შოუბიზნესი

ვისზე ნერვიულობით გახდა ალკოჰოლდამოკიდებული 15 წლის ასაკში დიასა და რის გამო უწევდა მას ფიზიკური შრომა ბავშვობიდან

№25

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 24.06

გიორგი დიასამიძე
დაკოპირებულია

გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა, ხალხმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო და შეიყვარა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი. თინეიჯერობის ასაკში მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა, იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული და შეხვდა უამრავი განცდა და ტკივილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა, ოცნებების ახდენა და რაც მთავარია, იმ რაოდენობის ხალხის სიყვარულის მოპოვება, რაზეც, ალბათ, ვერასდროს იოცნებებდა.

დიასა: ცამეტი წლიდან შრომაში ვარ ჩართული და რასაც ვაღწევ, არის ჩემი წვალებით. უშრომლად და უწვალებლად ჩემთან არასდროს არაფერი მოსულა. არც საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვედრილვარ, რომ გამმართლებოდა. ღმერთის მწამს და ყოველთვის მაშინ მეხმარება უფალი, როცა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და ძალიან მჭირდება გვერდში დგომა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იღბლიანი არ ვარ, ბოლო წუთებსა და წამებში, უკვე ძალიან რომ მჭირდება დახმარება, მაშინ მიმართლებს.

- მართალია, ერთი შეხედვით, უზრუნველად გაზრდილის შთაბეჭდილებას ტოვებ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ საკმაოდ მძიმე ბავშვობა და რთული თინეიჯერობის ასაკი გამოიარე. შეგიძლია, ამაზე ხმამაღლა მოგვიყვე?

- ძალიან რთული ბავშვობა მაქვს გავლილი. სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა რუსეთში წავიდა საცხოვრებლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, დედაც ემიგრაციაში გაემგზავრა. ბებო და ბაბუ მზრდიდნენ, არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ მშობლების დეფიციტი სულ მქონდა. ბიჭისთვის მამა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პაპამ ეს არ მაგრძნობინა და მამობა გამიწია. 13 წლიდან კი შრომაში ჩავერთე, ჩემით ვშოულობდი ფულს და ოჯახს ვეხმარებოდი. ღამით მიწევდა მისვლა „ლილოს“ ბაზრობაზე, ტრაილერებს ვცლიდით და არ დამავიწყდება, პირველი ხელფასი რომ ავიღე, 25 ლარი, წავედი სამგორში, „ნავთლუღის ბაზარში“ და პროდუქტი ვიყიდე სახლისთვის. ეს დღე არასდროს დამავიწყდება (იცინის). 16 წლამდე ვმუშაობდი „ლილოში“, მერე ცელოფნების ქარხანაში დავიწყე მუშაობა.

- თქვი, დედა ემიგრაციაში იყოო და იქიდან არ გეხმარებოდათ?

- სამწუხაროდ, დედას უცხოეთში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, სამი ოპერაცია გაიკეთა და აქედან ვუგზავნიდით ფულს, რის საშუალებაც გვქონდა. ამ ნერვიულობის ფონზე, 14 წლის ასაკიდან დავიწყე სმა და 15 წლისა უკვე ალკოჰოლზე დამოკიდებული გავხდი. ძალიან რთული პერიოდი მქონდა და მეგონა, ალკოჰოლი მავიწყებდა ამ ყველაფერს, მაგრამ დიდი ზიანი მივაყენე ჩემს თავს. ბევრი რამ შემეძლო, სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ ამის გამო ვერ გავაკეთე.

- რამდენი წელი იყავი ალკოჰოლდამოკიდებული და როგორ დაძლიე ეს რთული პერიოდი? ვინ დაგეხმარა?

- 21 წლის ასაკში, ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე. სიგარეტს და ალკოჰოლს თავი დავანებე. 35 წლის ვარ და დღემდე წვეთი არ გამისინჯავს და ალბათ, არც აღარასოდეს გავსინჯავ. იმ წლებმა დიდი შავი ლაქა დატოვა ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება თავის დანებებას, როცა უკან გავიხედე, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, დედა და ბებია დამრჩა მარტო, მათ კი ჩემი იმედი ჰქონდათ და მივხვდი, რამე რომ მომსვლოდა, მათ ვუღალატებდი. მე ვიყავი მათი იმედი და ალბათ, ამან გადამაგორებინა ეს ყველაფერი. ჩემით ცოცხლობდნენ და არსებობდნენ და მე რომ რამე მომსვლოდა, არც კი ვიცი, მათ რა მოუვიდოდათ. ამიტომ, მათ გამო დავძლიე, ყველაფერს თავი დავანებე და ახალი ცხოვრება ახალი ფურცლით დავიწყე. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება ალკოჰოლის შემდეგ. სხვათა შორის, იმ პერიოდში თან ვმუშაობდი და ჩემი სმის გამო, სამსახურში პრობლემა არასოდეს შემქმნია.

- ალბათ, ძლიერი ფსიქიკაც გაქვს, ამ ყველაფერს რომ სძლიე?

- სულ იმას ვფიქრობდი, ჩემებს რა ეშველებათ-მეთქი და უფრო შიშმა და ფიქრმა მიშველა, ვიდრე ძლიერმა ფსიქიკამ. ერთ დღეს ვთქვი: მორჩა, აღარ დავლევ და გამძლეობა მეყო. სამი კვირა რთული პერიოდი მქონდა. როცა ალკოჰოლს შევეშვი, სახლიდან ვერ გამოვდიოდი, ნერვებზე მოქმედებდა, მაგრამ ვთქვი და შევასრულე - ის პერიოდიც გადავიტანე და ახალი ცხოვრებაც დავიწყე. ჩემი ოჯახი დამიდგა გვერდში. ბევრი რამე შეიცვალა, ბევრ რამეს დავაკვირდი: რა შემიძლია გავაკეთო, რის ნიჭი მაქვს... და დავიწყე ოცნებების ახდენა. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ნებისმიერ ადამიანთან ადვილად შევდივარ კონტაქტში და ამით ვიადვილებდი საქმეს. ზოგადად, რა საქმესაც ხელს ვკიდებ, ბოლომდე მიმყავს. ამაში ჩემმა კომუნიკაბელობამ შემიწყო ხელი. ბევრ სფეროში ვიმუშავე და მივხვდი, გარდა კომუნიკაციისა, მაქვს ნებისმიერი საქმის ადვილად ათვისების ნიჭი. მართალია, პროფესია არ მაქვს, მაგრამ, რასაც ხელს მოვკიდებ, გამორიცხულია, არ გამომივიდეს. სამწუხაროდ, ცხრა კლასი დავამთავრე მხოლოდ და იმის გამო, რომ საშუალება არ იყო, უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე.

ჩემი ოცნება თეატრალური იყო და დღემდე გული მწყდება, სტუდენტობის ბედნიერი წლები რომ ვერ გავიარე - წლები, რაც ბევრმა ჩემმა თანატოლმა გაიარა და გამოცადა. სამწუხაროდ, მე ეს ბედნიერება არ მქონია.

- არც ახლაა გვიანი, ეს ოცნებაც აისრულო...

- სხვათა შორის, რა ოცნებაც მქონდა, ახლა მიხდება. პატარა ვიყავი, საბავშვო გადაცემას ვუყურებდით მე და ბებო და მითხრა: ნეტავ, ოდესმე თუ გნახავ ტელევიზორშიო. ახლა რომ მიყურებს ტელეეკრანზე თვალები ცრემლით აქვს სავსე, ისე უხარია. რომ ვუკვირდები, რაც ბავშვობაში მინდოდა, გვიან, მაგრამ ნელ-ნელა მიხდება. ამიტომ ვამბობ, უბრალოდ არაფერი ხდება, თუ ბედისწერაა, შენამდე ყველაფერი მოვა. ცხოვრებაში მიზანი უნდა დაისახო და მის მისაღწევად იშრომო, იბრძოლო, ყველაფერი გააკეთო და აუცილებლად მიაღწევ. რამეს რომ დავისახავ, მართალია, რთული გზით მიწევს სიარული, მაგრამ სწორად და გამომდის.

- რაც ტელევიზიით პროექტში გამოჩნდი, გარდა იმისა, რომ ცნობადი გახდი, ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინე. ცნობადობა რამეში თუ დაგეხმარა?

- ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს და იცით, რატომ ვარ ბედნიერი ამ პროექტით? - ამდენი ადამიანის სიყვარული მომცა. კი, ცნობადი ხდები, როცა ოთხი თვე ტელევიზიით გხედავენ, მაგრამ იმავდროულად, შენს ცხოვრებასაც ხედავენ, შენს ადამიანობას და მაგით გაფასებენ. მე თამაში არაფერში მჭირდება, როგორიც გარეთ ვარ, ისეთი ვარ პროექტშიც. შეიძლება ითამაშო ერთი კვირა, ერთი თვე, ორი თვე, მაგრამ სადღაც ისე მოიქცევი, რომ შენი ნამდვილი სახე გამოჩნდება. ამიტომ, ჯობია, ის იყო, რაც ხარ. სხვათა შორის, ცნობადობა და ხალხის სიყვარული ბევრ რამეში დამეხმარა და შემიწყო ხელი. „მერწყული“ ვარ ზოდიაქოთი და ამ ნიშნით დაბადებულები, ზოგადად, იღბლიანები და თან, ემოციურები არიან. ყველაფერი გვწყინს, მაგრამ მალევე ვივიწყებთ. რაც არ მომწონს ჩემს ხასიათში არის ის, რომ ფეთქებადი და ემოციური ვარ. ასე რომ, ოცნებები მიხდება, მიზანი დასახული მაქვს და მომავალში მინდა, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ ჯანმრთელად. მინდა, „პრაიმ ჰაუსის“ ამ სეზონში გავიმარჯვო, ტელევიზიაში დავრჩე სამუშაოდ. თუმცა ჩემი საქმიანობაც, რომელიც ნიკოლოზ გოგვაძესთან ერთად გავაკეთე ქართული ბრენდი, ჩვენი ტანსაცმლის ხაზი „გაზმანე“, ასევე, იყოს წარმატებული. გავიარე რთულიც და გამოცდების პერიოდიც, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში კარგი, გარდამტეხი პერიოდი დგას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა