თინათინ მაღალაშვილი: ბევრ ორგანიზატორს უთქვამს, ქართველი დიზაინერი პროექტში დიდი ფუფუნებააო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 02.02
დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ცოტა ხნის წინ ჩინეთიდან მნიშვნელოვანი მიღწევებით დაბრუნდა, რაზეც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
თინათინ მაღალაშვილი: წელიწადში ერთხელ ჩინეთის ქალაქ ჰარბინში იმართება საერთაშორისო მოდის კვირეული. ეს გახლავთ ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც დაახლოებით, 20 ქვეყნის დიზაინერი მონაწილეობს და დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აქ იკრიბებიან დიზაინერები, მოდის კვირეულების ხელმძღვანელები და ზოგადად, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები. იმართება საინტერესო შეხვედრები, იცვლება კონტაქტები, ხდება დამეგობრება – ეს ყველაფერი კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში წინსვლისთვის.
მე ამ ღონისძიებაზე უკვე მეორედ ვიყავი. პირველად – როგორც დამოუკიდებელი დიზაინერი საქართველოს წარმოვადგენდი, ამჯერად კი გახლდით საქართველოს მოდის კვირეულის დამფუძნებელი და პლუს დიზაინერი. ასევე, წელს, ჩვენი პროექტის ფარგლებში, წარდგენილი მქონდა მეორე ბრენდი „ხარჩი“.
სიხარულით გაგიზიარებთ, რომ ჰარბინის მოდის კვირეული გახდა საქართველოს მოდის კვირეულის პარტნიორი. რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ერთხელ, ჩვენ გვექნება უფლება, ამ ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალზე, საქართველოს სახელით, სხვადასხვა დიზაინერი წარვადგინოთ.
საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია. როგორც უკვე გითხარით, ჰარბინში საკმაოდ ბევრი მოდის კვირეულის ორგანიზატორი იყო ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან და მაგალითად, ლონდონის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ თურმე, ოცნებობს ჩვენს პროექტში მონაწილეობაზე და სიამოვნებით მოვიპატიჟე ჩვენთან. შესაბამისად, 9-10 მაისს საქართველოს მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექციით გვეწვევა.
ჩვენ გვაქვს გაცვლითი პროგრამები პარტნიორებთან, რის ფარგლებშიც, ყოველგვარი საწევროს გადახდის გარეშე ვუშვებთ ერთ დიზაინერს სხვა ქვეყანაში „ფეშენ-ვიქზე“ მონაწილეობის მისაღებად და ჩვენც ვიღებთ მათგან სტუმრებს. ამ პროექტის ფარგლებში, ლონდონში აპრილის თვეში საკუთარ კოლექციას „ჯეოტრენდი“ წარადგენს.
– როგორ ხდება მონაწილეების შერჩევა ჰარბინის მოდის კვირეულისთვის?
– ევროპისა და აზიის, დაახლოებით, ოცამდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი მოდის კვირეულებზე და მსგავსი მასშტაბი არსად მინახავს. ჰარბინის მოდის კვირეული რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ღონისძიებაა. ამ ღონისძიებას სახელმწიფოს მხარდაჭერაც აქვს და მასზე ძალიან ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს მთლიანად აფინანსებს ჩინური მხარე. ყველა ქვეყნის დიზაინერს და მის ასისტენტს, ანუ, ვისაც პატიჟებენ, ყველა ხარჯს უნაზღაურებენ. რაც შეეხება შერჩევას, ჩვენ ვაგზავნით დიზაინერების ვორქბუქს და ისინი არჩევენ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ძალიან სერიოზული შოუ იმართება, კოსტიუმებსაც შესაბამისს არჩევენ. ამ კვირეულის ფარგლებში მინიმალისტური კოლექციებიც შეიძლება, მოხვდეს, მთავარია, ძალიან ეფექტური იყოს.
მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ კვირეულზე დიდ ქვეყნებს ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ და ჩვენი პატარა საქართველოდანაც ორი დიზაინერის კოლექცია ვაჩვენეთ, რაც სხვათა შორის, მეზობელ ქვეყნებს გაუკვირდათ. მაგალითად, აზერბაიჯანი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ფესტივალზე. სომხეთიდან წარმოდგენილი იყო უნიჭიერესი დიზაინერი, რომელიც თურმე, საქართველოს მოდის კვირეულზე ჩამოსვლაზე ოცნებობს და რა თქმა უნდა, მოვიპატიჟეთ.
ჰარბინის ფესტივალზე პირველად 2018 წელს ვიყავი და ზუსტად მაშინ შევიძინე სერიოზული კონტაქტები, არაერთი მოდის კვირეულის წარმომადგენელთან დავმეგობრდი და ჩვენ შორის ერთი მჭიდრო წრე შეიკრა. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულზე ვხვდებით ერთმანეთს. ასეთი კონტაქტები აუცილებელია, რადგან ამ სფეროში კარგ რეკომენდაციებს ძალიან დიდი ძალა აქვს. მარტო ნიჭიერება არ არის საკმარისი. კონტაქტურობა, მეგობრულობა გეხმარება, შეკრა წრე შენ გარშემო, რომელიც შენსავე კარიერულ წინსვლას განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ჩემსას, ვინაიდან, ჩემს ზურგს უკან ამხელა პროექტის მონაწილე დიზაინერები დგანან. მუდმივად ვფიქრობ, რა გავაკეთოთ განვითარებისა და წინსვლისთვის საქართველოს თუ მსოფლიოს მასშტაბით. ვცდილობ, ყველა ქვეყნიდან საუკეთესო გამოცდილება გავიზიარო და საქართველოს მოდის კვირეული სრულყოფილი გავხადო – ზუსტად ამ დამოკიდებულებამ განაპირობა ჩვენი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყოველთვის განსაკუთრებით ელოდებიან ხოლმე ქართველ დიზაინერებს. ჩვენი დიზაინერების ნიჭიერების შესახებ ლეგენდები დადის და ბევრ ორგანიზატორს უთქვამს, ქართველი დიზაინერი პროექტში დიდი ფუფუნებააო. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ამ პროცესს, რაც ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესოა. შემდეგი ღონისძიება უკვე დაგეგმილი გვაქვს მილანის მოდის დღეებზე, 27 თებერვალს. მილანის მოდის დღეების შემდეგ, მარტში ბურბონის გალერეაში, პარიზში გვაქვს ჩვენება, აპრილში – აქტობეში, მაისში საქართველოს მოდის კვირეულია, ივნისში ნიუ-იორკში მივდივართ. ყველა თვე გაწერილი და დატვირთულია. ვცდილობთ, ყველა პროექტიდან მაქსიმალური შედეგი წამოვიღოთ.
– ამ ყველაფრის დაგეგმვა და განხორციელება საკმაოდ რთული უნდა იყოს. რა გეხმარებათ, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ?
– დიახ, ძალიან რთულია, თუნდაც, საქართველოს მოდის კვირეულის ორგანიზება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რატომღაც მოდას ნაკლებად აღიქვამენ სერიოზულ დარგად. სპორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელოვნება. სპორტი თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როცა ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი ადამიანი გყავს ხელოვნების სფეროში და გასაქანი არ არსებობს. ამიტომ ხელოვანებს გვიწევს ყველაფერი საკუთარი რესურსებით მოვიძიოთ, რომ გზა გავიკვალოთ. საქართველოს მოდის კვირეულიც ამისთვის შეიქმნა. ვცდილობთ, დიზაინერები მინიმალური დანახარჯებით დავაყენოთ სწორ გზაზე.
რთულია – ჩვენ სპონსორების გარეშე ვაკეთებთ ყველა პროექტს. ეს ყველას უკვირს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბიუჯეტს ძალიან სწორად ვგეგმავთ მეგობრობისა თუ ენთუზიაზმის დამსახურებით. ძალიან რთულია, არწივივით ვარ გადაფარებული პროექტზე და ჩემი საკუთარი ბრენდი ცოტა მეჩაგრება, მაგრამ იმდენად სწორად გავიარე ჩემი ბრენდის განვითარების გზა, რომ ის უკვე ინერციით მუშაობს და ლოკომოტივის ფუნქციას კისრულობს საქართველოს მოდის კვირეულზე, სადაც ყველაზე სტაჟიანი სწორედ თინათინ მაღალაშვილის ბრენდია. ყოველთვის ძალიან ამაყად ვიღებ მონაწილეობას საკუთარ პროექტში, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ამაზე მაღალ დონეს საქართველოში არავინ აკეთებს.
როდესაც საზღვარგარეთ მივდივართ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ოჯახისგან შორს ყოფნა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მაგალითად, მილანიდან პირდაპირ პარიზში მივფრინავთ, რადგან ღონისძიებები ისე მიეწყობა ერთმანეთს, რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ არის. ვიცინი ხოლმე, ერთადერთი ადგილი, სადაც საფუძვლიანად ვისვენებ და მთელი დრო მძინავს, თვითმფრინავია-მეთქი (იცინის). იქ ვერავინ მირეკავს და სულიერადაც ვისვენებ (იცინის).
მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი კარიერა. ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს, ამდენს ნამდვილად ვერ მივაღწევდი.
– ოჯახთან ერთად განტვირთვისთვის თუ გაქვთ დრო გამოყოფილი?
– ჩემი ოჯახი მთლიანად ხელოვანებით არის დაკომპლექტებული. ამ საქმეში ყველანი ვართ ჩართულები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჩემი გოგონა ჩემი პარტნიორია. შვილი მეუბნება ხოლმე, დედად ვეღარ აღგიქვამ, სულ საქმეზე ვლაპარაკობთო. ოჯახი ნამდვილად არის ჩემთვის ყველაზე დიდი ხელისშემწყობი. ალბათ, ყველა ადამიანს სჭირდება ოჯახისგან ზურგის გამაგრება. საქმეს რომ აკეთებ, არ უნდა გქონდეს იმის შიში, ვაიდა, ოჯახმა ხელი ვერ შეგიწყოს. მე ეს ბედნიერება ნამდვილად მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი.
დასვენებას რაც შეეხება, განტვირთვას მხოლოდ მაშინ ვახერხებთ, როცა მე და ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ მივდივართ, თუმცა ძალიან დიდი ხანია, ეს არ „გვღირსებია“, რადგან საზღვარგარეთაც, ძირითადად, საქმეზე ვართ ხოლმე (იცინის).
ზაფხულში ჩვენს აგარაკზე გადავდივართ საგურამოში და იქ საღამოობით ნამდვილად გვაქვს სუფთა ჰაერზე განტვირთვის შესაძლებლობა. იქ სულიერად ვისვენებ, თორემ მთელი სამი სეზონი იმდენად დატვირთულია, დასვენებაზე არც ვფიქრობ. მხოლოდ კვირა დღეა, რომელსაც სახლში ვატარებ და ვცდილობ, სახლის საქმეები მოვილიო. ოჯახში ქალის ფუნქციასაც ვკისრულობ, დილაობით საჭმლის მომზდებასაც ვახერხებ, მაგრამ ხელოვანი ადამიანი მაინც სხვა კატეგორია და სხვა სამყაროა. ჩვენთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია, გარდა ჩვენი სულიერი მდგომარეობისა და საქმიანობისა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





