შოუბიზნესი

ვის ემალებოდა ოთხი საათი ხის კენწეროზე ნანა ნებიერიძე და რატომ ეძინა მას ორი კვირა სკამზე

№28

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 20.07, 2021 წელი

ნანა ნებიერიძე
დაკოპირებულია

ნანა ნებიერიძისთვის წლების მატება და სახეზე გაჩენილი ნაოჭები არაფერს ნიშნავს. მისთვის მთავარი ცხოვრებისეული გამოცდილება და აქტიური ცხოვრების წესია. ამ ზაფხულსაც აქტიურად ატარებს ზღვაზე შვილიშვილის გვერდით და არაერთი გეგმა აქვს, რაც ცხელ სეზონს უკავშირდება.

ნანა ნებიერიძე: პანდემიის შემდეგ ძალიან მჭირდებოდა განტვირთვა და შვილიშვილთან, ჩემს ლოკომოტივთან და სტიმულთან, ალექსანდრესთან ერთად, გონიოში ვისვენებ. დილას ვარჯიშებით ვიწყებთ, აქტიურ რეჟიმში ვართ, სუფთა ჰაერზე და ზღვის ფონზე. შემდეგ, ორთვიანი განშორება მიწევს შვილთან და შვილიშვილთან – ამერიკაში გავაცილებ, მე კი კიევში მიწევს წასვლა საქმეზე, იქიდან ჩამოსული კი „ბარხატნი სეზონს“, სექტემბერს, აუცილებლად გრიგოლეთში გავატარებ. ზოგადად, მე აქტიური დასვენება მიყვარს, ისეთი, როგორიც ახლა მაქვს. ასე დიდი ხანია, არ დამისვენია. ზაფხულის სეზონი ისე მიყვარს, ვგიჟდები, თან, ივნისში ვარ დაბადებული, ზოდიაქოთი კი – ტყუპები. ასე რომ, ჰაერის ნიშანიც ვარ და ზაფხულში დაბადებულიც, ამიტომ მზე, ჰაერი და ზღვა ჩემი სტიქიაა. ჩემს დაბადების თარიღს და ზოდიაქოს ვამართლებ.

– ზაფხულის სეზონის დადგომისას დასვენების დღეებს წინასწარ გეგმავ?

– წინასწარ არაფერს ვგეგმავ, სპონტანურად მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება. ვიტყვი და წუთებში მზად ვარ გასამგზავრებლად. არ დამავიწყდება, ერთხელ ბულგარეთიდან დამირეკა დაქალმა. საუბარში მოაყოლა: ნანა, ნეტავ, ჩამოხვიდეო. ისე მითხრა, არც ელოდა ჩემგან თანხმობას. ზუსტად ათ წუთში ჩავალაგე ჩანთა, ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი და ოთხ საათში იქ გავჩნდი (იცინის). გაგიჟდა, რომ დამინახა, რა მაგარი გოგო ყოფილხარო (იცინის). არასოდეს დამავიწყდება ჩემი ბოლო დასვენება მამასთან და დედასთან ერთად. რაც მამა გარდაიცვალა, ხშირად ვიხსენებ იმ ზაფხულს. ეს ჩვენი ბოლო ზაფხული იყო ქობულეთში, შვიდი წლის წინ. ადგილებს წინასწარ ვჯავშნიდი რესტორანში, რომანტიკულ საღამოებს ვუწყობდი. ახლა ვხვდები, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ზაფხული, როცა ყველანი ერთად ვიყავით. ჩემი ძმა კანადაში ცხოვრობს და კი – ესპანეთში, მე დედ-მამის გვერდით ვიყავი და ვცდილობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დედ-მამა გამეხარებინა და მესიამოვნებინა. სხვათა შორის, შუათანა დედმამიშვილი ვარ, მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული და განსაკუთრენულად მახსენდება ზაფხულის გიჟური დღეები. სულ თავგადასავლებში ვიყავით (იცინის). ან კოჯორში, ან წყნეთში ვისვენებდით და განადგურებული გვქონდა ირგვლივ ბოსტნები, კიტრს ვიპარავდით (იცინის). თან, ძალიან „შუსტრი“ ვიყავი – ჩემი და-ძმა ისჯებოდა, მე კი, სულ სუფთა გამოვდიოდი (იცინის). მეზობლის ბოსტნები მქონდა გადაჭმული და ისეთი სწრაფი ვიყავი, მოვიპარავდი კიტრს, გამოვიქცეოდი, ორ წამში სახლში ვიყავი და პატრონს ჩემი და-ძმა ხვდებოდა ხელში. ახალი თხილიც მიყვარს და არ დამავიწყდება, ავძვერი ხეზე მოსაპარად, გამხდარი და პატარა ვიყავი და რომ დაიწყეს კივილ-წივილი იპარავენო, ისე ამოვეფარე ფოთლებს კენწეროში, ვერავინ შემამჩნია. მეზობლის ბავშვები და ჩემი და-ძმა დაისაჯა, მე კი ვერ მიპოვეს, ოთხი საათი ხის კენწეროზე ვიჯექი და ვიმალებოდი. პატრონი დადიოდა ხის ძირში ძაღლთან ერთად, მე კი ხეზე ვიჯექი მოპარული თხილით, განაბული და მესმოდა დედაჩემის კივილი: ნანა სად არისო (იცინის).

– ზაფხულში როგორ უვლი თავს, იყენებ დამატენიანებლებს, მზის დამცავს, კოსმეტიკას? ზოგადად, როგორ იწყება შენი დილის თავის მოვლის პროცედურები და კვების მხრივ თუ შეგაქვს სეზონური კორექცია?

– ძალიან ადრე ვწვები და ვიძინებ, დაახლოებით, ათი საათისთვის. დილა კი 6-7 საათზე ვარჯიშით იწყება. ამას მოჰყვება წყლის პროცედურა და სახის მასაჟი. ერთი სიტყვით, გარიჟრაჟზე ვიღვიძებ და ვიტარებ ამ პროცედურებს. დილით წყალს არ ვსვამ, მთელი დღის განმავლობაში, ვსვამ იმდენს, რამდენსაც ორგანიზმი მთხოვს. ანუ, თავად ორგანიზმი მკარნახობს, რა მჭირდება. დილით, სახლიდან გასვლამდე, აუცილებლად ვისვამ მზისგან დამცავ საცხს, რადგან ძალიან თეთრი კანი მაქვს და დაცვა სჭირდება. რაც შეეხება კვებას, ხორცს ვერიდები, არც მინდება, ცხელ დღეებში უფრო თევზეულს და ბოსტნეულს მივირთმევ. დადგენილი კვების რაციონი არ მაქვს, ეს სითხის მიღებასაც ეხება. ზაფხულში კოსმეტიკას საერთოდ არ ვიყენებ. უბრალოდ, სპეციალური ხელსაწყოთი წამწამებს ვიპრიხავ, ტუშსაც არ ვხმარობ. თან, არ მიყვარს რუჯი, ვცდილობ, ან ქოლგის ქვეშ ვიწვე, ან ვცურავდე. მე და რუჯი ვერ ვმეგობრობთ. რომ მომკლან, საათობით ვერ დავწვები მზის გულზე, სანაპიროზე. ეს, ჩემთვის, დიდი დისკომფორტია. ქოლგის ქვეშ კომფორტულად ჯდომა მირჩვენია. რომ ვხედავ, როგორ „ხმებიან“ მზეზე ადამიანები, გული მტკივა. ბოლო პერიოდია, ჩემი შვილიც კი არ ირუჯება, რადგან კანზე ცუდად აისახება. ერთი ისტორია გამახსენდა: მექსიკაში ჩავედი შეჯიბრებაზე. ღია აუზზე დავიწვი და მთელი ორი კვირა ვიჯექი და ისე მეძინა. სიცხეც მომცა და ისე გავმწარდი, ის ტკივილი დღემდე მომყვება. ახლაც, მზეზე რომ გავდივარ, ის სიმწარე მახსენდება. ისეთი თეთრი და თხელი კანი მაქვს, მზეზე ქაღალდივით ვიწვები.

– რა შეცვალე თავის მოვლის მხრივ, რაც წლები მოგემატა და ასაკის მატება ფსიქოლოგიურად თუ მოქმედებს შენზე?

– ფაქტობრივად, არაფერი შემიცვლია. რასაც ვაკეთებდი, იმავეს ვაკეთებ, უბრალოდ, თავის მოვლის მხრივ უფრო რეჟიმში ვარ. ასაკი თავისას შვება და რომ ვიხსენებ, რამდენი წლის ვარ, ცოტა „ვიგრუზები“ (იცინის). წვრილი ნაოჭები გამოჩნდა და რომ ვუყურებ სარკეში, ვხვდები, კანმა სტრუქტურაც შეიცვალა. თუმცა, ამ ნაოჭებით ვამაყობ, ეს ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების მაჩვენებელია, იმ გზის შედეგი, რაც აქამდე გამოვიარე. მერწმუნეთ, მომწონს კიდეც ჩემი ნაოჭები. ამას წინათ ალექსანდრემ გადამიღო სურათი და რომ ვნახე, მივხვდი, სახის სტრუქტურა და კისრის კანი აშკარად შეცვლილი მქონდა და ძალიანაც მომეწონა. ვამაყობ იმით, როგორიც ვარ და როგორც გამოვიყურები. ჩემს შვილს რომ ვაჩვენე ფოტო, მივაყოლე კომენტარი: ნახე, დე, როგორი ვარ ფოტოზე, წლები მემჩნევა, აღარ ვარ გოგოშკა და მომწონს-მეთქი. მთავარი ის კი არ არის, რამდენი ნაოჭია თვალის გარშემო, მთავარია, თავად თვალი როგორ ბრწყინავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი