თამუნა გომართელი: როცა ყველაზე მეტად მინდოდა, ბავშვივით ხმამაღლა მეტირა, ერთი ცრემლიც არ წამომსვლია, სიტყვაც არ დამცდენია
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 02.02, 2022 წელი
გასული წელი თამუნა გომართელისთვის ძალიან ტკივილიანი და მძიმე განცდებით იყო დატვირთული. მან თავისი ცხოვრების უსაყვარლესი ადამიანი – მამა გააცილა უკანასკნელ გზაზე. როგორც თავად ამბობს, ეს ტკივილი იმდენად დიდია, რომ ხანდახან მისი გაძლება უჭირს. თუმცა, ცხოვრება გრძელდება, ახალი გამოწვევების, გამოცდების, სიახლეების წინაშე გვაყენებს და ვცდილობთ, საყვარელი საქმის კეთებით გავუმკლავდეთ ყველა განსაცდელს. ფაქტია, თამუნა, საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა და საკუთარ ტკივილს გარშემო მყოფებს არ აჩვენებს, თუმცა, როცა მარტო რჩება, ქალური სისუსტე ეძალება და ამ დროს ტირილიც „მოსულა“.
თამუნა გომართელი: გასული წელი ყველაზე მძიმე წელი იყო, რაც კი ოდესმე მქონია. მთელი ჩემი ცხოვრება სიგიჟემდე მიყვარდა ზაფხული და სულ ველოდი მის დადგომას. უკვე აღარ მიყვარს, რადგან სწორედ ზაფხულში დავკარგე მამა. თავიდან რკინასავით გამხადა დიდმა ტკივილმა და პასუხისმგებლობამ ოჯახის წინაშე. ვიცოდი, რომ ჩემი სისუსტის დრო არ იყო, ამხელა ეგოიზმი არ მეპატიებოდა, მე მაინც უნდა ვყოფილიყავი ძლიერი და ჩემი ცრემლი დედას არ უნდა დაენახა. ჯოჯოხეთური იყო ის 40 დღე. შემდეგ, როცა ჩემს სახლში დავბრუნდი და მარტო დავრჩი, მეტად გამიჭირდა, თითქოს ერთბაშად მოვწყდი, ამ დანაკარგის მიმღებლობა გამიქრა და შეუგუებლობა დამეწყო. მეგონა, რომ დროებით პარალელურ რეალობაში გადავინაცვლე და ისევ დავბრუნდებოდი ჩემს ცხოვრებაში, სადაც სიცოცხლე და მამა დავტოვე. მერე, ერთბაშად სხვა გავხდი, ამ ენით აუწერელმა ტკივილმა შიში გამიქრო. მთელი ცხოვრება მეშინოდა სიკვდილის და მამას წასვლის მერე კი აღარ მეშინია. მას შემდეგ ბევრი რამის აღარ მეშინია, შეიძლება ითქვას, სრულიად აღარაფრის.
– პირველი ახალი წელი დადგა მამის გარეშე. როგორ შეხვდი, გაგიჭირდა იმ სახლში მისვლა, სადაც ის აღარ გელოდებოდა?
– მძიმე იყო იმასთან შეგუება, რომ ჩვეულ გარემოში, ოღონდ ამჯერად მამას გარეშე, უნდა შევხვედროდი ახალ წელს. რაღაც აუცილებლად უნდა შემეცვალა, სადმე სხვაგან, აქედან შორს წასვლა მინდოდა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე 28-ში გავფრინდით და ახალი წლის დღეებში საზღვარგარეთ ვიყავით. ქეთისაც კონცერტი ჰქონდა და დედასთან ერთად მანაც დატოვა ქალაქი. შობაზე ერთდროულად დავბრუნდით. ჩემი ბავშვობის სახლში კი მამა სულ იყო და იქნება, თავისი სულის ნაწილს აუცილებლად დატოვებდა ჩვენთან, ასე ვერ შეგველეოდა, საკუთარ თავზე
მეტად მას ჩვენ ვუყვარდით. მე იმ სახლშიც და ყველგან, სადაც ვარ, მამას მუდმივად ვგრძნობ და ასე იქნება სულ.
– რისი თქმა ვერ მოასწარი მისთვის? ნანობ რამეს?
– ყველაფრის თქმა მოვასწარი. სულ იცოდა, რომ უზომოდ მიყვარდა, რომ საუკეთესო რჩევის მოცემა იცოდა, რომ ყველაზე კეთილი და კარგი მყავდა, რომ მისით ვამაყობდი. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ისაა, რომ ძალიან უნდოდა შვილიშვილი და ვერ შევძელი მისი გახარება. მაგრამ მას ყოველთვის საუკეთესოდ ესმოდა ჩემი. ბევრჯერ გვისაუბრია მარტოებს, პირისპირ, ყველას გარეშე, როგორც ახლო მეგობრებს და ზოგჯერ მგონია, რომ მან ბევრად მეტი იცოდა ჩემზე, ვიდრე მე თვითონ ვიცი საკუთარი თავის შესახებ.
– სიზმრად თუ მოდის და რას გეუბნება? რა ფორმით გრძნობ მასთან უხილავ კავშირს?
– როცა მარტო ვარ, მაშინ ველაპარაკები, ზოგჯერ უსიტყვოდაც, მარტო ცრემლებით. ძალიან ხშირად მესიზმრება, სიზმრებში კი უფრო ხშირად ახალგაზრდაა, ისეთი, როგორიც ბავშვობიდან მახსოვს. ახლოს არ მეკარება, მაგრამ მაგრძნობინებს, რომ კარგადაა. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ შორის ეს უწყვეტი კავშირი მუდამ იქნება.
– როგორ ფიქრობ, ცხოვრება რამდენად სამართლიანი ან უსამართლოა შენთვის და რა არის ის, რასაც საკუთარ თავს ვერ აპატიებ?
– ცხოვრება გასავლელი გზაა, რომელიც ყოველთვის ერთნაირი ვერ იქნება, ზოგან აღმართია, ზოგან ორმო, ზოგან ხიდი და ზოგან საცალფეხო ბილიკი. მკაცრი ან სამართლიანი თავად ვართ ადამიანები საკუთარი თავის მიმართ. რის უფლებასაც ვიძლევით, ისე გვექცევიან. ზოგჯერ, ისეთ კომპრომისებზე მივდივართ, რაც ჩვენვე გვაზიანებს. მთავარია, შეცდომა აღარ გავიმეოროთ და მწარე გამოცდილება მომავალში ჩვენივე სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ჩვენი რესურსი არ გავფლანგოთ. გავთავისუფლდეთ ტოქსიკური, ბოღმა და შურიანი ადამიანებისგან. მოვუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და რაც მთავარია, არასდროს არავის მივცეთ უფლება, ეჭვი შეგვატანინოს საკუთარ შესაძლებლობებში. ერთადერთი, არასწორ ადამიანებთან დაკარგულ დროს ვერ ვპატიობ საკუთარ თავს.
– ყველაზე დიდი განსაცდელის, ტკივილისა თუ სიხარულის დროს, ვინ დგას შენ გვერდით, გიმსუბუქებს ტკივილს და იზიარებს სიხარულს გულწრფელად და უანგაროდ?
– ჩემი მეუღლეა ასეთი ადამიანი, ერთადერთი, ვინც გადამატანინა უმძიმესი ტრაგედია. რომ არა ის, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შევძლებდი ამ ტკივილთან გამკლავებას. დიდი ლუსტრაცია მოხდა ჩემს ცხოვრებაში – ბევრი გარდამტეხი ამბავი ერთად დამატყდა თავს, ბევრი დანაკარგისა და გამოწვევის წინაშე ერთდროულად აღმოვჩნდი და დავრწმუნდი, რომ ბევრად ძლიერი ვყოფილვარ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ზოდიაქოთი ტყუპები ვარ, თითქოს ცვალებადი და მერყევი ადამიანი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტ მომენტში ქვასავით და რკინასავით მყარი. იმაზე გაცილებით მეტი შემძლებია, ვიდრე მეგონა, განსაცდელის ჟამს ურყევი და მტკიცე გადაწყვეტილების მიღებაც არ გამჭირვებია, კრიზისის დროს თავის ხელში აყვანაც შემძლებია. როცა ყველაზე მეტად მინდოდა, ბავშვივით ხმამაღლა მეტირა და ტკივილი მახრჩობდა, ერთი ცრემლიც არ წამომსვლია, ერთი სიტყვაც არ დამცდენია. უკვე მეეჭვება, არსებობდეს ბარიერი, რომელიც შემაკავებს, იმხელა ძალა ვიპოვე საკუთარ თავში. რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს, მერწმუნეთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





