საბა საფარელი: მინდოდა, ბერი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ შევძელი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:00
მომღერალი საბა საფარელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მის ნამუშევრებს ყველასგან გამოარჩევს სტილი, რომელიც შემოქმედისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საბას საინტერესო ცხოვრების შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
საბა საფარელი: სიმღერა ორი წლის ასაკში დავიწყე. ეს ნიჭი მემკვიდრეობით დედის მხრიდან მერგო, ბაბუა – გალაქტიონ კაპანაძე შესანიშნავი მომღერალი გახლდათ. ძალიან პატარამ უკვე ბევრი სიმღერა ვიცოდი. სიმღერის ტექსტის დამახსოვრება ძალიან მიმარტივდებოდა, სპეციალურად არასდროს მისწავლია – ერთი მოსმენით ვიმახსოვრებდი. არ ვიყავი ცელქი ბავშვი, თამაშიც არ მიყვარდა. ჩემი ბავშვობა გამორჩეული იყო იმით, რომ ძირითადად, სულ ვმღეროდი. უბანში კონცერტებს ვაწყობდი ხოლმე.
ჩემი ბავშვობა ეკლესიასთან ასოცირდება. მე და ჩემი და ხელჩაკიდებულები დავდიოდით ყველა მსახურებაზე. ძალიან დაახლოებულები ვიყავით სასულიერო პირებთან. დღეს უკვე ხუთი წლის ბავშვებიც დადიან საკურთხეველში სტიქარით შემოსილი, მაგრამ იმ დროისთვის მე ვიყავი ჩემს ქალაქში და ეპარქიაში პირველი პატარა სტიქაროსანი. დედა პარასკევამ შეკერა ჩემთვის თეთრი სტიქარი.
– მონასტერში რამდენიმე წელი გაქვთ გატარებული...
– ჯამში ექვს მონასტერში ვიცხოვრე. ესენი იყო: ჭულევის, საფარის, აბასთუმნის, სამწევრისის, ცაგერისა და ბეთანიის მონასტრები. მონასტრულ ცხოვრებას ვუმადლი იმას, რომ ყველა განსაცდელს, რომელიც გზაზე მხვდება, სულიერი სიმშვიდითა და სიმტკიცით ვხვდები. არ არსებობს მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია, ამაღელვოს ან ჩემი სიმტკიცე შეარყიოს.
რაც შეეხება ჩემს ფსევდონიმს – საფარელი, როდესაც საფარის სასულიერო სემინარიის სტუდენტი გავხდი, უნებლიეთ მოხდა ასე – საფარელი გახდა ჩემი ფსევდონიმი. საფარის მონასტერი ჩემთვის განსაკუთრებულია. იქ მივიღე წმინდა ნათლობა რვა წლის ასაკში, მეუფე საბამ მომნათლა. 4-5 წლის ვიქნებოდი, როცა მამა საფარის იატაკის განახლებაზე მუშაობდა. სულ თან დავყავდი და იმ დროიდან მოყოლებული, ეს მონასტერი სხვანაირად აღიბეჭდა ჩემს გულსა და გონებაში.
– მომავალში სასულიერო ცხოვრებაზე ხომ არ ფიქრობდით?
– მინდოდა, ბერი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს ვერ შევძელი. მრავალ მონასტერში ვცადე, ვიყავი სამორჩილე, მაგრამ ალბათ, უფალს სხვა გზა სურდა ჩემთვის. ასე დასრულდა ჩემი მონასტრული ცხოვრება. მონასტერში ცხოვრებისას ადამიანი უბედნიერესი უნდა იყო, ძალიან არ უნდა გიჭირდეს იქ ყოფნა. თუ გიჭირს, უნდა მიხვდე, რომ ეს შენი გზა არ არის. მე ვერ ავიღე ეს ჯვარი.
– სიმღერა პროფესიად როგორ იქცა?
– ვინც ბავშვობიდან მიცნობს, ყველამ იმთავითვე იცოდა, რომ მე მომღერალი ვიქნებოდი. ეს მე არ ამირჩევია, თითქოს, ამ გზამ თვითონ ამირჩია. მე და სიმღერა განუყრელები ვართ. მთელმა ბავშვობამ საკონცერტო ცხოვრებით გაიარა. სამხედრო სავალდებულო სამსახურს რომ ვიხდიდი, ისტორიის პედაგოგი მოვიდა ჩემთან ჯარში და ძალიან მთხოვა, მემღერა ღონისძიებაზე, რომელსაც აფხაზეთის თემაზე ამზადებდა. მე ეს თხოვნა შევასრულე. ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, რაც მესხეთ-ჯავახეთში იმართებოდა. სხვათა შორის, გარდატეხის ასაკამდე ბევრად უფრო კარგი ხმა მქონდა.
– პოპულარობა რამ მოიტანა?
– მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის კუთხით, ძალიან აქტიური ვიყავი, ასევე, ვაქტიურობდი, როგორც თვითნასწავლი მხატვარი. ხუთი გამოფენა მქონდა, მაინც ისე მოხდა, რომ ჩემთან პოპულარობა მოვიდა მაშინ, როდესაც ქუჩაში დავუკარი. ეს იყო 2018 წლის ზაფხული რუსთაველზე. შემიძლია ვთქვა, რომ 3-4 დღეში ჩემს მოსასმენად ზღვა ხალხი მოდიოდა. ადგილზე მისულს უამრავი ადამიანი მხვდებოდა. ასე გაგრძელდა შვიდი თვე. შემდეგ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადავინაცვლე. იქაც ვუკრავდი და ვამღერებდი 11 ახალგაზრდას, მათგან დღეს 5 ძალიან პოპულარულია. ასე მომიტანა პოპულარობა ქუჩის მუსიკოსობამ. ოთხი წლის წინ კი შევასრულე სიმღერა „ატმის ხეები რომ იყვავილებს“, მაშინ ვიგრძენი ყველაზე დიდი პოპულარობა. ამ სიმღერას უკვე 37 მილიონი ნახვა აქვს.
– ყველაზე დიდი პოპულარობა როგორ იგრძნობა?
– ეს აბსოლუტურად ყველა დონეზე იგრძნობა. თუნდაც, პროფესიული დატვირთვა, თუნდაც პოზიტივის, სითბოსა და სიყვარულის მიღება. რაც მთავარია, ბედნიერების და სიხარულის განცდა. ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა.
როგორი ნამუშევრებიც არ უნდა გქონდეს, თუ შენი შესრულებული ჰიტი არ არის, რომელსაც უსმენენ და რომლის მიმართაც დიდ სიყვარულს არ გამოხატავენ, ესე იგი, ჯერ არაფერი გაგიკეთებია.
– გვესაუბრეთ სირთულეებზე, მათ შორის ბულინგზეც, რა მოჰყვება ყურადღების ცენტრში ყოფნას ამ კუთხით?
– ჩვენს ქვეყანაში არტისტის ცხოვრება რთულია. რაც უფრო მეტად ინდივიდუალური და თამამი ხარ – კიდევ უფრო მეტად. მე ვფიქრობ, ისტორიას შემორჩება ის ხელოვანი, ვინც მეტად გამბედავია. თუნდაც, იმიჯის მხრივ, პროფესიული ნაბიჯების მხრივ, თუმცა, ამის გამო შეიძლება, ხშირად მოგხვდეს „მწარე ჯოხი“, რაც გამოვლინდება იმაში, რომ აუცილებლად იქნება ძალიან ბევრი გაქილიკება, დაკნინება და ასე შემდეგ. ძალიან რთულად იღებენ განსხვავებულ იმიჯს. გამბედაობას, სტერეოტიპების მსხვრევას. არადა, რაც უფრო ჭეშმარიტია ხელოვანი, მით უფრო გამბედავია. რაც უფრო ნიჭიერია, მით უფრო ინდივიდუალურია. მე ამ ყველაფერმა ვერ ამაღებინა ხელი. არასდროს მიფიქრია, რომ ამას უნდა შევშვებოდი. პირიქით, ძალიან აქტური გამხადა. მე ვფიქრობ, რომ გავუძელი.
იყო დაკნინება, თუნდაც, იმის გამო, რომ ქუჩის მუსიკოსი ვარ. ჩევნს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ტრენდული ქუჩის მუსიკოსობა. ეს გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობასთან ასოცირდება, რომელიც მოწყალებას ითხოვს. არადა, ასე ნამდვილად არ არის. მოწყალებას ითხოვს ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებს, ქუჩის მუსიკოსი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ნიჭიერებას ქუჩაში ღიად და დაუგეგმავად გამოხატავს, პოზიტივს აფრქვევს. ასევე, ეს არის პროტესტის ერთგვარი ფორმა, რომელიც ძალიან დიდ ნიჭიერებასა და გამბედაობას მოითხოვს. მე ეს ძალიან წარმატებულად ვაკეთე ექვსი წლის განმავლობაში. ამას აქვს გვერდითი მოვლენებიც – მერე ძალიან უჭირთ, რომ სხვადასხვა სცენაზე მიგიღონ, რომ სხვა პლატფორმებზე დაიმკვიდრო ადგილი. თვლიან, რომ შენ ამაზე მეტი არ შეგიძლია, რომ ეს არის შენი არეალი. ეს შემდეგში ძალიან გიშლის ხელს კომერციული თვალსაზრისით. ამან ძალიან დამაზიანა. მაგალითად, როდესაც კორპორატიულზე ვართ მიწვეულები, მე სხვა თანხას გადამიხდიან, სხვას – მეტს. რაც არ უნდა წარმატებული იყოს შენი ნამუშევარი, ასეა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქართულ ესტრადაზე „ატმის ხეებზე“ წარმატებული სიმღერა არ არსებობს, თანაბარი შედეგები კი სულ რამდენიმე სიმღერას აქვს. ამის მიუხედავად, მე იმავე ჰონორარს ვერ ავიღებ, რამდენსაც სხვა, ვინც არ გაუცნიათ, როგორც ქუჩის მუსიკოსი, თუმცა, მე ამაყი შემოქმედი ვარ, თითქმის ყოველ თვეში მაქვს ახალი სიმღერა.
– რას ნიშნავს თქვენი სტილი თქვენთვის?
– საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს ვინმესთან პარალელის გავლება, შედარებები, მაგალითად, ჩინური ჩერტკოევი, ტემუდან გამოწერილი ჯაჯანიძე. ჩემს იმიჯში არაფერი მოპარული და სხვისი იმიჯიდან აღებული არ არსებობს. 13 წელია, რაც საქართველოში გადის პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და ბატონ გოჩას ვხედავთ. მე 41 წლის ვარ და ვინც დიდი ხანია, მიცნობს, იცის, რომ ბევრად მეტი წელია, ცილინდრით ვჩნდები საზოგადოებაში. ჩემი იმიჯი ჩემი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულება და სულის მოთხოვნილებაა. პირადად ჩემთვის, ჩემს ვიზუალსა და ჩაცმულობაში ჩანს თავისუფლება, გემოვნება და მხატვრის თვალი. არასდროს შემირჩევია სტილი იმისთვის, რომ ვინმეს მოხვედროდა თვალში. მე ვარ ჩემი თავის პირველი შემფასებელი და თუ თვითონ არ ვარ კმაყოფილი, როგორც გამოვიყურები, გარეთ საერთოდ არ გავალ. არაერთხელ, როცა ლუქი ვერ ამიწყვია, სახლში დავრჩენილვარ. ამ საკითხს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ.
– მესხი კაცი ჯერ დედაქალაქში, შემდეგ ქუთაისში როგორ აღმოჩნდით?
– არასდროს მქონია მიზნად ახალციხიდან წამოსვლა. იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მესხი ხალხი გამორჩევა სინამდვილით, მათში აფერისტობის ნატამალი არ არის, რაც ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია. უბრალოდ, პროფესიამ განაპირობა, რომ დედაქალაქში გადავედი და ჩემი ოცნება მუსიკასთან დაკავშირებით წარმატებასთან რეალიზდა. რაც შეეხება ქუთაისს, ის ქუთაისელებმა შემაყვარეს. იმდენად შემაყვარეს, რომ აღარ შემეძლო ქუთაისის გარეშე ცხოვრება. 2022 წელს გადმოვედი საცხოვრბლად ქუთაისში და ეს არცერთი წამი არ მინანია, რადგან სწორედ აქ ემღერება გულს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





