თაკო მჭედლიშვილი: სიცრუის დეტექტორი ვარ - თანდაყოლილი ნიჭი მაქვს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 03.03

მსახიობ ლაშა გურგენიძის მეუღლეს, ულამაზეს თაკო მჭედლიშვილს სოციალური ქსელებიდან, ალბათ, ძალიან ბევრი იცნობთ.
თაკო მჭედლიშვილი: ზოდიაქოთი ვერძი ვარ და მჯერა ასტროლოგიის, იქიდან გამომდინარე, რომ რაც წამიკითხავს ჩემი ზოდიაქოს თვისებების შესახებ, უმეტესად ყველაფერი ემთხვევა. პროგნოზებს არ ვკითხულობ, მით უმეტეს, ყოველდღიურისა და ყოველკვირეულის დიდად არ მჯერა. სიმართლე რომ ვთქვა, რუკის შედგენა მაინტერესებს, მაგრამ არასდროს მიცდია.
– ვერძი ძალიან პოზიტიური, ენერგიული და მოძრავია. ეთანხმები?
– კი, მგონი, პოზიტიური ვარ. რაც შეეხება ენერგიულობას, ისეთი სამსახური მაქვს, რომ სული ოფისში მიწევს ჯდომა, ამიტომ მაინცდამაინც არ გამომდის ენერგიულობა, თუმცა, მანამდე, დაახლოებით, 9 წელი ვცეკვავდი და საკმაოდ ენერგიული ცხოვრების რიტმი მქონდა. ახლა, მუშაობა რომ მუდმივად კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს, ენერგიულობა ნაკლებად გამომდის. თან ლაშას ჰიპერენერგიულობას რომ ვუყურებ, მის ფონზე ჩემს თავს ნამდვილად ვერ ჩავთვლი ენერგიულ ადამიანად. ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველაფერი მეზარება, სადღაც შუაში ვარ (იცინის).
– ძალიან ემოციური და ფიცხია, ადვილად ბრაზდება...
– კი, მართლა ემოციური ვარ, თან, ძალიან. თუ ვინმეს გაჭირვებაში ვხედავ, მის ადგილას ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე, სხვისი სიხარულისა და მწუხარების გაზიარება ისე შემიძლია, თითქოს მე მეხებოდეს. რამდენადაც კარგია ეს თვისება, იმდენად ცუდიცაა, მართლა ძალიან განვიცდი ხოლმე, რაც ხდება და ეს მძიმედ მოქმედებს ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ძალიან დაძაბული ვითარებაა და ყველაფერი ისე ახლოს მიმქონდა გულთან, რომ ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი. რაღაც პერიოდი დამამშვიდებელსაც კი ვსვამდი – ცხოვრებაში პირველად. ზოგადად, მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ თან, ძალიან ემოციური. რაღაც პერიოდები ვახერხებ, რომ დავბლოკო ჩემი ემოციები, გამომდის კიდეც, მაგრამ მერე ერთ დღეს მოულოდნელად ამომიტივტივდება და ძალიან მძაფრად გადამაქვს.
რაც შეეხება ბრაზს, სიმართლე რომ ვთქვა, რთულია ჩემი გაბრაზება. ძალიან უნდა ეცადო, რომ მაგ მდგომაროებამდე მიმიყვანო, მაგრამ თუ მიმიყვან, მერე ვულკანი რომ ამოიფრქვევა, დაახლოებით მსგავსი რეაქცია მაქვს ხოლმე (იცინის). სხვათა შორის, მე მომწონს ეს თვისება, ანუ, უცებ ვბრაზდები და იქვე ვტოვებ ამ ემოციას. დავიცლები და მეორე წუთში მართლა აღარ მახსოვს. მე და ლაშასაც რომ გვიკამათია, ლაშა უფრო უღმავდება, ბევრს ფიქრობს, აანალიზებს, უნდა ამაზე ბევრი ვისაუბროთ, განვიხილოთ. ამაში ცოტა ვერ ვემთხვევით ერთმანეთს, მე იმ მომენტში ვიცლები და მერე აღარ მინდა ამ საკითხს მივუბრუნდე. მგონია, რომ ეს კარგია, გულში არაფერს ვიტოვებ.
– ვერძი რასაც ფიქრობს, იმას გეუბნება შელამაზების გარეშე, ძალიან პირდაპირია და ამის გამო შეიძლება, უხეშად მოგეჩვენოთ.
– პირდაპირი ვარ და შეიძლება, ზოგჯერ უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ბოლო პერიოდში, უფრო ვმუშაობ საკუთარ თავზე და ამაზეც მეტს ვფიქრობ. ვცდილობ, ადამიანს პირდაპირ არ ვუთხრა რასაც ვფიქრობ, შევალამაზო, რომ არ ვაწყენინო. თუმცა, თუ ვეუბნები, ამას უსამართლოდ არ ვაკეთებ (იცინის). ლაშა მაძლევს ხოლმე შენიშვნას, ხომ შეიძლება, სხვა ფორმით მითხრა სათქმელიო და რა ვქნა, ვერძი ვარ-მეთქი, ეს კარგი მიზეზი მაქვს თავის გასამართლებლად (იცინის). თუ რამეზე ვკამათობთ, ძირითადად, ჩემი ზოდიაქოს ბრალია (იცინის).
– ვერძთან ურთიერთობა ლიმონის ჭამას გავს, შეიძლება, მწარეა, მაგრამ სასარგებლოო...
– მგონი, ეგეთი მწარეც არ ვარ, თუმცა, სასარგებლო კი (იცინის). ალბათ, ეს ისევ ჩემი პირდაპირობიდან გამომდინარეობს. მეც მირჩევნია, ადამიანმა პირდაპირ მითხრას ჩემი ნაკლის შესახებ, რომ დავფიქრდე და თუ საჭიროა, გამოვასწორო. ამ პრინციპით ვეუბნები სიმართლეს ჩემს ახლობლებსაც და მგონია, რომ ადგებათ ხოლმე (იცინის). თორემ ადამიანის განაწყენება არასდროს მქონია მიზნად. თან, მე თვითონ არ გამოვიჩენ ინიციატივას, თუ რჩევას მკითხავენ, მხოლოდ მაშინ ვეტყვი ჩემს აზრს.
– რამდენად ხელგაშლილი ხარ?
– ვარ. ზოგადად, ხელში ფული არ მიჩერდება (იცინის). მთლად კარგი არ მგონია, მაგრამ დანაზოგი ცხოვრებაში არ მქონია (იცინის). არ მიყვარს ძალიან შორეული გეგმების დაწყობა, აწმყოთი ცხოვრება ვისწავლე. ეს რთულია, ხვალინდელი დღისკენ გაგირბის გონება, მაგრამ ვცდილობ, ამ მომენტით ვისიამოვნო, აწმყოში ვიყო ბოლომდე ჩართული. როცა საჭიროა ხელგაშლილი ვიყო, ვარ და ხვალ რა იქნებაო, ამაზე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ უფრო სწორი დღევანდელ დღეზე კონცენტრირება მგონია. არავინ იცის, ხვალ გავიღვიძებთ თუ არა, დღეს ცხოვრობ და მგონია, რომ აწმყოთი ბოლომდე უნდა მიიღო სიამოვნება.
– ამაყია, ეჭვიანი, მაგრამ მასზე მეტად ვერავის ეყვარები.
– ვერ ვიტყვი, რომ ამაყი ვარ, თუმცა, რაღაც მომენტში შეიძლება, გამომივლენია ეს თვისება. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. მე და ლაშა უკვე 11 წელია, ერთად ვართ და გულწრფელად ვამბობ, რომ არასდროს მიეჭვიანია. მგონია, რომ ეჭვიანობას საბაბი სჭირდება. გამოგონილ მიზეზებზე ფიქრი და ეჭვიანობა არ შემიძლია (იცინის). საეჭვიანო მიზეზს კიდევ ვერასდროს ვერავინ გამომაპარებს (იცინის). ისეთი ინტუიცია მაქვს, უმცირესი დეტალით შემიძლია მივხვდე, რა მოხდა. თვითონაც მიკვირს ხოლმე. ასე რომ, ეჭვიანობა არ მჭირდება, სიცრუის დეტექტორი ვარ, თანდაყოლილი ნიჭი მაქვს (იცინის).
რაც შეეხება სიყვარულს, რთულად მივედი ჭეშმარიტ სიყვარულამდე. ბუნებით მებრძოლი ადამიანი ვარ და ნამდვილი სიყვარულისთვის, რომელიც გამოძრავებს, მართლა არაფერზე დავიხევ უკან, თუკი მას რამე დაემუქრება. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივი სურვილი არ უნდა იყოს. რთული პერიოდები ყველა ურთიერთობაშია, მაგრამ კი, შემიძლია, მაქსიმალური გავაკეთო და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესობისთვის. იშვიათია სწორ ადამიანთან შეხვედრა და მისი მარტივად დაკარგვა არ მგონია სწორი, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, ვიზრუნო ამ ურთიერთობაზე და იმედია, გამომდის.
– ეგოიზმი და სიჯიუტე გახასიათებს?
– ეს კითხვა ლაშას უნდა დაუსვათ (იცინის). მთელი ცხოვრებაა, ჩემს ეგოიზმსა და სიჯიუტეს ებრძვის, მეხუმრება ხოლმე, ეს რქები ვერ მოგამტვრიეო (იცინის). მე კიდევ ვპასუხობ, თუ რქებს მომატვრევ, მე აღარ ვიქნები და რად გინდა-მეთქი. მგონი, ჩაიქნია ხელი (იცინის).
– რა თვისება მოგწონს საკუთარ თავში და რის გამოსწორებას ისურვებდი?
– გულწრფელად მომწონს, რომ ჯიუტი ვარ (იცინის). დღეს ისეთი დროა, ადამიანი ცოტა მიმწოლი თუ არ არის, ძალიან დაიჩაგრება. ამიტომ, ამ ხასიათიდან გამომდინარე, ჩემი თავის იმედი სულ მაქვს, თავს არავის დავაჩაგვრინებ.
ყველაზე მეტად არ მომწონს, რომ ძალიან ზარმაცი ვარ და ამის გამო ხელი ბევრ რამეში მეშლება. საკუთარი თავის რწმენა მაქვს, თუ საქმის გაკეთებას მოვინდომებ და შუა გზაზე არ მივატოვებ, ვიცი, რომ რაღაც კარგის გაკეთება შემიძლია, თუმცა კონკრეტული საქმის მიმართ ინტერესი მალე მეკარგება ხოლმე. ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ ძალიან ბევრი დაუმთავრებელი ნახატი მაქვს. დიდ ტილოებზე მიყვარდა მუშაობა. უცებ ავენთებოდი, ავიღებდი ტილოს, დავიწყებდი ხატვას და ამხელა ტილო გამორიცხულია, მალე დაამთავრო. ის პირველი ნაპერწკალი კი, რაც მოსვენებას არ მაძლევს და ხატვას მაწყებინებს, დიდხანს არ მიმყვება, მერე ვეღარ ვგრძნობ იმავე ემოციას და ამის გარეშე კი მეზარება ნახატის დასრულება. ასე ჩამოყალიბდა ჩემი სტილი – დაუსრულებელი ნახატები (იცინის). ეს ძალიან ცუდი თვისებაა და დიდი სიამოვნებით გამოვასწორებდი. ეს რომ არა, ჩემი თავის ბევრად უფრო კარგი ვერსია ვიქნებოდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან