საზოგადოება

რატომ შემოხაზა ცარცით ის ადგილი ქეთევან მაღალაშვილმა, სადაც მასთან ნატურად გალაკტიონი იყო

№1

ავტორი: ეკა პატარაია 22:00 11.01

გალაკტიონი
დაკოპირებულია

„… ეძიე კარგი და გამტანი ხალხი, რომ შეჰქმნა რაიმე დიადი! ო, ჩემო დღიურო, ბევრი რამ, ბევრი რამ კარგი უნდა აღნუსხო შენ, რომ წლის დამლევს გადავხედო ჩემს გზას ისეთი სიამაყით, როგორითაც მთავარსარდალი გადახედავს გამარჯვებული ბრძოლის ველს. დიდებული იქნება ეს წელიწადი, გალაკტიონ!..“ დღიური, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, რეალურია და ის გალაკტიონს ეკუთვნის. 

 



1 იანვარი (1939 წელი)
ახალი წელი დღევანდელ გაზეთებში იხსნება ჩემი ლექსებით („ვეჩერნი თბილისი“, „მუშა“, „ახ. კომუნისტი“, „ფიზკულტურელი“). ეს უსათუოდ გამარჯვებაა. ყველაზე ლამაზად პირველ გვერდზე „ვეჩ. ტბ.“-სი ათავსებს ჩემს ლექსს. „ახ. კომუნისტს“ ამშვენებს ფაქსიმილე. „მუშა“-ში, მართალია, პირველად და პირველ გვერდზეა, მაგრამ შესამჩნევი ხდება მტრის იდუმალი, მავნებლური ხელი, რომელიც არასწორად ალაგებდა ჩემს სტრიქონებს, ამახინჯებდა სახელს. „კომუნისტი“ ასაღებია, ისე როგორც „„Заря Востока“. საღამოთი კალესთან ყველა სტუმარი პატივისცემით მიხსენიებდენ. ერთმა მათგანმა სთქვა: წავიკითხეთ გალაკტიონის ლექსი „მუშა“-ში, ერთი შეხედვით უბრალო რამ გეგონებაო, მაგრამ დააკვირდები და გაოცდები აზრის სიღრმითო. კინოოპერატორი, რომელმაც გუშინ გადამიღო და დღეს კალესთან იყო სტუმრად, ამბობდა, რომ ის ბედნიერია იმით, რომ მას წილად ხვდა, გადაეღო ჩემი სურათი. ელიზბარ პოლუმორდვინოვი იგონებდა ჩემს პირველ წიგნს, რომელიც თურმე მან ერთ მოჯამაგირეს აჩუქა 1914 წელს. კალე მაიაკოვსკიზე მაღლა მაყენებდა. იყო მარიამ გარიყული, რომელმაც გაიმეორა სტრიქონები ჩემი წიგნიდან. აგრეთვე, სტუდენტი ლენინგრადელი, რომელმაც მშვენიერი სიტყვა სთქვა. ტელეფონით დამირეკა ქეთო ჭირაქაძემ, ეს ესაა, ეხლა მე და ჩემი მეგობრები ვკითხულობთ თქვენს ლექსსო. კრიტ. კალანდაძემ სთქვა: გალაკტიონმა პოეტური კვანტი გამოუდო კრიტიკოსებს საიუბილეო საღამოზე. მან წაიკითხა ლექსები, რომელიც მათ არ მოსწონთ, საზოგადოება კი აღტაცებულია. ხშირად გაისმოდა ლექსების სახელწოდებები: „მერი“, „მესაფლავე“, „ლურჯა ცხენები“ და სხვა. გიორგი ქუჩიშვილი გავაოცე, რომ ღვინოს არ ვსვამდი. საღამოთი კინოში ვიყავი: ერთ-ერთ ახალგაზრდასთან მივედი პაპიროსზე მოსაკიდებლად და, ერთი მეორეს ასწრებდენ ასანთის გაკვრას, „ინებეთ, ბატონო გალაკტიონო!“ ასე: როდესაც სტამბაში მივედი და ახალგაზრდას ვთხოვე „ახალგ. კომუნისტი“, მან აღტაცებით სთქვა: „რა მშვენიერი ლექსებია! თქვენ ბრძანდებით გალაკტიონი?“ შევამჩნიე დიდი სიმპატია ჩემდამი. ასე იყო კალესთანაც, სადაც ყველა დამსწრე აუწერელი სიყვარულით მიცქეროდა. კოწია წივწივაძემ გამაოცა თავისი მეგობრული დამოკიდებულებით ჩემდამი. ახალი წელი! მან გაანათა ჩემი ბინა. რეზიუმე დღევანდელი დღის: გამარჯვება გაზეთებში, გამარჯვება საზოგადოებაში. ასეთი იყო ახალი წელი. საზოგადოდ ეს წელი ჩემის ტრიუმფით იწყება. ის უნდა გაფართოვდეს, გაღრმავდეს! უნდა მახსოვდეს, რომ მტერი არ მოისვენებს, მაგრამ მე ჩემი გზა მაქვს. გაბრწყინდი, სიხარულით აენთე, ჩემო წელიწადო! მაგრძნობინე უმაღლესი ბედნიერება! მაგრძნობინე მრავალზე უმრავლესი გამარჯვებები. მაგრძნობინე, რომ ბევრი რამ გამიკეთებია და უფრო მეტს ვაკეთებ. შეჰქმენი რაიმე დიადი, ჩემო წელიწადო! ეძიე კარგი და გამტანი ხალხი, რომ შეჰქმნა რაიმე დიადი! ო, ჩემო დღიურო, ბევრი რამ, ბევრი რამ კარგი უნდა აღნუსხო შენ, რომ წლის დამლევს გადავხედო ჩემს გზას ისეთი სიამაყით, როგორითაც მთავარსარდალი გადახედავს გამარჯვებული ბრძოლის ველს. დიდებული იქნება ეს წელიწადი, გალაკტიონ!
2 იანვარი
… კონსერვატორიის ვესტიბიულში მომესმა ქალის ხმა:
– გალაკტიონ! გალაკტიონ!
მოვიხედე. ელიკო!
– აღარსად აღარ გაგიშვებ. ეხლავე ჩემთან უნდა წამოხვიდე, ქეთო მაღალაშვილს შენი პორტრეტის დახატვა უნდა რამდენი ხანია. ისე ჩამჭიდა ხელი, რომ პალტოს ჩაცმა ძლივს მოვასწარი. უარი ვინ გათქმევინა, პირდაპირ გამაქანა ბარნოვის ქუჩისაკენ. გზაში იგი მიყვებოდა სხვადასხვა ამბავს პოეტებზე, მწერლებზე, ქეთო მაღალაშვილზე, რომელსაც აღტაცებით ახასიათებდა. ქეთო ეხლა ცალკე ცხოვრობს. აქვს საკუთარი ატელიე. მე გამაოცა ამ ქალის არაჩვეულებრივმა არტისტიულმა გემოვნებამ. მისი პორტრეტები ყველა მშვენიერია, რომანტიული, ლამაზი… მე დავიჭირე ხანგრძლივი და რაღაც არაჩვეულებრივი თვალის გასწორება; ქეთო უცქეროდა ელიკოს ისე, რომ მე დავფიქრდი, რას ნიშნავდა ეს? მე ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ ელიკოს ვუყვარვარ. მან ამოიღო ჩემი ლექსების დიდი წიგნი და მაგიდაზე დასდო (აკი გზაში მეუბნებოდა, რომ ქეთოს გავჟღენთ შენი პოეზიით, რომ პორტრეტი დახატოს ისეთი... ისეთი... ელიკოს მე ვუყვარვარ... და ვუყვარდი ჯერ კიდევ ოცი წლის წინად!.. აჰა! გამახსენდა! ქეთომ და ელიკომ რომ მითხრეს, რომ მშვენიერი ღვინო ჩამოუვიდათ. სუფრაზე გამოტანა რომ უნდოდათ და მე უარი ვთქვი. ლიკიორზედაც უარი ვთქვი! არ მინდა ღვინო!… სიმონ წვერავა აწყობს ჩემს დიდ საღამოს მასწავლებელთა კლუბში. იწვევს მომხსენებლად კ. კაპანელს… მეტი არაფერი ღირსშესანიშნავი დღეს ჩემთვის არა მომხდარა რა.
რეზიუმე: 1. ეწყობა კონსერვატორიაში საღამო (აღებულია დარბაზი. შედგენილია პროგრამა, არის მომწყობი ორგანიზაცია). 2. ქეთო მაღალაშვილი იწყებს პორტრეტის ხატვას. 3. მასწავლებელთა სახლში განზრახულია ჩემი საღამოს მოწყობა. 4. საზოგადოებრივი აზრი ჩემი გუშინდელი ლექსების შესახებ დადებითია.
3 იანვარი
დიდი, უზარმაზარი შავი თვალები. თვითონაც შავი – შავი თმა, შავი აბრეშუმის ტანსაცმელი. ასეთია ქეთო მაღალაშვილი. მთელ მის იერს უაღრესი კეთილშობილება ახასიათებს, ძველებურ ქართველ ქალსა ჰგავს ეს მაღალი, დინჯი, დარბაისელი შუახნის ქალი – მშვენიერ შთაბეჭდილებას ახდენს. საუბრობს პარიზზე (როდესაც იქ წავიდა, ენა არ იცოდა. მასთან ერთად იყვენ ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე). საუბრობს ჩვენს საერთო ნაცნობებზე, ზოგზე – ირონიით, ზოგზე – სერიოზულად… როდესაც არ ლაპარაკობს და გულდასმით განაგრძობს ხატვას (დღეს დაიწყო ჩემი პორტრეტის ხატვა), რაღაცაზედ ჩუმად ამოიოხრებს ხოლმე. რაზედ? ვინ იცის!.. ანდრია ბალანჩივაძესთან საღამოთი ვიყავი ბინაზე. გამაცნო ცოლი, რომელმაც გამოალაგა ტორტი, საცივი, ღვინო. უხერხული კი იყო, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი. ისინი სახტად დარჩენ. ანდრიუშამ მირჩია, მიმითითა კომპოზიტორთა კავშირზე, რომელსაც ერთადერთს შეუძლია, საღამოსთვის რაიმე დადებითი გააკეთოს ყოველმხრივ. მირჩია, აგრეთვე, სრულებით ამომეღო საღამოის ვოკალური ნაწილი, ვინაიდან არ არსებობს ჩემს სიტყვებზე მუსიკა. მაშ ასე: სკრიპკა, ვიოლონჩელი, როიალი, დეკლამაცია და სხვა. ძლიერ მომეწონა. თუ ეს ხვალ განვახორციელე, მეტი არა მინდა-რა. შემდეგ საპარიკმახერო. თეატრალურ მუზეუმში ხმის ჩასაწერად… 12 საათზე მოვედი სახლში დაღალული… აი ყველაფერი, თავი და ბოლო დღევანდელი დღის. ყოველივე ეს ცოტაა, მხოლოდ საქმის დასაწყისია. უმთავრესი ამბები წინ არის! რომ შეჰქმნა რაიმე დიადი, ენერგიული მუშაობაა საჭირო.
4 იანვარი
– აი, მე ცარცით შემოვხაზავ ადგილს, სადაც თქვენ ხართ, ცარცითვე წიგნს, რომელიც მაგიდაზე დევს გაშლილი. ეს იმისთვის, რომ გახსოვდეთ, არ შეიცვალოთ ადგილი, სხვანაირად არ შეიძლება. გათავდა, შემოხაზულია.
განაგრძობს ჩემი პორტრეტის ხატვას. „თქვენ იმიტომ უყვარხართ ყველას, – დაიწყო ქეთომ ჩემ შესახებ და როგორ დაამთავრა, არ ვიცი. არ ვიცი, აგრეთვე, თუ რასა ხატავს. ჯერჯერობით აკრძალული მაქვს შევხედო, დავინახო, თუ რასა ხატავს. მწერალთა კლუბში მერი მიქელაძემ აღელვებით მიამბო: „შეიძლება, გეწყინოსთ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ ინციდენტი, რომელიც მომხდარა რკინისგზის შკოლაში. გამოსულა მასწავლებელი მშვენიერაძე და დაუმუშავებიხართ. რა ორგანიზაციაა მწერალთა კავშირიო, რომ კაცმა ლენინის ორდენი დაჰკარგა და იუბილეის უხდიანო. ვერავინ ვერაფერი უთხრა, ვინაიდან ეს სრულიად მოულოდნელი იყო ყველასათვისო“. მერი გაოცებით ამბობდა: ნუ თუ იქ არ იცოდენ, რომ იუბილე ცენტრალური კომიტეტის დასტურით მოეწყოვო? ეხლავე უნდა წავიდე და მდივანს ვუთხრა, რომ ეს აღმაშფოთებელი ამბავიაო. პოლიკარპე კაკაბაძე ამბობდა: უსათუოდ უნდა უთხრა, გალაკტიონზე კი მშვენიერაძეების ასეთი გამოსვლა გავლენას არ იქონიებსო. მე განვაცხადე, რომ ამ ინციდენტის გახმაურება არა ჰღირს, რომ თავისთავად ცხადია – აქ პროვოკატორია, გამოსვლაც პროვოკაციულია-მეთქი. მართლაც, ვინ არის ეს მშვენიერაძე, რამ აიძულა ბავშვების წინ ამნაირი განცხადებით გამოსვლა? აი, ახალი მტერიც გაჩნდა. პროვოკატორი. ვინ გამოიყვანა იგი? ვინ უმაგრებდა ზურგს? ეეჰ, ასეთია ქვეყნად საბრალო პოეტის ცხოვრება.
5 იანვარი
ისეთი ნისლიანი დილა, როგორიც დღეს იყო, ტფილისში მე მეორე არ მახსოვს: გამვლელს მხოლოდ ერთი მეტრის მანძილზე თუ დაინახავდი. ამ ნისლში, ვერის ხიდზე წამიკითხა ჩემი ლექსის ახალი თარგმანი ბოგდანოვსკიმ. ეს მედგარი ლექსია, სახელად ჰქვია „გამბედაობა“. ნათარგმნია მშვენივრად. ნისლში ის ისმოდა უფრო ცოცხლად, გაბედულად, საიერიშო სიმღერად… ჩვენი მონნა-ლიზა (ქეთო მაღალაშვილი) ხატვას განაგრძობს: „თუ თავი და სახე კარგად არ დავაყენეთ, ორივენი დავიღუპებითო!“ მაგრამ არაფერსაც არ დავიღუპებით. წინათგრძნობა მეუბნება, რომ პორტრეტი კარგი გამოვა.
– იყო ერთი გურული სტუდენტი, სახელად ტოგო, – განაგრძობს ქეთო, – მას თავდავიწყებით უყვარდა თქვენი ლექსები. სადაც არ უნდა ყოფილიყო სტუმრად, ქალაქში თუ სოფლად, პირზე თქვენი ლექსები ეკერა… ძალიან უყვარს ყველას „მესაფლავე“. მე გამახსენდა, რომ პირველად როდესაც „მესაფლავე“ დაიბეჭდა (მგონი, 1912 წ.), სახელად ერქვა: Requiescat in pace. დაბეჭდვისთანავე იგი პოპულიარულ ლექსად გადაიქცა. ქეთოს მოვუყევი ლექსის – „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“-ს ისტორია. იგი პაპიროსის კოლოფზე დავსწერე წყალტუბოში, შემდეგ არ მომეწონა, დავხიე და გადავყარე. რომელიღაც ქალს ამ ლექსის ნაგლეჯები ერთმანეთისათვის შეეწებებინა და ეხლა პოპულიარული ლექსია. აგრეთვე, საღამოზე მწერალთა სასახლეში: სულ მეძახოდენ: წაგვიკითხეთ „მერი“, „მესაფლავე“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“ და სხვა. მოვუყევი ქეთოს აკაკი წერეთელთან შეხვედრის ისტორია ერთ სალიტერატურო საღამოზე 1912 წელს. როდესაც ლექსის კითხვა დავამთავრე, აკაკიმ მითხრა: თქვენ უთუოდ რაჭველი უნდა იყოთ. დასავლეთ საქართველოში და ქართლ-კახეთში გაბმით ლაპარაკობენ. თქვენი ლექსის კითხვაც ძირითადათ ქართულია, ეროვნული საფუძველი აქვსო. ქეთო ძალიან დააინტერესა ამ ამბავმა…
6 იანვარი
... საღამოთი ვიყავი ფილარმონიაში კომიტასის სახელობის კვარტეტზე. კომპოზიტორი კომიტასი იყო არხიმანდრიტი (მერე რა, რომ ბერი იყო, საბა-სულხან ორბელიანიც ხომ ბერი იყო). იგი ჰკრებდა ფოლკლორს და შემდეგ ჰარმონიზაციას უკეთებდა, როგორც სასულიერო, ისე საერო მოტივებს. თვითონაც მღეროდა, რადგან მშვენიერი ხმა ჰქონდა. კომიტასი რუსეთ-იაპონიის ომამდე აქ იყო, შემდეგ საზღვარგარედ წავიდა და იქ გარდაიცვალა. 1933 წელს დიდის ამბით ჩამოასვენეს მისი ურნა ამერიკიდან. აქ კი შესდგა მისი სახელობის კვარტეტი, რომლის მონაწილენი თითქმის ყველა კონსერვატორია-დამთავრებულია…
7 იანვარი
მწერალთა სასახლეში ყინვაა. მხოლოდ ერთ ოთახში გუგუნებს ბუხარი. მას გარს უსხედან მწერლები (უარყოფილია ანდაზა: „ბუხარი და ორი კაცი, თუ მესამეც მოემატა“). საუბარია მუსიკაზე… საუბარი გადატანილ იქნა რუსებზე, რომ დაადებენ თავს და მიდიან. ერთი ოჯახი აიყარა თურმე და ხაბაროვსკში ჩავიდა. იქ სამუშაო არ მოეწონათ. დაადვეს თავი კავკასიისკენ. ბაქოში გაქურდეს. ჩამოვიდენ თბილისში. ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი და მოსამსახურედ ავიყვანე. ეხლა მთელი ოჯახი მოწყობილია, და აღარც აპირებენ წასვლას ტფილისიდან – გურია სავსეა რუსებით, – ამბობს ვარდოშვილი, – მალე გაგურულებული რიჟა რუსებით აივსება იქაურობაო… მეორე ბუხართან საუბარი იყო ჯეკ ლონდონზე, დრაიზერზე...
8 იანვარი
…გალაკტიონი უკრაინაში რომ იყოს, სულ ხელის გულზე ატარებენო, – სთქვა საქფილგეთის დირეკტორმა (გალაკტიონი! დღეს მთავლიტმა ჩემს აფიშაში ანბანი „კ“ „ქ“-დ გადააკეთა. რა მთავლიტის საქმეა სახელის გამოცვლა?). ლიტფონდში ჩემს 3.000 მანეთს მთლიანად არ იძლევიან. ნაწილ-ნაწილად და ისიც – როდესაც გვექნებაო. ამ ხალხის იმედი არა მაქვს… საქფილგეთი რაღაც წამგლეჯელის შთაბეჭდილებას ახდენს! მას მიაქვს საღამოს შემოსავლიდან – 30% და კიდევ უამრავი ბილეთები.
გრიშაშვილმა მდაბლად დამიკრა თავი (ნიშანი იმისა, რომ...).
9 იანვარი
მთელი დღე აფიშას მოვუნდი. ოსტატებმა ამოსჭრეს ხეზე ჩემი სახელი და გვარი, და აფიშაზე ისე მიდის: ცისფერი, ლურჯი და წითელი ანბანებით. ნიმუშად მე გამოვიყენე სტილი ჩემი საპაპიროსესი – და ყდა Encicloedie France. მაინც არასგზით არ მოხერხდა სტილის შენახვა: ოსტატმა წაქცეული ანბანები დახატა (მეც აღარ შევედავე), მაშინ, როდესაც ანბანები აკადემიურად სწორი უნდა ყოფილიყო. ეგ არაფერია. აფიშაში მაინც არის ორიგინალობა, სიახლე, გაზაფხულის მსგავსი ფერები… მთავლიტმა როდესაც აფიშას დახედა, სთქვა:
– რატომ „გალაკტიონი“ და არა „გალაქტიონი“?
– იმიტომ, რომ ბავშობიდანვე ეგრე ვაწერ ხელს. ყველა ჩემი წიგნების ავტორია: გალაკტიონ ტაბიძე… სულ რამდენიმე დღეა, რაც დანიშნული ვარო, – სთქვა მთავლიტის რწმუნებულმა, - საქმეში კარგად ვერ ვერკვევი. დროებით ვარ, სხვის ადგილასო.
კარგია სიფხიზლე. მე კი ცოტა აკლდა მანქანამ არ გამიტანა ქუჩაში, მიშა ლობჯანიძეს რომ დროზე არ შევეჩერებინე. – გაგიგონია, პოეტო, ასე დაუფიქრებლად ქუჩაზედ სიარულიო. და ჩემს საიუბილეო საღამოზე ჩამოაგდო ლაპარაკი: „ძალიან მორცხვად ჰკითხულობდი ლექსებს“. მე ვუთხარი, რომ საზოგადოდ მორცხვი ვარ მართლა…
10 იანვარი
და დილით უკვე აკრავდენ აფიშებს, რომელსაც ხალხი ეხვეოდა. პოკო მურღულიამ სთქვა: თუ ხვალ გეგმა მექნა, ზეგისთვის თეატრიც სადღესასწაულოდ მოწყობილი მექნებაო. ლევან ასათიანი აგონებს მწერლებს გამოსვლის შესახებ. ჩაჩავაც ალბად მუშაობს. ბილეთებიც მზადაა და ნაწილი გაყიდულია. გ. ქუჩიშვილი, კალე ბობოხიძე გამოდიან. აფიშებს ხალხი ეხვევა, იქვე დგას ნარი და სერიოზულად ჰკითხულობს. დაინტერესდა პროფკავშირების მდივანი (ძალიან კარგი კაცია, აგრეთვე ნაცნობი მუშა, რომელიც პროფკავშირების პარტკომის მდივანს რაღაცას უჩურჩულებდა ჩემს შესახებ და ისიც სერიოზულად უსმენდა. სტამბაშიც კორეკტორი ქალი – დიდის ინტერესით ესაუბრება მეგობარ ქალს (ვგრძნობ ჩემზე). გზაზე რომ შემხვდა მხატვარი კოპლატაძე, მთელი ოჯახით მოვდივარო, ამბობდა, აგრეთვე გრ. საქარიქედელი. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მწერალთა კავშირს არ ემჩნევა არავითარი დაინტერესება…
12 იანვარი
ჩატარდა! გენიალურად!
14 იანვარი
დაიწყო რაღაც საშინელება: მე ჩავკეტე სახლის კარები. ო, მართლაც საშინელება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი: 18-24 იანვარი