ინდირა ჯგერნაია: ექვსი თვეა, ჯანსაღად სუნთქვა დავიწყე და ბედნიერი ვარ
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:18
მომღერალ ინდირა ჯგერნაიას ცხოვრებაში, წარმატებების პარალელურად, ხშირად იდგა რთული პერიოდები. თუმცა, მათი დაძლევა არ გასჭირვებია და სხვების დახმარების გარეშე, საკუთარი ნიჭითა და შრომით ბევრს მიაღწია.
ინდირა ჯგერნაია: რაც დედა გავხდი, უკვე ცხრა წელია, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ გადაფასდა, უფრო მეტად გააზრებულად და დაკვირვებულად დავიწყე ფიქრი.
– შენს ცხოვრებაში, გარდა წარმატებისა, იყო საკმაოდ რთული დღეებიც. რა გაძლევდა სტიმულს, რომ არ დაცემულიყავი, წინ-წინ გევლო და იმედი გქონოდა?
– რთული პერიოდები, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება და ჩემს ცხოვრებაშიც საკმაოდ ბევრი იყო. ვფიქრობ, უბრალოდ, უნდა შეგეძლოს მათი დაძლევა. ზოგადად, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ადამიანი ვერ გაუმკლავდება, რადგან ყველა სირთულე უფლისგანაა დაშვებული და ის ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს, რასაც ვერ მოერევი. ეს მაქვს ყოველთვის გონებაში ჩაბეჭდილი და ამიტომ, განსაცდელებს მარტივად ვძლევ. რაც მეტი განსაცდელია, მით მეტად ტონუსში მყავს ჩემი თავი, ეს გამოვიმუშავე. ბავშვობიდან დევს ადამიანის კოდში სიძლიერე, რაც წლები გადის, მერე და მერე აღმოაჩენს ამას და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ზოგადად, იღბლიანი ნამდვილად ვარ. უფალმა ამხელა ნიჭის პატრონად დამბადა და როგორ შეიძლება, უმადური ვიყო, ან ვთქვა, უიღბლო ვარ-მეთქი. თან, მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც მაქვს და ვინც მყავს გვერდით.
– სიმღერის ნიჭი ვისგან დაგყვა?
– მამისა და დედის მხრიდან, ყველა გადასარევად უკრავს და მღერის. მეც დაბადებიდან მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი. იმდენად ვიყავი მონდომებული, ოთხი წლის ასაკში შემიყვანეს ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში და პირველ კლასში ისე მიმიღეს, რომ წერა-კითხვა არ ვიცოდი. მახსოვს, თეორიის გაკვეთილზე დედაჩემი შემოდიოდა და ის იწერდა. აბსოლუტური სმენითა და მონაცემებით, გამოცდების გარეშე ჩავირიცხე. და მერე, სკოლაში რომ შევედი, მუსიკალურში უკვე მეორე კლასში ვიყავი. ასე რომ, ჯერ ნოტების წერა ვისწავლე და მერე – „აი ია“. ჩემი თითები დოდან დომდე, ოქტავასაც ვერ სწვდებოდა, პატარა მტევანი მქონდა და ხელის მტევანს ფანქრითა და პასტით მიწელავდნენ (იცინის).
– დამოუკიდებელი ცხოვრება რა ასაკში დაიწყე?
– დამოუკიდებელი ცხოვრება მაშინ დავიწყე, როცა 19 წლის ასაკში „ჯეოსტარში“ გამოვდიოდი და თბილისში მომიწია ცხოვრება. თუმცა, რამდენად დამოუკიდებელი ვიყავი, არ ვიცი, რადგან ოჯახის წევრები ჩართულები იყვნენ ჩემს ყოველდღიურობაში და კონტროლში ვიყავი (იცინის). დღეს, ნამდვილად დამოუკიდებლი ქალი ვარ და იმავდროულად, ძალიან დაღლილი (იცინის). თუმცა, მთავარი საყრდენი ძალა დღეს დედაჩემია, ვისაც თვალდახუჭული ვანდობ შვილს. დღის განმავლობაში იმდენად ვიღლები, ყველაფერს დედა მიკეთებს.
– ბავშვური ხასიათიდან რა გამოგყვა დიდობაში?
– ბავშვური ხასიათიდან დიდობაში სიჯიუტე და უჟმურობა გამომყვა, თუმცა, მერე გამოვასწორე. ზოგადად, ჩემს ხასიათში სამართლიანობა მომწონს და არ მომწონს, როცა ვბრაზდები. მე ორი უკიდურესობა მჭირს: ან არ ვბრაზდები, ან თუ გავბრაზდი, დრაკონივით ცეცხლის მფრქვეველი ვხდები. ასე რომ, გაბრაზებული, ჩვეულებრივი დრაკონი ვარ (იცინის). სხვათა შორის, მეგრელი ვარ, იმერეთში გაზრდილი და დედით კახელი. და ამ სამი გენეტიკის მიქსი, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ აისახება ჩემს ხასიათზე.
– კახელებიც, მეგრელებიც და იმერლებიც კარგი კულინარები არიან და ამ მხრივ, შენკენ როგორ არის საქმე?
– „შეფების ლიგის“ ფინალისტი ვიყავი და ამით კითხვაზე გაგეცით პასუხი (იცინის). სხვათა შორის, თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩაბმული და რომ მივდიოდი, ჩემი ჭურჭელი მიმქონდა, რაშიც კარგად გამომივიდოდა კერძი თუ გამომცხვარი და დავარიხინებდი სტუდიაში ჩემს ჯამ-ჭურჭლეულს (იცინის). ერთ ტურში ჩაქაფული უნდა გამეკეთებინა, აღდგომა ახლოვდებოდა. დედას ვთხოვე, ბებიის ნაქონი თუჯის ქვაბი გამატანე-მეთქი. ქალი გადაირია: „რუსთავი 2-ში“ რად გინდა თუჯის ქვაბიო (იცინის). მოკლედ, მივიტანე თუჯის ქვაბი სტუდიაში, გადავატრიალე, კარგად გავაცხელე ღუმელში და ამოვაკარი თონის ლავაშები. ახლაც, აღდგომას, კარგად ვიფუსფუსე სამზარეულოში და ვიყავი ბედნიერი. სხვათა შორის, გურმანი კი ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს, წონაში ბევრი დავიკელი და ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო. ექიმთან კონსულტაციისა და მასთან რეკომენდაციის გავლის შემდგომ, 6 თვეში, სწორი და ჯანსაღი კვებით, ჯამში, 20 კილო დავიკელი. ახლა ისეთ ინდირას ვხედავ სარკეში, როგორიც მანამდე ვიყავი, სანამ მოვიმატებდი.
– ვიცი, ასაკს არ მალავ, მაგრამ წლების მატება გაშინებს?
– 34 წლის ვარ და ასაკის მატება არ მაშინებს, რადგან ყველა უნდა დავბერდეთ. არც იმის შეშინია, წლები რომ ემატება ადამიანს და ფიზიკურადაც იცლება, რადგან ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული – როგორ ცხოვრობს და რამდენად ჯანსაღად იკვებება. 13 წელი თამბაქოს მომხმარებელი ვიყავი და ექვსი თვეა, აღარ ვეწევი. უბრალოდ ვთქვი, აღარ მოვწევ და მორჩა, სიგარეტს შევეშვი. ნებისყოფაც მაქვს. დღეს კი, სადაც ეწევიან, იმ სივრცეში ვერ ვჩერდები, თამბაქოს სუნს ვეღარ ვიტან. ასე რომ, ექვსი თვეა, ჯანსაღად სუნთქვა დავიწყე და ბედნიერი ვარ. თუ ვიტყვი, ეს ასე უნდა ვქნა-მეთქი, გავაკეთებ და სიტყვას არ გადავალ.
– შემოქმედებითი კუთხით რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?
– სიახლე ის არის, რომ დასრულდა სიმღერის ჩაწერა, რომლის მუსიკაც ლაზარე ადამიას ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი მე გახლავართ. ფანტასტიკური არანჟირება გააკეთეს შოთა ბანძელაძემ და ზაზა ხუბუკელაშვილმა. ეს სიმღერა არის ჩემთვის და ჩემი ბენდისთვის შექმნილი და ახლა, ამინდები როგორც კი გამოვა, ვიწყებთ ვიდეორგოლის გადაღებას. ასე რომ, სულ მალე, ზაფხულს რომ უხდება, სწორედ ისეთ სიმღერას და კლიპს შემოგთავაზებთ სიურპრიზად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





