შოუბიზნესი

სად გახდა ბექა ჩხაიძე უამრავი სასწაულის მომსწრე და როგორ თქვა მან უარი 17-წლიან წესზე

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 15.01, 2024 წელი

ბექა ჩხაიძე
დაკოპირებულია

ვნახოთ, როგორია ბექა ჩხაიძის ახალი წელი, შობა და კალანდა. რა განსაკუთრებული მოგონებები აქვს ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით და რამ შეცვალა მისი ცხოვრება.

ბექა ჩხაიძე: ახალი წელი ძალიან გვიყვარს მეც, ჩემს მეუღლესაც, ბავშვსაც და სადღესასწაულო განწყობით ვხვდებით. მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან მიყვარდა ქეიფი, დროსტარება და სმა. ბოლო ორი წელია, არ ვსვამ. წელსაც ასეა. სამეგობრო წრე დროს ვატარებთ, მაგრამ ქეიფი – ნაკლებად. აღარ შემიძლია ნაბახუსევი, ამაზე უარი მაქვს ნათქვამი ახალ წელსაც და სხვა დროსაც. დალევა არაა, თორემ კარგი ამბები არ გვაკლია. ახალი წლის შემდეგ შობა მოდის, მერე – გურულების ახალი წელი, „კალანდა“ და არის მთელი ამბავი. დალევის გარეშეც გადასარევად და სიამოვნებით ვატარებთ ამ ყველაფერს.

– ეს დღეები ჯადოსნურ განწყობასა და ამბებთან ასოცირდება. ბავშვობიდან მოყოლებული, რა გახსენდება ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით?

– გურიაში გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე. ჩვენთან „ალილოს“ ტრადიციას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ფეხადი, ანუ მეკვლე, ვიყავი ხოლმე ჩემს მეზობლებთან. ალილოზე ბევრი ბავშვი ერთად დავდიოდით და ბოლო ოჯახში სიხარულით გველოდნენ გაშლილ სუფრასთან. ასეა ნათქვამი, გურული წლიდან წლამდე კალანდისთვის ემზადება და ამისთვის მარაგს ქმნისო. ყველა გურულის ოჯახში ემზადებიან ამისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ. ღამის თორმეტიდან დილის 4-5 საათამდე ამოივლიან ბავშვები სამეზობლოში, სანოვაგეს აგროვებენ და გამთენიისას ერთ-ერთ ოჯახში მიდის ქეიფი. ძველით ახალ წელს ჩვენი ბავშვობის მეგობრის, მარიკა ხომერიკის დაბადების დღეა და სულ მის სახლში ვჩერდებოდით ხოლმე ბოლოს, იქ მიდიოდა დროსტარება. საოცარი მოგონებები მაქვს. შობას კი მონასტერში ვატარებ.

– როგორია შობის დღე მონასტერში?

– შობას დღემდე მონასტერში ვხვდები. მზოვრეთის მამათა მონასტერში, სადაც მოძღვარი მყავს. არამარტო შობას, როცა კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, იქ ვარ. იქ მყოფი ადამიანები არიან ჩემი გზაზე დამყენებელ-დამკვალიანებლები და იქ არის ჩემთვის ყველაფერი.

– მარხვას ინახავ?

– მაქსიმალურად ვცდილობ და ვახერხებ ხოლმე. ეს არ ეხება მხოლოდ საჭმლის არ ჭამას, ლოცვებითაც ვცდილობ. არ ვქადაგებ, მაგრამ მარხვას თავისი წესები აქვს – თუ აღსარება არ ჩააბარე და არ ეზიარე, მარტო საჭმლისგან თავის შეკავება, არ არის საკმარისი. სული უნდა გაამზადო საზიარებლად, უნდა ილოცო. ვერ ვიტყვი, რომ დიდად გამაგრებული ვარ ლოცვაში, მაგრამ როგორც შემიძლია, ვახერხებ. ვცდილობ, ჩემი მოძღვრის სწავლებას მივყვე.

– მგონია, რომ იქ ბევრი საოცარი ამბის მომსწრე ხარ.

– საოცარი ადგილია. ბოლო წლებში დიდი ამბავია აგორებული მამაოების „ჯიპებზე“, არადა, იმდენი ბერი და საერთოდ, სასულიერო პირი ცხოვრობს ასკეტურად, რასაც მე ვხედავ, რომ ზედმეტია საუბარი. უძლიერესი ბერები გვყავს. სადაც მე დავდივარ, მართლა სასწაულები ხდება. 3-4 თვეც გავჩერებულვარ გადაბმულად. 2017 წელს, ზამთარში, სამ თვეზე მეტი მომიწია იქ ყოფნა და იქიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების გზის გაკვალვა. როდესაც ღმერთთან ცდილობ მიახლოებას, ასე ხდება. ბევრი სასწაული მომხდარა ჩემ თვალწინ. ბერები უდიდესი საძმოა, ერთი ბეწო ეჭვი არ არის ურთიერთობაში, ყველაფერი ძალიან სუფთაა. მოძღვარიც რომ ძალიან ძლიერი გყავს, ეს ბევრს ნიშნავს. ერთი შემთხვევა არ მქონია, ჩემი მოძღვრის მიერ წინასწარ ნათქვამი არ ამხდენოდეს. თქმის მომენტში შეიძლება, ვერც მივმხვდარვარ, რას მეუბნებოდა, მაგრამ ერთი კვირა და ერთი თვე გასულა და მაშინ დარწმუნებული ვარ მისი სიტყვების მნიშვნელობაში. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედი.

მთელი ცხოვრება ჰარი-ჰარალეში გავატარე, სუფრიდან – სუფრაზე, უდარდელი ცხოვრებით. დღე არ მახსოვს 2000 წლიდან 2017 წლამდე, რომ მინიმუმ ორ სუფრაზე მაინც არ ვყოფილიყავი მისასვლელი. ეს ხდებოდა ყოველდღე. თუმცა, სამიც ყოფილა, ოთხიც და ხუთიც, თავის გათენებებით. ბოჰემურია ეს ყველაფერი. ცუდს კი არაფერს ვაკეთებდით, ვმღეროდით, ხალხს პატივს ვცემდით და ვქეიფობდით, მაგრამ ეს დალევა და დროის კარგვა, იმ შედეგს გაძლევს, რომ შენს თავს უშვებ. მერე რომ გგონია, გვერდით არმია გყავს, მთელი ქვეყანა გვერდით გიდგას, ოდნავაც რომ გადაგიბრუნეს ფეხი, იქ მიხვდები რამდენი ყოფილა ყალბი. მაშინ ვმწარდებოდი ამაზე, ახლა ცხოვრებას მადლობას ვუხდი. დამანახვა ვინ არის ჩემიანი და ვინ – არა. ერთი ჭკვიანი კაცი მყავდა, მეგობრის მამა, კრიმინალებში ავტორიტეტი იყო, ლეგენდა პიროვნება, მასთან საუბარი პროფესორის ლექციას ჰგავდა. ერთხელაც არ მახსოვს მისგან კრიმინალისკენ წაქეზება. პირიქით, შვილიც უნიკალურად გაზარდა. სულ მახსოვს ამ ადამიანის სიტყვები, გახსოვდეთ, როცა ფეხზე დგახართ და კარგად ხართ, ვინც გვერდით გყავთ და პირში გიცინით, რომ დაეცეთ, მათი 95 პროცენტი დაგცინებთო. ეს დოგმად მაქვს. ანალოგიურს მეუბნება ჩემი მოძღვარიც. ამიტომ ადამიანმა სულ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. ჩემი გადმოსახედიდან, სულ ღმერთთან უნდა იყო. რამდენად ვახერხებ, სხვა საქმეა, მაგრამ რომ ვცდილობ, ესეც დიდი იმედია ჩემთვის. მადლობა ღმერთს, უერთგულესი ძმაკაციც ბევრი მყავს, ყველგან და ყოველთვის რომ გვერდში მიდგანან, მაგრამ ღმერთის წყალობით, ბევრის ყალბი სახეც დავინახე. იმასაც მივხვდი, რომ არავინ უნდა განიკითხო, დიდად არ ვიკლავდი თავს არასდროს სხვისი განკითხვით, მაგრამ ზოგჯერ, შენს წრეში რომ ხარ, რაღაცას აჰყვები და მეც ბევრჯერ ავყოლივარ. მერე ამ ყველაფრის 90 პროცენტი ჩემს თავზე გადამხდენია და კარგად მივხვდი, რომ ასე მოქცევაც არ შეიძლება. მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ჩემი მანკიერებებიც დამანახვა და ის „პონტის“ ხალხიც, რომ მალე დამეფერთხა ჩემი ცხოვრება ამ ადამიანებისგან.

– შენს ცხოვრებაში სასწაული თუ მომხდარა?

– ალბათ. 15 წლის წინ ჩემთან ერთი ახლობელი მოვიდა, ერთი ებრაელი ბიჭია და ძალიან ცუდ დღეშია, რაღაც პრობლემა აქვსო. ისე გამოვიდა, რომ მისი პრობლემის მოგვარება ჩემთვის არაფერი იყო. ჩემი ერთი ზარით იმ გაუბედურებულ ადამიანს ყველაფერი მოუგვარდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ის ჩემი ახლობელი, ვინც ეს ბიჭი ჩემთან მოიყვანა, გარდაიცვალა. ერთხელაც სოციალურ ქსელში მომდის იმ ებრაელი ბიჭის მესიჯი, რამდენი წელია, გეძებ და ძლივს გიპოვეო. თურმე, ჩემი გვარიც არასწორად ახსოვდა. დიდი კაცი გამხდარა. მთელი ცხოვრება შენი ვალი მექნებაო, მეუბნებოდა. ეს უცებ გამახსენდა, თორემ სიკეთე ადამიანმა იმიტომ არ უნდა გააკეთო, რომ მერე საპასუხოდ რამე მიიღო. ამ ადამიანმა მერე კიდეც დამირეკა და სასწაულია ეს ყველაფერი, რადგან რა უნდა დამჭირდეს, რომ ეს ადამიანი უფალივით გვერდში არ მედგეს. სულ მეხმიანება, ხან რომელ ქვეყანაში მპატიჟებს და ხან როგორ ცდილობს ყურადღების გამოხატვას. ჩემს წარსულში ბოროტება არავისთვის გამიკეთებია. უცოდველი არავინაა, მაგრამ რამდენადაც შემეძლო, ყველას ხელს ვუმართავდი.

– სოციალურ ქსელში ახლაც ხშირად მხვდება შენი პოსტები სხვების დასახმარებლად.

– რაც შემიძლია, ყოველთვის ვაკეთებ და მადლობა უფალს ამისთვის. ეს იმხელა მუხტს მაძლევს, რომ არ ვიცი... ზოგჯერ სოციალურ ქსელში ვდებ ინფორმაციას, მე ზუსტად ვიცი, ვისთვისაც ვდებ, ვინ უნდა ნახოს, სახელს არ ვაწერ, მაგრამ ასეა. ხელმომჭირნეები თვითონაც არ არიან, მაგრამ ხომ უნდა მიაწოდო ადამიანს ინფორმაცია. სანამ სათითაოდ ჩამოვუვლი ამ ადამიანებს, ასე საჯაროდ ვდებ. რაც შემიძლია, მე ვაკეთებ. შვილს ვზრდი და ის ჩემს ცხოვრებას უყურებს. არ არსებობს, ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი შემხვდეს და გულგრილად ჩავუარო. თუ დახმარების მთხოვნელს დაინახავს, თვითონაც უყვარს, თავად რომ აძლევს ფულს. ისეც მომხდარა, რომ მანქანის გაჩერება ვერ მომიხერხებია და ეს ანგრევს მანქანაში ყველაფერს, უკან მიმაბრუნებს ხოლმე ტირილით. რატომაც არა? თუ უფალმა ინება და იმ მომენტში შენ გაქვს სხვისი დახმარების საშუალება, რატომ არ უნდა დაეხმარო სხვას?! ჩვენი რელიგია გვასწავლის, რომ შემოსავლის ათი პროცენტი უნდა გასცე, მაგრამ მეტი გაეცი, თუ შეგიძლია. ღმერთმა მომცეს იმდენი საშუალება, როგორც გეგმაში მაქვს, ყველას ისე დავეხმარო; პირველ რიგში, ეს მე მანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა