შოუბიზნესი

თამუნა გომართელი: 3 თვე ბავშვივით მივლიდა, ხელში აყვანილი მატარებდა და თავიდან მასწავლა სიარული

№46

ავტორი: ნონა დათეშიძე 23 წუთის წინ

თამუნა გომართელი
დაკოპირებულია

ვინც თამუნა გომართელს ახლოს იცნობს, დამეთანხმება, ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს, სიმშვიდე, დადებითი აურა და ბედნიერების შეგრძნება შეუქმნას მის გვერდით მყოფ ადამიანებს. დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო და თავისი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმითა და თბილი ბუნებით, სადაც იმუშავა, ყველგან მეგობრები შეიძინა. დღეს ის „რუსთავი 2-ის“ მუსიკალური გადაცემების პროდიუსერი და საკონცერტო წამყვანია.

– მეოცნებე ბავშვი იყავი თუ მიწაზე მყარად იდექი და რამდენად აგიხდა ის ბავშვური ოცნებები?

– ჩემში ბავშვობიდანვე ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისების ძალიან უცნაური სინთეზი იყო. ჩემი სამყარო მქონდა, მაგრამ რეალისტიც ვიყავი. ყოველდღიურობა ჩემს რეალობაში მქონდა გადმოტანილი. 5 წლიდან პატარა ჩანახატებს ვწერდი, სტუდენტობის პერიოდში – დღიურებს, მაგრამ იმავდროულად, ძალიან რეალისტური მიზნებითა და გეგმებით ვცხოვრობდი. სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე – ვიცოდი, რა მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი ოცნებები რეალობად ქცეულიყო. ყველა ჩემი ბავშვური ოცნება ამიხდა, ახლა უკვე „დიდური“ მიზნები მაქვს (იცინის).

– როდის მიხვდი, რომ ცხოვრება არც ისეთი ფერადია, როგორც მას მშობლები გვიხატავენ? როდის იყო დღე, როცა სამყარომ თავისი რეალური სახე დაგანახვა?

– ალბათ, სტუდენტობის ასაკში, როცა პირველად დავკარგე მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. მაშინ მივხვდი, რომ არსებობს პირადი საზღვრები, რომელიც არასდროს არავის არ უნდა დაარღვევინო. მიამიტობა და გულუბრყვილობა ადამიანის ღირსება მეგონა – ასე გამზარდეს მშობლებმა. დღეს კი ეს დიდი ნაკლი მგონია და განუვითარებლობის გამოვლინება. ცხოვრება ერთი უზარმაზარი გაკვეთილია, სხვადასხვა მცირე სეგმენტებად დაყოფილი და თუ ამ გაკვეთილს გააზრებულად ესწრები, უნდა შეიმეცნო. ეს იგივეა, წიგნი წაიკითხო და იქიდან ვერც ვერაფერი ისწავლო და არც არაფერი გამოიყენო შენს პირად რეალობაში. რაც შეეხება ყველაზე მძიმე დღეს, როცა სამყარომ თავისი სახე დამანახვა, იყო მამას გარდაცვალების ამბავი. ხშირად ვამბობ, ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – მამასთან ერთად და მისი წასვლის შემდეგ... არ მინდა ამ თემაზე უფრო ვრცლად საუბარი, უბრალოდ, ჩამოვიშალე და თავიდან ავეწყვე. ასე რომ, ყველაზე რთული პერიოდი მამას გარდაცვალების დღეა. და ჩემი მეუღლე იყო ის ადამიანი, ვინც გადამატანინა ეს უმძიმესი დღეები და თვეები.

– მიუხედავად გადატანილი განცდებისა, მიგაჩნია, რომ გამართლებული ცხოვრება გაქვს?

– ძალიან, ყველაფერში გამიმართლა, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. დეტალებში არ შევალ, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანები ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. მინდა, ჩემთვის ჩუმად ვიყო ბედნიერი და არა საჯაროდ.

– შენს ცხოვრებაში არის ისეთი რამ, რასაც ნანობ ან შანსი, რომელიც ხელიდან გაუშვი?

– ვერ ვიტყვი, რომ დროის უკან დაბრუნების შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემი ცხოვრებიდან რომელიმე ეტაპს შევცვლიდი ან სხვაგვარად გავივლიდი. ყველა ეტაპმა დიდი გამოცდილება მომცა – ზოგმა ბევრი რამ მასწავლა, ზოგმა დაცემის შემდეგ წამოდგომა შემაძლებინა, ზოგმა წინსვლის პროცესის სწორად წარმართვის უნარი მომცა, ზოგმა – სტაბილურობის შენარჩუნების, ზოგმაც კრიზისის მართვის ძალა გააჩინა ჩემში. არცერთი შანსი არ გამიშვია ხელიდან. რაც კი სამყარომ მომცა, ყველა გამოვიყენე და ამიტომ ვარ ის, რაც ვარ დღეს – ბედნიერი ადამიანი.

– როგორ ფიქრობ, ქალი რომ წარმატებული იყოს, აუცილებელია გვერდით ძლიერი მამაკაცის დგომა?

- აუცილებლად, სხვანაირად გამორიცხულია, გარეთაც ძლიერი იყო და სახლშიც. გაგიჟდები, ფსიქიკა ვერ გაგიძლებს, რომ ყველგან, შინ და გარეთ რკინის ქალი იყო. ძლიერი მამაკაცის გვერდით ქალი აღარ ხარ სუსტი, იკრებ ძალას, ენერგიას და ძლიერდები მორალურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც. მე უზომოდ გამიმართლა ცხოვრებაში, რომ სწორედ ის მამაკაცი ავირჩიე მთავარ ადამიანად, რომელიც შემიძლია, ღამე გავაღვიძო და ბევრი ვიცინოთ რაღაც სისულელეზე; რომელსაც შეუძლია სხვა ქვეყანაში მივლინების დროს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრიდან გამოვიდეს, ვიდეოზარით დამირეკოს და შემომატაროს ჩემი საყვარელი ქალაქის ქუჩები; უცებ სპონტანურად ბარგი ჩამალაგებინოს და სადღაც წამიყვანოს. ჩემი ავადმყოფობის დროს 3 თვე ბავშვივით მივლიდა, ხელში აყვანილი მატარებდა და თავიდან მასწავლა სიარული. ის ჩემი მეორე კი არა, პირველი ნახევარია, ერთადერთი კაცია მთელ სამყაროში, რომელიც მე გამიძლებდა და ვეყვარებოდი ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი სპონტანურობითა და უცნაურობებით. ჩემი ბედნიერება იცით, რითი იზომება? აი, იმით, დაღლილი, გამოფიტული, უენერგიო სახლის ზღუბლთან რომ ვდგავარ, ჩემი მეუღლე კარს რომ გამიღებს და ჩამეხუტება და მთელი დღის დაგროვილი დაღლა და ტვირთი სადღაც რომ ქრება. იმით, ყოველ დილას დედა რომ მირეკავს და მეუბნება – გენაცვალოს შენი დედა! იმით, ჩემი და რომ ბედნიერია და თვალები უბრჭყვიალებს. იმით, ტელევიზიაში ყოველ დილას მისვლა რომ მიხარია და ზუსტად ვიცი, მაყურებელი ელოდება ჩვენს გადაცემას. იმით, ჩემი ბავშვობის რამდენიმე მეგობართან ერთად შაბათს ყავის დასალევად რომ ვიკრიბებით, უაზროდ ბევრს რომ ვიცინით და მთელი ცხოვრების ამბებს მეათასედ ვყვებით.

– ადრეული ასაკიდან დაიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. რა იყო შენი პირველი სამსახური, თუ გახსოვს პირველი ხელფასი რამდენი აიღე, რაში დახარჯე და ზოგადად, რა თვისებები ჩამოაყალიბა შენში ადრეული ასაკიდან დამოუკიდებლობამ?

– დიახ, დამოუკიდებელი ცხოვრება ძალიან ადრეული ასაკიდან დავიწყე. სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, პირველივე კურსზე დავიწყე მუშაობა. სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე ლიტერატურული გადაცემების რედაქციაში რუბრიკა მიმყავდა, პარალელურად, „მეტრომედიის“ ქართულ-ამერიკულ კომპანიაში აბონენტთა მომსახურების დეპარტამენტში ვმუშაობდი, საღამოობით, ლექციების მერე. ტელევიზიაში თითო სიუჟეტზე 11 ლარი მქონდა ჰონორარი. რა დამავიწყებს, „მეტრომედიაში“ – 30 ლარი, შემდეგ კი, დამაწინაურეს და ხელფასი გამიორმაგდა. უნივერსიტეტში ხუთოსნის სტიპენდია მქონდა და შაბათ-კვირას ინგლისურში ვამეცადინებდი ჩვენი ოფისის დიასახლისის შვილიშვილს. მოკლედ, 100 ლარზე ცოტა მეტი მიგროვდებოდა ყოველთვიური შემოსავალი და ასეთი ტრადიცია მქონდა, ყველა ხელფასზე რაღაცას ვყიდულობდი სახლისთვის, ხან ტელეფონის აპარატი შევცვალე, ხან ჟურნალების მაგიდა ვიყიდე, ხანაც ვაგროვებდი და დედასთვის და მამასთვის საჩუქრები მომქონდა. და კიდევ, ჩემს დას 20 ლარს ვუხდიდი, რომ გამოცდების წინ მეცადინეობის დროს, ჩუმად ყოფილიყო და არ ეხმაურა (იცინის). ჩემი პირველი კრებული როცა გამოვიდა, უმეტესობა საჩუქრებად დავარიგეთ, მაგრამ რაღაც რაოდენობა სრული ტირაჟიდან გაიყიდა კიდეც და დღემდე ეს სიხარულიც კარგად მახსოვს.

– ყველაზე მეტად რას აფასებ ადამიანში?

– როგორი რთული კითხვაა... არც კი ვიცი, რა გიპასუხო. რას ვაფასებ ყველაზე მეტად, ეს რომ გითხრა, ისიც უნდა ვთქვა, რისი მიუღებლობაც მაქვს, ანუ გამოდის, ადამიანი უნდა განვსაჯო. არადა, არასდროს ვიცი, იმ სხვის ადგილას ამა თუ იმ მომენტში მე თავად როგორ მოვიქცეოდი. იოლია სხვისკენ თითის გაშვერა, სულ მართალი შენ ვერ იქნები. ყველას თავისი ჩონჩხი აქვს კარადაში, მიუხედავად იმისა, მოსწონს და უნდა თუ არა მისი არსებობა იქ. ამიტომ რთულია. მაგრამ, ალბათ, მაინც ბედნიერების შეგრძნების უნარს ვაფასებ, როცა იცი, როგორ იპოვო ბედნიერების სიამოვნება თუნდაც უმნიშვნელო, ვიღაცისთვის წვრილმან დეტალებში. წლების მატებასთან ერთად კი მოდის თავდაჯერებულობა, საკუთარი ძალების, უნარებისა და შესაძლებლობების დიდი და ფუნდამენტური რწმენა, ცოტა ეშმაკობაც, ცოტა ჭკუაც... ახალი თვისებებიც შემძინა, ზოგჯერ თმენის ვალდებულებების გააზრებაც მასწავლა, საკუთარი თავის სიყვარული და ნდობა მომიტანა და რაც მთავარია, მასწავლა ზღვარი, სადაც პასუხისმგებლობებსა და სურვილებს შორის წითელი ხაზია გავლებული. ამ ზღვარის დაცვა ჰარმონიის მთავარი საფუძველია. წლების მატება კი არც მაშინებს და არც მახარებს. არც იმას ვთვლი, რომ ასაკი მარტო ციფრებია, სისულელე და თავის მოტყუება იქნებოდა, რაც არ მიყვარს. წლების მატება ბუნების კანონია, უწყვეტი პროცესია, რომელიც შენზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, ეს ფაქტი მოცემულობად უნდა მიიღო და იზრუნო საკუთარ თავზე, ზუსტად ისეთზე, როგორიც ხარ ახლა, აქ და ამ წუთას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი