შოუბიზნესი

თამუნა მუსერიძე: იმ მისიით ვარ მოსული, რომ დედამიწაზე არა მარტო ჩემს თავს, სხვებსაც ვაპოვნინო საკუთარი თავი

№18

ავტორი: ნონა დათეშიძე 13:34

თამუნა მუსერიძე
დაკოპირებულია

თამუნა მუსერიძის ცხოვრება წლების წინ ორად გაიყო. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მხიარული, შემოსავლიანი, აქტიური და ენერგიული ცხოვრებიდან ისეთ ცხოვრებაში გადავიდა, სადაც ბევრი ბრძოლა მოუწია და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის შეუძლებელს აკეთებს, მაინც უმადურების მსხვერპლი გახდა.

თამუნა მუსერიძე: უკვე ექვსი წელია, ჩემი ცხოვრება ორად არის გაყოფილი – პანდემიამდე და მას შემდეგ. პანდემიამდე, გადასარევი ცხოვრება მქონდა, ვმუშაობდი ტელევიზიაში, რადიოში, რესტორანში და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მქონდა. ასევე, მქონდა უამრავი კონცერტი, რომელიც მიმყავდა და აქტიურად და მხიარულად ვცხოვრობდი. ჩემი ყოველდღიურობა იყო სიხარულით, სილაღით, გართობით, ჩემი საქმის კეთებით სავსე, კარგი შემოსავლით, ამ ყველაფერზე მომიწია უარის თქმა და სხვა საქმის კეთება. მივხვდი, მე სხვაგან ვიყავი საჭირო და სხვების საჭიროებების გამო ვთქვი უარი ჩემს სურვილებზე. მოკლედ, უცებ, მოვიდა პანდემია და ყველაფერი თავზე დაგვამხო, ჩემი ცხოვრება ორად გაყო. ჯგუფი „ვეძებ“ პანდემიის დროს შეიქმნა და ამიტომაც გამოიწვია ასეთი აფეთქება, რადგან ყველა სახლში იყო, საქმე არ ჰქონდათ, ვწერდით და ვწერდით, ვეძებდით და ვეძებდით და ამ ამბავში ყველა იყო ჩართული.

– გახსოვს ის პირველი ადამიანი, ვინც იპოვეთ, როცა დედას დაუბრუნეთ შვილი, შვილს კი – ბიოლოგიური დედა?

– როგორ არ მახსოვს. პირველი ვიპოვეთ მოპარული ბიჭი და მახსოვს, სოციალური ქსელი აფეთქდა. ჩვილი პირველი სამშობიარო სახლიდან იყო მოპარული და ქალს ბავშვი საკუთარმა ნათლიამ გაუყიდა, მან ვინც ამშობიარა. უთხრა, ბავშვი მოკვდაო და 41 წლის მერე იპოვეს დედამ და შვილმა ერთმანეთი. სხვათა შორის, მაშინ ახალი დაწყებული გვქონდა ეს ამბები და კანონმდებლობაში კარგად ვერ ვერკვეოდით. არ ვიცოდით, რისი უფლება გვქონდა, რისი – არა და მე და ჩემმა გოგოებმა ყველაფერი შევითავსეთ – იურისტებიც ვიყავით, ფსიქოლოგებიც და აბსოლუტურად ყველაფერიც. პირველი მოპარული ბავშვი რომ ვიპოვეთ, თავად არ გვჯეროდა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა და ეჭვიც კი შეგვეპარა, ეს ქალი ხომ არ იგონებს ბავშვი მომპარესო. სხვათა შორის, იმ ქალს ვეხვეწებოდით, გაეკეთებინა დნმ-ის ტესტი და უარზე იყო. სასტიკი წინააღმდეგი იყო, არ სჯეროდა, ამბობდა ჩემი ნათლია ბავშვს როგორ მომპარავდა სამშობიაროდანო. ჩვენს ჯგუფს მუსერიძის სექტას ეძახდა და გოგოებს – მუსერიძის მიმდევრებს (იცინის). მოკლედ, რომ არ მოვეშვით, ოღონდ თავი დამანებეთ და გავიკეთებ ტესტსო. გაიკეთა და კი აღმოჩნდა ის ბიჭი მისი 41 წლის წინ მოპარული ბიოლოგიური შვილი. არადა, ბიჭს სჯეროდა, რომ ის დედამისი იყო, რადგან გამზრდელმა დედამ უამბო, იმ ქალისგან გიყიდეო. გაშვილებული რომ იყო, ეს სჯეროდა, მაგრამ მოპარვის ამბავი სიახლე იყო.

– თუ ხარ საქმის კურსში, შემდგომ როგორ გაგრძელდა მათი ურთიერთობა?

– ცუდად. მერე მათი ურთიერთობა ვერ განვითარდა ისე, როგორც უნდა განვითარებულიყო. ბიოლოგიური დედა გადავიდა მასთან საცხოვრებლად, ამყვანმა დედამ რომ გაიგო, იეჭვიანა, ისიც გადავიდა თბილისის ნაქირავებ ბინაში და ერთი ყავით მირბოდა, მეორე – ჩაის ჭიქით, ერთი მარცხნიდან ეხუტებოდა, მეორე – მარჯვნიდან, არა ჩემია, არა ჩემიო და ეს ბიჭი გააგიჟეს. სხვათა შორის, ძალიან ცუდია, რომ ამ მიმართულებით, მოპარული და გაშვილებული ადამიანების დასახმარებელი კუთხით, არ გვყავს ფსიქოლოგები.

– ექვსი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი და დაუჯერებელი ამბების მოწმე გავხდით. ანუ, ირწმუნეს, რომ ეს თამუნა მუსერიძის სექტა კი არა, იყო რეალური, საშინელი ფაქტების მამხილებელი ჯგუფი და ისეთი სტატისტიკა, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდით?

– რა თქმა უნდა, იყო ბევრი სასიხარულო ამბავი, როცა წლების მერე იპოვეს ერთმანეთი გაყიდულმა და გაშვილებულმა შვილებმა და მშობლებმა და ბევრის ურთიერთობა, საბედნიეროდ, სასიკეთოდ დასრულდა. ასე რომ, ირწმუნეს, რომ ჯგუფი „ვეძებ“ მუსერიძის სექტა და მისი მიმდევრები არ იყვნენ (იცინის). სხვათა შორის, ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ უმადურობას წავაწყდი და სოციალურ ქსელში დავიწყე ფსიქოლოგების კურსების აქტიურად ყურება. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ სიკეთესა და დადებით ემოციას წავაწყდი, ასევე ბევრ და დიდ უმადურობასაც ხალხის მხრიდან. მათ შორის, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ვეხმარებოდით, ვისაც ვუპოვეთ, ვისაც მართლა მიწაში ჩავყევით და ყველაფერი ვაკეთეთ. გვერდით გადავდეთ ოჯახები, რომ დავხმარებოდით და საბოლოოდ დიდი უმადურობაც მივიღეთ. ყოველივე იმის მერე, რაც გავაკეთე, გავილანძღეთ. როცა ვპოულობთ, ყოველთვის ვდებთ ისტორიას. თუ არ გვაქვს ნებართვა კონკრეტული სახელი და გვარი ვახსენოთ და მათი ვინაობა გამოვიტანოთ საჯაროდ, ვდებთ მხოლოდ ამბავს, სახელისა და გვარების გარეშე. გარდა ამისა, ტესტებს რომ ვჩუქნით, მერე მოგვიტრიალდნენ და გვითხრეს: ვინ გთხოვათ, რომ გვაჩუქეთო? გეტკინება გული, ასეთ უმადურობაზე. უფრო შვილების მხრიდან იყო მსგავსი დამოკიდებულება და არა დედებისგან, ვისაც შვილები ვაპოვნინეთ. ასე რომ, კარგი გოგოს როლიდან გამოვდივარ. „კარგი გოგოს“ სტატუსი, მხოლოდ სტატუსი არ არის, ეს არის ხალხის დამოკიდებულება შენ მიმართ.

– ის ადამიანი ხარ, ვინც წყენის გულში დატოვება იცის?

– შეიძლება, წყენა ოცი წლის შემდეგ გამახსენდეს და ოცი წლის მერე გაგებუტო. ვიცი, ცუდი თვისებაა, მაგრამ ასეა. არ ვამბობ რაღაც რომ მეწყინა, არ ვიმჩნევ, ვინახავ, ვინახავ და ოცი წლის მერე თუ გამახსენდა, მერე ვეუბნები ადამიანს: ის, რომ მაწყენინე ამიტომ გებუტები. ვიცი ძალიან ცუდი თვისებაა, მაგრამ ასეთი ვარ (იცინის).

– ზოგადად, ცხოვრებაში, ყველაზე მეტად რას ნანობ და რაზე გწყდება გული?

– არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში, რადგან რაც მოხდა, ყველაფერი ჭკუის სასწავლებელი იყო. და ვისწავლე ჭკუა. ზოგადად, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც არა სხვის, არამედ, საკუთარ მეათასე შეცდომაზე სწავლობს ჭკუას (იცინის). ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ბევრ რამეში გამიმართლა. რთულია, საკუთარი თავის პოვნა, ადამიანები იბადებიან და ისე კვდებიან, ვერ პოულობენ საკუთარ თავს, ადგილს და რისთვის ღირს ცხოვრება. მე კი ჩემი ადგილიც ვიპოვე და საკუთარი თავიც და კიდევ ბევრი რამ (იცინის). ვფიქრობ, იმ მისიით ვარ მოსული, რომ დედამიწაზე არა მარტო საკუთარი თავი ვიპოვო, არამედ სხვებსაც ვაპოვნინო საკუთარი თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი