საზოგადოება

რა ჯილდოები მოიპოვა ნათია ხადურმა „ჰოლივუდში“ და როგორ მიაღწია მან მოკლე დროში დიდ წარმატებას ამერიკაში

№8

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00

ნათია ხადური
დაკოპირებულია

ნათია ხადური ემიგრანტი მწერალი გახლავთ. ის ამერიკაში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც უცხო ქვეყანაში სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო, მისი შემოქმედებითი გზა სავსეა აღმაფრთოვანებელი წარმატებებით.

– ნათია, საოცარი წარმატებები გაქვთ „ჰოლივუდში“ – ორგზის დაჯილდოვდით. მოდი, ჯერ პირველი ჯილდოს შესახებ მოგვიყევით, რისთვის დაიმსახურეთ, როგორი იყო დაჯილდოების ცერემონია და რამდენად პრესტიჟულია ეს აღიარება?

– ჩემი პირველი ჯილდო „ჰოლივუდში“ 2025 წლის პირველ აგვისტოს რუზველტის სასტუმროში გამართულ გალა ღონისძიებაზე გადმომეცა „წიგნის ფესტივალების“ მიერ – პირველი ადგილის მოპოვებისთვის პოეზიის კატეგორიაში. ეს არის უდიდესი პროექტი თავისი გავლენითა და სანდოობით და მრავალი წელია, გამორჩეული ავტორების აღიარება-დაჯილდოებას ემსახურება. ახლა გეტყვით უფრო მეტს, მხოლოდ ამ პროექტში დაახლოებით ოცი ადგილი (შესაძლოა მეტიც, არც დამითვლია) მოვიპოვე. ანუ, ფესტივალები ტარდებოდა სხვადასხვა შტატისა თუ ქალაქის სახელწოდებით და ჩემი ოთხი წიგნით მეორე და მესამე ადგილები ყველა ფესტივალში ავიღე, რომლებშიც ვმონაწილეობდი. მაგალითად „ჰოლივუდის წიგნის ფესტივალში“ ოთხი წიგნით ვმონაწილეობდი და ოთხივემ მოიპოვა მეორე ან მესამე ადგილი, „ლოს-ანჯელესის წიგნის ფესტივალში“ ორი წიგნით ვმონაწილეობდი და ორივეს მეორე ადგილი მიაკუთვნეს თავიანთ კატეგორიებში. „ნიუ-იორკის წიგნის ფესტივალში“ სამი წიგნით ვმონაწილეობდი და სამი ადგილი დაიმსახურეს. მოკლედ, შვიდი სერტიფიკატით დავბრუნდი „ჰოლივუდში“ პირველი ვიზიტიდან და ახლა თქვენ თავად წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული ვარ, რადგან მე ამ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა-გამოხატვა არ შემიძლია. თითოეული ავტორი სიტყვით წარვდექით აუდიტორიის წინაშე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ხმამაღლა რომ ვამბობდი, საქართველოდან ვარ-მეთქი.

ჩაიწერა ინტერვიუც, რომელიც თავიანთ საიტებზე გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ მათთან თანამშრომლობენ კინორეჟისორები, აქვთ წიგნის გაყიდვების თავიანთი პლატფორმა და მე ყველგან ვარ ჩემი წიგნებით.

– რაც შეეხება მეორე „ჰოლივუდურ“ ჯილდოს?

– მეორე „ჰოლივუდური“ წარმატება, სინამდვილეში, პირველზე ადრე დაიწყო და ამ პროექტმა უდიდესი წარმატება, გამოცდილება და დიდი გეგმები მომიტანა. სულ პირველად ამ პროექტის ფარგლებში გავიმარჯვე თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაში – ჩემი მესამე რომანით „ჯარისკაცის საგზალი“. გალა დაჯილდოება არიზონას შტატის დედაქალაქ ფენიქსში გაიმართა 2024 წლის ნოემბერში. ყველაზე რთულია ამ კატეგორიაში გამარჯვება, რადგან ავტორების დიდი უმრავლესობა მხატვრულ ლიტერატურას ვეტრფით. შემდეგ ამ პროექტმა ჯილდოს მფლიბელი ოცი ავტორი გააერთიანა და შექმნა „ანთოლოგია“, რომლის მონაწილე მეც ვარ და ესეც ცალკე აღებული დიდი სიხარულია, რადგან ამ პროექტს ჰყავს უძლიერესი ხელმძღვანელობა. მაგალითად, მარკეტოლოგი კევინ ჰარინგტონი და სხვები. სხვათა შორის, ამ პროექტში ჰარვარდის პროფესორი გავიცანი, რომელმაც მირჩია, რომ მონაწილეობა მიმეღო სხვა პროექტში, რომლის გალა დაჯილდოებაც „ჰოლივუდში“ გაიმართებოდა და ავტორები ერთმანეთს „2025 წლის ავტორის“ სტატუსის მოსაპოვებლად გაუწევდნენ კონკურენცია-პაექრობას. სიმართლე გითხრათ, მონაწილეობის მიღება იმიტომ არ განვიზრახე, რომ მაინცდამაინც საუკეთესო ავტორი ვარ-მეთქი. არა, უბრალიდ ეს პროექტი კიდევ სხვა მექანიზმის იყო. ვინც ფინალისტი გახდებოდა, მხოლოდ იმას მიიწვევდნენ ამ ღონისძიებაზე და ის, რომ მხატვრული ლიტერატურა არის უდიდესი კონკურენციის კატეგორია და ამ პროექტში ფინალისტი გავხდი ჩემი მეორე რომანით – „იერუსალიმამდე“, ჩემთვის უკვე იყო გამარჯვება.

ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობ. ღონისძიება გრანდიოზული იყო. გადმოგვეცა სერტიფიკატები. ჩაიწერა ინტერვიუები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიცანი უამრავი ავტორი, გამომცემელი, რედაქტორი და მარკეტოლოგი. მათი უმრავლესობა დამიმეგობრდა. სხვათა შორის, პროექტების დირექტორებიც ძალიან დიდ ინტერესს ავლენენ ჩემი წიგნებისადმი. ერთი მათგანი, სახელის ნაცვლად, „მრავალფეროვან ავტორს“ მიწოდებს. ეს იყო 2025 წლის 4 ოქტომბერი – ძალიან ბედნიერი დღე „ჰოლივუდში“ უდიდესი წარმატებით.

– ალბათ, ეს აღიარება ძალიან დიდ სიხარულს უკავშირდება. როგორია თქვენი ემოციური მდგომარეობა ამ პერიოდის განმავლობაში?

– დიახ, ნამდვილად არის უდიდესი სიხარული. იმავდროულად ბევრი დიდი პროექტის მონაწილე ვარ და ყველგან, სულ მცირე, მესამე ადგილი მაინც მხვდა წილად. არცერთ პროექტს, არცერთ წიგნზე არ უთქვამს „არა“.

აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ, ასევე, ვეებერთელა სიხარული – ორი გამორჩეული პროექტი ჩემთვის. პირველი – როდესაც 2025 წლის ივნისში ნევადის შტატში, ლას-ვეგასში ჩვენი თანამემამულის, ბატონი ირაკლი რუსიას მიერ ორგანიზებულ ფესტივალში ვმონაწილეობდი, მისივე მიწვევით და გადმომეცა სერთიფიკატი, ბატონი ირაკლისა და ამ ქალაქის მერის, ქალბატონ ეშლი ბარკლეის ხელმოწერით. მეორე – ნიუ-იორკის სენატის ჯილდო 2025 წლის სექტემბერში, რომელიც ქალბატონმა დიანა ბაგრატიონმა დააარსა და მისი მიწვევით, სენატორმა კინ ჩენმა გადმომცა სერტიფიკატი. უდიდეს მადლობას ვუხდი ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს უდიდესი შრომისა და ამაგისთვისთვის ქართული კულტურის წარმოჩენა-განვითარების საქმეში. ორი დღის შემდეგ კი ჩემი პერსონალური საღამო შედგა ნიუ-იორკში, ბრუკლინში, რამაც უამრავი ადამიანის სითბო და სიყვარული მაჩუქა და ასე გავემგზავრე რამდენიმე დღეში „ჰოლივუდში“, რომელზეც უკვე გიამბეთ.

– რისი მომტანია ასეთი ამბები მომავალში? დარწმუნებული ვარ, უკვე არაერთი შესაძლებლობა გამოჩნდა…

– ყველაფერი, რომ გითხრათ, ალბათ, არ დამიჯერებთ და მერე გიამბობთ ხოლმე გზადაგზა. მაგალითად, დიდი გამომცემლები არავითარ შემთხვევაში არ ჰკიდებენ ხელს კონკრეტული მიღწევების არმქონე ავტორების ნამუშევრებს. ასეთ შემთხვევაში ავტორი უკავშირდება ისეთ გამომცემლებს, რომლებიც რეალურად წიგნის ბაზარზე ვერაფერ სარგებლიანს ვერ ახერხებენ. გამოაქვეყნებ წიგნს და რჩება ამ ეტაპზე. მე ახლა უკვე ძალიან მაღალი რეიტინგითა და ინტერესით ავდივარ იმ საფეხურზე, საიდანაც თამამად წარვდგები მათ წინაშე. ანუ, ველოდები ზარს ისეთი გამომცემლისგან, რომელიც მსოფლიო გამომცემელთა ხუთეულში შედის. მათ აქვთ გავლენა წიგნის მსოფლიო ბაზარზეც და კინემატოგრაფიაშიც. ასევე, როდესაც წიგნს აქვს მოპოვებული არაერთი ჯილდო, მკითხველი დღეს წიგნის ყიდვისას ამას დიდ ყურადღებას აქცევს. ნამდვილად ერთ ინტერვიუში ვერ ვისაუბრებ ყველა აღიარებაზე, მაგრამ აი, გეტყვით ჩემს უდიდეს სიხარულზე: ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ ჩემს პირველ რომანს „გაპატიე“ ერთ-ერთმა უძლიერესმა კონკურსმა და მედიამ ხუთვარსკვლავიანი შეფასება მისცა და მიმოხილვაში ასე მოიხსენია – ის არის „ნამდვილი ხელოვნების ნიმუში“.

– არ არის დიდი ხანი, რაც ამერიკაში ხართ. როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა ეს შედეგები?

– დიახ, 5 მაისს ოთხი წელი გახდება, რაც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. გულწრფელად გეტყვით, რომ არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ რადგან დაგპირდით, რომ ჩემს ამბავს მოგითხრობდით, სხვა გზა არ მაქვს. უპირველესად, ნიჭისა და ცოდნის დამსახურებაა. სხვაგვარად აქ, ამ ბუმბერაზ ქვეყანაში, ყურადღებას არავინ მოგაქცევს. ექსპერტის დასკვნა მაქვს, რომლის საფუძველზეც გეტყვით, რომ ისინი მაღიარებენ ლიტერატურის სფეროს მაღალი პროფესიონალიზმის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე წარმომადგენლად. ორჯერ ნახეს ჩემი პერსონალური პოეზიის საღამოს ვიდეოჩანაწერი, რადგან დარწმუნებულიყვნენ, რომ ორსაათიან საღამოს გავუძეხი მხოლოდ გონებით (ზეპირსიტყვიერად). ხელში არ მჭერია წიგნი, ფურცელი, ტელეფონი.

– ზუსტად როდის და როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული ცხოვრება?

– აქ 2022 წლის მაისში ჩამოვედი. ამერიკული ცხოვრება, ისევე, როგორც ყველა ემიგრანტისთვის, რთული გზითა და დიდი გამოწვევებით დაიწყო. შენი „სახლის“ დატოვება ძალიან რთულია, თუმცა ყოველთვის მქონდა რწმენა, რომ ყველაფერი კარგი წინ იყო და ამ დევიზით, მაშინაც კი, როდესაც შინაგანად ძალიან მიჭირდა, გარეგნულად არასდროს ვიმჩნევდი. სხვათა შორის, ბუნებით მშრომელიც ვარ და ეს ბევრად ამარტივებს საქმის დაწყებას, მით უფრო, ახალი ცხოვრებისას. თავდაპირველად ყველა სირთულის სამუშაოზე მივდიოდი. როდესაც არ გაქვს მუშაობის უფლება, დაწყება ძალიან ძნელია. ძირითადად, ჩვენი ქართველები მეტყოდნენ ხოლმე, რომ რამდენიმე დღე თვითონ დასვენება უნდოდათ და მეც დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდი მათ მაგივრად.

– როგორ შეძელით, ამ ქვეყანაში საკუთარი პროფესიით დაგემკვიდრებინათ თავი, რაც სამწუხაროდ, ემიგრანტებისთვის საკმაოდ რთულია?

– ალბათ, იმ ცოდნით, სიყვარულითა და რწმენით, რაც მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს გულში ვაგროვე. მაგრამ ყველაფერი მაინც ღმერთისგან არის. სხვანაირად მე არ მჯერა. ის ნიჭიც ხომ ღმერთისგან გვეძლევა?! ხანდახან მგონია, რომ რთული სულაც არაფერი ყოფილა. ჩემი ყველა რომანი, თითოეული, ერთ კვირაში დავწერე. ლექსს ვწერ არა უმეტეს 20-30 წუთისა და არასდროს ვარედაქტირებ. მაგრამ ჩემს თავს რომ ჩავუჯდები ხოლმე სასაუბროდ, ვეკითხები: როგორ გადარჩი და დღემდე როგორ მოაღწიე-მეთქი, ჩემი ორი ხელისა და გონების გარდა, არავინ ჰყოლია ჩემს საქმეს და რაც დრო გადის, კიდევ უფრო ძლიერად მიყვარდება ღმერთი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი