შოუბიზნესი

თათა ჯაში: ძალიან ჩაკეტილი და მორცხვი ვიყავი. რომ ვყვები, არავის სჯერა

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 06.05

თათა ჯაში
დაკოპირებულია

როგორ აღნიშნავს ბალერინა თათა ჯაში დაბადების დღეებს, რა შეცვალა მასში წლებმა და რამდენად მოსწონს შინაგანი გარდასახვა თავად, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თათა ჯაში: დაბადების დღე 20 მარტს მაქვს. ეს ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებულად საყვარელი თარიღი და დღესასწაულია. მოვიტყუები, რომ ვთქვა, ყოველ წელს ვიხდი-მეთქი, მაგრამ ვცდილობ, ორ წელიწადში ერთხელ მაინც შემოვიკრიბო მეგობრები და ლამაზი წვეულება მოვაწყო. თუ ამას ვერ ვახერხებ, მაშინ რამდენიმე დღით სადმე მივდივარ განსატვირთად. ასე თუ ისე, ყოველ წელს ვცდილობ, ეს თარიღი აღვნიშნო, რადგან ის ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.

– რომელი დაბადების დღე გახსენდება ყველაზე გამორჩეულად?

– ალბათ, ჩემი ოქროს დაბადების დღეს, 20 მარტს რომ 20 წლის გავხდი. ყველაზე გრანდიოზული დაბადების დღე მაშინ გადავიხადე. ეს დღე ტელევიზიებმაც გააშუქეს. ძალიან ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, შოუს ელემენტები გვქონდა ჩართული და ერთ-ერთი ქართველი ცნობილი დიზაინერის ჩვენებაც ჩატარდა. მე ვიცეკვე კიდეც და მოკლედ, მთელი პროგრამა მქონდა შედგენილი ამ დაბადების დღისთვის (იცინის). ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვის, სტუმრებისთვისაც განსაკუთრებული საღამო იყო, ყველამ ძალიან კარგი დრო გავატარეთ.

– ასეთ დაბადების დღეს ხშირად ვერ გადაიხდი, მაგრამ საერთოდ, მეგობრებთან ერთად დროის გატარება უფრო გიყვარს თუ ამ დღის აღსანიშნავად მოგზაურობა გირჩევნია?

– ზოგადად, მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და რადგან დაბადების დღის დღესასწაულზე, ყველა შენ გარშემო ტრიალებს, მეგობრების გარემოცვაში აღნიშვნა მირჩევნია. თან მიყვარს თემატური დაბადების დღეები. წინასწარ ვირჩევ თემას კონკრეტული იდეის მიხედვით. მაგალითად, წელს მინდოდა, ყველაფერი მბზინავი და ბრჭყვიალა ყოფილიყო და ასევე, ბუშტებით გამელამაზებინა გარემო. რაც უფრო იზრდები, მით ნაკლები შანსი გაქვს, ეს დღე ბუშტებით აღნიშნო და გადავწყვიტე, სანამ დრო მაქვს, ბუშტებიანი დაბადების დღე მქონოდა (იცინის). ლამაზი და ბრჭყვიალა საღამო გამოვიდა. დიდი ივენთის სახე არ ჰქონდა, უფრო ლამაზი ვახშამი იყო.

– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდება?

– როგორც ყველას, მეც მქონია ისეთი დაბადების დღეები, რომელზეც უფროსები იკრიბებოდნენ (იცინის). სხვათა შორის, მაშინაც ძალიან კარგ დროს ვატარებდი, რადგან ყოველთვის მიყვარდა ცეკვა და ჩემი ნომრებით, როგორც შემეძლო, თავს ვიწონებდი (იცინის). ძალიან მახალისებდა ეს ყველაფერი. შემდეგ უკვე დაბადების დღის ცენტრებიც აქტუალური გახდა და იქ მიხდიდნენ. ნელ-ნელა წამოვიზარდე და თვითონ დავიწყე საკუთარი დაბადების დღეების დაგეგმვა.

– რამდენად მომთხოვნი იყავი საჩუქრების შერჩევისას ბავშვობაში?

– ვერ ვიტყვი, რომ მომთხოვნი ვიყავი. თუმცა, მგონი, საჩუქრები ყველას ახარებს და მეც ძალიან მაბედნიერებს ხოლმე მათი მიღება. მგონი, გადახდაც მაგიტომ მიყვარს, რაც უფრო მეტ საჩუქარს ვიღებ, მით მეტად მიხარია (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ იმას ნამდვილად არ უარვყოფ, რომ საჩუქრები ძალიან მიყვარს.

– ყოფილა შედარებით რთული დაბადების დღე, როცა სადღესასწაულო განწყობა ნაკლებად გქონდა?

– როგორ არა. კოვიდის პერიოდში, როცა ყველაფერი აკრძალული იყო. თან, იმ პერიოდში პირადი პრობლემებიც მქონდა. იმ წელს საერთოდ არ აღმინიშნავს, არც განწყობა მქონია. როგორც ერთი რიგითი დღე, ის გადავაგორე, მაგრამ ოჯახის წევრების დამსახურებით, მაინც ბუშტებითა და ტორტით შევხვდი 12 საათს.

– ასაკის მატებაზე როგორ რეაგირებ?

- ადრე უფრო მეფიქრებოდა ამაზე. 20-25 წლის მერე ცოტა განვიცდიდი ასაკის მატებას, ნერვიულობა დავიწყე (იცინის). მერე, როცა ბევრი რამ გავაცნობიერე, გამიმარტივდა. ჩემი დღევანდელი აზროვნება ბევრად მისაღებია ჩემთვის, ბევრად გაწონასწორებული ვარ ემოციურად, ბევრად დაბალანსებული. შესაბამისად, ბევრად უფრო კომფორტულად და ჰარმონიულად ვგრძნობ თავს, ანუ, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ. გარეგნულ ცვლილებებს რაც შეეხება, არ ვიცი, გარეგნულად რამდენად მეტყობა ასაკის მატება.

– ნამდვილად არ გეტყობა. პროფესია და გენეტიკა, ალბათ, ძალიან დადებით გავლენას ახდენს. ამის გარდა რა არის ის, რასაც უმადლი?

– პროფესია სწორად აღნიშნე. უპირველეს ყოვლისა, ამის დამსახურებაა. ჩვენს პედაგოგებსაც რომ გადახედოთ, 80-85 წლის ქალბატონები ისე თამამად მოძრაობენ, ჩვენზე მაღლა ხტებიან, რომ ვერ იფიქრებ, საკმაოდ სოლიდურ ასაკში თუ არიან. ფაქტობრივად, ბავშვობიდანვე რეჟიმში ვიზრდებით, ჯარისკაცებივით. ამას იმდენად ვართ მიჩვეული, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია და ამას დიდი გავლენა აქვს ვიზუალზეც.

გენეტიკასაც ვუმადლი. ძალიან ლამაზი დედიკო მყავს. სხვა მხრივ, რომ ვთქვა, თავს საოცრად ვუვლი-მეთქი, მოვიტყუები. ალბათ, როგორც ყველა ქალბატონი, ყოველდღიურად საცხებსა და შრატებს ვიყენებ და პერიოდულად მეზოთერაპიის კურსს ვიტარებ. ჯერჯერობით სულ ეს არის და მომავალში, ალბათ, დავიმატებ რაღაცებს (იცინის). კოსმეტოლოგთან დავდივარ, მაგრამ ჩარევა ამ ეტაპამდე არ დამჭირვებია. მომავალში თუ საჭირო იქნება, თავს აუცილებლად მივხედავ.

– რამდენად განსხვავდება დღევანდელი თათა წლების წინანდელისგან?

– დღევანდელი თათა არის ნაკლებემოციური და ბევრად გაწონასწორებული. ყოველთვის მშვიდი ხასიათი მქონდა, მაგრამ მახასიათებდა ემოციურობა. ძალიან განვიცდიდი ბევრ წვრილმანს, რაც დღეს საერთოდ აღარ მაღელვებს. ალბათ, ასაკს მოაქვს ეს, ადამიანი ბევრ რამეზე აღარ ნერვიულობ. ხვდები, რომ აღარ ღირს ნერვების შლად. ზედმეტი ფიქრითაც აღარ იღლი თავს. ეს ჩემს თავში ძალიან მომწონს, რადგან დღეს ბევრად მშვიდი ცხოვრება მაქვს. კმაყოფილი ვარ იმ ცვლილებებით, რაც განვიცადე. ჩემს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდებიც, ცუდი მომენტებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამან გამზარდა და ჩამომაყალიბა იმ პიროვნებად, ვინც დღეს ვარ.

– მიზანმიმართულად თუ შეგიცვლია საკუთარ თავში რამე?

– კი, საკუთარ თავზე ვიმუშავე. ძალიან ჩაკეტილი და მორცხვი ადამიანი ვიყავი. რომ ვყვები, არავის სჯერა, მაგრამ რეალურად ძალიან მიჭირდა კომუნიკაციაში შესვლა. უფრო ინტროვერტი ვიყავი. ამ მხრივ ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე. ორატორულ ხელოვნებაზეც კი დავდიოდი, რომ ჩემი მეტყველება უკეთესი გამხდარიყო. ალბათ, გავიზარდე ამ კუთხით, დავძლიე ეს კომპლექსი თუ ჩაკეტილობა და დღეს არ მიჭირს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, არც საჯაროდ გამოსვლა. გაცილებით თამამი ვარ.

– წარსულს რომ იხსენებ, რამეს თუ ნანობ და ფიქრობ, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, საერთოდ სხვანაირად მოიქცეოდი?

– ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე, ბევრჯერ მდომებია, რომ შემეცვალა ჩემი წარსული. მიფიქრია, რას ვიზამდი რამდენიმე წლით უკან დაბრუნება რომ შემძლებოდა. ბოლო პერიოდში გავაცნობიერე, რომ წარსულზე სინანული დროისა და ნერვების ფუჭი ფლანგვაა. რაც მოხდა, ის აღარ შეიცვლება. შესაბამისად, ამას თავი დავანებე. ერთადერთი, რასაც ახლა ვფიქრობ, ისაა, რომ ნაკლებს ვინერვიულებდი ისეთ წვრილმანებზე, რაც არ ღირდა ამად.

– ეს ემოციები დააბალანსე?

– მგონი, ზედმეტადაც კი (იცინის). პრაქტიკულად, ოლიმპიური სიმშვიდით ვხვდები ხოლმე ყველაფერს (იცინის). დღეს ძალიან უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ წყობიდან გამოვიდე. პროფესიული სიმშვიდე ცხოვრებაშიც გადმოვიტანე. ყველასთან მიმართებაში საკმაოდ მშვიდი ვარ.

– სასურველი სიბერე როგორ წარმოგიდგენია?

– ძალიან მინდა, მქონდეს კერძო სახლი, სადაც სიბერეს გავატარებ, ქალაქთან ახლოს, მაგრამ თან ქალაქგარეთ. ძალიან მინდა, იქ მქონდეს ჩემი ფერმა, მიწა და მცირე მოსავალი, რომ ბუნებასთან სიახლოვეს ვგრძნობდე. ყველაფერი თავად მომყავდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი