გამორჩეული დიზაინის ტორტები თქვენს დღესასწაულებს დაუვიწყარს გახდის
ავტორი: „თბილისელები“ 15:10 25.11
კონდიტერ მარეხი გოგოლაძის დამზადებული ტორტები ხაშურში და არა მხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ტორტი თქვენს დღესასწაულებს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.
მარეხი გოგოლაძე: ცხობა დედისგან ვისწავლე, რომელსაც ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ოჯახი რომ შევქმენი 90-იანების რთული პერიოდი იყო და მოგეხსენებათ, ადამიანებს არსებობის ელემენტარული პირობებისთვის უწევდათ ბრძოლა. არც ჩვენი ოჯახი იყო გამონაკლისი. როცა სადმე სტუმრად წასვლა იყო საჭირო და საჩუქრის ყიდვის საშუალება არ მქონდა, ჩემს ნახელავს მივართმევდი ხოლმე, რაც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა სტუმრებში. ყველა კითხულობდა, ვისი ნახელავი იყო და ასე გამიჩნდა შეკვეთების მიღების იდეა. ვინაიდან ელექტრონერგიისა და გაზის პრობლემა იყო, შეშის ღუმელზე მიწევდა ცხობა, რაც არ იყო მარტივი.
– მაღაზიის გახსნის იდეა როდის გაჩნდა?
– დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა შეკვეთების რაოდენობამ და გადავწყვიტე, ხაშურის ბაზრის ტერიტორიაზე პატარა მაღაზია გამეხსნა. იმ პერიოდში კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნო. ვინაიდან შვილები პატარები მყავდა, რთული იყო მათი დატოვება და პარალელურად, მაღაზიის მუშაობა, ამიტომ დაკეტვა მომიწია და მას შემდეგ სახლში, ოჯახურ პირობებში მაქვს საწარმო, დისტანციურად ვიღებ შეკვეთებს და ამ ფორმით ვაგრძელებ მუშაობას.
– საკმაოდ ბევრი შეკვეთა გაქვთ, ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები, ვინც პროდუქციის დამზადებაში გეხმარებათ?
– მყავს რამდენიმე ადამიანი რომლებთან ერთადაც ჩვენს ნაწარმს ვქმნი, ესენი არიან: დამხმარე, მცხობელი, მკრემავი და დამლაგებელი. ვმუშაობთ მხოლოდ შეკვეთებზე, მაქვს საკუთარი „ფეისბუქ გვერდი“, სადაც შეკვეთებს ვიღებთ. ჩემი საქმიანობა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, არის შემთხვევები, როდესაც ღამეების თენება მიწევს.
– რა სირთულის დიზაინებზე მუშაობთ?
– ჩვენთვის სირთულეს არანაირი დიზაინი არ წარმოადგენს. ვაკეთებთ ნებისმიერი მასშტაბის ტორტებს. შეკვეთები სხვა ქალაქებიდანაც მიგვიღია, უფრო მეტიც, ჩვენი ტორტები რუსეთსა და საფრანგეთშიც წაუღიათ.
– რა მასალით მუშაობთ?
– ჩვენ არ ვიყენებთ გაყინულ პროდუქციას, ვაკეთებთ ტრადიციულ კრემებს ყოველგვარი მინარევების გარეშე. ვიყენებთ ცოცხალ ხილს, რასაც ყოველდღიურად ვყიდულობ. ძირითადად, კარაქითა და თეთრი და მოხარშული შედედებული რძით ვმუშაობთ. ისეთ პროდუქციას არ გავყიდი, რასაც საკუთარ შვილებს არ ვაჭმევ.
– საქორწილო ტორტების შეკვეთებს რამდენი ხნით ადრე იღებთ?
– საქორწილო ტორტების შეკვეთებს, მათი მასშტაბებიდან და დიზაინის სირთულიდან გამომდინარე, დაახლოებით, ერთ თვით ადრე ვიღებთ. მარტივი, ყოველდღიური ტორტის შეკვეთა წინა დღესაც შესაძლებელია. ვაკეთებთ უამრავი დიზაინის ტორტებს, დაბადების დღის, ნათლობისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღეების აღსანიშნავად.
– ალბათ, თვითგანვითარებისთვის უწყვეტი შრომაა თქვენი წარმატების მიზეზი?
– ზოგადად განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ნებისმიერ პროფესიაში მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლა. საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომამ და უამრავმა ერთმანეთისგან განსხვავებულმა შეკვეთამ, რასაც წლების განმავლობაში ვამზადებ, დიდი გამოცდილება მომიტანა. ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან