თამო ვაშალომიძე: ღამე რთული გადასატანია ჩემთვის
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00 30.10
„მილანის მოდის კვირეულზე“ თამო ვაშალომიძის გამოჩენამ, ნამდვილი ფურორი მოახდინა და ბევრი უცხოელი დიზაინერის თუ უცხოელი გენერალური მენეჯერის ყურადღება მიიპყრო. ახლახან კი ის რომში, „რობერტო კავალის“ ივენთზე მიიწვიეს, შერჩეულ საზოგადოებასთან ერთად. როგორც გაირკვა, არ არის გამორიცხული, სამომავლოდ, „რობერტო კავალის მოდის სახლსა“ და თამო ვაშალომიძეს შორის ხელშეკრულება გაფორმდეს. როგორც თავად თამო აღნიშნავს, ეს წელი არაერთი ბედნიერი თუ ტკივილიანი განცდით იყო დატვირთული, მაგრამ მაინც ყველაფრის მადლიერია და ცდილობს, ის მიზნები და გეგმები, რომელიც დაისახა, სისრულეში მოიყვანოს.
თამო ვაშალომიძე: პატარაობიდანვე დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება და ვფიქრობ, ალბათ, ის პირველი ნაბიჯები, უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო. თვითგადარჩენის მერე, უკან რომ იხედები და იმ განვლილ წლებს აფასებ, რომ იშრომე, იწვალე, სამსახურიდან გამოგაგდეს, იტანჯებოდი, ერთდროულად ოთხ სამსახურში ვმუშაობდი... ამის მერე კი იწყება მტკიცება საკუთარ თავთან, რომ უფრო მეტი იყო, ვიდრე მიმტანი და უფრო მეტი შეძლო.
– რის გამო გამოგაგდეს სამსახურიდან?
– იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. ორ სამსახურში ერთდროულად რომ ვმუშაობდი, ფეხების ტკივილი დამეწყო. წამლებს ვსვამდი და მისი მიღების მერე გავხდი ცუდად. მაშინ 17 წლის ვიყავი, რესტორნის სფეროში ვმუშაობდი – ორ რესტორანში მიმტანი ვიყავი. მოკლედ, ის პერიოდიც გავიარე, ბევრგან ვიმუშავე, თითქმის ყველა სფერო ვიცი და ამიტომ, ჩემს კომპანიაში შრომითი თემა დალაგებული და დაფასებული მაქვს. მიხარია, ის გზა რომ გავიარე, რადგან სხვანაირად არ მეცოდინებოდა იმ რუტინული შრომის ფასი და ალბათ, სხვანაირ ადამიანადაც ჩამოვყალიბდებოდი. მე არასოდეს ვივიწყებ იმ გზას, რაც გამოვიარე და ამიტომაც ვაფასებ ყველა ადამიანის შრომას.
– ბევრ ადამიანს, ვინც წარმატებას აღწევს, ავიწყდება ის განვლილი გზა, უფრო სწორად მალავენ და არ ახდენენ აფიშირებას. შენ კი ყოველთვის ხმამაღლა საუბრობ წარსულზე და არასოდეს გერიდება იმის გახსენება, რა რთული დღეებიც გამოიარე.
– არ მგონია, ავიწყდებოდეთ ის გზა, რაც ტანჯვით გაიარეს. ვფიქრობ, თამაშობენ, უნდათ, ვითომ დაავიწყდეთ. როგორ უნდა დაგავიწყდეს ის დღეები, როცა საჭმლის ფული არ გქონდა, ხან სახლიდან გაგადებდნენ და ხან – სამსახურიდან. ახლა უკვე წარმატებულებს იმ დამცირებებისა და წარუმატებელი წლების დავიწყება კი არა, გახსენება არ უნდათ. მე არასოდეს დამიმალავს, არც მრცხვენია და არც დამავიწყდება ის დღეები, რაც გამოვიარე. ეს „გასატეხი“ სულაც არ არის, ღმერთმა არ ქნას და რომ გამიჭირდეს, ისევ მიმტანად ვიმუშავებ. ჩემს შვილებსაც სულ ვეუბნები, რომ მათთვის მთავარი ადამიანობა უნდა იყოს და არა ის გარემო, სადაც სამუშაოდ მოეწყობიან.
– როგორ ფიქრობ, შენ რომ შეძლებული მშობლები გყოლოდა, გათამამებულად გაზრდილიყავი და ადრეული ასაკიდან არ დაგეწყო დამოუკიდებლად ცხოვრება და შრომა, დღეს ვინ იქნებოდი?
– შეძლებული მშობლების შვილი რომ ვყოფილიყავი, გათამამებულად მეცხოვრა და ადრეული ასაკიდან არ დამეწყო შრომა, ვფიქრობ, ასეთი ძლიერი არ ვიქნებოდი. სიძლიერეს გვასწავლის იმედგაცრუება, ტკივილი, დაცემა, გადავლა, ბულინგი, მარტო ყოფნა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. ალბათ, რომ არა ეს ყველაფერი, შესაძლოა, ვყოფილიყავი ფინანსურად ძლიერი, მაგრამ სულიერად ძლიერი ვერ ვიქნებოდი. შეიძლება, მტკიოდეს, ვტიროდე და განვიცდიდე, მაგრამ უცებ გაისმას ზარი და უცხოეთში გეგმებზე დავიწყო საუბარი. შეიძლება, მეტირა, მებღავლა, მაგრამ კანის ფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე გასულს, ვერავის შეემჩნია გასული წამების განცდა, ტკივილი და ცრემლი. ერთ-ერთი დრამის მერე დავიფიცე, რომ ჩემს ცრემლს, თუნდაც სიხარულის, სახალხოდ ვერავინ დაინახავდა. ვცდილობ, ეს პირობა შევასრულო. სახალხოდ არა, თუმცა, მეგობრებთან გულწრფელად ტირილიც მოსულა, სიხარულის ცრემლებიც და განცდების გაზიარებაც.
– ახლახან საკმაოდ რთული პერიოდი გქონდა, რომელიც ჯერ კიდევ არ გადაგილახავს და ალბათ, მის გადალახვას წლები დასჭირდება, მეუღლესთან დაშორებას ვგულისხმობ.
– ამ თემაზე საუბარს ვერიდები. თუმცა, გეტყვით, რომ ქმართან დაშორება, ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუკი რამე გადამიტანია ჩემი ცხოვრების განმავლობაში. სახლიდან რომ წამოვედი და ნულიდან დავიწყე ცხოვრება, მაშინ არ მქონია ასეთი სულიერად რთული პერიოდი. რთულად გადავიტანე და მადლობა ღმერთს, ბავშვები მყავს, კომპანია მაქვს, უცხოეთში მიწვევენ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე და სულ დაკავებული ვარ. და ისეთი კარგი მეგობრები მყავს, ჩემს თავთან მარტო არასდროს მტოვებენ. ძალიან რთულია, როცა სულ სხვა გეგმები და მიზნები გაქვს, წლების მერე ხედავ შენს მომავალს და უცებ, კედელი ინგრევა და გაურკვევლად რჩები. განსაკუთრებით ღამე მიჭირს, როცა დღის რუტინული შრომის მერე, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. ღამე რთული გადასატანია ჩემთვის, თუმცა ვიცი, ესეც გაივლის, ეს დროც მოვა. მინდა, იმ ქალებს, ვინც ჩემნაირ გზას გადის, ვუთხრა: ბევრი საქმე აკეთეთ, რომ ფიქრისთვის დრო არ დაგრჩეთ და დროთა განმავლობაში ტკივილიც გაივლის. მე მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც გამაჩნია და ვინც მყავს. ორი უსაყვარლესი შვილი მყავს და როგორ შემიძლია, ბედს დავემდურო. სოფია გადასარევი გოგოა, მაქსიმეს კარგი მამა ჰყავს და მეც შემდგარი ქალი ვარ, ამიტომ, რომ ვთქვა გამართლებული ცხოვრება არ მაქვს-მეთქი, ვფიქრობ, ცოდვა იქნება ღმერთის წინაშე. სულ ვამბობდი: ალბათ, ღმერთმა ის ნიჭი არ მომცა, ვინმე შევიყვარო-მეთქი, მაგრამ ახლა თამამად ვიტყვი, რომ დავინახე და მივხვდი, მე სიყვარულის ნიჭი მქონია და მე კარგი სიყვარული მქონდა. 6 წელი და ცხრა თვე ვიყავით ერთად და რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს, მაინც ვიტყვი, რომ მე სიყვარული გამოვცადე და ბედნიერი ვარ – შემძლებია, მყვარებოდა. „ვერსაჩეს“ ჩვენებაზე რომ გახლდით, იმ პერიოდში დასრულდა ჩემი თანაცხოვრება ქმართან, ასევე, იყო ბულინგის თემებიც ჩემ მიმართ, საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ არ ვიმჩნევდი და ვერც ვერავინ მატყობდა. ახლა შედარებით უკეთ ვარ. ბევრი დრო დამჭირდა, ყველაფერი გამეანალიზებინა, შევგუებოდი, რომ ყველაფერი დასრულდა. არ დამავიწყდება, „დოლჩე გაბანას“ ივენთზე ვიყავი, ვცეკვავდი და ვიღაცამ ირონიული კომენტარი დაწერა: „ხო, ძალიან ნერვიულობს“. თქვენ არც იცით, მე როგორი ნერვიულობის დღეები გადავიტანე და ვერც გაიგებთ. სამაგიეროდ, მე ვიცი, რომ ასეთი ჯოჯოხეთური სიტუაციის მიუხედავად, უნდა ავდგე, გავიპრანჭო და ჩემი საქმე ვაკეთო. ზოგადად, არ მინდოდა ამ თემაზე ვრცვლად და საჯაროდ საუბარი, მაგრამ შესაძლოა, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელებულიყო, ჩემს შვილებამდე მისულიყო და ამიტომ ჩავწერე ვიდეო და სოციალურ ქსელში დავდე.
– მომავალი გეგმები და მიზნები ახსენე. რამდენად გიყვარს დაგეგმილი ცხოვრება, თუ სპონტანურად იღებ გადაწყვეტილებებს და გიმართლებს?
– ორივე – დაგეგმილი ცხოვრებაც მიყვარს და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებაც. რეალურად, ისეთი ადამიანი ვარ სპონტანურობა მიყვარს, მაგრამ როცა საქმე კომპანიასა და ბიზნესს ეხება, წინასწარ დაგეგმვა მირჩევნია. რასაკვირველია, ჩემი შვილები და კომპანია ყოველთვის წინა პლანზე იქნება, მაგრამ ასევე, ვცდილობ, უცხოეთში ჩემი თავის დამკვიდრებას და ამიტომ ამ ეტაპზე სხვა მიზანი არც გამაჩნია და არც მინდა, მქონდეს. ძალიან ბევრს ვიბრძვი შვილებისთვის, რომ კარგი მოგონებები დავუტოვო. ბევრს ვიბრძვი ჩემი კომპანიისთვის. მინდა, რომ „თამო სკინი“ მსოფლიოში გაიცნონ და შეიყვარონ. ვიბრძვი, ჩემი თავის განვითარებისთვის. მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ თამო ვაშალომიძის სახელი არ დაიკარგოს და ის ბევრი ადამიანისთვის მოტივაცია გახდეს. ბევრი გულისტკენა და ბრძოლა გადავიტანე, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს – სწორად ვიცხოვრო და ვცხოვრობ კიდეც. არავის განვიკითხავ, არავის ცხოვებაში არ ვერევი, არავის ვპარავ და მინდა, წლების მერე რომ მოვიხედავ, ვთქვა: მე, საინტერესო ცხოვრება გავიარე! ხანდახან, რომ დავფიქრდები, მეც მიკვირს, როგორ შემიძლია, ცუდად ვიყო და ამდენი ვაკეთო.
– უცხოეთში, საქმიან კონტაქტებს ამყარებ, საკუთარი ბიზნესის სტენდებს ხსნი, გაქვს უამრავი მიწვევა... ხომ არ ფიქრობ სამომავლოდ საქართველოდან წახვიდე და ცხოვრება და საქმიანობა უცხოეთში გააგრძელო?
– იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, უცხოეთში ცხოვრებაზე არც მიფიქრია. პირველად რომ უცხოეთის ფესტივალზე გავედი, ჩემზე ვიდეო გადაიღეს და დადეს. ქართველების მხრიდან ისეთი კომენტარები იწერებოდა, დაინტერესდნენ, ეს რა ერია, ასეთი თბილ სიტყვებს რომ არ იშურებენო. ძალიან პატარა ერი ვართ, მაგრამ შესაშური მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველგან, სადაც კი მაქვს შესაძლებლობა, ვამბობ: გამარჯობა, მე ვარ ქართველი! ვამაყობ ჩემი ქართველობით და ვცდილობ, სადაც ჩავალ, ყველგან გავაცნო ჩემი ქვეყანა. ამიტომ, უცხოეთში ვერასოდეს წავალ საცხოვრებლად, თუმცა, სადაც ჩავალ, ყველგან ვიტყვი, როგორი მაგარი ერის შვილი ვარ. სხვათა შორის, ახლახან გახლდით იტალიაში, „რობერტო კავალის“ ივენთზე ვიყავი მიწვეული და იქ გაიმართა მოლაპარაკება. ასე რომ, არ არის გამორიცხული, სულ მალე, ჩემსა და „რობერტო კავალის“ შორის ხელშეკრულება გაფორმდეს და მისი სასწაული სამოსით გამოწყობილი მოდელები პოდიუმზე „თამო სკინის“ პროდუქციის მაკიაჟით გალამაზებულები გავიდნენ. სამი დღით ვიყავი იტალიაში და ახლაც მივფრინავ რომის კინოფესტივალზე. ინგლისურენოვან იტალიურ ფილმში რომ მივიღე მონაწილეობა, იმ ფილმის პრემიერაა. მიწვეული ვარ და უბედნიერესი განწყობა მაქვს. პრაქტიკულად, ეს წელი სულ ცაში გავატარე (იცინის). იტალიიდან რომ დავბრუნდები, კიდევ ერთი დეპრესიის ფონი უნდა გადავიტანო – სახლი ვიქირავე და იქ გადავდივარ. ჩემი ყოფილი მამათილის ბინაში ვცხოვრობდი, ახლა ფიზიკურად არ მაქვს იმდენი თანხა, დიდი სახლი ვიყიდო და ამიტომ, მიწევს ქირაობა. ჩემი ერთოთახიანი ბინა კი მაქვს, მაგრამ პატარა ფართია, იქ ვერ დავეტევი შვილებთან და ძიძებთან ერთად, თან გაქირავებული მაქვს. მოკლედ, 34 წლის ვარ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამდენი არ მიფრენია, რაც წელს ვიფრინე. 7 დეკემბერს კი ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში, მივფრინავ, ღონისძიება მაქვს – „თამო სკინის“ ახალ პროდუქტს ვუშვებ იქ. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ამ წელს ტკივილები იყო, იყო უდიდესი წარმატებებიც. პრინციპში, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ და არ ვიცი, მერამდენედ მომიწია ცხოვრების ახლიდან დაწყება, თუმცა, იმედია, ეს ბოლოა და მეტი აღარ მომიწევს (იცინის). ეს წელი მართლა გიჟური აღმოჩნდა ჩემთვის, ძალიან რთული, ბედნიერი, კარგი ახალი ამბით, ტკივილით, განცდით და ერთ წელში ამდენი რამ ერთი ადამიანისთვის, ცოტა მეტისმეტია. თუმცა, მაინც ყველაფრის მადლიერი ვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





