სალომე უშხვანი: კონფლიქტური ვარ და ძალით ვიწვევ, რომ გავამწვავო სიტუაცია
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00
სალომე უშხვანი ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო პროექტიდან გაიცნო. მას მერე მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, თუმცა, ის ბავშვური ტრავმები, რაც მან გადაიტანა, დღემდე მოუშუშებელ განცდად დარჩა.
სალომე უშხვანი: ჩემი ბავშვობა დიდად კარგად არ მახსენდება. ოჯახური გარემოებების გამო არასტანდარტული ბავშვი ვიყავი. თუ ჩემი ასაკის ბავშვები ველოსიპედზე, პრინცესის კაბაზე ან ახალ სათამაშოზე ოცნებობდნენ, მე ეს ფუფუნება არ მქონდა, რადგან სახლში სულ დაძაბული სიტუაცია და არეულობა იყო. მამა ფხიზელ მდგომარეობაში იდეალური ადამიანი იყო, თუმცა სმა უყვარდა და სიმთვრალეში რადიკალურად იცვლებოდა – იყო მინების მსხვრევა, ყვირილი, ჩხუბი. ამიტომ, ჩემი ბავშვობა, ძირითადად, თავზე ბალიშწაფარებული ან ყურებზე ხელაფარებული მახსოვს. ერთადერთი, რასაც ვოცნებობდი, სკოლიდან სახლში დაბრუნებულს, მამა ფხიზელი ყოფილიყო და სიმშვიდე დამხვედროდა.
– როცა სატელევიზიო პროექტში გამოჩნდი, ყველას განებივრებული, ხელისგულზე გაზრდილი გოგო ეგონე. გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანდა. რა გავლენა იქონია ბავშვობაში გადატანილმა შიშმა და სტრესმა შენს ფსიქიკაზე და რა გადმოგყვა იმ წლების განცდებიდან დიდობაში?
– ჩაკეტილი ვიყავი, ვერ ვიხსნებოდი, სითამამე და თვითშეფასება მაკლდა. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გამომიმუშავდა, მაგრამ მაინც, იმ წლების განცდა დღემდე მომყვება. ერთადერთი, რაც შეიძლება, იმ განვლილ რთულ დღეებსა და ბავშვურ წლებზე ვთქვა, თითქოს შემოვაბრუნე და გამოვიმუშავე ის, რომ ჩემს შვილებს მინდა, მივცე ის, რაც მე არ მქონდა. მათ ჰქონდეთ ბედნიერი და ლაღი ბავშვობა. ის, რაც მე მაკლდა – სიმშვიდე, მინდა, ჩემს შვილებს მაქსიმალურად ჰქონდეთ.
– პირველი ოჯახი დაგენგრა, თუმცა იმ ქორწინებიდან გყავს არაჩვეულებრივი შვილები. რამდენი წლის გათხოვდი და ეს ნაბიჯი ხომ არ იყო გაქცევა იმ სიტუაციიდან, სადაც და რა გარემოშიც იზრდებოდი?
– ჩემი გათხოვება იყო იმ სიტუაციიდან გაქცევა, სადაც ვიზრდებოდი, მაგრამ იყო უარეს სიტუაციაში აღმოჩენა. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე დამემართა. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ჩემი გათხოვება იყო ასაკობრივი აღფრთოვანება და ისიც, რომ მინდოდა, ოჯახურ რთულ სიტუაციას გავქცეოდი. არჩევანი და სხვა პერსპექტივა რომ მქონოდა, გაცილებით ჭკვიანურ არჩევანს გავაკეთებდი. შვილების გამო და ოჯახს რომ გავერიდე, არ ვნანობ, მაგრამ ვნაბობ, გაუაზრებლად რომ გავთხოვდი და უარეს დღეში აღმოვჩნდი.
– რამდენ ხანში გაშორდი მეუღლეს და დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– რომ გავშორდით, მეორე შვილი უკვე დაბადებული იყო. მეუღლე საქართველოში არ იყო, მივიღე გაშორების გადაწყვეტილება, დავურეკე და ვუთხარი ამის შესახებ. არ შემეძლო მასთან ურთიერთობა, ყოველი მისი ზარი ჩემთვის საშინელი ემოციის გამომწვევი იყო, ტოქსიკური ურთიერთობა გვქონდა. თავად იყო ტოქსიკური ადამიანი და დღეს, ბავშვების გამო, სავალდებულო ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, ახლა ჩემთან მოკრძალებული და მოწიწებულია, ჩემი და ნიკოს ქორწინება საღად მიიღო და ურთიერთობა, ასე თუ ისე, დასტაბილურდა. თუმცა, ჩვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო და ეს გადაწყვეტილება დროულად მივიღე. სხვათა შორის, ცოლად რომ გავყევი, ძებნაში იყო, მერე დაიჭირეს და ციხეში იჯდა, მე მის მშობლებთან ვცხოვრობდი და ორსული პაემნებზე დავდიოდი. ციხიდან აიკიდა ტუბერკულოზი. უცხოეთში მკურნალობდა და პრაქტიკულად, სულ მარტო ვიყავი. ერთად დიდხანს არ გვიცხოვროა, მაგრამ რაც ვიცხოვრეთ, ის პერიოდი საკმაოდ მძიმედ მახსოვს. მიუხედავად ამისა, ორი შვილი გავაჩინე და დღეს ესენი არიან ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი. მეორე ბავშვი შვიდთვიანი დაიბადა, ქუთაისის საავადმყოფოს ინკუბატორში იყო ერთი თვე და საშინელი სტრესი გამოვიარე. ფაქტობრივად, ემბრიონი იყო და არ მეგონა, თუ გადარჩებოდა. ასე რომ, ოჯახშიც და პირად ცხოვრებაშიც, საკმაოდ რთული დღეები მაქვს გამოვლილი.
– ამბობენ, როცა ქალს პირად ცხოვრებაში არ უმართლებს, უჭირს მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმა და ოჯახის შექმნაო. ამ მხრივ არ გაგიჭირდა?
– რომ არა პროექტი და იქ ჩვენი ერთ სივრცეში ცხოვრება არ ყოფილიყო, არ ყოფილიყო ნიკო ჩემთვის ფიზიკურად ასე აღქმადი, გამიჭირდებოდა და ძალიან რთული იქნებოდა ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა და მეორედ ოჯახის შექმნა. პირველი ტრავმული ურთიერთობიდან მეორედ გათხოვებაზე ფიქრი არ იყო მარტივი. ნიკო პროექტში რომ გავიცანი, ერთად ცხოვრება მოგვიწია და მის მიმართ ნდობაც ჩამომიყალიბდა. აქედან გამომდინარე, მეორედ ოჯახის შექმნა რთული არ აღმოჩნდა. მართალია, იყო გაურკვევლობები, თუნდაც ნიკოს ყოფილ ცოლთან, მაგრამ პიროვნულად ნიკო იმდენად გაწონასწორებული პიროვნებაა, ბავშვებმაც კარგად მიიღეს, რომ მასთან თანაცხოვრება მარტივი აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაში გამიჭირდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ უკვე სამი წელია, ერთად ვართ.
– თუმცა, ამ სამი წლის განმავლობაში თქვენ შორის იყო კამათი, კონფლიქტი, გაუგებრობა, მცირეხნიანი დაშორება და ამას საზოგადოება სოციალური ქსელიდან შენი სტატუსებით იგებდა. რისგან იყო ეს გამოწვეული და რატომ გიჩნდებოდა სურვილი, თქვენი შიდა, საოჯახო სამზარეულო ყველას გაეგო?
– მე და ნიკო, ხასიათებიდან გამომდინარე, ძალიან განვსხვავდებით. ბავშვური ტრავმების გამო იმდენად არ ვარ შეჩვეული მშვიდ ცხოვრებას, რომ ჩემთან თანაცხოვრება არ არის მარტივი. ნიკო ძალიან რბილი ხასიათისაა, დამთმობი და ასეთი ხასიათის რომ არ იყოს, ალბათ, ერთად ვერ ვიქნებოდით. ერთადერთი, ჩვენ შორის ეჭვიანობა გამორიცხულია, ნიკო არ მაძლევს ამის საბაბს და არც მე. პატარ-პატარა უკმაყოფილებები გვქონდა და ამის გამო ხდებოდა კამათი, ჩხუბი და გაუგებრობა. სხვათა შორის, ყოველთვის მე ვიყავი ამის ინიციატორი – თავად ვარ კონფლიქტური და ძალით ვიწვევ, რომ სიტუაცია გავამწვავო. არ ვიცი, ალბათ, ეს ჩემი ხასიათი ტოქსიკური ურთიერთობის ნაწილია, რომელიც წარსულიდან გადმომყვა, თუმცა, მომიწია ფსიქოლოგთან და ნევროპათოლოგთან ვიზიტები. მე და ნიკო ერთადაც ვიყავით თერაპიაზე, სადაც უშუალოდ ვისაუბრე ამ კონკრეტულ სიტუაციაზე. მოკლედ, არასაჭირო აგრესიები მაქვს, არასაჭირო ადგილებში.
გადაჭარბებულად ვიცი, რაღაცებზე ყურადღების გამახვილება. სამდღიანი გაშორება რომ იყო, ნამდვილად არ მახსოვს, რის გამო გავბრაზდი, მოვიჯახუნე კარი და ჭიშკარს რომ გავცდი, ეგრევე დავწერე პოსტი. ნიკომაც არ იცოდა და ხალხი მირეკავდა: რატომ დაშორდით, რა ხდებაო. ნიკოს რომ ურეკავდნენ, პასუხობდა: არ ვიცი, მეც ახლა გავიგე, რომ დავშორდითო (იცინის). მინდოდა, ისე გამომეხატა ჩემი წყენა, რომ სტკენოდა. ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც მისთვის თავზარდამცემი იქნებოდა და დავწერე სოციალურ ქსელში – მე და ნიკო დავშორდით-მეთქი. ნიკოს იმდენად ეწყინა, სამი დღე მეგობრებთან იყო, მეც მოვიწყინე, ვერ ვიტან მარტოობას, შემომაწვა ნოსტალგია და თავად დავურეკე. ბავშვებს ძალიან უყვართ ნიკო და ძალიან განიცადეს ჩემგან გამოწვეული ინტრიგა ნიკოს მისამართით. და, კი დამიჯდა ეს ინტრიგა სამდღიან დეპრესიად (იცინის). რეალურად, პრობლემა ჩემშია, რომელიც მინდა, ეტაპობრივად გადავლახო. ნიკო არასოდეს ცდილობს, ადამიანს შეგნებულად ატკინოს გული ან აწყენინოს, მით უმეტეს – მე. მე კი პატარა წყენის გამო იმხელა აგრესიას გამოვხატავ, მერე თავადაც მიკვირს, რატომ მოვახდინე ამხელა დრამატიზება არაფრის გამო. ზოდიაქოთი მორიელი ვარ, ვიგროვებ პატარ-პატარა წყენებს და მერე ერთიანად, უდროო დროს „ვფეთქდები“ (იცინის). მოკლედ, წყენის გულში ჩადება ვიცი.
– ეს ხასიათი სვანური გენეტიკის ბრალი ხომ არ არის?
– შესაძლოა, ჩემი ასეთი ხასიათი სვანური გენეტიკიდანაც მოდის, მაგრამ რით ვერ გაანეიტრალა დედის მხრიდან მეგრულმა გენეტიკამ, რომ ცოტა დიპლომატიურისკენ წავსულიყავი (იცინის). რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, არის აფერისტობა. მეგრელებს რომ სჩვევიათ დიპლომატია, ეს ჩვევაც ვერ გამოვიმუშავე, არ გამომდის. იმ მომენტში რასაც ვფიქრობ, უნდა ვთქვა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რას გამოიწვევს. თან, ისე „ვფეთქდები“, ცუდ გამოხატულებაში გადამდის და რაც არ უნდა მართალი ვიყო, ჩემი სიმართლე იკარგება.
– რა პროფესიის ხარ?
– პროფესიით არშემდგარი არქეოლოგი ვარ. უნივერსიტეტში ჩავაბარე 30-პროცენტიანი დაფინანსებით, ერთი წელი ვისწავლე, დედას აღმოაჩნდა სიმსივნე და ფინანსურად ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება. აკადემიური ავიღე, მერე გავთხოვდი და ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება. ვნანობ, რომ ოცნება – არქეოლოგი გამოვსულიყავი, ვერ ავიხდინე. სხვათა შორის, ბავშვობაში ფორტეპიანოზე ძალით შემიყვანეს, მაგრამ მიხვდენენ, ჩემგან არაფერი დადგებოდა და უკან გამომიყვანეს. ოთხი წელი ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი, მაქებდა მასწავლებელი, პერსპექტივა გაქვსო, თუმცა ოჯახური და ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, გამომიყვანეს და ცეკვასაც თავი დავანებე. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად შვილებში გამიმართლა და მინდა, ის ოცნებები, რაც მე ვერ ავიხდინე, მათ აუხდეთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც მინდა, იყვნენ – კარგები. და გამიმართლა ნიკოში, ასეთი ადამიანი რომ არის ჩემ გვერდით. იმაზეც მიფიქრია, ნიკო რომ არ იყოს ჩემს ცხოვრებაში, როგორ გამიჭირდება-მეთქი. ის გზა კი, რაც გამოვიარე, უნდა გამომევლო. საკუთარი თავის მიმღებლობაც ვისწავლე. დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე რთულია და ერთადერთი სურვილი, რაც მაქვს, დაამარცხოს დაავადება და სრულიად გამოჯანმრთელდეს. რომ მკითხოთ, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაშიო, გიპასუხებთ: მამა გარდაცვლილია და რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება და რაიმეს შეცვლა, მას ხშირად ვნახავდი. ის ტრავმები და წყენები ვერ ვაპატიე და არ მქონდა კარგი ურთიერთობა. ისე გარდაიცვალა, მე მის გვერდით არ ვიყავი. დედა და მამა დაშორებული იყვნენ და სასმლიდან გამოწვეული C ჰეპატიტით გარდაიცვალა. სხვა მხრივ, ახლა იმ ეტაზე ვარ, თავი ქუდში ვიგულო, დავტკბე ოჯახური იდილიით და მივხედო ჩემს პატრა ჩანაფიქრებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





