საზოგადოება

ელენე ეგიდუნაშვილის წარმატების გზა სტომატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში

№18

ავტორი: „თბილისელები“ 01:09

ელენე ეგიდუნაშვილი
დაკოპირებულია

ექიმი სტომატოლოგი ელენე ეგიდუნაშვილი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და მუდმივად წინსვლისა და განვითარებისთვის იბრძვის. ელენე ესთეტიკური მედიცინით წლების წინ დაინტერესდა, როცა საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ დამკვიდრების პროცესში იყო და არაერთი სასერტიფიკატო კურსი გაიარა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საკუთარი კლინიკა კოვიდპანდემიის რთულ პირობებში გახსნა და მომხმარებლებს სრულ სტომატოლოგიურ და ესთეტიკურ მომსახურებებს სთავაზობს.

ელენე ეგიდუნაშვილი: თელავის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. გავიარე რეზიდენტურა, ჩავაბარე სასერტიფიკატო გამოცდა, გავხდი პრაქტიკოსი ექიმი და ვთანამშრომლობდი სხვადასხვა კლინიკებთან. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შევქმენი ოჯახი, მყავს სამი შვილი. ოჯახისა და კარიერის შეთავსება, მარტივი არ არის, მაგრამ უწყვეტი განვითარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ყოველთვის მაქვს გეგმა,რომლის მისაღწევადაც ბევრს ვმუშაობ.

– საკუთარი კლინიკის გახსნა როდის გადაწყვიტეთ და როგორ გაამართლა ამ იდეამ?

– სხვა კლინიკებში მუშაობის პარალელურად, საკუთარი კაბინეტიც მქონდა. ერთი სავარძლიდან დავიწყე და პანდემიის დროს, როცა ყველაფერი იკეტებოდა, მე მაშინ გავხსენი კლინიკა, რომელმაც პირველივე დღიდანვე წარმატებით დაიწყო მუშაობა. თავიდანვე ბევრი პაციენტი გვყავდა და იმ რთულ პერიოდშიც კი არ გავჩერებულვართ. კლინიკის გახსნის დროს ლოკაციად ვარკეთილი ავირჩიე, რადგან ჩემი პაციენტების უდიდესი ნაწილი ამ რაიონიდან იყო.

– ესთეტიკური მედიცინით როდის დაინტერესდით?

–ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ბოლო კურსზე ვიყავი, როცა ეს მიმართულება საქართველოში იკიდებდა ფეხს. მაშინვე დავინტერესდი და ყოველთვის მქონდა გეგმაში ამ მიმართულებითაც განვითარებულიყავი. პირველად ბატონ გია გვარამიასთან გავიარე შესაბამისი კურსი, შემდეგ „ტოტალ შარმში“ და მოგვიანებით უკვე არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, იტალიასა და ესპანეთში გავიარე სასერტიფიკატო კურსი ესთეტიკური მედიცინის კუთხით. ჩვენი კლინიკა მთლიანად მოიცავს როგორც სტომატოლოგიას, ისე ესთეტიკურ მედიცინას.

– ესთეტიკურ მედიცინაში რა პროცედურებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

– ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუჩის მოცულობის გაზრდასა და ფორმის ცვლილებაზეა, შემდეგ – ნაოჭების გასწორება, რისთვისაც მამაკაცებიც ხშირად მოგვმართავენ. გვაქვს ლაზერის სამსხივიანი თანამედროვე აპარატი, ვაკეთებთ პერმანენტულ მაკიაჟს, ყველანაირ ინიექციებს – ბოტოქსი, ფილერი და ასე შემდეგ.

– რა პროცედურებს ატარებთ ნაოჭების გასწორებისთვის?

–ნაოჭის სიღრმისა და კანის სტრუქტურის მდგომარეობის შესაბამისად, ექიმი წყვეტს, რა ტიპის პროცედურა ჩატარდეს. მიმიკური ნაოჭების შემთხვევაში ვაკეთებთ ბოტოქსის პროცედურას, მაგრამ როცა ნაოჭი სტატიკურია, ვიყენებთ შემავსებელს, ეგრეთ წოდებულ ფილერს.

– დღეს ხარისხიანი სტომატოლოგიური და ესთეტიკური მომსახურების მიღება საკმაოდ ძვირია, როგორი მიდგომა გაქვთ ფასების კუთხით?

– ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ხარისხს როგორც სტომატოლოგიაში, ისე ესთეტიკურ მედიცინაში. მოგეხსენებათ, ხარისხიანი პროდუქცია იაფი ვერ იქნება, ვერც ექიმი იმუშავებს ენთუზიაზმზე, შესაბამისად, ყველა მომენტის გათვალისწინებით, ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად მისაღები ფასები შევთავაზოთ.

– წარმატებული კარიერისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა, თქვენ ვინ გიმაგრებთ ზურგს?

–ოჯახის მხარდაჭერა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლები ყოველთვის მყარად მედგნენ გვერდში. დედასაც და მამასაც კარგი განათლება აქვთ, დედა პროფესორია, მამასაც ორი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. დიდი რესურსი ჩადეს ჩვენში, რაც ჩვენც ჩვენი მხრიდან განვავითარეთ. მოგვცეს კარგი განათლება და ყოველთვის გვარწმუნებდნენ, რომ ცოდნის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა.

– ესთეტიკურ მედიცინაში რა პროდუქტებს ანიჭებთ უპირატესობას?

–ყველა პროდუქციას ვეცნობი, რაც საქართველოში შემოდის და ვიყენებ ყველაფერს, რაც გამოცდილია და ჰყავს ოფიციალური შემომტანი.

– როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

–ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, პარალელურად, ვმუშაობ რამდენიმე კლინიკაში, მათ შორის თელავშიც, ამიტომ თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს.

– შვილები გაგვაცანით, როგორც ვიცით, ისინიც მედიცინის მიმართულებით აპირებენ განვითარებას.

– სამი შვილი მყავს, უფროსი გოგონა – რუსუდან მალუტაშვილი და ვაჟი ანდრია მალუტაშვილი ჩემს პროფესიას გაჰყვნენ და სტომატოლოგია აირჩიეს. უმცროსი ქალიშვილი – ანასტასია ჯერ 15 წლისაა.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

–როგორც წესი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები მაქვს ხოლმე. მოკლევადიან გეგმას გაგიმხელთ – შევიძინე 150 კვადრატული მეტრის ფართი, სადაც მალე გადავა ჩვენი კლინიკა, რომელიც მაღალი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და კომფორტული იქნება. გრძელვადიან გეგმებში მაქვს, გავხსნა ჩვენი კლინიკის ფილიალები სხვადასხვა უბნებში. ასევე, ჩემს გრძელვადიან გეგმაში შედის სასწავლო ცენტრის გახსნა, რადგან ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გავუზიარო. მიყვარს მონდომებული ახალგაზრდები და მუდამ გვერდში ვუდგავარ მათ. ჩემი კლინიკის კარი ყოველთვის ღიაა დამწყებთათვის და ამ კუთხით ბოლომდე ვიხარჯები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა