რამდენი პროფესია გამოიცვალა შალვა გაწერელიამ და რატომ ეჭვიანობდნენ მასზე მსახიობები
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00
რა სიმწარე არ აგემა ცხოვრებამ, მაგრამ ვერ წაართვა უნარი, გახარებოდა, როგორც უხარიათ მხოლოდ ბავშვებს! მას აღიარებდნენ, მაგრამ არ იღებდნენ…
შალვა გაწერელია ნამდვილად დააკლდა ქართულ თეატრალურ სამყაროს, სრულიად საქართველოს. ეს მისი ძალიან საინტერესო გულწრფელი მონოლოგია, რაზეც ადამიანები ასე ღიად არ საუბრობენ. „გულწრფელად გეტყვით, თეატრალურმა წრემ არ მიმიღო… არ გიღებენ, იმიტომ რომ თავიანთ წრეში, რომელიც მათ შექმნეს, აღარ უნდათ არავინ. უბრალოდ, „ავიწყდებით“. კი ქმნი, მაგრამ ავიწყდებით… მახსოვს, დაასახელეს ახალგაზრდა რეჟისორები. მე არ მახსენეს. არადა, უკვე მნიშვნელოვანი სპექტაკლები მქონდა დადგმული. გამორჩით, მერე რა მოხდაო… მოსკოვში გამოვიდნენ მოხესნებით, ჩვენთან თეატრები შეიქმნაო და მოაზრდ მაყურებელთა თეატრი არ ახსენეს, არადა, მოზარდ მაყურებელთა თეატრი ზენიტშია – „ქამუშაძეც“ დადგმულია, „რღვევაც“, „ჩვენებურებიც“, „ირინეს ბედნიერებაც“ დადგმულია და აღიარებულია შედევრად და თეატრი გამორჩათ, რა მოხდაო. მერე იმ მომხსენებელმა თავი იმართლა, დრო არ მქონდა მაგდენიო. მაგრამ ახსენებს ისეთებს, რომელიც მისიანია. თავისი „ლუბიმჩიკები“ ჰყავთ და შენთვის არ სცალიათ. „კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მოიცა ერთი წუთი“ – მე ამას ვგრძნობდი სულ…“ ამბობდა გაწერელია, რომელიც თეატრიდან ორ ლეგენდას, უბრალოდ, აღმერთებდა: „ვასაძესთან მუშაობამ მომცა ის, რომ ძალიან ფრთხილი უნდა იყო, თორემ მოგატყუებენ. არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ფანტასტიკურად მოვიხიბლე მისით. ხორავასთან კი მაშინ მქონდა პირველი შეხვედრა, ვგრძნობდი, რომ დიდ კაცთან მაქვს საქმე, მეშინოდა სიტყვის თქმისაც კი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გასაგებად ვიტყოდიო...“ რა საინტერესოა, ხომ? მოდი, მივყვეთ კითხვას ბოლომდე.
სასცენო ნათლობა
„ჩემს ცხოვრებაში იყო სამი პერიოდი: როდესაც მე „მონტიორი“ ვიყავი, მეორე პერიოდი – როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ცოტას აჭარბებენ, ახლა წავიკითხე მერაბ გეგიას წერილი – გაწერელიას ეპოქაო. ეპოქა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდი ამ თეატრის აღორძინება იყო, კურდღელისა და სტაფილოს თეატრი გახდა უფრო საინტერესო თეატრი ბავშვისთვისაც და დიდისთვისაც. მესამე პერიოდია ინსტიტუტში ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა. ამ სამ პერიოდს განვიხილავ ყოველთვის და დანარჩენი, ჩემი ცხოვრების სხვა დეტალები, რაღაც უმნიშვნელო მგონია და არც თუ საინტერესო“.
სასცენო ნათლობა სკოლაში შედგა – ჯაშუშის შვილს ასახიერებდა, შვილს, რომელსაც უნდა მოეკლა ჯაშუში მამა. „რეპეტიციები პირდაპირ ბისზე მიდიოდა, ისეთი წარმატებით „ვკლავდი“ მამას, მაგრამ სპექტაკლზე… ავიღე პისტოლეტი და უცებ ვიყვირე, ვერ მოვკლავ მამას-მეთქი, პისტოლეტი ტირილით დავახეთქე და გავიქეცი. ჩაიშალა სპექტაკლი. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ არ დამსაჯეს, რაღაც შენიშვნები იქნებოდა, მაგრამ ჩაფარცხეს, ჩათვალეს, რომ ამას პოლიტიკური კი არა, ფსიქოლოგიური მიზეზი ჰქონდა. ცხადია ასეც იყო, მაგრამ საერთოდ ვგრძნობდი, რომ ვიღაცა რაღაცას მაიძულებდა, რომ მეკეთებინა.“ შალვას კიდევ ერთხელ დაადანაშაულებენ სპექტაკლის ჩაშლაში, ამჯერად 13 წლის თემიკო ჩირგაძე. 1941 წლის ივნისი დგას, ეზოში სპექტაკლს ამზადებენ. სცენის გასაკეთებლად ტახტები დასჭირდებათ, 10 წლის შალვა თავს გამოიდებს, მე მოვიტანო, ბებიის იერიშებსაც მოიგერიებს, ტახტს წაიღებს და ამ ტახტით მოხვდება „სასტავში“. გაკეთდება სცენა, საღამოს სპექტაკლია, მაგრამ გავარდება ხმა „ომი დაიწყო“. სპექტაკლის ორგანიზატორები ბავშვებს ტახტებს უკან გაატანენ, სპექტაკლი აღარ იქნებაო, მაგრამ გამოჩნდება ერთი პერსონაჟი, რომელიც იხსნის არა სამყაროს, არამედ სპექტაკლს. „ჩვენს ეზოში პროკურორი ცხოვრობდა და იმან თქვა, სპექტაკლის ჩაშლა ცუდად ჩაითვლება, იფიქრებენ, შევშინდით და მოდი, ჩემს შუშაბანდში ითამაშეთ, პანიკა არაა საჭიროო. არადა, რა პანიკა არაა საჭირო, დაიქცა ქვეყანა და ჩვენ კი მის შუშაბანდში აკაკი წერეთლის „კინტოს“ ვთამაშობდით. მე ფარდა ჩამაბარეს. კინტოს თემო ჩირგაძე თამაშობდა, პირველი სცენური კონფლიქტი სწორედ თემიკოსთან მომივიდა. ფარდა ცუდად იყო გაკეთებული და გაწყდა… მომვარდა თემო ჩირგაძე, შენი ბრალაიო. მე ცრემლები მომაწვა, რა ჩემი ბრალია, გაწყდა-მეთქი. თემიკო მართლაც ძალიან კარგი იყო, ვუყურებდი და ვკვდებოდი სიცილით, შეიძლება, ჩემი ბრალიცაა, თოკი რომ გაწყდა… მერეც ხშირად ვთამაშობდით ეზოში…“.
გაცრეცილი მოგონებები
ომმა კიდევ უფრო დაამძიმა მომავალი რეჟისორის ბავშვობა. ჩაბნელებული, პირქუში თბილისი, ტალონები და გაუთავებელი რიგები პურზე, ნავთზე. „ქვებს ვალაგებდით, ვნომრავდით… ნავთი რომ არ იყო ფინიკს გვირიგებდნენ ნავთის მაგიერ… ირგვლივ უბედურება ტრიალებდა, მე ახლაც ვიგონებ იმ სამას გრამ პურს, რომელსაც დედაჩემი სამად ყოფდა, ჩემთვის, ჩემი დისთვის და თავისთვის… დედა, ცხადია, თავისთვის ცოტას იტოვებდა და მეტს მე მაძლევდა… გვიჭირდა, მაგრამ ბევრი სიკეთეც მახსოვს, უფრო ჩანდნენ კეთილი ადამიანები, მათი საქციელები. მახსოვს, ჩვენი მეზობლები, ას გრამ ყველს რომ აიღებდნენ, 20-30 გრამს აუცილებლად ჩვენ გვიტოვებდნენ, მოკლედ, უცნაური პერიოდი იყო, მაგრამ არ გავბოროტებულვართ, როგორც დღესაა ხალხი გაბოროტებული. ამაზე უარესად გვიჭირდა, მაგრამ სულ გვეგონა, რომ იმ არამზადების ბრალია და რომ აღარ იქნებიან, ჩვენ გადავრჩებით. ახლა კი ეგ აღარ მგონია, მე მგონია, რომ ჩვენივე ბრალია. ჩვენივე ბრალია და ეს მაბოროტებს. ძალიან უღიმღამო ხალხი ვართ.“
ბავშვობის ბევრი მოგონება დრომ გაცრიცა, გააფერმკრთალა, დავიწყებას მიეცა ბევრი რამ, მაგრამ არ ავიწყდებათ ისინი, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა. „ებრაელი კაცი იყო, აჯიაშვილი, ღმერთმა აცხონოს, სამუშაო მოგვცა, აბრეშუმის სამკუთხედ ნაჭრებზე ყვავილებს ვხატავდით, ვაბარებდით და ეს კაცი ფულს გვიხდიდა. დედაჩემი ხატავდა, მეც ვეხმარებოდი, მერე მედიკოს (მედეა ჩახავა და შალვა გაწერელია ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ) დედაც ჩავრთეთ ამ საქმეში. მედეას ოჯახსაც უჭირდა, მამამისი ექიმი იყო და ფრონტზე გაიწვიეს. მერე ჩვენ თვითონ ვიყიდეთ ნაჭერი, ვხატავდით, ეს „კასინკები“ ბაზარშიც გამიტანია და გამიყიდია.“
ბევრი ადამიანის სიკეთე ახსოვს, მაგრამ სკოლის დამთავრება მაინც ვერ შესძლო, შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ სკოლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო. თეატრალურ წრეებში დღემდეა შემორჩენილი მითი, რომ შალვა გაწერელიამ ახალგაზრდობაში ქუჩის ცხოვრება ჰქონდა, „კაი ბიჭი“ იყო. „ქუჩაში ვიყავი იმიტომ რომ სახლი არ მქონდა, სარდაფში ვცხოვრობდით, თორემ ქუჩაში რა მინდოდა? მთელი ცხოვრება ის მინდოდა, რომ წიგნი მეკითხა, მაგრამ ბევრი რამ მიშლიდა ხელს. 14 წლისამ დავიწყე მუშაობა. ვმუშაობდი მღებავად – „კუბიკებს“ ვღებავდი, ელექტრომანტიორად ვმუშაობდი დიდხანს, მეშვიდე თანრიგიც კი მივიღე, შახტებშიც ვმუშაობდი – ვალეში, „მეორე ბისს“ ვაშენდბდით, თურქეთის ძირში ვიყავით შესული. რუსეთშიც ვიყავი წასული სამუშაოდ, მატარებელზეც ვიყავი. არ დარჩენილა პროფესია, მე რომ არ მიცდია. გულწრფელად გეტყვით, არასოდეს არ მომიპარავს, არც უმიზეზოდ ხელი არავისთვის გამირტყამს და არც ჩემთვის გაურტყამთ. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი, სამართლიანი ვყოფილიყავი. ვცდილობდი. რამდენად გამომდიოდა, არ ვიცი. იმით ვამაყობ, რომ ვერავინ მეტყვის, რაღაც მოვპარე ან წავართვი. თუმც ეშინოდათ, ეგონათ რაკი მიჭირდა, ყველაფერზე წავიდოდი. ზოგ ნათესავსაც ეგონა ასე. ვერც გაამტყუნებ, 7 კლასი დავამთავრე და ხან სად ვიყავი, ხან სად, რაღაც ეჭვები ჩნდებოდა. ჩვენ ხომ სულ ეჭვებით ვცხოვრობთ და არა ფაქტებით.“
თეატრალური ცხოვრება
„მყავდა ძალიან კარგი მეგობრები, ჩემზე კარგ მეგობრებს ნურავინ დაიკვეხნის, მათ მაიძულეს, რომ სკოლა ექსტერნად დამემთავრებინა. მართლაც ჩავაბარე, ექსტერნად 11 კლასი დავამთავრე და აღმოვჩნდი თეატრალურ ინსტიტუტში. რატომ? არ ვიცი… მოკლედ, ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და მას შემდეგ დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრება“.
შალვა გაწერელია 21 წლის იყო, სარეჟისორო ფაკულტეტზე რომ ჩაირიცხა. „ეს ის პერიოდია, როცა უცებ ქართული თეატრის ჰორიზონტზე გაჩდნენ ისეთი რეჟისორები, როგორიც იყო მიშა თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი და გიგა ლორთქიფანიძე, მათმა მოსვლამ რაღაც სხვა მუხტი შემოიტანა თეატრალურ სამყაროში. მივხვდი, რომ ახალი ტალღა მოვიდა, რომელმაც თეატრი რაღაც სხვანაირი უნდა გახადოს, თუმც არ ვიცი – როგორი? ვერც იმას გეტყვით, რომ არ მომწონდა ის თეატრი, როგორიც მაშინ იყო. პირიქით, გულმხურვალე მაყურებელი ვიყავი, მომწონდა ის სპექტაკლები, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ახალი იყო საჭირო. სულ ველოდი, რომ რაღაც სხვა მოხდებოდა და მეჩვენებოდა, რომ ამ სამის სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. ინსტიტუტში რომ გაივლიდნენ, სულ ვუყურებდი, სულ მაინტერესებდნენ. ლილი და მიშა ჩემი პედაგოგები გახდნენ, გიგას სტუდენტი არ ვყოფილვარ, მაგრამ გამორჩეული დამოკიდებულება ყოველთვის მქონდა. მიმაჩნია, რომ თუმანიშვილის მოწაფე ვარ, თუმცა, ოფიციალურად სულ ნახევარი წელიწადი მასწავლიდა, მაგრამ სულ იყო… თავად მისი პიროვნება აღძრავდა ინტერესს, თორემ მისი სპექტაკლები მეტწილად არ მომწონდა. კი, ბევრი სპექტაკლი შედევრი მგონია, თუნდაც „ესპანელი მღვდელი“.
მიშა თუმანიშვილმა ერთი აქტის დადგმა მიანდო საკუთარ სპექტაკლში – „საით მიდიან წლები“. შემდეგ იყო დამოუკიდებელი ნამუშევარი – „სიზიფე და სიკვდილი“. „განხილვაზე გარკვეული ხმაური გამოიწვია, წითელი სკამები რატომ არისო. ცოტა შარიანი ხალხი იყო. რა ვიცი, წითელი საღებავი მქონდა და შევღებე-მეთქი, მეც თავხედურად ვუპასუხე…
მე სადაც ვიყავი კაიფი მქონდა და მაყურებელიც კაიფობდა. მე ბედნიერი ვიყავი, მე არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ეს, იქ რომ ვყოფილიყავი, რუსთაველში, არ ვიცი. არა, მაგას არ ვდარდობ, შეიძლება, ყოფილიყო და მე მაშინ სხვანაირი ვიქნებოდი.
ერთ დაუჯერებელ ამბავს მოგიყვებით, როცა სამხატვრო ხელმძღვანელად მნიშნავდნენ, პირობა წავაყენე – ახალგაზრდულ თეატრს თუ გამახსენევინებთ დაგთანხდებით-მეთქი. მაშინ მოზარდი დღევანდელი პანტომიმის თეატრის შენობაში იყო. დაიწყეს კიდეც ახალი თეატრის მშენებლობა, აი, ანდროპოვის ყურებს ქვემოთ, ახლა რომ სახინკლეა. იქ ქუჩა არ იყო და იქ აშენდა სამსართულიანი შენობა, 200-კაციანი დარბაზი, გადავყევით განათებას. უკვე რეპეტიციებს ვატარებდით იქ და ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადეს, აქ გზა უნდა გაიჭრას და ეს შენობა უნდა დაინგრესო. გავგიჟდი, დაუმთავრებელი თეატრი დაანგრიეს. პანტომიმის თეატრს მე გადავეცი ეგ შენობა, რადგან აღარ გვჭირდებოდა. იძულებული გავხდით ისევ იმ ძველ შენობაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. გადმოგვცეს ძველი კინოსტუდიის შენობა, მაგრამ კაკო დვალიშვილმა თქვა, ჩვენ სად გვიშენებთ სამაგიეროსო? ჩაიშალა ეგ ამბავი, მერე ოფიცერთა სახლი მოგვცეს, იქ ავტომატიანი ხალხი დაგვხვდა… მაინცდამაინც არც ჩვენ გვაწყობდა, მეგონა, აგვიშენებდნენ ახალს… ახალი კი არა, პანტომიმის შენობიდანაც გამოგვყარეს. „ირინეს ბედნიერების“ პრემიერა უნდა გვქონოდა, ცეკადან რომ დარეკეს, სასწრაფოდ დაცალეთ შენობაო. პრემიერის თამაში მაინც გვაცადეთ-მეთქი. არ გვაცადეს, ისე გამოგვრეკეს. მას შემდეგ რკინიგზელთა სახლში ვმართავდით სპექტაკლებს. ეგრე რომ არ წასულიყო საქმე, სულ სხვანაირად განვითრდებოდა თეატრიც, მოვლენებიც. იქნებოდა ახალგაზრდული თეატრი.
მიშა თუმანიშვილზე გეტყვით. მიშა თუმანიშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა. იქამდე, რომ… მიშამ წამიყვანა ტელესტუდიაში. გადავიღე „ბაკულას ღორები“. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ტელესპექტაკლი იყო, ძალიან საინტერესო. წაშალეს და ზუსტად ეს „ბაკულას ღორები“ მერე თეატრში გააკეთეს. ლაპარაკად არ ღირს, მაგრამ ჰკითხეთ თამაზ გოდერძიშვილს. ჩვენ ერთად გავაკეთეთ სცენარი, მერე გაუკეთა მიშას და ჰკითხეთ, თუ გინდათ, სიტყვა სიტყვით ის არის. თეატრს წარმატება მოუტანა ამ სპექტაკლმა, პირველად რომ მე გავაკეთე, დაიკარგა. ღმერთმა შეარგოთ წარმატება, მაგრამ ჩემი რატომ წაშალეს?
თუმანიშვილთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა მქონდა, რომ მაგის სპექტაკლებზე აღარც მივდიოდი, არც ის მოდიოდა. ერთადერთი, „ოსტროვსკი“ რომ დავდგი, მაშინ მოვიდა. ისე ვხვდებოდით, მეგობრული ლაპარაკი... მაგრამ, რაღაც გატყდა. მე მისი თაყვანისმცემელი ვიყავი, როგორც შემოქმედის, მაგრამ როგორც პიროვნება, ცოტა ინტრიგანი იყო. ღმერთო მაპატიე, კი არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ხომ უნდა ითქვას ბოლოს და ბოლოს. ისეთ რაღაცას იზამდა… მაგან, პრინციპში, წამართვა ჯგუფი, მსახიობებისა და რეჟისორების შერეული ჯგუფი იყო.“
მსახიობი ცოლი
ლემურა ჯაყელი იმ თეატრში მოღვაწეობდა, რომელსაც შალვა გაწერელია ხელმძღვანელობდა.
„ლემურა ჩემი სტუდენტი იყო. ერთ მშვენიერ დღეს მოვაწერეთ ხელი. ხელს რომ ვაწერდით, მკითხეს, ვის გვარზე გინდათ, რომ იყოს მეუღლეო. ვუპასუხე, ჩემს გვარზე-მეთქი. უცებ ჩემი მეუღლე მოტრიალდა და, არა, რა, ბატონო შალვაო… მაშინ ლემურა 22 წლის იყო, გვარი „ჯაყელი“ დაენანა… ამ მხრივ, ბედნიერი კაცი ვარ იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მე ვყოფილიყავი კარგად… მე მეტად კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. იცით? არ გპატიობენ მსახიობები იმას, რომ ცოლი მსახიობი გყავს. ეს რომ გაპატიონ, უკიდურესად სამართლიანი უნდა იყო. ცოლი არც უნდა გაანებივრო, მაგრამ არც უსამართლოდ უნდა მოექცე. ვცდილობდი, მაქსიმალურად სამართლიანი ვყოფილიყავი, ეს ბალანსი დამეცვა. ეს შესამჩნევი იყო და ამჩნევდნენ კიდეც. ჩემი ცოლი, როგორც წესი, იმ ბანაკში იყო, სადაც იყვნენ მისი ამხანაგები. მახსოვს, მსახიობებმა შესვენება მოითხოვეს, არ გავუშვი და გაფიცვა მოაწყვეს – ბუფეტში წავიდნენ, ჩემი ცოლიც მათთან ერთად იყო, ბუნტში მონაწილეობდა… რა თქმა უნდა, ეჭვიანობდნენ. ეჭვიანობდნენ არა მარტო ცოლზე, საერთოდ ქალზე. თუ ვინმეს როლს აძლევდი, ესე იგი, შენი საყვარელი იყო. უსინდისობა, ყოველთვისაა. თეატრის თვისებაა. შემოქმედს სულ ჰგონია, რომ ჩაგრავენ, განა მე არ მგონია, რომ მჩაგრავდნენ? მეც მგონია, ყველას ჰგონია. დიახ, ცოტას ჩაგრავენ კიდეც, ცოტა ჰგონია და იქმნება რაღაც მითი. რა თქმა უნდა, სულ იყო ლაპარაკი, ლემურას რატომ მისცა როლი...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



