რატომ ვერ გადაიღო ბორის წიფურიამ ბერიაზე თავისი საოცნებო ფილმი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 15:00 04.09

ბორის წიფურია ის მსახიობი იყო, რომელსაც „ხურჯინით“ ათასობით პატარ-პატარა სახალისო თავგადასავალი დაჰქონდა, რომ მერე ჩვენამდე მოეტანა ხან პირადი ურთიერთობის დროს, ხან ჩანაწერების სახით. ბევრი თავისებური, სახასიათო სახე შექმნა თეატრსა და კინოში. მას ჰქონდა რაღაც ისეთი, გამორჩეული, ინდივიდუალური, რაც მოსწონდა მაყურებელს. მისი ეს ისტორიებიც ასეთივე საინტერესო აღმოჩნდა.
საოცნებო როლი
„ახალგაზრდობისას სოხუმის თეატრის სცენაზე ლენინი განვასახიერე. უმთავრესი, რამაც ამ როლში მომხიბლა, სწორედ გრიმი იყო. მოგეხსენებათ, იმ დროს ბელადის სახეს შემთხვევით ადამიანებს არ ანდობდნენ. მხატვარი თუ მსახიობი, რომელიც ამ სახის წარმოჩენას დაისახავდა მიზნად, ნამდვილი პროფესიონალი უნდა ყოფილიყო. მსახიობისთვის კი, ყველაფერთან ერთად, გარკვეული გარეგნული მონაცმეები და დიდოსტატური გრიმიც იყო საჭირო. ამ როლზე ჩემი კანდიდატურა, არც მეტი, არც ნაკლები, კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა. მე კი ძალზე გამიტაცა გმირის სახასიათო შტრიხების ძიებამ. ერთხელ, შემთხვევით დავიხურე გიორგი საღარაძისეული ბელადის ქუდი და ვნახე, რომ ჩემზე სტალინის გრიმის გაკეთებაც შეიძლებოდა. შემდგომში მართლაც შევასრულე სტალინის როლი „მოსფილმის“ ერთ-ერთ სურათში... ისტორიული პირების, პოლიტიკური მოღვაწეების განსახიერება იოლი სამუშაო როდია, მაგრამ, ალბათ, ყველა მსახიობი ოცნებობს, მაყურებელს საკუთარი თვალთახედვით შექმნილი სახე წარმოუჩინოს სახელგანთქმული პიროვნებისა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ამეკვიატა ფიქრი, შემექმნა ბერიას სახე. სოციალისტური წყობა დაშლის პირას იყო, როცა ჩავთვალე, რომ უკვე შესაძლებელი იყო, ეკრანიდან სიმართლე თქმულიყო ამ პიროვნების შესახებ. ჩემი სურვილი ბატონ ედუარდ შევარდნაძეს გააცნო ბატონმა სერგო ბერიამ, მან კი, ურჩია, ცოტაც მოგვეცადა, სანამ არქივები გაიხსნებოდა, რომ შემდგომ ეს ჩანაფიქრი უფრო სანტერესო ფორმით განხოცრიელებულიყო. ეს რჩევა, რასაკვირველია, ყურად ვიღეთ, მაგრამ არც თავად შემიწყვეტია ინფორმაციის მოძიება ამ პიროვნების შესახებ. მისი ადამიანური ბუნების მრავალი ნიუანსი სწორედ მისი ვაჟის, ბატონი სერგოს წყალობით გახდა ჩემთვის ცნობილი. ლავრენტი ბერიას შესახებ მხატვრული ფილის პროექტი რამდენიმე წელია, მზად მაქვს. ამ როლის შესრულება ოცნებად მექცა. ისე არ წავალ ამ ქევყნიდან, რომ ეს ოცნება არ განვახორციელო. არ იფიქროთ, რომ ამ საქმეში თანადგომა არ მქონდა. ჩვენი დროის კატაკლიზმებმა არ მომცა ჩანაფიქრის რეალიზაციის საშუალება. რამდენიმე წლის წინ სპონსორები იმდენ თანხას მპირდებოდნენ, რომ სცენარის, მოსამზადებელი სამუშაოებისა და გადაღებების ხარჯებს დაფარავდა. სამეგრელოს თითოეული რაიონის გამგებელი თავისი რაიონის სახელით მილიონ მანეთს იძლეოდა ამ პროექტისათვის. მაგრამ, ალბათ, მკითხველი თავადაც მიხვდება, რომ ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმას ფულის საყოველთაო ინფლაციამ შეუშალა ხელი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. დღესდღეობით დავრწმუნდი, რომ ამ როლის თამაშს მხოლოდ საკუთარი ინტერპრეტაციის თანახმად შევძლებ.
13 გოგო
ღამის პირველი საათია. იმ დროს საერთოდ ვერ წარმომედგინა თუ ოდესმე ცირკში მომიწევდა მუშაობა. რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. ზარია. გავაღე. კართან ჩემი მეგობარი დგას, ლანა. მეუბნება, გოგონები მახლავს და სტუმრად უნდა მიგვიღოო. რამდენი ხართ-მეთქი, დავინტერესდი. ჩემიანად ცამეტიო. ღამის პირველ საათზე 13 გოგო სტუმრად ხუმრობა საქმე ხომ არ არის? გავხალისდი. მობრძანდით-მეთქი, შემოვიპატიჟე. ლანამ უცებ გასძახა – „პრაშუ“ და... რაღაც კოშმარი მეგონა ხდებოდა ჩემს თავს – ლილიპუტების შემოფრთხიალება ჩემს სახლში. პალტოები რომ გაიხადეს, ხულ დავიბენი, ისეთი შესახედავნი იყვნენ „დეკოლტე“ კაბებში. ვფიქრობ, რა ვქნა, სულ ერთი ბოთლი კონიაკი მაქვს, არ მეყოფა. დავურეკე ჩემს მეგობარს, კუკური მეფარიძეს, სხვებს ვერ დავასახელებ, თანამდებობის პირები არიან. ვეუბნევი, კუკური, მიშველე! 13 გოგო მყავს სტუმრად სახლში და თან, ერთი ლუკმა საჭმელიც არა მაქვს-მეთქი. დიდხანს არ მიჯერებდა, მაგრამ ბოლოს საფლავები რომ დავიფიცე, მგონი, მენდო. თხუთმეტ წუთში ჩემს კარზე ვიღაც ფეხით აბრახუნებს. გამიკვრდა, ვიფიქრე, ეს რაღა უნდა იყოს-მეთქი. ვაღებ კარს და ვხედავ – კუკური. დატვირთულია, ორივე ხელში პარკები უჭირავს, სასმელ-სანოვაგით სავსე, ზარის ღილაკს როგორღა მისწვდებოდა. შემოვიდა ოთახში – ოთახი ცარიელია. სიმწრისგან ერთი კი ამოიკვნესა, ეს რა მიქენიო და, უცებ... დავძახე „ჰოპ!“ და გამოფრინდნენ ოთახის სხვადასხვა კუთხეში მიმალული ლილიპუტები. არ მეგონა, კუკურის გული თუ არ გაუსკდებოდა... ცხონებულ ეროსის სულ აინტერესებდა იმ ღამის დეტალები. „თქვი შე ოხერო, ბოლო-ბოლო რა მოხდაო?!“ რა მოხდა და, ძალიან დავმეგობრდით მე და ლილიპუტები. მთელი თვე, სანამ გასტროლებზე იყვნენ, თავისუფალ დროს სულ ჩემსკენ „მოფრინავდნენ“. მეც ჩავსხამდი ცამეტივეს მანქანაში და დავასეირნებდი (მე შენ გეტყვი, ვერ დაეტეოდნენ თუ რა?). ერთხელაც, რუსთაველის თეატრში მოინდომეს წამოსვლა. რას ვიზამდი, მივედი ადმინისტრატორთან და ვეუბნები: სტუმრები მყავს დღეს სპექტაკლზე და ბილეთები უნდა მომცეთ. რამდენი არიან? რამდენი და ცამეტი. სულ ხუმრობის ხასიათზე უნდა იყოო – მეუბნება. 13 ბილეთი „ხანუმაზე“ წარმოდგენის დღეს, აბა, საიდან უნდა მქონდესო. რამდენი შეგიძლია-მეთქი. ოთხი ბილეთია პირველ რიგში შენახული. თუ არ მოვიდა 10 წუთში პატრონი, შეგიძლია, წაიღოო. 15 წუთში გაჭედილ დარბაზში შევუძეხი ჩემს გოგონებს. ამ ოთხ სავარძელში ისე კოხტად მოთავსდნენ, ზოგი სახელურებზე, ზოგიც სავარძელში, რომ ჩემთვისაც დარჩა ადგილი, მაგრამ სტუმრებს როგორ შევაწუხებდი. მთელი დარბაზი ხომ ამათ უყურებდა, მაგრამ არც სცენიდან გამორჩენიათ ეს იშვიათი სტუმრები და აი, ეროსი იძახის: „ორი უღელი კამბეჩები რომ მოვლალევი, ისეთი პატარები იყვნენ, ისეთები რომააა... აი, როგორიცა ჩვენი სტუმრები არიან.“ დაწყდა სიცილით ხალხი.
მოსკოვში „პრიმერკაზე“
თბილისში ჩამოვიდა „მოსფილმის“ გადამღები ჯგუფი ობიექტებისა და მსახიობების შესარჩევად.. მიბარებენ კინოსტუდიაში. რეჟისორს, რომელიც იღებს ფილმს ‘’Центровои из поднебесья’’ ისააკ სემიონიჩ მაგირტონს შენთან შეხვედრა უნდაო. შევხვდით. შემომთავაზა მთავარი როლი, კალათბურთელია ნაკრების მწვრთნელი, თანაც, მოთამაშე. ჩემს დღეში კალათბურთი არ მითამაშია-მეთქი, ვეუბნები. „არ არის საჭირო. კალათში ხომ გისვრია ისე, ბურთი. გადამწყვეტი ბურთი უნდა ჩააგდო. თუ ვერ ჩააგდებ, მაგასაც არა უშავს, ჩვენ ჩავაგდებთ მონტაჟით“, – მამშვიდებს რეჟისორი. სასინჯი გადაღებები მოსკოვშია, ცსკ-ს სპორტულ დარბაზში. ჩავედი თუ არა მოსკოვში, შემიყვანეს გადამღები ჯგუფის კაბინეტში. ვხედავ, მაგიდაზე ალბომი დევს და აწერია: Пробниые фото актеров.
Самсон Грозняк. სწორედ ასე ჰქვია გმირს, რომლის სინჯებზეც ვარ მიწვეული. გადავშალე და რას ვხედავ: ალბომში ჩაკრულია რამდენიმე ფოტო საოცარი მსახიობების, ლეონიდ ბრონევოისა (თუ გახსოვთ შესანიშნავად თამაშობს მიულერის როლს „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“). ერიჰა! ვფურცლავ და ვხედავ; ჩემი უსაყვარლესი მსახიობი, ესტრადისა და კინოს ბრწყინვალე არტისტი ოდესელი კარცევი. სხვა ფოტოებს აღარც კი ვაქცევ ყურდაღებას. ცოტა ხანში შემოდის რეჟისორიც. მე პირდაპირ ვუხდი დიდ მადლობას, რომ მომიწვია როლზე და ვთხოვ, ამიღონ ბილეთი და დამაბრუნონ თბილისში. რატომ? რა მოხდა? – მეკითხება ის. „როგორ თუ რა მოხდა? ვნახე ალბომი. ამ მსახიობებთან შედარებით მე ვინ ვარ? როგორ უნდა გავუწიო მათ კონკურენცია?“ რეჟისორი მპასუხობს: „თქვენ უკვე გაუწიეთ მათ კონკურენცია. იმიტომაც ხართ გამოძახებული. მე და ჩემს კოლეგებს ნანახი გვაქვს თქვენი ფილმები და ამიტომ მოგიწვიეთ. ახლა, ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო. ჩავიდეთ გარდერობში და კოსტიუმი მოირგეთ. ხვალ დილიდანვე გვექნება სასინჯი გადაღებები“. მე ვპასუხობ: „სინჯებისთვის კოსტუმები მე თვითონ შევარჩიე“. ამოვალაგე ჩანთიდან კეპი, მაისური, ტრუსები, სპორტული პიჟამა, ბოტასები, სასტვენიც კი. მე ხომ ვიცოდი, რა სცენაშიც უნდა გადვეღეთ და სპორტული კოსტიუმიც ამის მიხედვით შეარჩიე ჩემს საკუთარ გარდერობში. რეჟისორს ეს ძალიან მოეწონა. ტექსტიც მოვირგე, რეპეტიციაც გავიარეთ და მოვემზადე სინჯებისათვის. სასინჯი გადაღებების შემდეგ, მეორე დღეს საღამოთივე გამაცილეს აეროპორტში და მითხრეს, შედეგს შეგატყობინებთო. გამოვინდი თბილისში და დამეწყო განცდები: დამამტკიცებდნენ თუ არ დამამტკიცებდნენ. თანაც, ამ დროს ჩვენთან მზადდება ახალი სპექტაკლი – „კავკასიური ცარცის წერ“. მიმდინარეობს რეპეტიციები. ჩემთვის განაწილებულია გრუშეს ქმრის როლი – კასრში უნდა ვიბანაო. ვფიქრობ, „შერეკილებშიც“ კასრში ვბანაობდი. არ მეყოფა კასრში ჯდომა? თანაც, არც პიესა მომწონს მაინცდამაინც. თუ იმ როლზე დამამტკიცეს, ექვსი თვე მაინც ვიქნებოდი გადაღებებზე, ორი თვე – მოსკოვში, ორი თვე – ვილნიუსში. თეატრზე უარი უნდა ვთქვა. რა ვიცოდი, თუ რაზე ვამბობდი უარს და რაზე ვოცნებობდი. „კავკასიურ ცარცის წრეში“ მსოფლიოს შემოვლა და აღიარება მელოდა, ამ ფილმში კი?.. თუმცა, რა ვიცი, ხომ შეიძლებოდა პირიქითაც მომხდარიყო? მოკლედ, თურმე, ბედი განაგებს ყველაფერს. ამ ბედის ნებით კი მომივიდა დეპეშა: „Вы утверждены на моно-роль в к/к „Центровой из поднебесья”.
Сообшитеб когда можете приехать и числа занятости в театре». აქეთ სიხარული, იქეთ – ხვეწნა და უსიამოვნება დირექციასთან, კამათი სერგო ზაქარიაძესთან, ჩვენი თეატრის დირექტორთან და ჰა, როგორც იქნა, დავძვერი „ცარცის წრიდან“. გავქანდი მოსკოვში, გავაფორმე ხელშეკრულება. ავიღე კოსტიუმების ზომები და მითხრეს, ერთ კვირაში ისევ უნდა ჩამოფრინდე მოსაზომადო. დავბრუნდი თბილისში, ვთამაშობ სპექტაკლებში და მომდის დეპეშა: „გთხოვთ, ერთი დღით ჩამოფრინდით კოსტიუმების „პრიმერკაზე“. ჩავფრინდი მოსკოვში, დამხვდა მანქანა, მივედი სტუდიაში, მოვიზომე კოსტიუმები, დაველაპარაკე რეჟისორს, ვისადილეთ ბუფეტში, მომცეს წინასწარ აღებული ბილეთი და წამოვედი ვნუკოვის აეროპორტში. ვკითხე, როდის დაიწყება რეგისტრაცია-მეთქი. მეუბნებიან, ერთ საათშიო. მთავაზობენ, თუ გნებავთ, ახლა მიფრინავს რეისის გარეშე თვითმფრინავი და იმას გაჰყევითო. რატომაც არ მინდა-მეთქი. გავიარე რეგისტრაცია და მივედი მფრინავთან. ცოტა ხალხია, გამიკვირდა და ვკითხე გაცილებელს – რატომაა ასე ცოტა ხალხი-მეთქი. იმიტომ, რომ ეს თვითმფრინავი რეისის გარეშეა, თქვენი ცკ-ს პირველი მდივანი მიფრინავსო. ძალიან გამიხარდა. ავედი თვითმფრინავში. ხელში არანაირი ბარგი არ მიჭირავს. სტიუარდესა მიყურებს გაოცებული და მეუბნება: მიბრძანდით სხვა სალონშიო. პირველი სალონი სულ ცარიელია. მივხვდი რატომაც მისტუმრებს და არც მე ვიბნევი – მე ამ სალონში მირჩევნია-მეთქი. ის იმწუთასვე მეთანხმება – კი, კი, გასაგებიაო. ვიღაცა ვგონივარ, იქნებ დაცვა, ზუსტად არ ვიცი. დინჯად დავჯექი მეოთხე რიგში. ჩემ წინ სავარძლის საზურგე გადავწიე, რომ კარგად გამოვჩნდე და ველოდები, როდის ამოვა ბატონი ედუარდი. ყველაფერი მიწყნარდა. გამოვიდნენ პილოტები, სტიუარდესებიც გამწკრივდნენ და შემოვიდა ბატონი ედუარდი მეუღლესთან, ქალბატონ ნანულისთან ერთად. ყველანი მიესალმნენ თბილად. შემოვიდნენ სალონში. მეც, რა თქმა უნდა, წამოვდექი ფეხზე და მივესალმე. „გამარჯობა ბორის!“ – მითხრა ბატონმა ედუარდმა... „ბორის, საით მიდიხარ?“ – მე არ ვიცი, როგორ, მაგრამ მახსოვს, რომ მყისვე ვუპასუხე: თბილისამდე არსად ჩერდება ეს თვითმფრინავი-მეთქი და ორივემ გულიანად გადაიხარხარა. უცებ მოტრიალდა და მეუბნება: მოდი, ჩვენთან დაჯექიო. მეც ეს მინდოდა და უმალ მათ წინ აღმოვჩნდი, მაგიდის მეორე მხარეს. მივიკითხ-მოვიკითხიეთ ერთმანეთი და შევიტყვე, რომ ბატონი ედუარდი მოდის უნგრეთიდან, სადაც, თურმე, საბჭოთა დელეგაციას მეთაურობდა. ახლა მეკითხება ბატონი ედუარდი – რა ხდება, რა ამბებია მოსკოვშიო. – არაფერი ვიცი აქაურობის, მე ამ დილით ჩამოვფრინდი თბილისიდან. – რა იყო ასეთი სასწრაფო, რაზე ჩამოფრინდი? რამე ცუდი ამბავი ხომ... – არა, ბატონო ედუარდ! ყველაფრი კარგი. კოსტიუმებს ვიკერავ აქ და ერთ ტყავის ქურთუკსაც, „პრიმერკაზე“ ჩამოვფრინდი. – მერე? – ამ „მერეში“ იმხელა აზრი იდო, გამაჟრჟოლა. მაგრამ უკან აღარ ვიხევ: მერე, მერე, რა, იცით? (ცოტა ენაც მებმევა). მერე ის, რომ ამ ნაჭრის კოსტუმებს არა უშავს, კარგი გამოდის, მაგრამ ტყავის ქურთუკით არ ვარ კმაყოფილი. ქალბატონი ნანულის შემოხედვა ვიგრძენი და ვხვდები, რასაც მეუბნება – რასაა, რომ ლაპარაკობ, შე უბედუროო. არადა, ეს ის დროა, საშინელი ბრძოლაა გამოცხადებული ნეგატიურობის წინააღმდეგ და აგერ არ ვზივარ სუფთა „ნეგატივი“?.. – არ ხარ კმაყოფილი? – ჩაილაპარაკა ბატონმა ედუარდმა, – მერე, რას აპირებ? – მე რა უნდა ვქნა, კოსტიუმების მხატვარმა იმტვრიოს თავი...
და, ბატონმა ედუარდმა იმისთანა გადაიხარხარა, სწორედ ისეთი უშუალობით, როგორც თქვენც არაერთხელ გინახავთ ტელეკრანზე და როგორითაც მას იცნობს მთელი მსოფლიო. ქალბატონმა ნანულიმაც შვებით ამოისუნთქა და შემოუერთდა ჩვენს მხიარულ განწყობილებას. რა ფილმია და ვინ იღებსო, – მკითხა ბატონმა ედუარდმა. მე, სხაპასხუპით ვუპასუხე ყველაფერი, ამბობს, ვიცი, ვიცი, გაზეთში წავიკითხეო. მართლაც იყო პატარა წერილი ჩემი ფოტოთი... მეკითხება, რამდენს გიხდიან ამ როლშიო. ამ დროს ჩემთვის ჩავიფიქრე რაღაც და ამ ჩანაფიქრის გამო გავზარდე ჰონორარი. ორი ათას ორასის ნაცვლად ვთქვი სამასი ათას შვიდასი მანეთი. „შერეკილებში“ რამდენი აიღეო. აქაც გავზარდე თანხა. თან, მიხარია, რომ ჩემი ფილმები თითქმის ყველა უნახავს და ახსოვს. ვზრდი და ვზრდი ჰონორარებს და იმდენი გამოვიდა, რომ უნებურად ლოგიკური კითხვაც დამისვა: კი მაგრამ, რას უშვები ამდენ ფულს, რას უპირებო. – მანქანისთვის ვაგროვებ, ბატონო ედუარდ. „ვოლგა“ მინდა ვიყიდო. „ვოლგა“ – ეს არის ჩემი ოცნება. – ამ თანხით ორი „ვოლგა“ მოგივა. – რას ამბობთ, ბატონო ედუარდ. მაღაზიაში კი მომივა, მაგრამ ვინ მაძლევს? უკვე, მეხუთე წელია გივი ჯავახიშვილს თეატრის წერილი უდევს, მაგრამ არ მაძლევს და მაგიტომ ხელზე უნდა ვიყიდო ისევ, სხვა გზა არ მაქვს! ქალბატონი ნანული შევიდა ჩემს მდგომარეობაში და ეუბნება: – ედუარდ, ბორისს ნამდვილად ეკუთვნის მანქანა. ფული ალალი შრომით აქვს ნაშოვნი. მე სახე გამებადრა, თავი ჩავღუნე და მესმის ბატონი ედუარდის ხმა: – იცი. მე შემიძლია მოგცე... პაუზა. – რა, ბატონო ედუარდ? – შემიძლია მოგცე, აი, ეს კანფეტი. – აიღო კანფეტი და მომაწოდა. არ დავიბენი და გამოვართვი – ამას, თქვენგან სახსოვრად შევინახავ-მეთქი. გავმხიარულდით და, რომ ჩავრთე იქითური-აქეთური, თეატრისა და კინოს ამბები, არ გავჩერებულვარ, სანამ თვითმფრინავი არ გაჩერდა. გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. თვითმფრნავის ტრაპთან მთავრობის წევრები ელოდნენ. გადის დრო, მიღებენ ახალ ფილში. „ნატვრის ხე“, რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან. ვართ წნორში. სწორედ, იმ დღეს მორჩა გადაღებებს ქალბატონი სესილია თაყაიშვილი. იმ დღეს გადაიღო ის უკვდავი, საფინალო კადრები – ტალახში რომ ზის გაუბედურებული. მორჩა ყველაფერი და უცებ მეძახის ჩემი საყვარელი სესილია: მოდი აქ, შე, შეჩვენებულო. როგორი იყო? მითხარი სიმართლე! სასწაული იყო! – ვეუბნები გულახდილად. წამოვედით თბილისში. გვიან ჩამოვედით. დილით ვრეკავ მშობლებთან. მამა მსაყვედურობს: „სადა ხარ კაცო? ან დაიბარე სად იქნები რომ მოგაგნოს კაცმა. ოთხი დღეა, გეძებს მამია მეგრელიშვილი (მაშინ, ბატონი მამია რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი იყო) – სასწრაფოდ მოვიდეს ჩემთანო. „რა, უნდა ხომ არ იცი?“. „არ ვიცი, რა უნდა. მიდი ახლავე!“ მეც მივედი. მდივანმა იმ წუთში შემიშვა და მივიღე საყვედურები: „სად ხარ? ოთხი დღეა, გეძებ! მივიღეთ მანქანები. დგას მაღაზიაში, შემჭამა ხალხმა. თუ კაცი ხარ, დღესვე გაიყვანე!“ - „რა მანქანა?“ – გაოცებული ვეკითხები. „ვითომ არ იცი, რა. რომ შევუტანე 45 კაცის სია, პირველს შენ გაგიკეთა „პლუსი“, მერე ნონა გაფრნდაშვილს, სოფიკო ჭიაურელს, დოდო აბაშიძეს, მეხუთე – ერთ აკადემიკოსს“. გავგიჟდი სიხარულისგან. იმ დღესვე გამოვიყვანე მანქანა. იმ დღესვე მივედი ავტოინსპექციაში გოგი ცინცაძესთან. მომცა გადანახული ნომრები: 55-55. მოვედი სახლში. ჩემი მეგობარი და მეზობელი მეკითხება: რა, ხუთოსანი იყავი სკოლაში თუ რა ნიშნით მოგცეს ეს ნომრებიო. გამახსენდა, რომ მართლაცდა, მაშინ ფეხბურთელებს სათამაშო მაისურის მიხედვით ჰქონდათ მანქანის ნომრები: მაგალითად, მიშა მესხს – 11-11 და ასე სხვებსაც. გამახსენდა, რომ ნონა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი იყო და ეს ნომრები მას უფრო მიესადაგებოდა. მივედი ისევე ბატონ გოგისთან და ვეუბნები: ბატონო გოგი! მე და ნონამ ერთად მივიღეთ მანქანები. ხვალ, ალბათ, ისიც მობრძანდება, იმას მიეცით ეს ხუთიანები, მას უფრო ეკუთვნის-მეთქი. კარგი ბიჭი ხარ შენ და ამიტომაც შენც კარგ ნომრებს მოგცემო – მიპასუხა. ვერ გავიგე, ჩავეძიე და ამიხსნა. ოთხიანებს მოგცემო. გამახსენდა, რომ 4 კარგს ნიშნავდა და დიდი მადლობა გადავუხადე. მას მერე სულ ოთხიანებზე ვარ გამეცადინებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან