საზოგადოება

ექიმი ხელოვანის ხელებით

ავტორი: „თბილისელები“ 13 წუთის წინ

თამარ გოდერიძე
დაკოპირებულია

თამარ გოდერიძე: „ის, რაც კურსუსში ვერ ჩავწერე“

ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.... ეს ქალბატონ თამარ გოდერიძის პროფესიული ბიოგრაფიის არასრული ჩამონათვალია, თუმცა თამარი უბრალოდ პროფესიონალი ექიმი კი არა, ხელოვანი ექიმია. სწორედ ამიტომაც მას გასულ წელს „წლის ხელოვანი ექიმის“ ჯილდო და სტატუსი ერგო.

თამარ გოდერიძე: „მედიცინა და ხელოვნება ხანდახან ისე კანონზომიერად იკვეთება, თითქოს ხელოვნება ერთგვარ შესაძლებლობად, თავშესაფრადაც კი იქცევა ხოლმე ექიმებისთვის, დახარჯული ძალების და ენერგიის აღსადგენად. რუტინული დღეების ბოლოს, ჩემთვის ფორტეპიანო და მწერლის კალამი ერთგვარი შვებაა. ახლა მოთხრობების ახალ კრებულზე ვმუშაობ, სახელწოდებით: „ის, რაც კურსუსში ვერ ჩავწერე“...

რთული წარმოსადგენი არაა, თუ რამხელა ძალისხმევას საჭიროებს მედიცინის და ხელოვნების პარალელებში ცხოვრება და, ამავდროულად, ოთხი შვილის დედობა. „პალიტრა L“-ის

კონკურსში, ქალბატონი თამარ გოდერიძის წიგნმა „ყვავილები სახლთან ახლოს“, გაიმარჯვა და ხალხის რჩეული გახდა. აღნიშნავს, რომ მისთვის სტიმული სწორედ მისი საქმიანობის მრავალი წახნაგია, – კლინიკასა და უნივერსიტეტში, განათლების ხარისხის ცენტრსა (სადაც ის სამედიცინო განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტია) და საქართველოს უწყვეტი სამედიცინო განათლების ფედერაციის (GFDCME) პლატფორმაზე. ეს უკანასკნელი მისი შექმნილია. ერთი წლის წინ პროფესიონალ კოლეგებთან ერთად დააარსა და აპირებს, რომ განათლების უწყვეტობის ჯაჭვში ერთი რგოლი მისი გუნდის აქტივობითაც იყოს ჩაბმული. დატვირთული გრაფიკის ფონზე, ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორტეპიანოზე დაკვრისას იღებს და ვერ წარმოუდგენია, მუსიკის გარეშე მისი ცხოვრება როგორი შეიძლება ყოფილიყო.

თამარ გოდერიძე: „ჩემი ცხოვრების ძირითადი პროფესიული ნაწილი მედიცინაა. იმისთვის, რომ ექიმის პროფესიონალიზმის ხარისხი მაღალი იყოს, მთელი ცხოვრება უნდა სწავლობდეს და ზოგჯერ თავადაც ასწავლიდეს, რადგან სწავლა-­სწავლების პროცესი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი მგონია და ის საკუთარი თავის ერთგვარი ვარჯიშიცაა.

ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. დედაც ექიმი-კარდიოლოგი გახლდათ და მისი დამსახურებაა, რომ ბავშვობიდან გამიჩნდა სურვილი და მისწრაფება, ეს პროფესია ამერჩია. თუმცა, იყო პერიოდი, როცა ვორჭოფობდი სწავლა სამედიცინო სფეროში გამეგრძელებინა, თუ მუსიკას გავყოლოდი. რამდენიმე თვის წინ, მე და გიგი პიანომენმაც ჩავწერეთ დუეტი – ასტორ პიაცოლას „ლიბერტანგო“ აკორდეონისა და ჩელოს აკომპანემენტის თანხლებით. შესრულება სწრაფად აიტაცეს სოციალურ ქსელებში, ათეულობით ნახვა და გაზიარებაც ჰქონდა.

ნაწარმოებების წერას ცოტა დრო და ენერგია არ სჭირდება, ჩემთან კი ეს პროცესი განსაკუთრებულად ხანგრძლივდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ძირითადი პროფესია უდიდეს დროს მოითხოვს, ასევე დიდ დროს მოითხოვს ჩემი ოჯახიც და შვილებთან ჩართულობაც.

– როგორ დააკავშირებდით თქვენი ცხოვრების სამ მთავარ კომპოზიციას?

– ჩემთვის ექიმობა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა, რომელიც ემპათიის გაცემას მნიშვნელოვანი და საჭირო დოზით მავალდებულებს. ყოველივე ეს, შეიძლება გარკვეულწილად სტრესიც იყოს ექიმისთვის, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, პროფესიული საქმიანობის მანძილზე, ხდება ადაპტირება და ისეთი უნარების გამომუშავება, რომლითაც ბალანსის დაცვას სწავლობ. ხელოვნება, პირადად მე, კიდევ უფრო მეტად მეხმარება ამ ბალანსის შენარჩუნებაში.

ასევე ხელოვანის შეგრძნებები რაღაცნაირად მაკავშირებს პაციენტთან, თითქოს მასთან უხილავ ძაფს ვაბამ: კონკრეტულად რა აწუხებს, სწორედ ის ამოიცნო, იმ ტკივილის მიზეზს მიაგნო. მხოლოდ ეს უნდა იყოს წამყვანი მიზანი პაციენტთან კომუნიკაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოაჩენ, რომ ექიმობა „შენი“ არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი