შოუბიზნესი

ბექა სულაბერიძე: ხატმწერი მეუბნებოდა, თუ ფერწერასთან ახლოს ხარ, შეიძლება, ხატწერა გაგიჭირდესო

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 57 წუთის წინ

ბექა სულაბერიძე
დაკოპირებულია

ხატმწერმა ბექა სულაბერიძემ ცხოვრების რთულ პერიოდში სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა საქმე, რომელმაც მისი ბედი სამუდამოდ შეცვალა. როგორ მივიდა ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანი ტაძრების მოხატვამდე, ვინ იყო მისი მთავარი მასწავლებელი და როგორ ეხმარება მას სულიერი სიმშვიდის პოვნაში ეს განსაკუთრებული პროფესია – ამის შესახებ ბექა გულახდილად საუბრობს.

ბექა სულაბერიძე: სიმართლე გითხრათ, ადრე მხატვრობაზე არ მიფიქრია. არანაირი შეხება არ მქონია ამ საქმესთან. ცხოვრებაში ფუნჯი არ მჭერია ხელში, ეს ჩემთვის უცნობი სამყარო იყო. ერთის მხრივ, ასე იყო, მაგრამ იმავდროულად, ბავშვობიდანვე მქონდა მიდრეკილება ხელოვნებისადმი და განსაკუთრებული სიყვარულიც. მიყვარდა მუსიკა და გარკვეული წარმატებებიც მქონდა – იმდენად, რომ კონსერვატორიაში სწავლაზე ვფიქრობდი. პედაგოგები მეუბნებოდნენ, რომ ნიჭი მქონდა და შემეძლო, წარმატებისთვის მიმეღწია. დროსთან ერთად, ეს ინტერესი ნელ-ნელა გამიქრა, თუმცა კლასიკური მუსიკის მოსმენა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ფერწერისკენაც მქონდა მიდრეკილება. დედა მეუბნება, რომ ბავშვობაში ფანქრით გრაფიკულ ჩანახატებს ვაკეთებდი. განსაკუთრებით ბუნების ხატვა მომწონდა – ეს ჩემთვის განტვირთვის საშუალება იყო. სწავლა ბავშვობიდან მიყვარდა, სკოლა წარმატებით დავამთავრე და გადაწყვეტილი მქონდა ეკონომიკური განხრით სწავლის გაგრძელება. სიმართლე რომ გითხრათ, იმ პერიოდში ეკონომიკის დარგები ძალიან პოპულარული იყო და ჩემს გადაწყვეტილებაზე ამანაც იქონია გავლენა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტშიც საკმაოდ წარმატებული სტუდენტი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ამ მიმართულებით დავსაქმდებოდი. მანამდე კი გადავწყვიტე, ჯარი მომევლო, რაც მერე სამსახურის დაწყებაშიც დამეხმარებოდა. ჯარი 2007 წელს დავასრულე და დაიწყო უძრაობის პერიოდი. დავიწყე სამსახურის ძებნა, მაგრამ – უშედეგოდ. არ მიმართლებდა, ალბათ, ასე იყო საჭირო. დეპრესიული პერიოდი დამეწყო. წარმოიდგინეთ, მანამდე განვლილი წლები – სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი – რამხელა შრომა ჩავდე, კარგად ვსწავლობდი, მონდომებული ვიყავი, მაგრამ იმდენად არ მიმართლებდა, რომ ყველაფერი წყალში ჩაყრილად ჩავთვალე. ჩავიკეტე, გარეთ გასვლა აღარ მინდოდა და თითქმის სულ სახლში ვიყავი. ჩემ გამო ოჯახიც ნერვიულობდა.

ამ პერიოდში ჩემს სოფელში, ვანის რაიონის სოფელ შუამთაში, ნათლისღების სახელობის ტაძრის მშენებლობა მიდიოდა. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი კონსტანტინე გაბუნია დადგინდა, დედაჩემი კი მისი მრევლი გახდა. როგორც ჩანს, შეწუხებულმა დედამ მოძღვარს უთხრა ჩემი მდგომარეობის შესახებ. დედამ ისიც გაიხსენა, რომ სტუდენტობის დროს საწერი კალმით წმიდა გიორგის ჩანახატი მქონდა შესრულებული. წაუღია მოძღვართან და მას რომ უნახავს, უთქვამს: ისე კარგად აქვს შესრულებული, შეიძლება, ნიჭი ჰქონდეს, მაინც უსაქმოდ არის და ავიდეს ვანში საკათედრო ტაძარში (რომელიც მაშინ ჯერ არ იყო გახსნილი და საკურთხევლის მხატვრობა მიდიოდა), ეს ნამუშევარი მხატვარს აჩვენოს და გაესაუბროს, ეგებ მისი მოწოდებააო. ყველაფერი აქედან დაიწყო. მართლაც, ავედი ტაძარში და გავიცანი მხატვარი, რომელიც იქ მუშაობდა – ცნობილი ხატმწერი ზურაბ მოდებაძე. ძალიან დამაინტერესა იმან, რაც დავინახე. აბსოლუტურად ინტერესმოკლებული წავედი, მაგრამ მუშაობის პროცესმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ვიდექი და ინტერესით ვაკვირდებოდი. ხატმწერმა რომ შემამჩნია, დიდი ხანი ვიდექი და ვაკვირდებოდი ისე, რომ არც არაფერი მითქვამს, მითხრა: თუ გაინტერესებს, მაღლა ამოდი და შეხედეო. ხარაჩოზე ავედი და ცხოვრებაში პირველად მაშინ დავიკავე ხელში ფუნჯი. ანგელოზის ფრთას ადებდა ფერს და შემომთავაზა, მეცადა. ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. იმდენად მომეწონა ეს პროცესი, რომ ვიგრძენი – ეს ჩემი საქმე იყო.

მარტივი არ იყო ჩემთვის ამ საქმის კეთება. იმდენად უცხო ხილი იყო ფუნჯი და ხატწერა, რომ სწავლების პროცესი, დაახლოებით, სამი წელი მიმდინარეობდა.

– საწყის ეტაპზე წარმოგედგინათ, რომ ის, რამაც ასე დაგაინტერესათ, თქვენი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცეოდა?

– სიმართლე გითხრათ, პირველი პერიოდი – ნაკლებად. უფრო მაშინდელ დეპრესიასა და უძრაობის პერიოდს მივსებდა. მერე იმდენად ჩავუღრმავდი, ისე დამაინტერესა, რომ ამას ვეღარაფერი ჩაანაცვლებდა. წარმოიდგინეთ თეთრი, თავისუფალი კედლები, რომელსაც მთლიანად ავსებ – ამ შეგრძნების აღწერა მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა, მიზნად დავისახე, რომ ეს საქმე უნდა მესწავლა. ნამდვილად არ არის მარტივი და მხოლოდ ენთუზიაზმი არ ეყოფა. ხატწერა ძალიან განსხვავდება ფერწერისგან. ხატმწერი მეუბნებოდა: თუ ფერწერასთან ახლოს ხარ, შეიძლება, ხატწერა გაგიჭირდეს, რადგან პროცესი ტექნიკურად ძალიან განსხვავებულიაო. ხშირ შემთხვევაში, სტილი ერევათ, მაგრამ თუ შეხება არ გქონია მხატვრობასთან, უფრო მარტივად გამოგივა, ნულიდან იწყებ შენებას და იმას ისწავლი, რაც საჭიროაო. ეს ისეთი საქმეა, რომელიც სულიერად მოწესრიგებას საჭიროებს და აუცილებელია კურთხევა. მერე უკვე მოძღვარიც ავიყვანე – მამა კონსტანტინე გაბუნია და მღვდელმთავრისგან კურთხევაც მივიღე. ჩემი ცხოვრების სულიერად მოწესრიგებაც დავიწყე. მე არასდროს მიმუშავია ჩემი პროფესიით. სხვათა შორის, ხატწერა რომ დავიწყე, მალევე მივიღე შემოთავაზებები საჯარო სამსახურიდან, მაგრამ უარი ვთქვი. ეს გზა მქონდა არჩეული და ჩავთვალე, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა – ღვთის ნება იყო ასეთი. არც შევმცდარვარ, ნამდვილად ამ გზას უნდა გავყოლოდი. დაახლოებით, 17 წელია, რაც ამ საქმეს მივყვები და ერთი წამით არ მინანია. თავდაპირელად ხატებზე ვმუშაობდი, ტაძრებზე მუშაობა არასდროს მიფიქრია.

ხატებსა და ტაძრებზე მუშაობის პროცესი და მასშტაბები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან – ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ზურაბ მოდებაძემ. ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი მიმართულება და ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები. ხატწერის მთელი ანაბარა უანგაროდ და დაუზარლად მასწავლა. მითხრა: თუ ტაძარზე მუშაობის შინაგანი წინააღმდეგობა არ გადალახე, ამისთვის მზად ვერასდროს იქნები, უნდა გაბედო და იმუშავოო.

შუამთის ნათლისღების ტაძარში სანათლავი ცალკე აშენდა და მამაომ მითხრა: კურთხევას გაძლევ, მოხატე. პირველია, სასწაული არ გამოვა, მაგრამ იმუშავეო. მადლობა ღმერთს, რომ მასაც და ჩემს მასწავლებელსაც დავუჯერე და მივხვდი, რომ ამ საქმეს შევძლებდი. იმ დროიდან მოვყვები და მოვყვები. ვანში 5-6 ტაძარია ჩემი ნამუშევარი, მერე სხვადასხვა ეპარქიაში გადავედი. პარალელურად, უამრავი ხატი მაქვს შექმნილი.

– რთული პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, როცა ამ გზას დაადექით. ადამიანებს ხშირად გვაქვს ასეთი მომენტები და ამის შემდეგ იყო სირთულეები, როდესაც რწმენამ და ხატწერამ გადაგარჩინათ?

– სიმართლე გითხრათ, კი. ამ გზას ახლავს სულიერი ბრძოლები – თავში ბევრი ფიქრი მოდის. ზოგჯერ გგონია, რომ არ გამოგივა ან, პირიქით, ყველაზე მაგარი ხარ. მადლობა ღმერთს, იმასაც ვხვდებოდი, რომ ამ მიმართულებით ფიქრი არ არის სწორი. თუ ხატმწერმა ასეთი ფიქრი და სხვაზე გაჯიბრება დაიწყე, აუცილებლად დაეცემი – ღვთის ნება წინ აღარ გაგიშვებს, რომ როგორც ადამიანი არ დაიღუპო. ხან წინ მიდიხარ, ხან ქვემოთ, უძრაობის პერიოდი არაა, სულიერი მდგომარეობის მიხედვით ასე – ეს მუდმივი ბრძოლაა საკუთარ თავთან, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. თუ ეს ბრძოლები არ გაქვს და ერთ ადგილას ხარ გაყინული, შეიძლება, ცუდი შედეგი გამოიღოს. მუდმივად ბრძოლა და მზადყოფნა ადამიანს ფორმაში ამყოფებს, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვას. ვერ წარმოიდგენთ, როგორ სიმშვიდეს განიცდი, როდესაც ტაძარში მუშაობ. ეს საქმე ისეთია, რომ ძალიან დიდი დრო სჭირდება და ამის გამო შვილები მსაყვედურობენ, თუმცა, რას ვიზამთ... ტაძარს მიღმა ბევრი პრობლემა, ცხოვრებისეული წინააღმდეგობები და ხმაურია, ტაძარში რომ მივდივარ, თითქოს ყველაფერი მშვიდდება, ლაგდება და თავის ადგილს უბრუნდება, შედეგად საღად იწყებ აზროვნებას და თითქოს ყველა პრობლემის გადაჭრის გზას ხედავ. მადლობელი ვარ, ღმერთმა რამხელა წყალობა მოიღო, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ისტორიას რჩება! წლები გავა, შენ აღარ იქნები, მაგრამ შენი შესრულებული საქმე დარჩება.ზოგჯერ შიშიც გიპყრობს: შევძლებ, რომ ეს საქმე ბოლომდე ისე მივიყვანო, როგორც საჭიროა?! ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი ხდება და უფლის მადლობელი ვარ, რომ აქ მომიყვანა.

ხატწერასთან ერთად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამიტაცა ფოტოგრაფიამ. ტილოებზე ფერწერაზე მუშაობის სურვილიც განსაკუთრებულად მქონდა, მაგრამ ხატწერასთან ერთად, ამის დრო არ მაქვს, ამიტომ ეს სიცარიელე ფოტოგრაფიამ შემივსო და მისი კომპენსირება მოახდინა. საკმაოდ ღრმად შევედი ამ პროფესიაში. ეს პროფესიები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს და ფოტოგრაფია, ანუ ხატწერის შემდეგ ლამაზ ბუნებაში კადრების გადაღება განტვირთვაშიც მეხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი