საზოგადოება

ვის წინააღმდეგ ადგენდა ტერორისტულ აქტებს ვიტალი უგრეხელიძე და როგორ დაიმსახურა მან უმაღლესი სამხედრო ჯილდო

№17

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 04.05, 2022 წელი

ვიტალი უგრეხელიძე
დაკოპირებულია

ვიტალი, იგივე ტალიკო უგრეხელიძე დაიბადა 1901 წელს ქუთაისში, იურისტ პლატონ უგრეხელიძისა და ვერა იაშვილის ოჯახში. პლატონ უგრეხელიძე ქუთაისში საგუბერნიო სასამართლოს სამდივნოს მმართველად მსახურობდა. უგრეხელიძეების ოჯახში თავს იყრიდა მაშინდელი მოწინავე საზოგადოება, მათი ხშირი სტუმარი ყოფილა აკაკი წერეთელიც.

შვიდ ძმაში პატარა ტალიკო მეოთხე ვაჟი ყოფილა. იგი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. სკოლა ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. 14 წლის ბიჭი გაიპარა, მოხალისედ ჩაეწერა ჯარში და სანამ მშობლები სახლში დააბრუნებდნენ, თურქეთის ფრონტზე ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაც მოასწრო.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ვიტალი უგრეხელიძე ჩაირიცხა ქართველ ოფიცერთა სკოლაში, საარტილერიო განხრით. წითელი არმიის შემოჭრის დროს, მეგობრებთან ერთად, ვიტალი უგრეხელიძეც ვაჟკაცურად იცავდა ქართული იარაღის ღირსებას. ის ეკუთვნოდა კოჯრისა და ტაბახმელის გმირ დამცველ იუნკერთა ათასეულს.

დამარცხების შემდეგ იუნკერები ეროვნულ მთავრობას გაჰყვნენ უცხოეთში. დაბანაკებულები იყვნენ კონსტანტინეპოლში, საიდანაც ასი კურსანტი მარშალმა პილსუდსკიმ მიიწვია პოლონეთში სწავლის დასასრულებლად. ვიტალი უგრეხელიძემ წარმატებით დაამთავრა სამხედრო სკოლა, ლეიტენანტის ხარისხით ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში და გაიგზავნა რუსეთის ფრონტზე, სადაც თავი გამოიჩინა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლებში.

სამხედრო კარიერასთან ერთად ვიტალი უგრეხელიძე ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი თანამშრომლობდა ემიგრანტულ გამოცემებთან. გახლდათ პარიზში გამომავალი ჟურნალ „მხედრის“ რედაქტორი.

ვიტალი უგრეხელიძემ საფუძვლიანად შეისწავლა სადოღე ცხენების მოშენებისა და გახედნის საქმე, მოაწყო სადოღე ცხენების თავლა და მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1930-იან წლებში მას ჰყავდა არაბული ჯიშის ცხენი „კაშმირი“, რომელმაც მრავალ შეჯიბრებაში გაიმარჯვა. ვიტალი უგრეხელიძემ დაიმსახურა ოქროს ჯილდო და საუკეთესო ცხენოსნის სახელი პოლონეთსა და ევროპაში.

1939 წელს, როცა პოლონეთი გერმანიასთან ომში ჩაება, ვიტალი უგრეხელიძე მეშვიდე ცხენოსანთა ნაწილში ჩაირიცხა და საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა, როგორც გერმანელი. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი – „ვირტუტი მილიტარის” ორდენით დაჯილდოვდა.

ორი წელი გერმანელების ტყვეობაში გაატარა, როცა გაათავისუფლეს კვლავ ჩადგა პოლონეთის სამსახურში, აღადგინა მე–17 მსროლელთა პოლკი და თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად იყო ჩაბმული წინააღმდეგობის მოძრაობაში. გეგმავდა ტერორისტულ აქტებს და მათ ხშირად თავად ახორციელებდა. თავის სახლში აწყობდა წინააღმდეგობის მეთაურთა კრება–თათბირებს, აქვე მალავდა ებრაელებს და ამარაგებდა მათ ყალბი მოწმობებით. ასე გაგრძელდა მისი აქტივობები ვარშავის 1944 წლის აჯანყებამდე.

ლონდონის მთავრობის დირექტივით აჯანყების მონაწილეებს კავშირი უნდა დაემყარებინათ საბჭოთა ჯარებთან და მისი კარნახით ემოქმედათ. ვიტალი უგრეხელიძემ იცოდა, რომ უარის შემთხვევაში მას სამხედრო სასამართლო ელოდა, მაგრამ მან მაინც უარი განაცხადა საბჭოეთთან თანამშრომლობაზე. წინააღმდეგობის ხელმძღვანელობამ ანგარიში გაუწია მის დიდ დამსახურებას და განსაკუთრებული მისიით გააგზავნა გენერალ ანდერსთან, რომელიც იმ დროს თავისი ნაწილებით იტალიაში იბრძოდა. დაინიშნა ქალაქ გალიპოლში საჯავშნო ნაწილების ინსტრუქტორად. რეზისტანსში დიდი დამსახურების აღსანიშნავად, ანდერსის სამხედრო ნაწილების მთავარმა შტაბმა შესთავაზა, მისი გვარისთვის მიემატებინა –„უგორსკი“, საომარი სახელი, რომელსაც იგი შეთქმულების დროს ატარებდა.

ომის დამთავრების შემდეგ ვიტალი უგრეხელიძემ გასაბჭოებულ პოლონეთში დაბრუნება არ მოინდომა და უგორსკის გვარით ინგლისში დასახლდა.

იქ, უკვე ხანში შესულს, თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. მუშაობდა ქარხნებში მუშად, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ლიტერატურული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. წერდა სტატიებს, როგორც ქართულ, ისე პოლონურ ენაზე და მათ ემიგრანტულ პრესაში აქვეყნებდა. აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთის ემიგრაციის კულტურულ ცხოვრებაში. პოლონურიდან ქართულად თარგმნიდა თავის საყვარელ ავტორებს. 1955 წელს უგრეხელიძეს მის მიერ თარგმნილი ნაწარმოებების ხელნაწერები ლონდონის პოლონური ბიბლიოთეკისთვის გადაუცია. 2010 წელს ბიბლიოთეკამ 539-გვერდიანი ქართული ხელნაწერი – ადამ მიცკევიჩის „პან თადეოზი, ანუ უკანასკნელი თავდასხმა ლიტვაში“, მისი გამოქვეყნების მიზნით, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრს გადასცა. თარგმანი წიგნად გამოიცა.

ვიტალი უგრეხელიძის მეუღლე, რომელზედაც 1934 წელს დაქორწინებულა, პოლონელი იყო. მათ ქალიშვილს – სევდიას, ჰყავს ორი ვაჟი – მაიკლი და ენდრიუ. გასული საუკუნის 60–70 – იან წლებში. სევდია – დარეჯან უგრეხელიძე-ლუკაჩი – რადიო „თავისუფლების“ მიუნჰენის რედაქციის თანამშრომელი იყო.

ვიტალი უგრეხელიძე 82 წლის ასაკში 1983 წელს გარდაიცვალა ლონდონში. იმ იმედით, რომ იქნებ ოდესმე წყალმა ჩემი სამშობლოს ნაპირებზე გამორიყოსო მან დაიბარა, მისი ფერფლი მდინარე ტემზაში ჩაეყარათ,. მეუღლემ მისი თხოვნა არ შეასრულა და მისი ფერფლი ოჯახში ურნაში ინახებოდა. 30 წლის შემდეგ, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართველი იუნკერისა და პოლონეთის არმიის მაიორის, ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გამოყენებული მასალების წყარო: მიცკევიჩი, ადამ. პან თადეოზი ანუ უკანასკნელი თავდასხმა ლიტვაში; გულბათიშვილი, გულბათ. სახელოვანი იუნკერის, ვიტალი უგრეხელიძის სამარადისო ხსოვნა: თავისუფლების ტრიბუნა; შარაძე გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ; ფიფია ნია. ქართველი იუნკერი, რომელიც პოლონეთის თავისუფლებისთვის იბრძოდა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი