თინათინ ჯოხაძე: მარტივად გავითავისე მარტოობა, ძლიერი გოგო აღმოვჩნდი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 21.10

ტელეწამყვანი თინათინ ჯოხაძე ახლახან ახალი ამპლუით მოგვევილინა, ის „პოსტივიზე“ „ზურას ღამის შოუს“ ბენდს შეუერთდა. რა ადგილი აქვს მის ცხოვრებაში სიმღერას და როგორ გრძნობს თავს ახალ ამპლუაში, ამაზე თავად მოგვიყვება.
თინათინ ჯოხაძე: ჩემთვის პირველი პროფესია დედობაა. პირველი წელი ტიმოთე კარგად წამოვზარდე, დილის გადაცემასთან ვადაპტირდი და ამასობაში მივიღე შემოთავაზება „ზურას შოუდან“. სწორ დროს სწორ ადგილას რომ უნდა მოხვდე ადამიანი, ზუსტად ასე გამოვიდა. ახალი სეზონიდან ახალი მოტივაციითა და შემართებით გავხდი „ზურას ღამის შოუს“ ბენდის წევრი. ძალიან მიხარია. დილით კვლავ „პოსტ ალიონის“ წამყვანი ვიქნები, ეს ჩემი უსაყვარლესი გადაცემაა, მაგრამ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ოჯახის – ღამის შოუს წევრი გავხდი. იმედია, ერთად წინ ბევრი წარმატება გველოდება. ზურა არც საღამოს უნდა მოვასვენო (იცინის). მე და ზურა თითქმის ყველა ლაივზე ვცდილობთ, ექსპრომტად რამე ვიმღეროთ. ძალიან კომფორტული ადამიანია. მეც მაქვს ჩემი თავის იმედი. თუ პირდაპირ ეთერში შემიძლია ექსპრომტად სიმღერა, ბენდშიც არანაკლებ შევძლებ ჩემი თავის გამოვლენას. ამიტომ, როცა ეს წინადადება მივიღე, ძალიან გამიხარდა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. სამსახურშიც არ იცოდნენ და საღამოს რომ მივედი, გაოცებულები მიყურებდნენ – თინა ამ დროს აქ რა გინდაო. ახალი ამბავი რომ ვუთხარი, ყველასთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. მე ყოველთვის მინდოდა ბენდში სიმღერა. როგორ შეიძლება, არ გინდოდეს ეს, მით უმეტეს, ისეთ ადამიანებთან ერთად, ვის გვერდითაც მე აღმოვჩნდი და თან „ზურას შოუში“. ალბათ, ეს ყველა გოგოს ოცნებაა და ეს რომ მოხდა, ძალიან სასიამოვნოა. რომ არ დაგიმალო, ასეთ რამეზე მიფიქრია. მგონია, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი თავისთავად ლაგდება სწორ დროს. შარშან რომ იგივე შემოეთავაზებინათ, შეიძლებოდა, თავი შემეკავებინა, რადგან ტიმოთე ძალიან პატარა იყო, მთლიანად მასზე ვიყავი გადართული. ახლა ვიცი, რომ ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგშია და ძირითადად, დედაჩემია ტიმისთან ერთად, მეც უფრო თამამად შემიძლია, უფრო დიდი დრო გავატარო სახლის გარეთ.
– ეს ფორმატი სიახლე იქნება მაყურებლისთვის, ვგულისმხობ სამი გოგო ბენდში. როგორ ემზადები და რა მოლოდინი გაქვს?
– ძალიან კარგის მოლოდინი მაქვს, რადგან საოცრად კარგი გოგონები არიან. მათ აქამდეც ვიცნობდი, „პოსტალიონშიც“ ბევრჯერ ყოფილან სტუმრად, უცხოობის მომენტი არ გვაქვს. ისე მივედი, როგორც საკუთარ ოჯახში. შინაურული გარემო ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, სამი გოგოს ფორმატი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ვიზუალურადაც განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ხასიათითაც და ხმის ტემბრითაც. ასე რომ, ერთმანეთს შევავსებთ. პლუს უნიჭიერესი ამიკო გვყავს გვერდით და ზურა, რომელიც ძალიან მიყვარს. იქვეა ზვიო, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და რომლის ხუმრობებზე და გადაცემებზე გავიზარდე. ის რომ ჩემი პროდიუსერია, ძალიან სასიამოვნო და ცოტა დაუჯერებელიცაა. პირველ ჩაწერაზე რომ გავაცნობიერე/ სად ვიდექი, ჩემს თავს ვუთხარი: თინა, იქ ხარ, სადაც უნდა იყო. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.
– სიმღერასთან შენი მეგობრობის ისტორია როგორია?
– მთელი ცხოვრებაა ვმღერი. როგორც კი სამი წლის გავხდი, დედამ მაშინვე „ბასტი ბუბუში“ მიმიყვანა, მაკა აროშიძესთან. დედა თვითონაც ფანტასტიკურად მღერის, ასევე, ძალიან კარგად უკრავს და სანამ იქ მიმიყვანდა, როიალთან რომ დაჯდებოდა და უკრავდა, მეც იქვე ვიყავი და ვმღეროდი. როგორც კი „ბასტი ბუბუში“ მივედი, მაშინვე აქტიურად ჩავერთე გადაცემაში. მაშინ „კარუსელი“ კეთდებოდა, სადაც ცნობილ ადამიანებს იწვევდნენ. მახსოვს, არჩევდნენ ბავშვებს, რომლებიც ლელა წურწუმიასთან იმღერებდნენ. სამი წლის თიკა აირჩიეს და ასე ვიმღერე ლელა წურწუმიასთან ერთად „კარუსელში“. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ეს ემოციები მახსოვს. სულ ფილარმონიაში გვქონდა კონცერტები „ქუჩის ბიჭებთან“, მაია ჯაბუასთან, ეკა კახიასთან და სხვა მომღერლებთან ერთად. ვმღეროდი, ვცეკვავდი და სულ რაღაც კარგი ხდებოდა ჩემს თავს. „ბასტი ბუბუსთვის“ რომ უკვე დიდი ვიყავი, სტუდია „ბემბიში“ გავაგრძელე აქტიურობა. ცეკვასაც გვასწავლიდნენ, რაც ნაკლებად გამომდიოდა და ისევ სიმღერა იყო ჩემთვის მთავარი. თუმცა, ერთი მომენტია, კონკურსები ძალიან არ მიყვარდა და არ გავდიოდი, თუმცა, კონცერტები ბევრი მქონდა. ფორტეპიანოზეც დავდიოდი. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა, მაგრამ სამოდელო სფეროდან შემოთავაზება მივიღე და ცოტა ხანი სიმღერა მივივიწყე. სამოდელო სფერო სიახლე იყო და ძალიან დამაინტერესა, თუმცა სახლში დედასთან ერთად სულ ვმღეროდი. ხოლო, რაც „პოსტ ალიონში“ მოვედი, აქ ზურასთან ერთად ვმღერი. ახლა შევეცდები, ჩემი ხმა პროფესონალურად „გავაღვიძო“.
– ცხოვრებაში რაღაცები თავისთავად ლაგდებაო, თქვი. მართლა ასე გამოვიდა – ჯერ მუსიკა, შემდეგ სამოდელო კარიერა, ჟურნალისტიკა და ახლა ისევ მუსიკა... თითქოს, ბევრი ბრძოლა არ გჭირდება...
– მადლობა ღმერთს, ასეთ საკითხებში ბრძოლა არ მიწევს, თავისით ხდება. სამყაროს ნებას მივყვები, რაღაცების გამო არ ვიძაბები. გულწრფელად მჯერა, რომ ის, რაც მე მეკუთვნის, ჩემთან აუცილებლად მოვა და თავს არ ვიკლავ იმისთვის, რომ რაღაც გამოვიდეს. ვიცი, რომ რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. მე დადებით ემოციებს ვუშვებ სამყაროში, სურვილების ვიზუალიზაციას ვახდენ. მგონია, როცა სხვისი არ გშურს, ბოროტი და ბოღმიანი ადამიანი არ ხარ, როცა სხვისიც საკუთარივით გიხარია, სამყარო ამ ემოციებს დადებითად გიბრუნებს. რა თქმა უნდა, რაღაცებს გართმევს და გაკვეთილებსაც გასწავლის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ესეც იმისთვის, რომ უფრო მეტი მიიღო და წინ წახვიდე.
– ახლა მინდა ტიმზე გკითხო – როგორი ბიჭია?
– თავიდანვე ძალიან დავიმეგობრე, ყველგან თან დამყავს. როცა ტელევიზიაში ვარ, დედაჩემი და ბებიაჩემი სულ მასთან არიან. ტელევიზიაც ახლოსაა ჩემს სახლთან და უცებ გავიქცევი ხოლმე ტიმისთან, ვაჭმევ, რადგან უმეტესწილად ბუნებრივ კვებაზეა, ვაძინებ, მერე კი ისევ ტელევიზიაში ვბრუნდები. მართლა ვცდილობ, სულ ბავშვთან ერთად ვიყო.
ტიმი ძალიან კომფორტული ადამიანია. ჩემთვის შვილი შეზღუდვას არ ნიშნავს. დაბადების დღეებზეც დამყავს, ტელევიზიაში იმდენჯერ იყო, უკვე ვარსკვლავბიჭუნას ეძახიან. ჩემთვის მთავარი დედობაა და ტიმოთეს დედობა მიჩენს მოტივაციას ყველაფრისთვის.
– ბოლო პერიოდში ახალი სტილით – მოკლე თმით მოგევლინე, რაც გოგონებისთვის ცოტა რთული გადასაწყვეტი არის ხოლმე.
– მე ამას პოსტმშობიარობის პერიოდს ვაბრალებ (იცინის). ხომ იცით, სიახლე რომ გინდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაგიგია, რა... ძალიან მომინდა, თმა შემეჭრა. იმდენად ავიკვიატე ეს აზრი, ერთ დღესაც ავდექი და დედაჩემს ვეუბნები, ამ თმას ახლავე თუ არ მოვუხერხე რამე, ჩემი ხელით შევიჭრი-მეთქი (იცინის). ოღონდ ეგ არ გააკეთოო და არაჩვეულებრივ გოგონებთან გამიშვა ჩვენს სახლთან ახლოს, სალონში. შევიჭერი თმა და ძალიან ბედნიერი გამოვედი (იცინის). პირველი ერთი კვირა მომწონდა, მერე – აღარ და გადავწყვიტე, ფერი შემეცვალა. თავიდან ასეც მომეწონა, მაგრამ მეტჯერ არავითარ შემთხვევაში აღარ ვიზამ (იცინის). ისევ ქერას დავუბრუნდი. მოკლე თმასთან შეგუება მიჭირს, ჩემი სახასიათო ხუჭუჭები მომენტარა და ახლა ერთი სული მაქვს, თმა როდის გამეზრდება და ძველ თიკას დავუბრუნდები (იცინის).
კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში – მე და ტიმოთე ცალკე გადავედით საცხოვრებლად. ძალიან მიხარია, კარგი ამბები მიეწყო ერთმანეთს. მარტო ცხოვრება არ არის მარტივი, მაგრამ მშობლები ყოველთვის მზად არიან, დამეხმარონ, იმის პრობლემა არ მაქვს, რომ ჩემთან გამოვიდნენ და თუ საჭიროა, დარჩნენ, მაგრამ როცა საკუთარი ბუდე გაქვს, ამის შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ, ძალიან კარგი ეტაპი დაიწყო და იმედია, ეს წელი ჩემი იქნება. პირადს რაც შეეხება, როგორც ხვდებით, ტიმოთესთან ერთად მხოლოდ მე ვარ, პირველივე წამიდან. შვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბედნიერ და ლაღ დედას უყურებდეს. ამიტომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. რთულია, როცა შვილს მარტო ზრდი და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა, მაგრამ პირველივე წამიდან ყველაფერს მარტივად გავართვი თავი, მარტივად გავითავისე მარტოობა, ძლიერი გოგო აღმოვჩნდი. რთულია, მაგრამ როცა ადამიანების ხედვები ერთმანეთს სცილდება, ჯობს, ცალ-ცალკე მშვიდად და წყნარად გააგრძელონ ცხოვრება. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, თუმცა, ყველაფერი კარგადაა, მეც და ჩემი შვილიც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან