ექიმის როლი თანამედროვე მედიცინის განვითარებაში – ნათია ტყეშელაშვილი საკუთარი წარმატების გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 12:50
თანამედროვე მედიცინა მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესშია და ამ ცვლილებების ცენტრში სწორედ ის პროფესიონალები დგანან, რომლებიც კლინიკურ პრაქტიკას ინოვაციებსა და განათლებასთან აერთიანებენ. ექიმი ნათია ტყეშელაშვილი მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია — შინაგანი და საოჯახო მედიცინის სპეციალისტი, რომლის პროფესიული გზა მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებისა და საერთაშორისო აქტივობის სინთეზს ქმნის.
მისი კარიერა მრავალწლიან კლინიკურ და აკადემიურ გამოცდილებას, საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობასა და ტელემედიცინის განვითარებას აერთიანებს. პანდემიის პერიოდში მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო — ის ერთდროულად მონაწილეობდა პაციენტების მართვასა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებაში, რამაც პროფესიულ წრეებში ფართო აღიარება მოუტანა, მათ შორის „ბრენდ პერსონა 2024“-ის ჯილდო.
დღეს ექიმი ნათია ტყეშელაშვილი საერთაშორისო სივრცეში აგრძელებს პროფესიულ განვითარებას და მუშაობს იმ მიმართულებებზე, რომლებიც თანამედროვე ჯანდაცვის მომავალს განსაზღვრავს — პირველადი ჯანდაცვა, ციფრული მედიცინა და სამედიცინო განათლება.
– ქალბატონო ნათია, როგორ დაიწყო თქვენი სამედიცინო კარიერა და რა ეტაპები იყო გარდამტეხი თქვენს პროფესიულ ჩამოყალიბებაში?
ნათია ტყეშელაშილი: ჩემი პროფესიული გზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც მედიცინის დოქტორის ხარისხი მივიღე. სტუდენტობის პერიოდიდანვე ვცდილობდი, სამედიცინო ცოდნა საერთაშორისო გამოცდილებასთან დამეკავშირებინა, სწორედ ამიტომ პარალელურად დავამთავრე უცხო ენების თარჯიმან-რეფერენტის ფაკულტეტიც. ეს არჩევანი მიზანმიმართული იყო — მედიცინა არის სფერო, სადაც ცოდნის მუდმივი განახლება და საერთაშორისო სივრცესთან კავშირი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მედიცინა მუდმივად ვითარდება და ექიმისთვის აუცილებელია საერთაშორისო ცოდნასთან უშუალო წვდომა. სწორედ ამიტომ ენა ჩემთვის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ იყო — ის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც გახდა.
პროფესიულად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საოჯახო მედიცინის რეზიდენტურა, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი ხედვა პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე. მოგვიანებით ასევე, გავიარე რეზიდენტურის კურსი შინაგან სნეულებებშიც, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა ჩემი კომპეტენციები და ორმაგი ლიცენზიით საექიმო საქმიანობის უფრო ფართო ასპარეზზე გავედი. შემდგომ წლებში მუშაობამ საქართველოს წამყვან კლინიკებში მომცა შესაძლებლობა, დამეგროვებინა მრავალმხრივი კლინიკური გამოცდილება. კარიერის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპად მივიჩნევ ასევე ტელემედიცინის განვითარებაში მონაწილეობას, რაც თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა.
– თქვენი პროფესიული კომპეტენცია და ლიდერული უნარ-ჩვევები შეუმჩნეველი არავის დარჩენია. თქვენი აზრით, რა თვისებები დაგეხმარათ პროფესიული წარმატების მიღწევაში?
– ვფიქრობ, პროფესიული წარმატების საფუძველი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა.
პირველ რიგში — უწყვეტი სწავლა და განვითარება. მედიცინა არის მუდმივად პროგრესირებადი სფერო, სადაც სწავლა არასოდეს სრულდება — აუცილებელია ცოდნის მუდმივი განახლება, თანამედროვე კვლევების გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და ზოგადად, ადამიანების სიყვარული. ექიმად ვერ შედგები, თუ პაციენტი არ გიყვარს! ექიმის პროფესია მხოლოდ კლინიკურ ცოდნას არ გულისხმობს — ის ასევე გულისხმობს პაციენტის ნდობის მოპოვებას, გუნდურ მუშაობას, კრიტიკული აზროვნების უნარს და რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას. ჩემი კარიერის განმავლობაში ასევე მომიწია მულტიდისციპლინური გუნდების ხელმძღვანელობა, რაც მოითხოვს როგორც პროფესიულ ცოდნას, ისე ეფექტურ კომუნიკაციასა და ორგანიზაციულ უნარებს. ვფიქრობ, სწორედ ამ თვისებების კომბინაციამ განაპირობა ჩემი პროფესიული გზა და ის შესაძლებლობები, რომლებიც კარიერის განმავლობაში მომეცა.
– კოვიდპანდემიის პერიოდში აქტიურად იყავით ჩართული პაციენტების მართვისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესში. რა იყო იმ პერიოდის ყველაზე დიდი პროფესიული გამოწვევა თქვენთვის?
–COVID-19-ის პანდემია სრულიად უპრეცედენტო გამოწვევა იყო მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელმაც სრულიად შეცვალა მსოფლიოს რეალობა. ექიმებისთვის ეს პერიოდი პროფესიული პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ გამოცდად იქცა. იმ პერიოდში ერთდროულად გვიწევდა როგორც პაციენტების მკურნალობა, ისე სწრაფად ცვალებად სამედიცინო რეალობასთან ადაპტაცია, ახალი კლინიკური მონაცემების ანალიზი, მათი პრაქტიკაში სწრაფი დანერგვა და პაციენტებისთვის მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმების თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველადი ჯანდაცვის ექიმების მხარდაჭერა და მათი გადამზადება, რათა სწორად ემართათ პაციენტები და ეფექტურად გამოეყენებინათ არსებული რესურსები. დიდი გამოწვევა იყო ასევე საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა. სწორედ ამიტომ აქტიურად ვიყენებდი საგანმანათლებლო პლატფორმებსა და ციფრულ სივრცეს, რათა საზოგადოებას მიეღო სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ეს გამოცდილება ჩემთვის პროფესიულად ძალიან მნიშვნელოვანი და განმავითარებელი აღმოჩნდა.
– ერთდროულად ეწეოდით აქტიურ კლინიკურ და აკადემიურ საქმიანობას. როგორ ახერხებდით ამ მიმართულებების ეფექტიანად სინქრონიზებას?
–კლინიკური პრაქტიკა და აკადემიური საქმიანობა ერთმანეთის ბუნებრივი გაგრძელებაა. ყოველდღიური კლინიკური გამოცდილება მეხმარებოდა სტუდენტებისთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებაში, ხოლო აკადემიური გარემო მუდმივად მაძლევდა მოტივაციას, გამეღრმავებინა ცოდნა და გამეზიარებინა თანამედროვე სამედიცინო მიდგომები.
ვასწავლიდი როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში და აქტიურად ვიყავი ჩართული პირველადი ჯანდაცვის სასწავლო პროგრამების განვითარებაში. ვფიქრობ, სწორედ ამ ორი მიმართულების კომბინაცია ქმნის სრულყოფილ სამედიცინო პროფესიონალს — ექიმს, რომელიც არა მხოლოდ მკურნალობს პაციენტს, არამედ მონაწილეობს მომავალი თაობის ექიმების ჩამოყალიბებაშიც.
ჩემთვის ეს საქმიანობა მხოლოდ პროფესიული ვალდებულება არ ყოფილა.
ახალგაზრდა ექიმებთან მუშაობა ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას არა მხოლოდ ცოდნა გადავცეთ, არამედ ის ღირებულებები, რომლებიც ექიმის პროფესიას განსაზღვრავს.
– თქვენი კარიერა გამორჩეულია საერთაშორისო სტიპენდიებითა და პროფესიული აღიარებით, მათ შორის — „ბრენდ პერსონა 2024“-ის ჯილდოთი. ამ წარმატებების ფონზე, რამ განაპირობა გადაწყვეტილება კარიერის უცხოეთში გაგრძელების შესახებ?
– ჩემი პროფესიული გზა ნამდვილად დაკავშირებულია როგორც საერთაშორისო გამოცდილებასთან, ისე ადგილობრივ პროფესიულ აღიარებასთან. მქონდა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამასა და აკადემიურ პროექტში. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი გლობალური სამედიცინო თანამშრომლობის მიმართ.
„ბრენდ პერსონა 2024“-ის ტიტული ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეროვნულ ჯილდოს, რომელიც 2013 წლიდან ენიჭებათ სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ პროფესიონალებს და მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარებისა და წარმატებული ადამიანების მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტიტული გაიცემა სპეციალური საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციისა და მკაცრი შერჩევის საფუძველზე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოში ფართოდ ცნობილი და ავტორიტეტული პირები. ყოველწლიურად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის — დაახლოებით 60 ადამიანი — იღებს ამ ჯილდოს, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ჩემთვის ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ასახავს ჩემს მრავალწლიან პროფესიულ საქმიანობას, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში გაწეულ შრომას — როგორც კლინიკურ, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით.
ეს არის არა მხოლოდ პირადი წარმატება, არამედ იმის დასტური, რომ ჩემი საქმიანობა რეალურად ქმნიდა ღირებულებას საზოგადოებისთვის. ეს აღიარება ჩემთვის მხოლოდ მიღწევის დაფიქსირება არ არის — ის არის პასუხისმგებლობაც, გავაგრძელო პროფესიული განვითარება, შევქმნა მეტი ღირებულება საზოგადოებისთვის და კიდევ უფრო ფართო მასშტაბით განვავითარო ის მიმართულებები, რომლებზეც წლების განმავლობაში ვმუშაობდი.
თუმცა, ამავე დროს, პროფესიული განვითარების პროცესში სულ უფრო აშკარა ხდებოდა ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა — ექიმების შრომის არასათანადო დაფასება, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. მიუხედავად მაღალი პასუხისმგებლობისა, დატვირთვისა და მუდმივი პროფესიული განვითარების აუცილებლობისა, ექიმის ანაზღაურება ხშირად მიზერულია, სცდება საარსებო მინიმუმს და ვერ შეესაბამება იმ რესურსს, რასაც ექიმი ყოველდღიურად დებს საკუთარ საქმეში.
სწორედ ამ ორმა ფაქტორმა — ერთი მხრივ, მიღწეულმა პროფესიულმა აღიარებამ და მეორე მხრივ, სისტემურმა შეზღუდვებმა — განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, კარიერა საერთაშორისო სივრცეში გამეგრძელებინა. ეს არ არის მხოლოდ გარემოს შეცვლის სურვილი — ეს არის შესაძლებლობა, ვიმუშაო სისტემაში, სადაც პროფესიონალიზმი უფრო მეტად არის დაფასებული და სადაც შემიძლია ჩემი გამოცდილება და ცოდნა კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გამოვიყენო.
ამავდროულად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოცდილება მომავალში კვლავაც ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომელიც თავიდანვე მქონდა — ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური სამედიცინო სერვისების შექმნას. კარიერის უცხოეთში გაგრძელების გადაწყვეტილება განპირობებულია სურვილით, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო უფრო ფართო პროფესიულ გარემოში, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვის განვითარება, ტელემედიცინა და ექიმების განათლება. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა გავაგრძელო პროფესიული ზრდა და საერთაშორისო სამედიცინო სივრცეში აქტიურად ჩავერთო ინოვაციური პროექტების განვითარებაში.
– დღეს ესთეტიკური მედიცინა სწრაფად განვითარებადი სფეროა. როდის და რა გარემოებებში დაინტერესდით ამ მიმართულებით?
–ესთეტიკური მედიცინის მიმართ ინტერესი ეტაპობრივად ჩამომიყალიბდა, კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში, როდესაც პაციენტებთან მუშაობისას უფრო ნათლად დავინახე, რომ ჯანმრთელობა მხოლოდ დაავადებების არარსებობას არ გულისხმობს. მასში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის თვითშეფასება, ემოციური მდგომარეობა და საკუთარი გარეგნობით კმაყოფილება.
როგორც ექიმისთვის, ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო პაციენტისადმი კომპლექსური, ჰოლისტიკური მიდგომა. სწორედ ამ ხედვამ მიმიყვანა ესთეტიკურ მედიცინამდე — სფერომდე, რომელიც საშუალებას იძლევა, სამეცნიერო და კლინიკური ცოდნის გამოყენებით გავლენა მოვახდინოთ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოემოციურ კეთილდღეობაზეც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, უსაფრთხო და ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომებს. სწორედ ეს სამეცნიერო საფუძველი და მაღალი სტანდარტები გახდა ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი, ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების არჩევისას.
დღეს ესთეტიკურ მედიცინას ვხედავ არა როგორც მხოლოდ კოსმეტიკურ ჩარევას, არამედ როგორც მედიცინის სრულფასოვან დარგს, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და თვითშეფასებას.
– რა პროფესიული მიზნები გაქვთ ამერიკაში და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერული განვითარება მომდევნო ხუთი წლის პერსპექტივაში?
–ჩემი მთავარი მიზანია ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში ჩართულობა პირველადი ჯანდაცვისა და ციფრული მედიცინის მიმართულებით. განსაკუთრებით მაინტერესებს ტელემედიცინისა და პაციენტების დისტანციური მონიტორინგის მოდელების განვითარება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას იმ რეგიონებში, სადაც ჯანდაცვის სერვისები შეზღუდულია.
ასევე მსურს აქტიურად ჩავერთო სამედიცინო განათლების პროცესში და გამოვიყენო ჩემი გამოცდილება ექიმების მომზადებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ვფიქრობ, მომდევნო წლებში ჩემი საქმიანობა იქნება ორიენტირებული კლინიკური ინოვაციების დანერგვაზე, სამედიცინო განათლებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
ამასთანავე, ჩემს პროფესიულ გეგმებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მაღალი სტანდარტის ესთეტიკური მედიცინის სივრცის შექმნა. ჩემი ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ესთეტიკური პროცედურების მიწოდებით — ჩემო მთავარი მიზანია, ჩამოვაყალიბო მულტიდისციპლინური, სამედიცინო კონცეფციაზე დაფუძნებული ცენტრი, სადაც ესთეტიკური მედიცინა ინტეგრირებული იქნება ზოგად ჯანმრთელობასთან და პაციენტის ჰოლისტიკურ კეთილდღეობასთან.
ეს სივრცე დაფუძნებული იქნება რამდენიმე ძირითად პრინციპზე:
პირველი — მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც მუდმივად გადის საერთაშორისო ტრენინგებს და მუშაობს თანამედროვე კლინიკური სტანდარტების შესაბამისად;
მეორე — მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, სადაც ყველა პროცედურა და პროტოკოლი ეფუძნება უახლეს სამეცნიერო კვლევებს და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
მესამე — ინდივიდუალიზებული მკურნალობის გეგმები, რადგან თითოეული პაციენტის ანატომიური და ბიოლოგიური თავისებურებები უნიკალურია;
და მეოთხე — ტექნოლოგიური ინოვაციები, მათ შორის ციფრული დიაგნოსტიკა და დისტანციური მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის შედეგების უკეთ კონტროლს და გრძელვადიან ეფექტურობას.
ჩემი მიზანია შევქმნა სივრცე, სადაც ესთეტიკური მედიცინა აღიქმება არა როგორც მხოლოდ ვიზუალური ცვლილება, არამედ როგორც კომპლექსური სამედიცინო პროცესი, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის თვითშეფასებას, ემოციურ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს.
მომდევნო ხუთი წლის პერსპექტივაში ჩემს კარიერულ განვითარებას ვხედავ სწორედ ამ მრავალმხრივი მიმართულებების — კლინიკური პრაქტიკის, ციფრული მედიცინის, განათლებისა და ესთეტიკური მედიცინის — სინთეზში, რაც საბოლოოდ შექმნის თანამედროვე, მაღალი ხარისხის და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო ეკოსისტემას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





