საზოგადოება

მანანა აბრამიშვილი: ახლა რომ გამიცოცხლონ ქმარი, მის მიმართ იგივე გრძნობა აღარ მექნება, გამორიცხულია

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 17.01

მანანა აბრამიშვილი
დაკოპირებულია

მსახიობ მანანა აბრამიშვილის პერსონაჟმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, მით უფრო მისმა მკვლელობამ, მაყურებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მანანა აბრამიშვილი: ისე გამოვიდა, რომ ჩემი პერსონაჟის სიკვდილის დრო მალე მოვიდა. ამას არავინ ელოდა (იცინის). არ ყოფილა ანგელოზი და ტორტის ნაჭერი, მაგრამ სასიკვდილოდ მაინც დაენანათ, კომენტარებს რომ გადავხედე, ეს ვიგრძენი და გამიხარდა. უარყოფითი პერსონაჟი იყო, მაგრამ ლაოში უარესი აღმოჩნდა. საერთოდ, გემოვნებიანი პერსონაჟი იყო და ლაოშის არჩევაში რატომ შეცდა, არ ვიცი (იცინის). ალბათ, ეს ორივე პერსონაჟი იმის კარგი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი.

– ამ პერსონაჟთან პარალელის გავლება ცოტა რთულია, მაგრამ მგონია, რომ სიძლიერის თვალსაზრისით გაქვთ საერთო. ძალიან ბევრი რთული პერიოდი გაქვს გამოვლილი.

– კი, ის უშიშარი ტიპი იყო და მე მართლა ასეთი ვარ რეალურ ცხოვრებაში. არცერთი ქალი არ მეგულება, ვისაც უნდა, რომ ძალიან ძლიერი იყოს და ამ თვალსაზრისით, მასზე მაგარი არავინ იყოს. ყველას უნდა, რომ იყოს ქალი, ნაზი, ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს, სასიამოვნო პირადი ცხოვრებითა და კარიერით. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება და მძიმე სიტუაციები და მათგან მიღებული გამოცდილება გაქცევს ძლიერად. მე 21 წლის ასაკში, ცხოვრების არმცოდნე, მარტო დავრჩი ერთი შვილით, მეორეზე ფეხმძიმედ. ცარიელი ხელებით აღმოვჩნდი ჩემი შვილებით ცხოვრების პირისპირ და მივხვდი, რომ მე ვიყავი ის, ვისაც მათი კეთილდღეობის შესაქმნელად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. სკოლაში რომ დადიოდნენ, სულ ვფიქრობდი, რადგან მამა გარდაცვლილი ჰყავდათ, ვინმეს არ დაეჩაგრა, მაგრამ იქვე ვფიქრობდი, მე ისეთი არანორმალური ვარ, ჩემს შვილს რომ ვინმე შეეხოს გამორიცუხულია, იმიტომ რომ საშინელ სიგიჟეს ჩავიდენ-მეთქი. მართლა არ მახსოვს, მათ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნოდეთ. ყველაფერს ვაკეთებდი. ყველანაირად ვცდილობდი, მატერიალურად თუ სულიერი თვალსაზრისით, ორივე მშობლის პასუხისმგებლობა მეკისრა. მახსოვდა, ჩემი მოსწავლეობის დროს, ობოლ ბავშვებს როგორ უჭირდათ მატერიალურად და ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა, მომხდარიყო. მოვახერხე კიდეც, ჩემი ვერცერთი შვილი ვერ იტყვის, რომ რამე აკლდათ. პირიქით, ყოველთვის ყველაფერი ჰქონდათ, რაც მათ ასაკში იყო მნიშვნელოვანი. ამას უფლის მადლით ვახერხებდი. იტყვიან ხოლმე, ბავშვი რომ იბადება, ღმერთი იმას თავის დაფინანსებას აყოლებსო და ალბათ, მართლა ასეა. დღეს გაგას ჰკითხავ თუ თეკლას, ორივე გეტყვის, რომ არცერთ მომენტში არ უგრძნიათ უმამობა.

– რა გაძლევდა ძალას ყველაფრისთვის?

– პასუხისმგებლობა ორი შვილის მიმართ. მე უნდა ვყოფილიყავი მათთვის ყველაფერი. დღეს ვუყურებ და მიხარია, იმიტომ, რომ ორივე ისეთი წარმატებულია, თვითონ მოუვლიან ბევრს. როცა დედა ხარ, არ უნდა დაეცე, მყარად უნდა იდგე ფეხზე. უნდა გწამდეს, რომ მარტო არ ხარ, ღმერთის იმედი უნდა გქონდეს. მქონია გამოუვალი მდგომარეობები, მიფიქრია, ახლა რა უნდა ვქნა-მეთქი, მაგრამ სასწაული მომხდარა. ამქვეყნად სიკვდილის გარდა გამოუვალი და მოუგვარებელი მდგომარეობა არ არსებობს. ცხოვრების არ უნდა შეგეშინდეს. მე ძალიან ცოტა ხანი მქონდა ეს განცდა. როცა ჩემი მეუღლე ახალი გარდაცვლილი იყო, ძალიან შემეშინდა ცხოვრების. ეს იმდენად საშინელი შეგრძნება იყო, რომ დღემდე ვერაფერს ვადარებ. მოვერიე ამას და მას შემდეგ ცხოვრების აღარასდროს შემშინებია. შიში ძალიან ცუდია, ყველაფერში გიშლის ხელს და ამიტომ არაფრის შიში არ უნდა გქონდეს, მხოლოდ უფლის სიყვარული უნდა იყოს ადამიანის გულში. ბევრჯერ დავმდგარვარ ხატების წინ, მთელი გულით მითხოვია რაღაც და მაშინვე მიგრძნია, რომ ეს მოხდებოდა.

– მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკუთარ მხრებზე აიღე, ქალურობა არ დაგიკარგავს...

– სხვათა შორის, დღემდე რომ მეორე ნახევრის გარეშე ვცხოვრობ, სულ მეკითხებიან, რატომო. საერთოდ არ ვარ უბედური. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ. მე რომ თავს ცუდად ვგრძნობდე, მაშინ ხომ აუცილებლად შევცვლიდი რამეს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მეუღლეც გყავდეს და კიდევ მეტი შვილი, თან, მე სულ ვოცნებობდი ბევრ შვილზე, მაგრამ მე ის ჩემი მეუღლე მინდა მყავდეს ცოცხალი, რაც წარმოუდგენელია.

– გამოდის, რომ შენს სიყვარულს უერთგულე.

– თავიდან, რამდენიმე წელი, ამაზე არც ფიქრობ. მერე ძალიან შემეშინდა, კიდევ რომ ასეთი ტრაგედია მოხდეს, მერე რა ვქნა-მეთქი?! რატომ უნდა მოგიკვდეს ადამიანს მეორე ქმარიც, მაგრამ ამის შიში გრჩება. ეს ფიქრებიც ძალიან დიდხანს გამყვა. მერე ბავშვები იყვნენ პატარები და სანამ მათ გავზრდიდი და ფეხზე დავაყენებდი, სხვა ოჯახს ვერ შევქმნიდი. ხდება ასეთი რამეები, მაგრამ ჩემთვის ეს გამორიცხული იყო. ახლა კიდევ იმხელები არიან... (იცინის). კი მეუბნებიან, დედა, გათხოვდიო, მაგრამ მაინც არა (იცინის).

– ამ სიყვარულის ხატი დღესაც გაქვს?

– თუ ვინმე ამას იტყვის, რომ ბოლომდე გარდაცვლილი სიყვარულის ერთგული რჩება, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. მკვდარი აღარ გენატრება, გამორიცხულია. სიყვარული იქ რაღაცნაირად მთავრდება. სანამ ახალი გარდაცვლილია, იმდენად გტკივა, სული ისე გიმწარდება და მას რომ შეეჩვევი, სიყვარულსაც ვეღარ გრძნობ. ახლა ქმარი რომ გამიცოცხლონ, მე მის მიმართ იგივე გრძნობა აღარ მექნება, ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ იმ ტრაგედიებისა და სიმძიმეების ფონზე ეს სიყვარული ქრება. ხანდახან გაბრაზებაც მიგრძნია მიცვალებულის მიმართ. დავფიქრებულვარ ამის მიზეზზე და მივმხვდარვარ, რომ რადგან მოკვდა, მასზე გაბრაზებული ვიყავი. შეიძლება, გაეცინოს ადამიანს, მაგრამ ასეა. სანამ მე დამემართებოდა ასეთი ტრაგედია, ჩემს ახლო მეგობარს გარდაეცვალა მეუღლე. ყველა მის გვერდით ვიყავით და კი გვტკიოდა, მაგრამ როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა, მერე მივხვდი, სინამდვილეში ეს რა ტკივილი იყო. თუ ეს სიმწარე თვითონ არ გამოგიცდია, ვერ წარმოიდგენ. ქვრივ ქალს მე ყოველთვის ყველაფერს ვპატიობ. ვინ რა გზით ცდილობს ტრაგედიის გადატანას – ვიღაც მალევე ქმნის მეორე ოჯახს და ასეთი შემთხვევა ბევრი მინახავს.

იცი, რატომ? ის სხვანაირად ვერ მოერია ამ ტკივილს. ქართველი ხალხის დამოკიდებულება ხომ ვიცით, ასეთ ქალს „მიწაში ჩადებენ“ ხოლმე, ეს როგორ გააკეთაო?! არადა, ადამიანი ცოცხალი დარჩა და ცდილობს, როგორღაც ცხოვრება გააგრძელოს. მე ამ მდგომარეობიდან ჩემმა შვილებმა და განსაკუთრებით მეორე შვილზე ორსულობამ გამომიყვანა. ისეთი სიმწარეა, შეიძლება, თვითმკვლელობამდეც მიხვიდე, მაგრამ მე ამას ვერ დავუშვებდი, რადგან ჩემს ორგანიზმში ახალი სიცოცხლე იყო და ის როგორ უნდა მომესპო?! მერე ბიჭი რომ გაჩნდა და მამამისის სახელი დავარქვი, ეს ჩემთვის გაგას მეორედ დაბადება იყო, ნამდვილი საოცრება. ამან გადამარჩინა.

– სხვათა შორის, გაგა ახლახან მოინათლა. რატომ ამ ასაკში?

– თეკლა მონათულილი იყო და ძალიან ბევრი ნათლია ჰყავს. გაგას ნათლიობის მსურველიც ძალიან ბევრი იყო, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ვწელავდი დროს, ვფიქრობდი, ვისთანაც შევინარჩუნებ ურთიერთობას, იმას მოვანათლინებ-მეთქი, მაგრამ მაინც იმდენი იყო, ვერცერთ მამაოს ვერ ვუხსნიდი, რომ ბავშვს 18 ნათლია უნდა ჰყოლოდა. ამიტომ გაიწელა ამდენ ხანს და ახლა, როცა გვითხრეს, რომ ორ ნათლიაზე მეტი აღარ შეიძლებოდა, მეც ამოვისუნთქე და მამაომაც (იცინის). პოსტიც დავწერე ამაზე, არ გეწყინოთ დანარჩენებს, ეს უფლისა და პატრიარქის ნებაა-მეთქი და ამიტომ მოინათლა გაგა საკმაოდ დიდ ასაკში. თეკლას 8 ნათლია ჰყავს, ესეც ბევრია და მაშინაც გვეუბნებოდა მამაო, არ შეიძლება ამდენიო.

– თეკლამ, როგორც მსახიობმა, უკვე ბევრჯერ მოგცა მიზეზი, გეამაყა, თუმცა, როგორც ვიცი, არ გაგიხარდა, როცა ეს პროფესია აირჩია.

– არც გამიხარდა და მაინცდამაინც დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ ამ პროფესიაში წარმატებას მიაღწევდა. მეგონა, რომ არტისტობა არ იყო მისი პროფესია. შევცდი. ძალიან ყოჩაღია, ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიანია. ჩემგან განსხვავებით, არ ზის და არ ელოდება შემოთავაზებას. თვითონ მივა იქ, სადაც საჭიროა და ეს თვისება ძალიან სჭირდება ამ პროფესიას. სულ მეუბნება, არ შეიძლება ასე, ქასთინგებზე უნდა იაროო. თვითონ არცერთი ქასთინგიდან არ წამოსულა უარით. ყოველთვის ძალიან კარგად სწავლობდა და მისთვის სხვა პროფესია მინდოდა. ჩააბარა კიდეც საერთაშორისო ურთიერთობებზე და ერთი წელი ტანჯვით ისწავლა. მეუბნებოდა, შენ გამო, თორემ მე ეს არ მინდაო, ბოლოს დავყარე ფარ-ხმალი (იცინის). შემდეგ წელს თეატრალურში ჩააბარა, ძალიან წარმატებულად დაამთავრა და ახლა უკვე წარმატებულად მოღვაწეობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი სამსახიობო მონაცემები აქვს, რაც ძალიან მიხარია. უკვე ძალიან კარგად ფლობს ამ პროფესიას. გაგა არ არის ამ პროფესიის. მასაც რომ გამოეთქვა სურვილი, ალბათ, ნამდვილად არ გავუშვებდი (იცინის). ის ჯავახიშვილში სწავლობს, სამართალზე და ახლა ამბობს, რომ ფსიქოლოგიურზე ან ისტორიულზე უნდა გადასვლა. აღარ ვუშლი, როგორც გადაწყვეტს, ისე მოიქცეს. მე ორივე შვილით ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა