კოლეჯი „ნიუ მეჯიქი“ – სივრცე, სადაც შეგიძლია, შეიძინო ახალი უნარები უკეთესი მომავლისთვის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:12
კოლეჯი „ნიუ მეჯიქი“ მრავალპროფილური პროფესიული სასწავლებელი გახლავთ, სადაც შეგიძლიათ, საფუძველი ჩაუყაროთ წარმატებულ მომავალს.
ლევან ტაკიძე (დირექტორი): კოლეჯი „ნიუ მეჯიქის“ შექმნის იდეა განაპირობა შრომის ბაზარზე არსებულმა კვალიფიციური კადრების მოთხოვნა-მიწოდების დეფიციტმა. სწორედ ამიტომ შევქმენით ადამიანთა საჭიროებებზე მორგებული, ხარისხზე ორიენტირებული, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების განმახორციელებელი კოლეჯი „ნიუ მეჯიქი“. მთავარი მამოტივირებელი იყო ის შესაძლებლობა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, მოკლე დროში ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად.
ჩვენი ხედვით, 2030 წლისთვის კოლეჯი „ნიუ მეჯიქი“ მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე რეგიონულ მრავალპროფილურ პროფესიულ კოლეჯს უნდა წარმოადგენდეს, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ფართო სპექტრს.
– რა მიმართულებებს აერთიანებს „ნიუ მეჯიქი“?
– ეს არის მრავალპროფილური პროფესიული სასწავლებელი, სადაც ამ ეტაპისთვის ხორციელდება შემდეგი პროფესიული პროგრამები: ბუღალტრული აღრიცხვა, საექთნო განათლება, ფარმაცია (სააფთიაქო), აღმზრდელი, საბაჟო საქმე.
– როგორც ვიცი, არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა სტუდენტების მომავალი დასაქმების პერსპექტივაა, მოგვიყევით ვრცლად ამ თემაზე, რადგან დასაქმება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია...
– კოლეჯი „ნიუ მეჯიქი“ თანამშრომლობს აჭარის რეგიონსა და ქვეყნის მასშტაბით წამყვან კომპანიებთან როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორთან, როგორებიცაა: სამედიცინო დაწესებულებები, ფარმაცევტული ქსელური კომპანიები, საბანკო მიმართულება. ჩვენი პროფესიული სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გადიან არა მხოლოდ კერძო, არამედ მსხვილ სახელმწიფო უწყებებში, როგორიცაა საბაჟო გამშვები პუნქტი, პორტი და აეროპორტი, ასევე, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება. შრომის ბაზარი მზარდია, ამიტომ კოლეჯისა და დამსაქმებლის ინტერესები თანხვედრაშია. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ კვალიფიციური კადრების მიმწოდებელი. ორგანიზაციები კი ქმნიან სივრცეს, სადაც ეს რესურსი ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათად იქცევა. აღსანიშნავია, რომ დასაქმება ხშირად სწავლის პროცესშივე ხდება.
– რა როლს ასრულებს კოლეჯის რეგიონში არსებობა მის განვითარებაში?
მარიამ ქებაძე (იურისტი): უპირველეს ყოვლისა, კოლეჯის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებობა ხელს უწყობს ამ რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობას. ჩვენთან დასაქმებულია 65 ადამიანი, ვამზადებთ კვალიფიციურ კადრებს ადგილობრივი ბიზნესისთვის და არა მხოლოდ, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზრის განვითარებას, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და მოსახლეობის ადგილზე დასაქმებას.
აჭარის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზაგამტარია, განაპირობებს მუდმივ მოთხოვნას კვალიფიციურ მებაჟეებზე. შესაბამისად, რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე, კოლეჯი „ნიუ მეჯიქი“ არის ერთადერთი პროფესიული სასწავლებელი, სადაც ხორციელდება პროგრამა „საბაჟო საქმე“.
– რამდენად დიდია მოთხოვნა?
– პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია. ადამიანები სულ უფრო ხშირად ირჩევენ პროფესიულ განათლებას, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რეალურ გარემოში პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნით დასაქმდე უმოკლეს პერიოდში. პროფესიული პროგრამები, რომლებიც ჩვენთან ისწავლება, არის დეფიციტური და მოთხოვნადი. მაგალითად, საექთნო განათლების პროგრამა რომ ავიღოთ, დღესდღეობით საქართველოში ერთ ექიმზე 1,1 ექთანი მოდის, ხოლო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 4 ექთანი უნდა იყოს. შესაბამისად, თითოეულ პროგრამაზე ჩარიცხვისას საკმაოდ მაღალია კონკურენცია. წელს კიდევ უფრო მზარდ მაჩვენებელს ველით.
– ვის შეუძლია „ნიუ მეჯიქში“ სწავლა და როგორ ხდება მიღება?
ლევან ტაკიძე (დირექტორი): „ნიუ მეჯიქში“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. ასაკი არ არის შეზღუდული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სწავლების დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო, რაც ხელს უწყობს პროფესიული კოლეჯების მდგრადობას და განვითარებას. რეგისტრაციას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვაცხადებთ (გაზაფხული/შემოდგომა). რეგისტრაცია მიმდინარეობს განათლების სამინისტროს პორტალზე – vet.ge-ზე. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭიროა აპლიკანტმა გაიაროს ზოგადი ტესტირება. სასწავლებელში ირიცხებიან საუკეთესო რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები. კოლეჯი „ნიუ მეჯიქი“ – ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია შეიძინო „ახალი უნარები უკეთესი მომავლისთვის“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





