საზოგადოება

დემოკრატია რუსეთში არასოდეს იქნება

№19

ავტორი: „თბილისელები“ 14:30 19.05, 2022 წელი

ჯოხარ დუდაევი
დაკოპირებულია

თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენთვის სიცოცხლე ან სიკვდილია, იმიტომ რომ შესაძლებელია ხალხთან, ხალხში, სახელმწიფოში, სამეზობლოში ცხოვრება, იქ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, როდესაც სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ რუსეთი არ ასრულებს არანაირ ვალდებულებას არც ხალხისა თუ სახელმწიფოს წინაშე. ჩვენი მდგომარეობა ჰგავს შემდეგს: ტყეში დაჭერილი ველური დათვი ჩასვეს გალიაში და გვთავაზობენ: შედით მასთან გალიაში, იცხოვრეთ მეგობრულად, თათი გაუწოდეთ და იყავით მის გვერდითო. აი, რა არის რუსეთი.

რუსეთი აგროვებს სისხლის სამართლის დამნაშავეებს და მათგან ქმნის ბანდფორმირებებს. ამას შემდეგ მეტსახელად უწოდებს „ოპოზიციას“. აიარაღებს კბილებამდე და ამაზე ხარჯავს უამრავ ფულს. წარმოუდგენლად დიდ თანხას ხარჯავენ და უშვებენ შემდეგ ჩვენთან; ყიდულობენ მათთვის ტანკებს, „ბეტეერებს“, თვითმფრინავებს, „სმერჩებს“, „გრადებს“, ამზადებენ მათ თავიანთ ტერიტორიაზე და თვალის ასახვევად რამდენიმე ჩეჩნური წარმომავლობის სისხლის სამართლის დამნაშავეც ჰყავთ და ამ ვინეგრეტს უწოდებენ ოპოზიციას. ეს არის ოპოზიცია რუსულად. სინამდვილეში, ეს ჩვეულებრივი რუსიზმია. ჩვეულებრივი რუსიზმი კი უფრო საშიშია, ვიდრე ფაშიზმი, ნაციზმი, რასიზმი და ყველა ერთად აღებული კაცობრიობისთვის მიუღებელ იდეოლოგიაზე უარესია.

რუსიზმი ფაშიზმზე საშიშია… როდესაც ფაშიზმი გავრცელდა მსოფლიოსა და ევროპაში და კუდზე დაადგა ფეხი რუსეთს, მან პირველმა მოიხმო დანარჩენები: უშველეთ მსოფლიოსო და მთელი მსოფლიო დაუდგა გვერდში, მათ შორის, თავად გერმანელებიც. თავად გერმანელებმა უარყვეს ფაშიზმი, ისევე, როგორც მთელმა მსოფლიომ.

ახლა კი, რუსიზმი ანადგურებს ხალხებს და აღგვის პირისაგან მიწისა, თან, როგორც წესი, ირჩევს ყველაზე უსუსურ მსხვერპლს. მთელი ისტორიის განმავლობაში რუსეთი ირჩევს ყველაზე უმწეო მსხვერპლს, რომ აჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს, აი, რა ძლიერები, რა მტაცებლები ვართო. მთიანი ყარაბაღი – მოსახლეობა გაყარეს და ეს წარმონაქმნი მოსპეს. შემდეგ – აფხაზეთი მოგლიჯეს საქართველოსა და კავკასიას და გაანადგურეს მთელი პოტენციალი. ომი საქართველოსთან, ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რეალურად, იყო ომი რუსული შეიარაღებით, რუსული შეიარაღებული ძალების მეშვეობით, რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობით. სამხრეთ ოსეთი გამოშიგნეს და გაანადგურეს. ჩრდილოეთ ოსეთი, ინგუშეთი…. მათ ფიზიკურად გაანადგურეს მთელი ხალხები. რუსული ხელისუფლება, როდესაც უჭირდა, მირბოდა და ხელს აწერდა სხვადასხვა ხელშეკრულებაზე, რომლებსაც შემდეგ არ ასრულებდა და არც არასდროს შეასრულებს. მაგრამ, როგორც კი მოძლიერდებოდა, ამოირჩევდა ყველაზე სუსტს და იმას შეუტევდა. ასეთია რუსეთი – ბოროტების იმპერია, რომელიც იყო და რჩება მტაცებლად, ხარბად, დაუნდობლად, უზნეოდ, სულიერებისგან დაცლილად. მან ამის დემონსტრირება მოახდინა ჩეჩნეთზე. 250 000 არმია… 5 600 ერთეული ჯავშანტექნიკა… ასეთი რაოდენობის ტექნიკა და შეიარაღებული ძალები არასდროს გამოუყენებიათ ისტორიაში მთის ხალხების წინააღმდეგ. იმ მიკროსკოპულად პატარა ტერიტორიას, რომელსაც რუკაზეც კი ვერ პოულობენ, თავს დაესხნენ, თან, მეორე მხრივ, მსოფლიო დაამშვიდეს, რომ პრობლემას გადაჭრიდნენ მშვიდობიანად და არანაირ ძალისმიერ მეთოდს არ გამოიყენებდნენ. მაგრამ ახალი წლის წინ, ერთმანეთში გადაზილეს ქვიშა, მიწა, ცა, სისხლი და ადამიანების ხორცი და ისინი არ აპირებენ უარის თქმას ასეთ პოლიტიკაზე. აი, ასეთია რუსეთი.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ მსოფლიო ერთობლივად არ გააჩერებს ამ ჭირს, გაცილებით უარესია მოსალოდნელი. დემოკრატია რუსეთში არასდროს იქნება, მაგრამ, თუ საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში არ მოაქცევენ რუსეთს, მსოფლიოს ელის უმძიმესი რყევები. დღემდე რუსეთი იბრძოდა ტანკებით, უთვალავი ჯარით, მაგრამ რუსეთს არ ჰყავს ჯარისკაცები და არც ეყოლებათ.

ჩვენ გავიარეთ მიწიერი ჯოჯოხეთი: ელცინის მხოლოდ ერთი ბრძანებით გამოიყო 150 მილიარდი რუბლი და 500 მილიონი დოლარი დუდაევის ხელისუფლების ჩამოსაგდებად. და მთელი ეს ძალა – გენერალური შტაბი, სპეცსამსახურები, ოთხი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ნახეთ დოკუმენტი, ნაციის სრული განადგურების როგორი გეგმა აქვთ. მათი მიზანია ჩეჩნეთიდან ჩეჩნების დეპორტაცია და აქ ჰიბრიდების დატოვება, სათქმელად რომ ჰქონდეთ. რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, 4 წლის განმავლობაში აშენებდნენ რუსეთის რეგიონებში ბარაკის ტიპის ქალაქებს, რეზერვაციებს ჩეჩნეთიდან გასახლებული ჩეჩნებისთვის.

რუსეთის ხელისუფლება მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, როდესაც უჭირდა გარბოდა ხელშეკრულების დასადებად... მაგრამ არასოდეს ასრულებდა მას და არც შეასრულებს. ის არ ფიქრობს და არაფერი აკმაყოფილებს, როგორც კი მოძლიერდება, მაშინვე იწყებს ყველაზე სუსტის დაცინვას... ასეთია რუსეთი-ბოროტების იმპერია, როგორიც იყო ისეთად რჩება... მტაცებლობა, გაუმაძღრობა, ურწმუნოება, უზნეობა.

რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში არიან აშკარა ავანტიურისტები, არაფრის შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ ეს ტრაგედიად შეუბრუნდება რუსეთს. თუ ასე გაგრძელდება, რუსეთს ელის დაშლა დისკრედიტაცია, როგორც სახელმწიფოს ან ის უნდა აიძულონ, რომ სხვა ტიპის ურთიერთობებზე გადავიდეს. დღევანდელი გზა დამღუპველია რუსეთისთვის: ამას ვაცხადებ, როგორც სამხედრო.

ჩემი აზრით, მათი გეგმაა, ჯერ დაამარცხონ ჩეჩნეთი და შემდეგ მიადგნენ ყირიმს. მე ხელთ მაქვს საბუთები, რომ ანალოგიური სცენარი აქვთ ყირიმშიც. და ამას მოჰყვება იგივე სხვადასხვა ტერიტორიაზე, თუ ამ პროცესს დღეს არ გააჩერებს მსოფლიო თანამეგობრობა და თავად რუსეთის საზოგადოება რუსეთის შიგნით. საბოლოოდ, ეს შეიძლება, დასრულდეს ბირთვული ომით.

ჯოხარ დუდაევი (1944-1996)

1995წ.

იჩქერიის პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიას ძმადნაფიცი, რუსებმა მოკლეს 52 წლის ასაკში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი