რატომ გამოაცხადეს ალექსანდრე ზაქარიაძე „პოლონეთის დამცველ უკანასკნელ რაინდად“ და რით იყო მისი ცხოვრება გამორჩეული
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00
ალექსანდრე ზაქარიაძე 1884 წელს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ქვედა სიმონეთში, საშუალო შეძლების მქონე თავისუფალი საეკლესიო გლეხის ოჯახში. მამა – ყარამან მაქსიმეს ძე ზაქარიაძე, დედა – ბარბალე ნიკოლოზის ასული ბასილაძე.
ალექსანდრე ზაქარიაძემ 1900 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. შევიდა თბილისის ოფიცერთა სკოლაში, რომელიც იუნკერის წოდებით დაამთავრა და ერთი წლით 79-ე ქვეით რაზმში გაანაწილეს. სამხედრო ნათლობა რუსეთ-იაპონიის ომში მიიღო, იბრძოდა 147-ე, სამარის პოლკში. 1905 წლის 25 თებერვალს თავში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია. გამოჩენილი თავდადებისათვის დააჯილდოვეს წმიდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით.
1905 წლის ოქტომბერში ალექსანდრე ზაქარიაძე პეტერბურგში მიავლინეს ახალწვეულთა აღსაზრდელად, თუმცა ცოტა ხანში თბილისში გადმოიყვანეს კურინსკის 79-ე პოლკში. მალე კი პორუჩიკის წოდებაზე წარადგინეს.
1909 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე ჩაირიცხა პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო აკადემიაში, რომელიც შტაბსკაპიტნის ჩინით დაამთავრა. 1909 წელსვე დაქორწინდა იტალიური წარმოშობის თბილისელ მარია ლონგოზე, რომელთანაც ორი ვაჟი ვალერიანე და გიორგი (იური) შეეძინა.
1914 წლიდან ალექსანდრე ზაქარიაძე კაპიტანია და კავკასიაში მე-3 კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებს. ის პირველი მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე იყო. 1915 წელს, ზანოსცას რაიონში ბრძოლისას, მხარში დაიჭრა. 1915 წლის ბოლოს პოლკოვნიკის წოდება მიიღო. 1917 წლის იანვრიდან ლიტვაშია, ჯერ როგორც ლიტვის მე-2 მსროლელთა ბრიგადის შტაბის უფროსი, მერე – ლიტვის ზენიგალსკის მე-5 რაზმის დროებითი ხელმძღვანელი და ლიტვის შტაბის უფროსის მოადგილე. 1917 წელს რიგის როდენპოისკულის რაიონში წარმატებული ბრძოლებისთვის წმიდა გიორგის მე-4 ხარისხის, დაფნით შემკული ორდენი გადაეცა.
1917 წელს, რიგაში სამსახურის დროს, ალექსანდრე ზაქარიაძემ თბილისიდან დეპეშა მიიღო საქართველოში დაბრუნების წინადადებით. 22 ნოემბერს ის უკვე თბილისში იყო. დაინიშნა ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიის შტაბის უფროსად. 1918 წელს ის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს – არის ქართული კორპუსის შტაბის უფროსი, საველე არმიის შტაბის უფროსი, სანაინის ფრონტის ხელმძღვანელი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე.
1919 წლის აგვისტოს ალექსანდრე ზაქარიაძე დაინიშნა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსად, მიანიჭეს ქართული არმიის გენერლის წოდება.
1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ალექსანდრე ზაქარიაძე ეროვნულ მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად სტამბოლში იყო. 1922 წელს კი პოლინეთის მთავრობისა და მარშალ პილსუდსკის ინიციატივით გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, დაახლოებით, სამას ქართველ სამხედრო ემიგრანტთან ერთად, პოლონეთში მიიწვიეს. იქ ჩასულმა გენერალმა პოლონური შეისწავლა. 1923 წელს იგი პოლონეთის არმიაში ბრიგადის გენერლად მიიღეს. 1927 წელს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, ალექსანდრე ზაქარიაძეს დივიზიის გენერლობა მიანიჭეს.
1939 წლის სექტემბერში პოლონეთში შეჭრილი გერმანიის არმიის სარდლობამ ალექსანდრე ზაქარიაძე „პოლონეთის დამცველ უკანასკნელ რაინდად“ გამოაცხადა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945-1948 წლებში ალექსანდრე ზაქარიაძე იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისელების საოკუპაციო ზონაში, ყოფილ სამხედრო ტყვეთა ბანაკებში – „ვილაბადესენსა“ და „პეკელსჰაიმში“. საბოლოოდ დასახლდა საფრანგეთში, ქართველთა მამულში – ლევილში. იყო პარიზის ქართული სათვისტომოს წევრი. გარდაიცვალა 1957 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
ალექსანდრე ზაქარიძემ დატოვა მოგონებები „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 1917-1921 წწ“, რომელიც იაშვიათი და ძვირფასი პირველწყაროა აღნიშნული პერიოდის შესასწავლად.
გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია; გოგიტიძე, მ. (მამუკა). სამხედრო ფიცის ერთგულნი: [ქართველი გენერლები]: (ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. ქართველები უცხოეთში; ვადაჭკორია შოთა. ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან კავკასიის გათავისუფლების შესახებ;.nplg.gov.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





