საზოგადოება

რა უცნაურობები უნახავს ვალერია კიკვაძეს სხვადასხვა ქვეყანაში და რატომ წავიდა ის პირველად სამოგზაუროდ ოჯახისგან ჩუმად

№35

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 12:09 06.09

ვალერია კიკვაძე
დაკოპირებულია

ვალერია კიკვაძე მრავალმხრივი ინტერესების მქონე გოგონაა ბათუმიდან, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით. სპორტი, ფოტოგრაფია, მოგზაურობა – ეს მისი ინტერესების ჩამონათვალია, რომელსაც მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.

ვალერია კიკვაძე: ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ჩოგბურთით ვიყავი დაკავებული. უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირებაზე თბილისში ჩავაბარე და საცხოვრებელი შევიცვალე. სწავლის დასრულების შემდეგ სამოგზაუროდ გადავწყვიტე წასვლა.

ბავშვობიდანვე მიტაცებდა ფოტოგრაფია. პირველი ფოტოაპარატი მამამ მაჩუქა. მიყვარდა არქიტექტურის გადაღება – შენონებისა და ქუჩების. მაშინ ხალხს ნაკლებად ვუღებდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ადამიანების ემოციების დაჭერაზე ვფოკუსირდები. ყველაზე მეტად რეალური ემოციების ასახვა მიყვარს.

– მოგზაურობაც ბავშვობის ოცნება იყო?

– კი, მოგზაურობით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. საქართველოშიც ბევრს ვმოგზაურობდი ოჯახთან ერთად. ამ თემაზე გადაცემებსაც ხშირად ვუყურებდი. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ სხვადასხვა კულტურას გავცნობოდი.

როდესაც პირველი კურსი დავასრულე, ზაფხულის არდადეგებზე ევროპაში წავედი სამოგზაუროდ. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა. პირველი ქვეყანა, რომელიც მოვინახულე, ესპანეთი იყო. ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ არ იცოდნენ, ჩუმად წავედი. ყველაფერი საკმაოდ მოკლე დროში დავგეგმე. ბევრი კითხვა რომ არ დაესვათ, გადავწყვიტე, მშობლებისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. ახსნა-განმარტებითი წერილი დავუტოვე (იცინის). პირველი რეაქცია ემოციური იყო, ინერვიულეს და გაოცებულები იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით, თუმცა, მერე დამშვიდდნენ და ძალიან გაუხარდათ. ამ მოგზაურობამ, პირველ რიგში, სიმამაცე შემძინა და კიდევ სხვა ქვეყნების გაცნობის ინტერესი უფრო მეტად გამიღვივა. საბედნიეროდ, მარტო მოგზაურობის შიში არ მაქვს. პირიქით, ასე უფრო მემარტივება.

– ისეთ ქვეყნებში მოგზაურობთ, სადაც შეიძლება, საფრთხეც მეტი იყოს.

– დიახ, ამ ბოლო დროს აზიაში ვიყავი და სამყაროს ეს ნაწილი ძალიან განსხვავებულია. იქიდან შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი, ემოციებით ავივსე. აქამდე მხოლოდ ევროპაში ვიყავი ნამყოფი. აზიაში უფრო ტრადიციული ხალხია, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, მაგრამ სხვადასხვა მხრივ განვითარებული: ბევრი რამ არის ამ ქვეყნებში მიმზიდველი და ამიტომ ტურისტების ნაკლებობას არ უჩივიან. ლანდშაფტიც განსხვავებულია, ჩაცმის სტილიც და აღარაფერს ვიტყვი კულინარიაზე, რომელიც ძალიან გამორჩეულია და ეგზოტიკური. ტაილანდსა და ინდოეთს ამ მხრივ განსაკუთრებით გამოვარჩევდი. ამ ქვეყნებში სხვადასხვა მწერის დაგემოვნების სურვილი მქონდა, გამოცდილებისთვის, მეგონა, შევძლებდი, მაგრამ სამომავლოდ გადავდე (იცინის).

– ფოტოს გადაღებაზე უარს არ ამბობენ ხოლმე ადგილობრივები?

– უარი არავის უთქვამს. მახსოვს, ერთ-ერთი მათხოვარი განსაკუთრებული სახის ნაკვთებით გამოირჩეოდა და როგორც ყველას, მასაც ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა გადაღება, მერე ფინანსურადაც ვეხმარები ხოლმე. კამერას რომ ხედავენ, უხარიათ და გიღიმიან. მათ ენერგიას რომ ვგრძნობდი, უფრო პოზიტიურად მიდიოდა ყველაფერი.

ფოტოების გადაღებასთან ერთად, ძალიან მიყვარს ადგილობრივი არქიტექტურის დათვალიერება, ვსტუმრობ მუზეუმებს. ძალიან მიყვარს ქუჩაში სეირნობა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვება, მათი სახეებისა და ცხოვრების წესის დაფიქსირება, ასევე, ადგილობრივ ბაზრობებზე სიარული.

– მოგზაურობისას საშიშროების წინაშე თუ აღმოჩენილხართ?

– ასეთი მომენტები ნაკლებად მქონია. ვიეტნამში მოგზაურობისას, მღვიმეში ბზიკებმა დამკბინეს და ეს ცოტა საშიში იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა (იცინის).

– ინდოეთმა, ალბათ, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

– დაახლოებით ერთი თვით მივდივარ ხოლმე სამოგზაუროდ, რომ კარგად გავიცნო ესა თუ ის ადგილი და ბევრი თავგადასავალი დავაგროვო. ინდოეთშიც ერთი თვით ვიყავი. განსაკუთრებით მომეწონა მათი სამზარეულო, მრავალფეროვანი სუნელებით.

ასევე, უამრავი ფერი მათ სამოსში და მრავალფეროვნება მათ ტრადიციებში. ეს არის უზარმაზარი ქვეყანა უამრავი მცხოვრებით. იქ ყველა ფენის მოსახლეობა შეგხვდებათ. ასეთი კონტრასტი არსად მინახავს. გვერდიგვერდ შეიძლება ძალიან ღარიბი და ძალიან მდიდარი ადამიანები შეგხვდნენ. მშრომელი ხალხია, მთელი დღე მოქმედებაში არიან. ქუჩაში არსებული სიბინძურეც თვალშისაცემია და ცხოველებთან ახლო კონტაქტიც. თითქოს, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთი სიბინძურე შეიძლება, მძიმე გავლენას ახდენდეს მათ ჯანმრთელობაზე. ძროხა მათთვის წმინდა ცხოველია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ. ჩემთვის კი უცნაური იყო შუა ქუჩაში ძროხის ხილვა. ინდოელები ძალიან მეგობრული, კეთილგანწყობილი და მოღიმარი ხალხია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ფენის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, მისგან სიცოცხლის სიყვარული იგრძნობა. ვფიქრობ, რომ ამას დიდწილად განსაზღვრავს რელიგია. ძალიან ტრადიციულები და მორწმუნეები არიან. სულ ლოცულობენ, რიტუალებს ასრულებენ და ეს მათ ცხოვრებას აზრს სძენს.

– რა უცნაურობები გინახავთ სხვადასხვა ქვეყანაში?

– ვიეტნამში ვნახე შემწვარი კატა და ძაღლი და ეს არ დამავიწყდება არასდროს. ასეთ ქვეყნებში ძალიან აქტიურია გარეთ ცხოვრება, თითქოს, ყველაფერი გარეთ ხდება. ძირითადად, ღია კაფეებია, დღისით ყველაფერი ღიაა, ხედავ შიგნით რა ხდება და მერე ხვდები, რომ ეს, ასევე, მათი სახლიცაა, სადაც ცხოვრობენ.

– ფოტოგრაფისთვის სამოთხე რომელი ქვეყანა აღმოჩნდა?

– იმ სტილში, რომელიც მე მაინტერესებს, ანუ დოკუმენტური სტილის ქუჩის ფოტოგრაფია, ხალხის დაფიქსირება, მთლიანად აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დავასახელებდი. ძალიან განსხვავებული ქვეყნებია ამ ტერიტორიაზე. ერთი ქვეყანა თუ უნდა ავირჩიო, ისევ და ისევ ინდოეთი. ფოტოგრაფისთვის ის ყველაზე მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ევროპულ ქვეყნებში, თითქოს, თვალისთვის ისეთი სიახლეები აღარ არის. პირველად რომ წავედი ევროპაში, იქაც ასეთი აღტაცებული ვიყავი, მაგრამ ახლა აზიაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა დაჩრდილა. ძალიან მინდა ინდონეზიის მონახულება, ადგილობრივ ტომებთან მისვლა. დოკუმენტური სიუჟეტის ჩაწერაზე ვფიქრობ.

– ბათუმში როგორია ყოველდღიურობა?

– საღამოობით ბუნებაში მიყვარს ყოფნა. ამჟამად არ ვმუშაობ, ვვარჯიშობ, ჩოგბურთს ვუთმობ დიდ ყურადღებას, სამომავლოდ მწვრთნელობას ვაპირებ. ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული, ფოტოსესიებს ვგეგმავ და შემდეგ ფოტოებს ვამუშავებ – ამ საქმით აქტიურად ვარ დაკავებული ყოველდღიურ რეჟიმში. ვიღებ ქორწილებს, პერსონალურ ფოტოსესიებს, წყვილებს და ასე შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა