შოუბიზნესი

თაკო კორინთელი: მეუღლემ დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქა, ჩავჯექი და იქ ახალი ტელეფონი დამხვდა

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 17.06

თაკო კორინთელი
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ თაკო კორინთელს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც გრანდიოზულად აღნიშნა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

თაკო კორინთელი: ჩემმა დაბადების დღემ იდეალურად ჩაიარა, ზუსტად ისე, როგორც მინდოდა. უფრო სწორად, მე მთალად ასეთ პომპეზურ დაბადების დღეზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი მეუღლის დამსახურებით, ასეთი გამოვიდა. მართალია, რამდენიმე ახლობელი ადამიანი მაკლდა, მაგრამ ვინც გვერდით იყო, ყველა განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემთვის ყველა გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან ბედნიერები ვიყავით მეც და ჩემი სტუმრებიც. 24 მაისს იყო ჩემი დაბადების დღე და შემდეგი რამდენიმე დღე ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რა კარგი იყო და როგორ ვერ გამოდიან იმ დღის ემოციებიდან. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიზანი იყო, ყველას მაქსიმალური სიამოვნება მიეღო და მადლობა ღმერთს, ასეც გამოვიდა. რაც ჩავიფიქრე, ზუსტად ის იყო თავის სიურპრიზებით.

– სიუპრიზებზეც მოვყვეთ და მეუღლის როლზეც ამ პროცესში.

– მეუღლემ მოირგო ყველა როლი. დაგეგმარებაც მისი იყო, ყველა დეტალს მან გაუკეთა ორგანიზება. როგორი მაგიდა უნდა ყოფილიყო, როგორი უნდა ყოფილიყო შანდლები და სანთლები – ესეც კი მან შეარჩია. საერთოდ, ასეთ დეტალებზე ზრუნვა ხომ უფრო გოგონებს გვიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერში ის იყო ჩართული. უნდოდა, ამ დღისთვის ყველაფერი თვითონ გაეკეთებინა, გაფორმებაზეც მან იზრუნა, რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნების ფარგლებში. ეს დღე ერთ-ერთია ჩემი იმ დაბადების დღეებიდან, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

– საერთოდ, რამდენად გიყვარს საკუთარი დაბადების დღე?

– ძალიან მიყვარს. ერთი კვირით ადრე მეწყება შფოთვა, მოუთმენლად ველოდები ხოლმე. არ მომწონს დიდი დაბადების დღეების გადახდა. ბოლო წლებში მე და ჩემი მეუღლე მარტო მივდიოდით ხოლმე ხან სად და ხან - სად. წელს ცოტა განსხვავებულად გამოვიდა, უფრო პომპეზური, მაგრამ ესეც კარგი იყო და მხოლოდ მეუღლესთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშვნაც ძალიან კარგია. ზოგადად, ვფიქრობ, როდესაც გვერდით საყვარელი და ნამდვილად ღირსეული მეორე ნახევარი გიდგას, ყველა დღე გიხარია და დაბადების დღე – განსაკუთრებით.

– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეებიდან როგორი მოგონებები გაქვს?

– 90-იანების ბავშვი ვარ და ამის მიუხედავად, კარგად მახსოვს ის პერიოდი. არასდროს მიგრძნია ის დიდი გაჭირვება და დაბადების დღეებიც ძალიან დასამახსოვრებელი იყო. მაშინ, ძირითადად, სახლში ვიხდიდით, მერე, რომ გავიზარდეთ, ნელ-ნელა დაბადების დღის ცენტრებიც გაჩნდა. სახლშიც და ცენტრშიც ყოველთვის განსაკუთრებული ჟრიამული იყო.

– დღესაც იმ ემოციებით ელოდები დაბადების დღეებს?

– კი, ამ ემოციების შენარჩუნება ნამდვილად მოვახერხე. როცა დადებითი ემოციების მოთოკვა ძალიან მიჭირს, ჩემს მეუღლეს უთქვამს ხოლმე: თაკო, რა პატარა ბავშვივით იქცევიო (იცინის). ჩემმა მეუღლემ ერთი ვარდიც რომ მაჩუქოს, ეს იმდენად მიხარია, რომ მიჭირს ემოციების მოთოკვა და ძალიან დიდი ოვაციებით გამოვხატავ. ეს განცდები ძალიან დიდხანს მიმყვება. დაბადების დღეზე, მით უმეტეს, ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. გაათმაგებულად ცდილობს, მასიამოვნოს და ეს დღე გამორჩეულად ბედნიერი გახადოს.

– წლევანდელის გარდა, კიდევ რომელი დაბადების დღე გახსენდება ძალიან განსაკუთრებულად?

– ყველა ჩემს დაბადების დღეს რაღაც განსაკუთრებული ისტორია აქვს. მაგალითად, ორი წლის წინ, სულ არ ველოდებოდი, ჩემს დაბადების დღეზე მანქანა რომ მომაყენა ჩემმა მეუღლემ. ჩავჯექი ამ მანქანაში და იქ ახალი ტელეფონი დამხვდა. შოკში ვიყავი. მანქანის სიხარული არ მქონდა გათავისებული და უცებ ტელეფონს ვხედავ (იცინის). ზოგადად არ მიყვარს მატერიალურ საჩუქრებზე ყურადღების გამახვილება. ჩემი მეუღლე მანქანას მაჩუქებს თუ ერთ ცალ ყვავილს, ორივე ძალიან დიდ ბედნიერებას იწვევს ჩემში, საბედნიეროდ, მისი მხრიდან არც ერთი მაკლია და არც მეორე.

– გამორჩეულ საჩუქარზე თუ ვისაუბრებთ, ალბათ, ისევ და ისევ ავტომობილი და ტელეფონი იქნება.

– კი, თუ მატერიალური ღირებულების საჩუქრებზე ვისაუბრებთ, მანქანა და ტელეფონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მერე კიდევ სახლში რომ ადიხარ და იქ ოქროს ნივთი გხვდება, უფრო დიდ შოკში ვარდები. ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახულობდი საჩუქრებს, სადაც არ უნდა მივსულიყავი. საერთოდ, ჩემი მეუღლე ყოველთვის ყველაფერს ძალიან კარგად გეგმავს ხოლმე. ჩემს დაბადების დღეზე მთელი დღე დეტალურად აქვს დაგეგმილი. სიურპრიზები არ მთავრდება და ეს ემოციები ძალიან დიდხანს მიმყვება. ეს ყველაფერი ბედნიერებით მავსებს.

– როგორც ვატყობ, მეუღლეს არაჩვეულებრივად გამოსდის სიურპრიზების გაკეთება.

– კი, კი, ნამდვილად ეგრეა, ასეთი რამეები არ ეშლება.

– ასაკის მატებას როგორ ხვდები?

– ამაზე არ ვნერვიულობ, მაგრამ ხანდახანს 32, 33 წელი მებევრება. მაგალითად, 20 წლის რომ ვიყავი, 30 და 35 წლის ადამიანი ძალიან დიდი მეგონა, ვფიქრობდი, რომ უკვე დაბერებული იყო (იცინის). არადა, დღეს შინაგანად ზუსტად იგივენაირად ვგრძნობ თავს, როგორც ოცი წლის ასაკში. უბრალოდ, ციფრებმა მოიმატა. ალბათ, სახეზე ნაოჭი რომ გამიჩნდება, მერე ცოტა ნერვიულობას დავიწყებ. ჭაღარა რომ გამიჩნდება, მერე ავღელდები, ჯერჯერობით არ ვნერვიულობ (იცინის). დარწმუნებული ვარ, რომ 50 წლის ასაკშიც ზუსტად ასეთი ვიქნები. ვერ წარმომიდგენია, რამე შეზღუდვები დავუწესო ჩემს თავს, მაგალითად, ჯინსი აღარ ჩაივიცვა ან რამე მსგავსი. რატომაც არა, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც გაბენდიერებს. მთავარია, ბედნიერი იყო და თავს ისევ ისე იგრძნობ, როგორც 30 წლის ასაკში. მთავარი შინაგანი მდგომარეობაა და ასაკი არც გაპრანჭვაში შეგიშლის ხელს და არც ცხოვრების სტილში.

– თუმცა, ასაკთან ერთად, რაღაცეები მაინც იცვლება, თუნდაც შეხედულებები, თვისებები. შენში რა შეიცვალა?

– პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა ოჯახის წევრების, გარშემო მყოფებისა თუ სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ. ეს, ასაკთან ერთად, უფრო და უფრო მძაფრდება. 20 წლის ასაკში არ მქონდა იმხელა პასუხისმგებლობა, რამხელაც ახლა მაქვს. როცა პატარა ხარ, შეგიძლია, ბევრ რამეზე არ გაამახვილო ყურადღება და უფრო მშობლებზე იყო დამოკიდებული, ასაკთან ერთად ეს იცვლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა