საზოგადოება

მერაბ ფარტენაძის გამოწვევებით სავსე გზა და წარმატებული ბიზნესკომპანიები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:44 09.09

ფარტენაძე
დაკოპირებულია

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე კომპანიებს ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროში ფლობს, თუმცა, თითოეული მათგანი დარგის ლიდერია და დიდი წარმატებით საქმიანობს, ამის მთავარი მიზეზი ბატონი მერაბის საქმისადმი სიყვარული, მიზანსწრაფულობა და თავდაუზოგავი შრომაა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში შედეგს აუცილებლად გამოიღებს ხოლმე. როგორ ქმნიდა წარმატებულ კომპანიებს და რა სირთულეების დაძლევა მოუწია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ამის შესახებ თავად გვესაუბრა.

მერაბ ფარტენაძე: ბიზნესსაქმიანობა, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე. ჩემი პირველი ბიზნესი საწვავის რეალიზებას უკავშირდება. თავდაუზოგავმა შრომამ და მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო და სტიმული მომცა, სხვა მიმართულებებითაც მეცადა ბედი. კომპანიამ, რომელიც 20 წლის წინ დავაფუძნე, საქმიანობა სამშენებლო მიმართულებით დაიწყო. მაშინ ქვეყანაში, უფრო კონკრეტულად კი, ბათუმში, დიდ პოტენციალს ვხედავდი – ბაზარზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდებოდა და მიწოდება არ იყო შესაბამისი. ამიტომ, გადავწყვიტე, საკუთარი წვლილი შემეტანა ამ ბიზნესის განვითარებაში. გზადაგზა პროფილი გავაფართოე და დღეს სხვადასხვა მიმართულების ბიზნესებს ვაერთიანებ, ესენია: სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მეგო ჯგუფი“, საბანკეტო დარბაზი „ნიუ გოლდი“, სუპერმარკეტი „ფარფური“ და „სუფთა ქალაქი“, ჯამში, დაახლოებით, 200 ადამიანს ვასაქმებ, რომელთა უმრავლესობასაც ქალბატონები წარმოადგენენ.

– ბატონო მერაბ, რა გამოწვევები გხვდებოდათ ამ წლების განმავლობაში და რა გეხმარებოდათ მათ დაძლევაში?

– გამოწვევები ბევრი იყო, რაც ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია და ვფიქრობ, საქმეს მთავარ ხიბლს სწორედ ეს მატებს, თუმცა სირთულეების მიღმა ბევრი შესაძლებლობა და სირთულეების გადალახვა მეტ საშუალებას გვაძლევს სწავლისთვის, განვითარებისთვის და მუდმივად ტონუსში ყოფნისთვის. გამოწვევები ჩემს შემთხვევაშიც ბევრი იყო, რომელთა დაძლევაშიც მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა დამეხმარა.

– რა რაოდენობის პროექტი განახორციელეთ?

– ათობით საცხოვრებელი სახლი მაქვს აშენებული როგორც ბათუმში, ისე ბაკურიანში. მიმდინარე პროექტი აკვაპარკთან არსებული, 25-სართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც 2026 წელს დასრულდება. გვაქვს 3-წლიანი შიდა განვადება. თეთრი კარკასის ღირებულება 750 დოლარია.

– სოციალურად ძალიან აქტიური ხართ, თქვენს სახელს ქველმოქმედების უამრავი ფაქტი უკავშირდება...

– ხშირად ვახორციელებთ სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს, ორ თანამშრომელს – გოჩა დიასამიძესა და ნოდარ ჯაფარიძეს, რომლებსაც ამის საჭიროება ჰქონდათ, საჩუქრად გადავეცით საცხოვრებელი სახლები. გარდა ამისა, დავეხმარეთ რვაშვილიან ოჯახს, დედას, რომელსაც სიმსივნე აქვს. შემთხვევით ვნახე, როგორ რთულ პირობებში ცხოვრობდნენ და საახალწლოდ სახლი ვაჩუქე. ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ბავშვებს, „ნიუ გოლდის“ სივრცეში საგანგებოდ მათთვის ვმართავთ კონცერტებს. სუპერმარკეტში მოსახლეობისთვის უფასოდ ვარიგებთ პურს. ეს აქტივობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ და დღემდე გრძელდება.

– პანდემიის პერიოდი ახსენეთ, რაც ბევრი ბიზნესისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა, თქვენ როგორ გადაიტანეთ ის რთული პერიოდი?

– პანდემიის პერიოდი ჩვენი კომპანიისთვისაც გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა, მალე ვადაპტირდით. სწორედ ამ დროს 2 მილიონამდე მოსახლეს უფასოდ დავურიგეთ პური. სრულად შევინარჩუნეთ კადრი და ვურიცხავდით ხელფასს, რაც ძალიან მეამაყება.

– მშენებლობის დარგი ყოველთვის გამოირჩეოდა კონკურენტული გარემოთი...

– ამ ბიზნესში ბაზარი აწესებს თამაშის წესებს, შენ რასაც მომხმარებელს 10 წლის წინ სთავაზობდი, დღეს იმავეს ვერ შესთავაზებ. იხვეწება ტექნოლოგიები, იცვლება ტენდენციები, რასაც ფეხი უნდა აუწყო, სხვაგვარად ჩამორჩები სიტუაციას და ვერ იქნები კონკურენტული. ჩვენს კომპანიას აქვს თავისი ნიშა ბაზარზე, არ ვაშენებთ გაბნეულად მთელ ქალაქში, არჩეული გვაქვს სეგმენტები და მიმართულება. ტერიტორიად ცენტრალურ უბნებს ვირჩევთ, ერთდროულად არასდროს ვიწყებთ ბევრ პროექტს და ვთანამშრომლობთ მაღალი ხარისხის პროდუქტების შემომტანებთან. ეს ნიუანსები განაპირობებს კომპანიის სანდოობას, ხარისხსა და წარმატებას.

– თქვენი ყველა ბიზნესი თანაბრად წარმატებულია. რა გეგმები გაქვთ მომავალში?

– დეველოპერული კომპანია „მეგო ჯგუფი“ სერტიფიცირებულ, გამძლე და საიმედო მასალებით აშენებს ახალ პროექტს აკვაპარკთან, „ფარფური“ მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს ხარისხიან პროდუქტს, ხოლო „ნიუ გოლდი“ ზრუნავს თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის კიდევ უფრო გალამაზებაზე. მაქვს ამბიცია, რომ სულ წინ ვიარო და ჩემი ყველა წამოწყება ისეთივე წარმატებით განვავითარო, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები.

– რას ურჩევდით დამწყებ ბიზნესმენებს?

– დამწყებ ბიზნესმენებს ვურჩევ, რომ საკუთარი საქმე ორ ფუნდამეტზე დაყრდნობით ააშენონ, ესენია: კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა. აუცილებელია დროისა და ინდუსტრიისთვის ფეხის აწყობა. მნიშვნელოვანია, ორიენტირებული იყვნენ ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. სწორედ ეს ფაქტორები ქმნის კომპანიის რეპუტაციას, რაც ხშირ შემთხვევაში, სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად გადამწყვეტია. მინდა, ყველა ბიზნესმენს მოვუწოდო, იყვნენ სოციალურად აქტიურები და მოგებიდან გარკვეული პროცენტი გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად გამოყონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა