საზოგადოება

ჯამლეტ ხუხაშვილი: ვისაც დამნახავი თვალები აქვს, სწორედ მისგან მოდის სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა...

№30

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 04.08, 2021 წელი

ჯამლეტ ხუხაშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ჯამლეტ ხუხაშვილთან 👇

სახელი: ჯამლეტი.

გვარი: ხუხაშვილი.

პროფესია: სპორტული კომენტატორი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– 3 წლიდან სპორტის სხვადასხვა სახეობას ვეუფლებოდი და ბავშვები საბავშვო ბაღში ვეჯიბრებოდით ხოლმე ერთმანეთს. ერთი ყველაზე ახლო მეზობელი და მეგობარი მყავდა – სულიკო. ჭიდაობის ფინალში მოგვიწია ერთმანეთთან შერკინება. ისე ვიყავით ერთმანეთზე დაგეშილები, გამარჯვების ჟინის წყენა ცხოვრების ბოლომდე გაგვყვა. სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი, თუმცა მოჩხუბარი და ამიტომ, ყოფაქცევის ერთი ოთხიანი ან სამიანი ყოველთვის გამომერეოდა ხოლმე. ერთხელ მათემატიკაში დამიწერეს 4-იანი და ეს მოჩხუბარი ბიჭი ორი საათი ვტიროდი. იქამდე ვიტირე, სანამ გამოცდა თავიდან არ დამაწერინეს. კიდევ ერთი ოთხიანი მახსოვს, თამარა ხარაძე – ჩემი ბიცოლა მასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. იმ პერიოდში ყოფაქცევაშიც კი გამოვასწორე ნიშანი და თურმე, მას დაუწერია ჩემთვის ოთხი. ამით დაამტკიცა, რომ ნეპოტიზმის მიმდევარი არ იყო.

– მშობლების როლი...

– ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ორივე ისტორიკოსი გახლდათ, მამა – ომის ვეტერანი და მაღალი თანამდებობის პირი... ორივე სწავლაზე იყო ორიენტირებული და ამიტომ არც მიკვირის, რომ კარგად ვსწავლობდი. მამა პროფესიონალი თამადა იყო და მეც მისგან გადმოვიღე. დედა – წესრიგის დედოფალი, მას ვექვემდებარებოდით მე და ჩემი ძმა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული მოსათოკები ვიყავით.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– ერთმა ინციდენტმა ხელბურთში. თავიდან ხელბურთელი ვიყავი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სტუდენტებში და ვთამაშობდი ისეთ ვარსკვლავურ გუნდში, როგორიც იყო „თბილისის ქარიშხალა“. ერთ დღესაც ვარჯიშის დროს შელაპარაკება მომივიდა გუნდის ვარსკვლავთან, საბჭოთა კავშირის წამყვან სპორტსმენთან და ვცემე. მაშინ მივხვდი, რომ მთელმა გუნდმა ზურგი შემაქცია და იქ უკვე არაფერი მესაქმებოდა და წამოვედი. ამის მერე დაიწყო ჩემი კარიერა, როგორც სპორტული კომენტატორის. მხატვარი შოთა შანიძე გახლდათ ჩემი მეგობარი, რომელსაც ჰქონდა მაგნიტოფონი და მის მაგნიტოფონში ვიწერდი ხოლმე საცდელ გადაცემებს. ერთხელაც ერთი ჩანაწერი მივუტანე კოტე მახარაძეს. მან ნიკოლოზ აბზიანიძესთან გამიშვა რადიოს ფედერაციაში. მივიღე დავალებები, სხვადასხვა რედაქციამ დაიწყო ჩემი გასინჯვა და მიკროფონთან მისვლის უფლება კარგა ხნის მერე მომცეს.

– ჩემი მეტსახელი...

– არასდროს მქონია, ისეთი სახელი მაქვს, მეტსახელი რაღა უნდა ყოფილიყო (იცინის).

– ადამიანში ვაფასებ...

– ადამიანს უნდა ჰქონდეს მადლიერების გრძნობა და შეეძლოს სიკეთის დანახვა. ვისაც დამნახავი თვალები აქვს, სწორედ, მისგან მოდის სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთგაგება... ასეთი ადამიანი არ შეიძლება, ცუდი იყოს.

– წარმატებული ადამიანი არის...

– დასაფასებელი. წარმატებას რომ მიაღწიო, მაგალითად, სპორტში, ძალიან რთულია. ჩვენ მიჩვეულები ვართ ჩემპიონებს და ამ სფეროში წარმატებული ყველასგან გამორჩეული უნდა იყო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სპორტსმენი, რომელიც გამარჯვებულია ყოველთვის მაღლა დგას, თუმცა არ აქვს უფლება, მასზე ვინმემ თქვას, ზემოდან მიყურებსო.

– ვამაყობ...

– იმით, რომ დავიბადე იმ ქვეყანაში, სადაც სპორტის მიმართ არც ერთი რიგითი ადამიანი არ არის გულგრილი, სადაც არავის უკვირს ამდენი ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონის მედალი; არავის უკვირს, რომ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი – ლაშა ტალახაძე, გვყავს ნინო სალუქვაძე, რომელიც მეცხრედ წავიდა ოლიმპიურ თამაშებზე და ეს მას ჯერ კიდევ 30 წლის წინ ვუწინასწარმეტყველე. მეამაყება ის, რომ ვარ ებრაელი კაცი და დაბადებული საქართველოში. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც არასოდეს ყოფილა ანტისემიტიზმი. ვამაყობ, რომ საპატიო თბილისელი ვარ, რადგან ეს არც თუ იოლი საქმეა; ვამაყობ, რომ კალათბურთის ერთ-ერთი პირველი დამსახურებული მწვრთნელი ვარ საქართველოში და რომ გავზარდე NBA-ის პირველი ქართველი ლეგიონერი – ვლადიმერ სტეფანია. ასევე, ჩემი გაზრდილია, ეგრეთ წოდებული, „ნატახტარელი ვეფხვი“ – გიორგი შერმადინი, რომელიც ესპანეთის საუკეთესო მოთამაშეა. ვამაყობ იმით, რომ ვატარებ კოტე მახარაძის მოსწავლის ოფიციალურ სტატუსს – ეს ყველაზე საპატიო წოდებაა ჩემთვის.

– ვრისკავ...

– ძალიან რისკიანი რომ ვარ, ამაზე ჩემი ცხოვრებაც მეტყველებს, იმდენი რამე შემემთხვა, რომ რამდენჯერმე ძლივს გადავურჩი 100-პროცენტიან სიკვდილს...

– ბედისწერა...

– ვერავინ იტყვის, რომ მისი არ სჯერა. ვიცით, ყველაფერი ზემოდან, ღმერთიდან არის და ის, რაც ზემოთ შენზეა გადაწყვეტილი, ისე მოხდება. როგორც არ უნდა გაფრთხილდე და მოერიდო, შენზე დაწერილ რეცეპტს ვერსად გაექცევი.

– რთული პერიოდი...

– ბევრჯერ მქონდა. 1970 წელს ავიაკატასტროფაში მოვყევი, დაიღუპა 33 ადამიანი და 8 გადავრჩით; 1976 წელს ავტოავარიაში მოვყევი და იქაც გადარჩენის შანსი მინიმუმამდე იყო. ახალგაზრდობის დროს ჩხუბი მომივიდა, გადავრჩი, მაგრამ კლინიკური სიკვდილი მქონდა...

– დრო და სიყვარული...

– მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება. დრო ვერაფერს აკლებს გრძნობას. ჩვენ მოვილაპარაკეთ, როცა 80 წელს გადავცილდებით და დავჩაჩანაკდებით, ავდივართ თვითმფრინავში პარაშუტების გარეშე და იქიდან ერთად ვხტებით. ერთად მოვედით ამქვეყნად და ერთად მივდივართ... თუმცა, იქამდე კიდევ სამი წელი დაგვრჩა.

– ბოდიშის მოხდა...

– ძალიან იშვიათად ვიხდი ბოდიშს, რადგან ყოველთვის ვცდილობ, არ გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომ მერე საბოდიშო მქონდეს.

– ვნანობ...

– ჩემი არჩეული ცხოვრების გზა როგორც წარიმართა, არაფერს ვნანობ, უბრალოდ განვიცდი იმას, რომ ახალგაზრდები გარდამეცვალნენ: მამა, ძმა, ძმისშვილი... ერთ რამეს განვიცდი კიდევ, ვცხოვრობ ქვეყანაში, საქართველოში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი კლიმატით, ბუნებით, ადათით, ტრადიციით, მაგრამ გული მწყდება, რომ ის არ არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– იყავი ზრდილობიანი. თუ ბოდიში გაქვს მოსახდელი, მოიხადე. იყავი მოსიყვარულე და ეცადე, რამით გამოადგე შენს ქვეყანას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა