შოუბიზნესი

თათა გიორგობიანი: უკვე ბევრი წელია, მოვლენებს პოზიტიური პრიზმიდან ვუყურებ

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 11.03

თათა გიორგობიანი
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა - რომელი განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი კარიერის თუ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და როგორ უნდა გააძლიერო საკუთარი თავი – ამაზე მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი გვესაუბრება.

თათა გიორგობიანი: თავი საკმაოდ იღბლიან ადამიანად მიმაჩნია. ჩემი ცხოვრების ბევრ ეტაპზე სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი შანსები გამოჩნდა. საერთოდ, ვფიქრობ, ადამიანი შინაგანად რა განწყობაზეც არის, ისეთივე მდგომარეობებსა და სიტუაციებს იზიდავს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ, მაგრამ მათი ენერგია ნაყოფიერად არ იხარჯება, არ აქვთ თვალსაჩინო შედეგები. ასეთი ადამიანები სულ წუწუნებენ, მუდმივად ნეგატივს ასხივებენ და საკუთარი წარმატების თვითონაც არ სჯერათ. შესაბამისად, მათი ცხოვრებაც ასე ეწყობა, აღარც უმართლებთ.

– გქონია მომენტი, როცა „ცუდ ტალღაზე“ ყოფილხარ, მაგრამ მოგიხერხებია მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლა?

– ეს უფრო ადრე იყო, წლების წინ. შემდეგ თითქოს ალღო ავუღე მოვლენებს. ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, როგორი ცუდი პროცესების წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ყველაზე მძიმე კი საყვარელი ადამიანების დაკარგვაა, ამ შემთხვევაშიც კი, უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ ესეც რაღაცას გასწავლის. ამის გამო შენ შეიძლება, დაინგრე, დასუსტდე და ცხოვრება აგერიოს, მაგრამ არსებობს მეორე გზაც – შეგიძლია უფრო გაძლიერდე, მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანო და ისე იცხოვრო, როგორც შენს საყვარელ ადამიანებსაც გაუხარდებოდათ.

უკვე ბევრი წელია, მოვლენებს პოზიტიური პრიზმიდან ვუყურებ. რაც არ უნდა მოხდეს, ვცდილობ, სასოწარკვეთას არ მივეცე. მცირეხნიანი უკმაყოფილება და ცუდი განწყობა ბუნებრივი მდგომარეობაა. შეიძლება, ვერ გამოვიძინო, რის გამოც თავი მტკიოდეს და ამის გამო ვიყო უხასიათოდ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ ხანგრძლივ ნერვიულობამდე და ღრმა დეპრესიამდე არ მივიდე. ზღვარს ყოველთვის ვიჭერ. ჩემს თავს ყოველდღიურად ვახსენებ, თუ რა ბედნიერი ადამიანი ვარ და რამდენი რამ მაქვს. მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი ასე უნდა ცხოვრობდეს. ვფიქრობ, რომ დილა აუცილებლად მადლიერებით უნდა დავიწყოთ და საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ შეიძლებოდა, საერთოდ არაფერი გვქონოდა. ეს დამოკიდებულება ძალიან მეხმარება.

– რა მიგაჩნია თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებად?

– უცნაურ რამეს ვიტყვი, ბევრი ადამიანი მიიჩნევს საკუთარ წარმატებად იმას, რომ რაღაცას მიაღწია, რაღაც შეიძინა, ტიტულისა თუ ჯილდოს სახით. მე მგონია, რომ მთავარი, რაც ცხოვრებამ და გამოცდილებებმა შემძინა, ეს არის ემპათიის უნარი, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და ძალა იმისა, რომ რამდენი დარტყმაც არ უნდა მომაყენოს ცხოვრებამ, მე მათი გაძლება და სწორად გადამუშავება შემიძლია. მართლა მგონია, რომ ეს სუპერძალაა. იმასაც ვფიქრობ, რომ ეს სუპერძალა ყველა ადამიანშია. თუ ადამიანმა საკუთარ თავში ეს ძალა გახსნა, მგონია, რომ მერე ცხოვრება უფრო ლაღი გახდება. ასე თითქოს ზედმეტ შიშებსა და ნერვიულობას იშორებ. იცი, რომ რაღაცებს არ უნდა ეჭიდაო, უბრალოდ, უფრო მოქნილი და ელასტიკური უნდა იყო და როდესაც მორიგ დარტყმას მიიღებ, შეიძლება, დეფორმირდე, მაგრამ თუ ელასტიკური ხარ, ისევ დაიბრუნებ საკუთარ ფორმას.

– ყოფილა მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულებულა, მაგრამ ტრაგედიად არ მიგიღია?

– კი, ყოფილა არშემდგარი სასიყვარულო ურთიერთობებიც, კარიერული მცდელობებიც. მე ბაკალავრიატში ბიზნესის ადმინისტრირება ვისწავლე და ვფიქრობდი, რომ ამ სფეროში არაფერი მესაქმებოდა. რაღაცები ვცადე, მაგრამ არ აღმოჩნდა ჩემთვის საინტერესო. საერთოდ, რასაც არ უნდა ჩავუჯდე, სანამ ძირფესვიანად არ გავიგებ, არ ვეშვები, მაგრამ მივხვდი, რომ ეს, უბრალოდ, ჩემი არ იყო. საინტერესო იყო, მესმოდა და ნორმალურადაც ვმუშაობდი, მაგრამ ეს საქმე არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებდა. ბევრი პატარა წარუმატებლობაც იყო, რამაც ჩემს თვითშეფასებას დაარტყა. თუნდაც, ის, რომ ბავშვობაში ჩემი თავი ძალიან მახინჯი მეგონა. უაზრო კომპლექსები მაწუხებდა. გარდატეხის პერიოდში ძალიან ცუდი თვითშეფასება მქონდა, მაგრამ ალბათ, ესეც გასავლელი ეტაპი იყო, რომლის გადალახვის შემდეგაც სწორი შეხედულებები ჩამომიყალიბდა.

– პროფესიაში როგორი ხარ, ეს, ალბათ, უკვე ბევრმა იცის, როგორი ხარ პირად ურთიერთობებში, მით უმეტეს, უკვე ოჯახი გაქვს და ამასაც, ალბათ, დიდი შრომა სჭირდება.

– ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ჩემმა მეუღლემ უნდა თქვას, მაგრამ ვცდილობ, მზრუნველი ვიყო. როცა დრო მაქვს, მინდა, მე გავაკეთო ბევრი რამ. შეგვიძლია, საჭმელი გამოვიძახოთ, მაგრამ მირჩევნია, ჩემი ხელით მოვამზადო, მე ვიტრიალო სახლში და გავიღო ენერგია ჩემი ოჯახისთვის. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ეს მუდმივად ვერ ხერხდება და დახმარებაც მჭირდება, მაგრამ მიყვარს სახლში ფუსფუსი და მზრუნველობის გამოჩენა. ადრე ცოტა მიჭირდა, მაგრამ ახლა ადამიანისადმი სითბოს გამოხატვაც ვისწავლე.

– ამ ურთიერთობას შინაგანი თვალსაზრისით თუ მოჰყვა ცვლილებები?

– პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, რომელიც აბსოლუტურად იაზრებს, თუ რას ნიშნავს, ქალს ჰქონდეს საკუთარი კარიერა და იყოს ძალიან დაკავებული. მას ნათქვამიც აქვს, შენ რომ ჩემ გამო ყველაფერი დათმო და ის პიროვნება აღარ იყო, ვინც ხარ, ასეთი არც მომეწონებიო. აბსოლუტურად იაზრებს, რომ რაღაცები მოაკლდება მასაც და მეც, ყველაფერი ერთად ვერ მოხერხდება, მაგრამ ამას გაგებით უდგება, ისე, როგორც ნორმალური ადამიანები უნდა იქცეოდნენ. მგონია, ამაში გასაოცარი არაფერია. ჩემი არჩევანი იყო ასეთი – მინდოდა, მესწავლა, მემუშავა და ოჯახი მქონოდა, ისიც შესაბამისად აფასებს და აღიქვამს ჩემს დამოკიდებულებებს, ყველანაირად გვერდით მიდგას. შეიცვალა ის, რომ შინაგანად ძალიან თავდაჯერებული ვარ. ისევ ფსიქოლოგიას უნდა დავესესხო, არსებობს დასკვნა, რომ თუ ადამიანს სურს, იყოს შემდგარი, რეალიზებული კარიერაში, მშვიდი და სტაბილური, მას სჭირდება კარგი ბაზა პირად ურთიერთობებში, საიდანაც ენერგიას მიიღებს. როდესაც ადამიანს პირად ცხოვრებაში დიდი სტრესი და ნერვიულობა ხვდება, იქ იხარჯება ის რესურსი, რომელიც სწავლისა თუ მუშაობისთვის არის საჭირო. ამიტომ ეს ურთიერთობა ჩემთვის არის უდედესი ხელშეწყობა, რომ მე ბევრად უფრო თავდაჯერებულად ვაკეთო ჩემი საქმე. დალაგებული პირადი ცხოვრება ნამდვილად ეხმარება ადამიანს კარიერაში ფრთების გაშლაში.

– ინტერესების თვალსაზრისით ბევრი საერთო გაქვთ?

– რადგან კონსტანტინე სათვალეს ატარებს, ვხუმრობ ხოლმე, ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს სათვალე მართლა ნაკითხობისა და განათლების გამო უკეთია-მეთქი (იცინის). ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი საერთო და სასაუბრო გვაქვს, დაწყებული ფეხბურთიდან დამთავრებული ფანტასტიკის სფეროთი. ვმსჯელობთ, ცოტას ვკამათობთ კიდეც და ეს ძალიან გვსიამოვნებს. ინტელექტუალური კამათი ორივეს გვხიბლავს.

ლამაზი და წარმატებული ქალების რომ ეშინიათ კაცებს, ეს მითი, ალბათ, დაამსხვრია.

– მაპატიონ, მაგრამ მგონია, რომ ძლიერ კაცებს არ ეშინიათ (იცინის). ალბათ, სუსტს შეეშინდება, მაგრამ ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს. ყველაფერში შეიძლება, არა, მაგრამ ზოგადად, ქალს კაცში იზიდავს დომინანტობა. ეს არ ნიშნავს, რომ თანასწორუფლებიანები არ უნდა იყვნენ ან ჩაგვრას უნდა ჰქონდეს ადგილი, უბრალოდ, მამაკაცი ფიზიკურად უფრო აქტიური როლის მატარებელია, ვიზუალურადაც უფრო დიდია და დამცველობითი ფუნქცია აქვს – ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, მგონია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის ასეა – ქალებს მამაკაცში მოსწონთ დომინანტობა. თუმცა, მთავარი სიყვარული, პასუხისმგებლობა და მეგობრობაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა