შოუბიზნესი

სალიტა ჩუბინიძე: თურმე შეიძლება, ნულიდან დაიწყო, როცა გგონია, რომ ასეთი აღარაფერი მოხდება შენს ცხოვრებაში

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 10 წუთის წინ

სალიტა ჩუბინიძე
დაკოპირებულია

14-წლიანი პაუზის შემდეგ სალიტა ჩუბინიძე სატელევიზიო სივრცესა და სცენას დაუბრუნდა. როგორია მუსიკალურ პროექტში ძველ მეგობრებთან შეხვედრის ემოცია, რატომ ამბობს უარს საჩხერიდან თბილისში სრულად გადმოსვლაზე, როგორ რეაგირებენ მისი მოსწავლეები ეკრანზე პედაგოგის ხილვაზე და რა ეხმარება მას წლების შემდეგაც ფორმისა და პოზიტიური ენერგიის შენარჩუნებაში – ამ ყველაფერზე სალიტა გულახდილად გვესაუბრა.

სალიტა ჩუბინიძე: ძალიან მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ვარ, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა ის აზრი, რომ შემოქმედებითობა მაკლდა. მაკლდა ისეთ ხალხთან ურთიერთობა, ვისთან ერთადაც მუსიკალურ სფეროში რამეს გავაკეთებდი. მინდოდა, ასეთ ადამიანებთან მქონოდა კონტაქტი. აკვიატებული მქონდა ეს ფიქრები და მართლაც, ცოტა ხნის წინ მირეკავს ტელეფონი და მეუბნებიან, რომ არის ასეთი პროექტის, „მეტი შოუს“, იდეა და ვიყავი თუ არა მზად მათთან თანამშრომლობისთვის. ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა. მოვლენები მალევე განვითარდა. მადლიერი ვარ ამ შემოთავაზების გამო და მიხარია, რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მინდოდა. მით უმეტეს, ამ პროექტში ჩემი რამდენიმე მეგობარია და ძალიან სასიამოვნოა ისევ მათთან ერთად მუშაობა.

– შეიძლება, წლების განმავლობაში აგრძელებდით მეგობრულ ურთიერთობას, მაგრამ ისევ ამ ფორმატში შეკრება, ალბათ, სასიხარულო იყო…

– მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ძალიან დიდი ხანია, არ გვენახა, აქტიური ურთიერთობა არ გვქონდა. სადღაც გადავკვეთილვართ, მაგრამ უფრო შემთხვევით, ამდენი ხნის შემდეგ იგივე სიტუაციაში შეხვედრამ და სამუშაო პროცესში ჩართვამ ისეთი განცდა გამიჩინა, თითქოს 14-წლიანი პაუზა კი არა, ერთი-ორი დღე დავისვენეთ და საქმეს დავუბრუნდით. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება ასე, მაგრამ ეს ადამიანები საერთოდ არ შეცვლილან. ჩემთვის ისევ ისეთი კომფორტულია მათთან მუშაობა, როგორც მაშინ იყო. ვნერვიულობდი სიახლეებზე: ნეტავ როგორი ხალხი იქნება, მაინც უცხო სივრცეა და არ გამიჭირდეს მუშაობა-მეთქი. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. ძალიან ჰუმანური და ნიჭიერი ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებთანაც შეგიძლია, გულწრფელად ისაუბრო და გქონდეს იმედი, რომ თუ შენთვის რამე მიუღებელი იქნება, მოგისმენენ და შენს აზრს გაითვალისწინებენ. გრძნობდე, რომ დაფასებული ხარ, როგორც პიროვნულად, ისე შემოქმედებითადაც – ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია.

– უკვე ეკრანზე სისტემატურად რომ უყურებ გადაცემას, თითქოს ძველი დრო დაბრუნდა. როგორია მაყურებლის გამოხმაურება?

– დიდი ხანია, რაც ტელევიზორს აღარ ვუყურებდი, არანაირი შეხება არ მქონია. ვიცი, რომ ადამიანების დიდი ნაწილიც ასეა. ისეთი დრო მოვიდა, რამდენიმეწამიანი ვიდეოებით შემოვიფარგლებით სოციალურ ქსელებში. პირადად მე მოვუბრუნდი სატელევიზიო სივრცეს და ბევრი ადამიანისგან გავიგე – თქვენ დაგვაბრუნეთ ეკრანთანო. ზუსტად ვიცი, რომ დიდი ხნის განმავლობაში აღარ უყურებდნენ ტელევიზორს. ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანი თავისი ძვირფასი დროიდან კონკრეტულ მონაკვეთს შენ გითმობს. სხვათა შორის, კომპლიმენტებს არ იშურებენ და რაც გასაკრიტიკებელია, კრიტიკასაც აქვს ადგილი – ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გამოხმაურებას, ცოტა შიში მქონდა, როგორ შეხვდებოდა მაყურებელი. რასაც ვკითხულობ, საბედნიეროდ, ძალიან პოზიტიური კომენტარებია. უზომოდ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაყურებელს, ჩემთვის ეს უდიდესი სტიმულია, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელო განვითარება.

– ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამაზეო, მითხარი. პიროვნულად რა მოგიტანა ამ სიახლემ?

– ძალიან ვაფასებ ყოველ წუთს, რომელიც ჩემს ცხოვრებაშია. ვაფასებ გარემოცვას და ადამიანებს, რომლებთანაც შეხება მაქვს. ამ სივრცემ თავისი პოზიტიური სხივი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. მეუბნებოდნენ, როგორ შეძლებ ამდენ რამეს, როგორ შეიძლება, ამდენი საქმე ერთად აკეთოო. ძალიან რთულია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, პირიქით, ეს ჩემთვის უფრო მეტად განტვირთვაა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩაწერის შემდეგ ისეთ ენერგიაზე ვარ, კიდევ 3-4 გადაცემის ჩაწერა შემიძლია. საოცარი ენერგეტიკაა გარშემო და ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ. როცა საქმე შენია, ის კი არ გაცლის ენერგიას, პირიქით – გმატებს. მერე არც დამღლელია. პიროვნულად თუ შევხედავთ, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა. საკუთარი თავის მეტად დაფასება ვისწავლე. ცხოვრებისეული პატარა მომენტების უფრო მეტად დაფასებაც ვისწავლე. თურმე, შეიძლება, რომ სრულიად ნულიდან დაიწყო, როცა გგონია, რომ ასეთი საერთოდ აღარაფერი მოხდება შენს ცხოვრებაში. ნამდვილად არ მჯეროდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. თურმე, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს! მათ შორის ისეთი რამეებიც, როგორიც ვერც კი წარმოგიდგენია, პოზიტიური თვალსაზრისით. ამას ძალიან ვაფასებ და ძალიან მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის ჩემს ცხოვრებაში – როგორი როლიც არ უნდა ჰქონდეს, პოზიტიური თუ ნაკლებად.

– ბევრმა იცის, რომ ცოტა ხნის წინ მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდი, საჩხერეში გადახვედი საცხოვრებლად და მასწავლებლის საპასუხისმგებლო საქმეს მოჰკიდე ხელი. ამას კიდევ ახერხებ თუ ამ ეტაპზე მთლიანად ტელევიზიაზე გადმოერთე?

– მე აქამდეც მქონია შემოთავაზება, შეიძლებოდა, სრულფასოვნად გადმოვსულიყავი თბილისში და შემოქმედებითად სრულად ვყოფილიყავი დაკავებული. მაგრამ აქ იმდენად მშვიდი და სასიამოვნო გარემოა, რომ ამ ეტაპზე ამის დათმობა ძალიან მიჭირს. ამიტომ მირჩევნია, აქ ვიყო და ამაში პრობლემა არ არის. რეალურად, თბილისის საცობშიც იგივე დრო მჭირდება ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად, რაც საჩხერიდან თბილისამდე – არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, სამაგიეროდ, ასე ბევრად კომფორტულია ჩემთვის. ამ სივრცეზე უარი ვერ ვთქვი და კიდევ კარგი, რომ ასეა.

მარტივი არ არის ამდენ ბავშვს თავი შეაყვარო და მერე უცებ გამოუცხადო, ახლა წავედი და კარგად იყავითო. ასე არ ხდება, პასუხისმგებლობა დიდია და მე მას კარგად ვიაზრებ. მხოლოდ სხვაზე არა, საკუთარ თავზეც ვფიქრობ. ბუნებრივია, ეს ჩემთვის რომ არ იყოს კომფორტული და სასიამოვნო, მხოლოდ სხვისთვის ასე არ მოვიქცეოდი. თავიდან, სანამ ამ პროფესიაში შევიდოდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ვფიქრობდი, თუ მასწავლებელი ვიქნებოდი, ჩემი მრავალმხრივი ბუნებიდან გამომდინარე (რადგან ბევრი რამის კეთება მიყვარს და მანიჭებს სიამოვნებას), ამას ვეღარ შევძლებდი, რადგან თითქოს, როცა მასწავლებელი გქვია, აღარ შეიძლება, სცენაზე თავისუფლად იდგე ან იუმორისტული მიმართულებით განვითარდე და ასე შემდეგ. თითქოს, რადგან პედაგოგობა აკადემიური პროფესია არის, შეზღუდვები გაქვს. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეზღუდვებს მხოლოდ და მხოლოდ მე ვუწესებდი საკუთარ თავს. მე ჩემი ყოფილი და ახალი მასწავლებლების გვერდით ვმუშაობ და მათ, პირიქით, სხვა რამ დამანახვეს და ჩემი კომპლექსები და შეხედულებები სრულიად დაამსხვრიეს. თვითონვე მეუბნებოდნენ: „არავითარ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდე ამ სივრცით. კი, ძალიან გვიხარია, რომ აქ ხარ, მაგრამ შენ მხოლოდ ამ სივრცისთვის არ ხარ, შენ გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლია და იცოდე, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლო“. წარმოიდგინეთ, შეხვდები ადამიანს და გეტყვის: შენ კიდევ აქ ხარ? – ცოტა სხვა მიმართულებითაც გააქტიურდიო. ყოველ ჯერზე მოტივაციას მაძლევდნენ. მე რომ ჩემს ფიქრებში ვიყავი – „ნეტავ ეს ადამიანები როგორ გაიგებენ, რომ მე პარალელურად სცენაზე ვიდგე“ და ამაზე ვდარდობდი, თურმე პირიქით – თვითონ ვზღუდავდი თავს და ისინი მხარს მიჭერდნენ.

ყველას თავისი განვითარების გზა აქვს და ჩემი მოსწავლეებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოა, როცა საკუთარ მასწავლებელს ეკრანზე ხედავენ. როცა იციან, მას ამდენი ადამიანი უყურებს და დადებითად აფასებენ. ცუდი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის ამ მხრივ განვითარების საშუალება არ მიმეცა და ამ ხალხმა ამის სტიმული და საკუთარი თავის რწმენა მომცა. ჩვენი სკოლა მსოფლიოს საუკეთესო ასეულშია შესული და ისეთი მასწავლებლები გვყავს, მსოფლიოს ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებას რომ დაამშვენებენ. ამ ადამიანებთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი კომფორტია.

– შვილებმა, ალბათ, იცოდნენ წარსული საქმიანობის შესახებ, მაგრამ ახლა ეკრანზე რომ გიყურებენ, ასევე სცენაზე რომ გხედავენ, როგორი რეაქციები აქვთ?

– ძალიან უხარიათ. ჩვენ დედაშვილური და, იმავდროულად, ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს – შეგვიძლია, ყველაფერზე გულღიად ვისაუბროთ. თუკი რამე გასაკრიტიკებელია, ამასაც მეუბნებიან. უფროსი – უფრო მეტად, პატარას ყველაფერი მოსწონს და სულ კომპლიმენტებით მავსებს. რაც შეეხება უფროსს, ძალიან მიდგას გვერდში. მე ყოველთვის ვგრძნობ, რომ ძალიან უხარიათ ბედნიერი დედის ხილვა. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ბედნიერი, რეალიზებული და განვითარებაზე მოფიქრალი დედა ბავშვებისთვის სიმშვიდისა და ბედნიერების განცდის მომტანია. ერთმანეთს ვაძლიერებთ და გვერდში ვუდგავართ ნებისმიერ სიტუაციაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი