როგორ გახდა მარიამ სამხარაძე რამდენიმე საათში ძალიან პოპულარული და სად დაიწყო მან მუშაობა 5 წლის ასაკში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში „ვირუსულად“ გავრცელდა ულამაზესი გოგონას ვიდეოები, რომლის გარეგნობამაც მთელი საქართველო აღაფრთოვანა. გოგონა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო, მოდელი მარიამ სამხარაძე აღმოჩნდა, რომლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიამ სამხარაძე: ისე მოხდა, რომ ამ ჩვენებაზე ყველას ყურადღების ცენტრში ვიყავი. უამრავი კომპლიმენტი მივიღე, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა, ნატალია გოროზიამ, ჩემი ვიდეოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა და იქაც დიდი მოწონება დავიმსახურე. ასევე, ლანა ცინცაძემ, ქორწილების ორგანიზატორმა და წამყვანმა, გაავრცელა ჩემი ვიდეო. ამ კადრებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ამის გამო ახლაც ისეთ ემოციებში ვარ, რომ სიტყვებით ახსნა მიჭირს.
– რა ჩვენება იყო?
– ეს იყო საქორწინო გამოფენა. დაახლოებით, ორი თვის წინ მილანში ვიყავი, სადაც მილანის მოდის დღეების ფარგლებში, „ლიმას ანგელოზების“ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. მაშინ გავიგე, რომ „საქორწინო გამოფენის“ ქასთინგი ტარდებოდა. სამწუხაროდ, დროში ვერ ვემთხვეოდი, რომ ქასთინგზე გავსულიყავი, რადგან გვიან მიწევდა საქართველოში ჩამოსვლა.
ჩემი საუკეთესო ვიზაჟისტი და იმავდროულად, უკვე ჩემი მეგობარი გახლავთ ქალბატონო თინიკო მსხვილიძე, რომელიც ძალიან მიყვარს და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს. გზას მიკვალავს სამოდელო სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო გამოფენის ქასთინგზე მისვლა ვერ მოვახერხე, მან დაურეკა ჩვენების ორგანიზატორს და ჩემ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასე აღმოვჩნდი ამ ჩვენებაზე. თინიკო რომ არა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ჩვენების ორგანიზატორი სოფია გურეშიძე გახლდათ. საკმაოდ დიდი და პოპულარული ჩვენება გამოვიდა.
– ეს ჩვენება ბევრს ქორწილი და შენ კი დედოფალი ეგონე.
– დიახ, ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე ამასთან დაკავშირებით. მილოცავდნენ გაბედნიერებას. ყველას ვწერდი, რომ ეს ჩვენება იყო და უკვირდათ...
– ყველას აინტერესებდა, ვინ არის ეს გოგო, ქართველიაო? მოდი, მოვყვეთ შენს შესახებ...
– მალე 22 წლის ვხდები. წარმოშობით გურიიდან ვარ. ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომიდან. ნამდვილად ქართველი ვარ, თუმცა ბებია მყავს უცხოელი, რუსია და ალბათ, ამიტომ მაქვს ასეთი ვიზუალი. კომენტარებში ჩხუბი მიდიოდა, ქართველია თუ სლავიო და რეალურად ასეთია ჩემი ფესვები.
– ბევრი უსვამდა ხაზს შენს მსგავსებას მსახიობ ანჯელინა ჯოლისთან. ალბათ, აქამდეც არაერთხელ მოგისმენია ეს შედარება.
– დიახ, აქამდეც უთქვამთ, რომ ანჯელინა ჯოლის ვგავარ, მაგრამ ასე აქტიურად – არა. ახლა უამრავი კომენტარი შემხვდა ამასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს, თავდაჯერებული ადამიანი ვარ, მაგრამ ანჯელინა ჯოლი იმდენად საოცარი ქალია, მის დონემდე როგორ უნდა მივაღწიო, არ ვიცი. ძალიან მიყვარს. მიკვირს, მაგრამ რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი შეფასებებისა და შედარებების მოსმენა საკუთარ თავზე. ასევე, ერთ-ერთ ცნობილ თურქ მსახიობს, ჰილალ ალთინბილექსა და ადრიანა ლიმასაც მამსგავსებენ.
– როგორი აღმოჩნდა ერთ წამში ასეთი ყურადღების ქვეშ მოქცევა? რა პლუსები და მინუსები აქვს ამას?
– ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ცნობილი და მოთხოვნადი გავხდი. ბევრი შემოთავაზება მომდის ბრენდებისგან, დიზაინერებისა და ვიზაჟისტებისგან. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება უარყოფით მხარეს, რაც ჩემი ვიდეოები გავრცელდა, ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, სულ მირეკავენ, მწერენ. ახლა ვხვდები, რა რთული ყოფილა ცნობილი ადამიანების ცხოვრება (იცინის).
– ბევრი კომენტარი შემხვდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ რაღაც მაინც გექნება გაკეთებული.
– საერთოდ არაფერი მაქვს გაკეთებული (იცინის). წერენ, ცხვირი ექნება გაკეთებულიო, სახეზე კიდევ რაღაცები აქვს გაკეთებულიო. ასე ნამდვილად არ არის, თან, ჯერ პატარა ვარ და მგონი, ადრეცაა მსგავსი რამეები.
– პროფესიით მოდელი ხარ, ეს რეალურადაც შენი საქმიანობაა?
– დიახ, ასეა. ბავშვობიდანვე მსურდა, მოდელი ვყოფილიყავი. 5 წლის ვიყავი, როდესაც მთაწმინდაზე ხელის მოწერის ცერემონიებზე დავიწყე მუშაობა.
– როგორ?
– პატარა გოგონა სჭირდებოდათ, რომელიც მეფე-პატარძალს შემოუძღვებოდა ცერემონიის ადგილზე. მახსოვს, პატარა, საქორწინო ლამაზ კაბებს რომ მაცმევდნენ, როგორ მომწონდა ეს ყველაფერი და იმ დროიდან მოყოლებული დავიწყე მოდელობაზე ფიქრი.
– ალბათ, მაშინაც შენმა გარეგნობამ მიიქცია ყურადღება...
– მაშინ ოჯახი ქირით ვცხოვრობდით. შენობა, სადაც ხელის მოწერის ცერემონია იმართებოდა, ჩვენი სახლის მეპატრონეს ეკუთნოდა. მან შემამჩნია და შემომთავაზა მასთან მემუშავა, დავხმარებოდი ამ პროცესში. ოთხი წელი გაგრძელდა ჩემი საქმიანობა. მერე ტანი ძალიან ავიყარე (ახლა უკვე მეტრი და ოთხმოცი სანტიმეტრი ვარ), მათ კი პატარები სჭირდებოდათ და დავემშვიდობე ამ საქმიანობას. თუმცა, ვგიჟდებოდი მაკიაჟზე, კაბებზე, ეს გონებაში იმდენად ჩამებეჭდა, რომ მინდოდა, ყოველთვის ასე გაგრძელებულიყო და ამ სფეროში ვყოფილიყავი. შემდეგ, როცა სკოლის დამთავრებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების დრო მოვიდა, ვეღარ შევძელი სამოდელო მიმართულებით მეაქტიურა. სწავლას დიდი დრო და ყურადღება სჭირდებოდა, ამიტომ მასზე გადავერთე, თუმცა, ახლა შედარებით მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გავაქტიურდი სამოდელო მიმართულებით. ვცდილობ, ბევრი ვიშრომო, რომ მომავალში წარმატებას მივაღწიო.
– პროფესიად რა აირჩიე?
– ფოტოგრაფი ვარ. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ. ეს პროფესიაც იმიტომ ავირჩიე, რომ სამოდელო საქმიანობას უკავშირდება. ფოტოგრაფის ხედვა ძალიან დამეხმარება სწორად პოზირებაში, ვფიქრობ, როგორც მოდელს, ეს ძალიან წამადგება. სამომავლოდ, ალბათ, ფოტოგრაფიას არ გავყვები, მიღებულ ცოდნას ისევ და ისევ სამოდელო საქმიანობას მოვახმარ.
– რომელიმე სააგენტოსთან თუ თანამშრომლობ?
– არა, არცერთ სამოდელო სააგენტოში არ ვარ. ორი წლის წინ დავიწყე სამოდელო საქმიანობა აქტიურად. მინდა, ჩემით მივაღწიო ყველაფერს. ამაში სოციალური ქსელები მეხმარება. ჩემს ფოტოებსა და ვიდეოებს რომ ნახულობენ, ვიზაჟისტები და ბრენდები მიკავშირდებიან ხოლმე, ასე ვიღებ შემოთავაზებებს და ასე გავხდი ცოტა პოპულარული, თუმცა, ახლა, ამ ჩვენების შემდეგ, უკვე საოცარი ამბები ხდება სოციალურ ქსელებსა და ჩემს ცხოვრებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ვაპირებ ვიაქტიურო.
– ხუთი წლის ასაკიდან მიყვარდა კაბები და გაპრანჭვაო, მითხარი, როგორია შენი ყოველდღიური სტილი?
– მაკიაჟი, ლამაზად ჩაცმა და გარეთ გასვლისას კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან მიყვარს. თუმცა, სახლში არაფერს ვიკეთებ, არ ვიპრანჭები. მირჩევნია, სახე დავასვენო და გადაღებებისთვის მოვამზადო. გადაღებებზე უკვე ბოლომდე ვიხარჯები, რომ საუკეთესო შედეგი დავდო. როცა ფოტოგადაღებისთვის მიწევს მაკიაჟის გაკეთება, თავადაც შემიძლია, გავიკეთო. უკვე იმდენ ვიზაჟისტთან ვყოფილვარ, რომ ბევრი რამ ვისწავლე და თამამად შემიძლია, თავად გავიკეთო. ისე, ძალიან მიყვარს კლასიკური სტილი.
– კიდევ რისი კეთება გიყვარს?
– ხატვა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. ეს დღემდე ჩემი ჰობია, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ვცდილობ, მაქსიმალური გავაკეთო მე თვითონ. საკმაოდ ხშირად ვხატავ, გავყიდე კიდეც ჩემი ნახატები. განსაკუთრებით მიყვარს მოხუცების ხატვა. მათ მზერაში იმდენად ღრმა ემოციები ჩანს, რომელთა გადმოტანაც საკმაოდ რთულია და მიყვარს, როცა ასეთ სირთულეებს ვეჭიდები. როცა ვხატავ, დრო ისე გადის, ვერც ვამჩნევ. ისეც მომხდარა, რომ 12 საათზე მეტი მიხატავს გაუნძრევლად, წყალიც კი არ დამილევია და ვერც მიგრძნია რა დრო გავიდა, რადგან ამ დროს სრულიად სხვა სამყარო იშლება ჩემს წინ. თავიდან ბოლომდე ნახატსა და იმ ემოციებზე ვფიქრობ, რომელთა გადმოცემასაც ვცდილობ.
– სოციალურ ქსელებში კი „დაგაქორწინეს“, მაგრამ რეალურად რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– მყავს შეყვარებული, მაგრამ ძალიან პირადზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შრომისმოყვარე, ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია, რასაც ძალიან ვაფასებ.
– ასეთი შეყვარებული რომ ჰყავს, ცოტას არ ეჭვიანობს?
– სიმართლე გითხრათ, არა. ერთად ყოფნისას ვინმე რამეს თუ მომწერს, აუცილებლად ვაჩვენებ და განვიხილავთ. ამ მხრივაც ძალიან გახსნილები ვართ და საეჭვიანოც არაფერია.
– დარწმუნებული ვარ, შენ გამო ისიც ძალიან ამაყია.
– ძალიან. მეუბნება, რომ ძალიან ამაყობს, ძალიან უხარია ჩემი წარმატება და რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





