საზოგადოება

რატომ გახდა მამის წინაშე დადებული ფიცი უფლისწულ ალექსანდრესთვის საბედისწერო

№32

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 19.08

ალექსანდრე გრუზინსკი
დაკოპირებულია

1724 წელს ქართლში შექმნილმა კრიტიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა კრიზისმა სამეფო ოჯახის წევრები – ვახტანგ მეექვსე და მისი ძე ბაქარ პირველი აიძულა, მშობლიური მიწა დაეტოვებინათ. ისინი ოჯახებითა და მრავალრიცხოვანი მხლებლებითურთ რუსეთის იმპერიაში გადაიხვეწნენ. ამ მონარქებისა და მათი ძმების მომავალი თაობები რუსეთში თავად გრუზინსკების გვარით გახდნენ ცნობილნი.

ახალ სამშობლოში დასახლების შემდეგ ბაქარი იმპერიის სამხედრო სამსახურში ჩადგა. ერთგული მოღვაწეობისთვის მას არტილერიის გენერალ-პორუჩიკის წოდება მიენიჭა და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – წმიდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი გადაეცა. ბაქარმა ცოლად შეირთო ანა, რომელიც არაგვის ერისთავის, გიორგის ასული იყო. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა: ორი ვაჟი – ალექსანდრე და ლევანი და სამი ქალიშვილი – ელისაბედი, მარიამი და კიდევ ერთი ასული, რომლის სახელი ისტორიამ არ შემოინახა.

1750 წლის 1 თებერვალს ბაქარ პირველი რუსეთში აღესრულა. სიკვდილის წინ მან თავის უფროს ვაჟსა და მემკვიდრეს, ალექსანდრეს, საზეიმო პირობა ჩამოართვა, რომ მამაპაპისეულ გვირგვინსა და სამეფო საყდარს დაიბრუნებდა. ამ აღთქმის ერთგულებამ უფლისწულის მომავალი სრულიად შეცვალა და ტრაგიკულად წარმართა.

ალექსანდრე ბაქარის ძე გვარდიის ოფიცრად მსახურობდა. იგი ბაგრატიონთა დინასტიიდან ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც კავშირი რუსულ არისტოკრატიასთან ქორწინებით დაამყარა – მან ცოლად შეირთო თავადის ასული დარია მენშიკოვა. დარია გენერალ ალექსანდრე მენშიკოვის შვილი და პეტრე პირველის უახლოესი თანამებრძოლის, გენერალსიმუსისა და სენატორის, ალექსანდრე დანიელის ძე მენშიკოვის შვილიშვილი იყო.

უფლისწულ ალექსანდრეს დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა რუსეთის უმაღლეს წრეებში. ისტორიკოს თედო ჟორდანიას გადმოცემით, ალექსანდრე ბატონიშვილი ძალაუფლებისა და აღიარების მოყვარული კაცი იყო, რომელიც აქტიურად მეგობრობდა გავლენიან ფიგურებთან. პეტრე მესამის მმართველობისას მან საიმპერატორო კარზე სერიოზულ პოზიციებს მიაღწია, პირადად დაუახლოვდა მონარქს, ხშირად ატარებდა მასთან დროს და გარდაცვალებამდე მის გვერდით რჩებოდა. ბუნებით ფიცხი და ენერგიული უფლისწული იზმაილის პოლკის გვარდიაში მსახურობდა, სადაც 1762 წლისთვის კაპიტნის ჩინი და სოლიდური ანაზღაურება ჰქონდა, რასაც მამისგან მემკვიდრეობით მიღებული დიდძალი უძრავი ქონებაც ემატებოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და სპარსეთს შორის დადებული რეშტისა და განჯის ხელშეკრულებების თანახმად, ვახტანგ მეექვსის შტო ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ მიიჩნეოდა. ამის გამო რუსეთის მმართველი კლასისგან პატივდებული ალექსანდრე საკუთარ თავს ქართლის გვირგვინის ერთადერთ ლეგიტიმურ მფლობელად თვლიდა, რისი სამართლებრივი საფუძველიც რეალურად ჰქონდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ის ფარულად გეგმავდა სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხა – როგორც ჩანს, საიმპერატორო კარი ტახტის მაძიებელ ბატონიშვილს საქართველოში წასვლის ნებას გარკვეულ დრომდე არ რთავდა.

1765 წელს უფლისწული ალექსანდრე მოზდოკში ჩავიდა, მაგრამ ქვეყნის საზღვრებში შემოღწევა ვერ შეძლო. სავარაუდოდ, მისი ბიძის – პაატა ვახტანგის ძე ბაგრატიონის შეთქმულების ლიკვიდაციისა და მისი ორგანიზატორების დასჯის შემდეგ, ქართლ-კახეთში ახალი ამბოხისთვის ხელსაყრელი ნიადაგი აღარ არსებობდა.

ამის გამო ბატონიშვილი იძულებული გახდა, თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყანაში ეძია, საიდანაც ერეკლე მეორის დასამხობად მოკავშირეებს ეძებდა. თავდაპირველად იგი ირანის მმართველ ქერიმ-ხან ზენდთან იმყოფებოდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერებს მიაშურა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრეს ბებია (მამის დედა), დედოფალი რუსუდანი, ყაბარდოს მთავრის ასული იყო, რის გამოც იგი კავკასიელი მთიელების სამხედრო ძალის გამოყენებასაც აპირებდა ქართლის ტახტისთვის ბრძოლაში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალექსანდრე ბაქარის ძეს აქტიურად უჭერდა მხარს იმერეთის მეფე სოლომონ პირველი, რომელსაც ძალიან აშფოთებდა ქართლ-კახეთის მონარქის დიპლომატიური დაახლოება ოსმალეთის სულთანთან. სოლომონის გარშემო თავი მოიყარეს ერეკლეს პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებულებმა და ალექსანდრეს ირგვლივ გაერთიანდნენ. 1779 წელს, როდესაც ერეკლე მეორე ერევანზე სალაშქროდ იყო წასული, ალექსანდრემ ქართლის თავადაზნაურობას აჯანყებისკენ მოუწოდა. თუმცა, ლაშქრობიდან მალევე დაბრუნებულმა ერეკლემ მკაცრი ზომები მიიღო და ეს შეიარაღებული გამოსვლაც მარცხით დასრულდა. საქართველოდან იძულებით წასულმა ალექსანდრემ ამჯერად დერბენტის მფლობელს – ფათ-ალი-ხან იბნ ჰუსეინს შეაფარა თავი, რომელთან ერთადაც ერეკლეს საწინააღმდეგოდ დიდი არმია შეკრიბა.

შექმნილ ვითარებაში ერეკლე მეორის წინაშე ქართლის დაკარგვის რეალური საფრთხე გაჩნდა. ამიტომ, ქართლ-კახეთის მეფემ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შესვლის მთავარ პირობად დააყენა, რომ საიმპერატორო კარს უარი ეთქვა მისი ძირითადი მეტოქის – ალექსანდრე ბაქარის ძის მხარდაჭერაზე. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე, ერეკლეს მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთის ხელისუფლებამ დერბენტის ხანს მოსთხოვა თავდასხმისთვის გამზადებული ჯარის დაშლა და მის კედლებში მყოფი პრეტენდენტის გადაცემა. ძვირფასი საჩუქრებით მოსყიდულმა ფათ-ალი-ხანმა ალექსანდრე აიძულა, რუსეთში დაბრუნებულიყო, რის შემდეგაც ბატონიშვილი გზაშივე დააპატიმრეს.

ალექსანდრე ბაქარის ძე სმოლენსკში გადაასახლეს. შინაპატიმრობაში მყოფ უფლისწულს ყოველგვარი მიმოწერა აუკრძალეს და მას მუდმივად მეთვალყურეობდა მთავრობის მიერ მიჩენილი ოფიცერი. იმედგაცრუებული ბატონიშვილი, რომლის მრავალწლიანი მცდელობები სამეფო გვირგვინის მოსაპოვებლად უშედეგოდ დასრულდა, 65 წლის ასაკში, სმოლენსკშივე გარდაიცვალა.

გამოყენებული მასალების წყარო: ჯავახიშვილი დავითი. //ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები; ხელთუფლიშვილი მიხეილ. საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში; wikipedia.org; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი