდერ ცივაძე, მემედ, ხასან, ასლან, აბედინ, სულეიმან, ზია აბაშიძეებთან და ლომან-ეფენდი ქარცივაძესთან ერთად სტამბოლში ფერიქიოს უბანში მდებარე ქართველ კათოლიკეთა სავანის ხშირი სტუმარი იყო და ქართული კულტურის ისტორიას იქაურ ბიბლიოთეკაში ეზიარა.

ფათიხის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკენდერ ცივაძემ მუდერსის – თეოლოგიის პროფესორის წოდება მიიღო და ცოდნის გასაღრმავებლად ეგვიპტეში გაემგზავრა. ქაიროში ესჰერის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნებული ქობულეთში მუფთის – სასულიერო საბჭოს თავმჯდომარისა და სასულიერო მოსამართლის, ანუ ყადის თანამდებობებზე დაინიშნა. მოგვიანებით ბათუმში შექმნილ სასულიერო საბჭოს თავმჯდომარედაც დანიშნეს. როდესაც თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტი გაიხსნა, სკენდერ ცივაძე არაბული ენის მასწავლებლად მიიწვიეს. ის არაბულ და თურქულ ენებს ასწავლიდა უნივერსიტეტის სტუდენტებს (ფლობდა რუსულსაც) და მეგობრობდა დიდ მეცნიერებთან – აკაკი შანიძესთან, გიორგი ახვლედიანთან, ივანე ჯავახიშვილთან, არნოლდ ჩიქობავასთან და სხვებთან.

სკენდერ ცივაძე ძალიან განათლებული პიროვნება იყო. ის მემედ აბაშიძესთან ერთად იბრძოდა საქართველოსა და აჭარის დამოუკიდებლობისათვის. მიტინგებზე ხალხს ესაუბრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების ერთობაზე. მისი ოცნება იყო, ოსმალთაგან დაპყრობილ საქართველოში შენარჩუნებულიყო ქართული ენა და არ დაკარგულიყო ეროვნული თვითშეგნება. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აჭარაში რაც შეიძლება მეტი ქართული სკოლა გახსნილიყო.

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომლის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობდა მემედ–ბეგ აბაშიძე თავისი თანამებრძოლებით. მათ შორის იყო სკენდერ ცივაძე, რომელიც ყრილობაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭო, რომლის წევრებიც აჭარიდან გახდნენ მემდ–ბეგ აბაშიძე, ჯემალ-ბეგ ხიმშიაშვილი, რეჯებ ნიჟარაძე, სკენდერ ცივაძე.

როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, მემედ, ჰეიდარ, ხასან აბაშიძეების, სკენდერ ცივაძისა და მათი თანამებრძოლების მიზანი აჭარის დედასაქართველოსთვის საბოლოოდ დაბრუნება იყო.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასულიერო საბჭო გააუქმეს. სკენდერ ცივაძეს, როგორც სასულიერო პირს, დევნა დაუწყეს, ჩამოართვეს მუფთობაც და ყადობაც. ერთხანს მხოლოდ ბათუმის ჯამის ხოჯა, ანუ მასწავლებელი იყო. 1930 წელს ქობულეთში ისვენებდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, სკენდერ ცივაძის მეგობარი, თენგიზ ჟღენტი. მასთან საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ცივაძეების ოჯახს სამშობლო უნდა დაეტოვებინა. 1931 წელს, დიდი წვალების შემდეგ, ოჯახი ამასიაში გადასახლდა. ემიგრაციაში უსახსროდ დარჩენილებს დახმარება მემედ-ბეგ აბაშიძის ძმამ, ამასიის მოსამართლეთა საბჭოს თავმჯდომარემ ხასან-ბეგ აბაშიძემ გაუწია.

სკენდერ ცივაძის ოჯახი ემიგრაციიდან სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სკენდერ ცივაძის მეუღლე ნარგული ჭყონია იყო. მათი ვაჟი მუხამედი, რომელიც ხულოში გლეხთა ახალგაზრდობის საშუალო სკოლის გამგე იყო, ემიგრაციაში საცოლეზე დარდით გარდაიცვალა. მეორე ვაჟმა, ახმედმა, მხოლოდ 90-იან წლებში მოახერხა ბათუმში ჩამოსვლა. სკენდერ ცივაძემ შვილები ქართული სულისკვეთებით აღზარდა. ახმედ ცივაძე თურქეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრი რამ გააკეთა ქართული დიასპორის თვითშეგნების განვითარებისთვის.

სკენდერ ცივაძე 1967 წელს სამსუნში გარდაიცვალა.

გამოყენებული მასალების წყარო: სიხარულიძე იური. სკენდერ ცივაძე: ღირსეული მამულიშვილი/საქართველოს ბიბლიოთეკა; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი